გადაწყვეტილება №22033/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2024
№ დოკუმენტი 22033/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22033/2/2024

21 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 22.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22033/2/2024).

 

დავის საგანი:

1. შპს „-------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება;

2. ფულადი სახსრების ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №065-31 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33880 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 194 920 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 128 130

დღგ - 100 809

საშემოსავლო გადასახადი - 27 321

ჯარიმა - 64 065

საურავი - 2 725

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობად დაფიქსირებულია საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში. საწარმო გადასახადის და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლიდან.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 10.10.2023 წლის №25059 ბრძანება და №065-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33880 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შპს „-------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი არ მონაწილეობდა შემოწმების პროცესში, შესაბამისად, მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნილი ინფორმაცია, რაზეც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ------- დანიშნულებით შპს „-------“ (ს/ნ -------) (-------), რაც ვერ იქნა დაკავშირებული კომპანიის მიერ ელექტრონულ ბაზებში მითითებულ საქმიანობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის გათვალისწინებით, გაუქმდა შპს „-------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით განხორციელებული ჩათვლები. გადასახადის გადამხდელს, დაეკისრა დამატებული ღირებულების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ რადგან საქონელი/მომსახურება არ არის გამიზნული და არ გამოიყენება დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისათვის, დასაბეგრ პირს არ წარმოეშვება დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის უფლება. შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, არ უფიქსირდება ჩათვლილი დღგ-ის თანხის შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელება, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო შემოწმების მიერ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გაუქმება. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დამატებული ღირებულების გადასახადი არის არაპირდაპირი, მრავალსაფეხურიანი გადასახადი, რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის შეძენისას, რომლის გადახდის ტვირთიც საბოლოოდ მომხმარებელს აწევს, თუმცა მომხმარებლის მიერ გადახდილი ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ არაპირდაპირი გადასახადის შემთხვევაში ეკონომიკური ტვირთი არ აწვება არც ერთ მიმწოდებელს, ვინაიდან გადასახადის სიმძიმე მთლიანად გადადის საბოლოო მომხმარებელზე, რომელსაც არ გააჩნია გაწეული ეკონომიკური ტვირთის ანაზღაურების შესაძლებლობა, რადგან იგი არ ახდენს საქონლის შემდგომ რეალიზაციას. სწორედ დღგ-ს მრავალსაფეხურიანმა სისტემამ წარმოშვა მისი გადახდის შემთხვევაში მისი შემდგომი ჩათვლის შესაძლებლობა.

დღგ-ის ჩასათვლელ თანხას წარმოადგენს დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილი ან გადასახდელი იყო ბიუჯეტში ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის თანახმად, თუ საქონელი გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის შეძენისთვის გადახდილი გადასახდელი დღგ.

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს მხოლოდ ის სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.

რაიმე ვალდებულებას, მხოლოდ ისეთ საქონელზე ჩაითვალოს დღგ, რომელიც გადასახდელის გადამხდელს აქვს საქმიანობად დაფიქსირებული შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში, კანონმდებლობა არ შეიცავს.

შემოწმებით არ არის დადგენილი, რომ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან ოპერაციების ისეთი კავშირი არ არსებობს, რომელთა მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დღგ-ის ჩათვლის შესაძლებლობას მოუსპობდა, ხოლო საგადასახადო ორგანოს აძლევს ჩათვლილი დღგ-ის გაუქმების საფუძველს. შესაბამისად შემმოწმებელთა მიერ დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გაუქმება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ მიუთითა, რომ რადგან საქონელი/მომსახურება არ არის გამიზნული და არ გამოიყენება დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისათვის, დასაბეგრ პირს არ წარმოეშვება დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის უფლება.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, არ უფიქსირდება ჩათვლილი დღგის თანხის შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელება, შემოსავლების სამსახურმა მართლზომიერად მიიჩნია საგადასახადო შემოწმების მიერ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის გაუქმება.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიუთითოს კანონით დადგენილ კონკრეტულ მოთხოვნაზე და არა ზოგად განსაზღვრებებზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციებით დაირღვა. ოპერაციის ფორმის და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ფულადი სახსრების ნაშთი არ შეიძლება განხილულ იქნა სახელფასო განაცემად და დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.

საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია და აღნიშნული გამომდინარეობს საგადასახადო ორგანოთა ფუნქციებისა და მიზნებიდან.

ამგვარი უფლებამოსილების განხორციელება გამორიცხავს, ერთი მხრივ, კონკრეტული სამართლებრივი ფორმის გამოყენების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებას, ხოლო, მეორე მხრივ, შეცდომის დაშვებისას იცავს გადასახადის გადამხდელის ინტერესებს, რათა არ მოხდეს მისთვის გადასახადების გაუმართლებელი ან ზედმეტი ოდენობით დარიცხვა.

კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობით გადასახადის გადამხდელს არ ეკრძალება ფულადი სახით ბიუჯეტიდან დაბრუნებული თანხის ბრუნვა განახორციელოს.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიუთითოს კანონით დადგენილ კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციებით დაირღვა. ოპერაციის ფორმის და შინაარსის შეუსაბამობის, კვალიფიკაციის შეცვლის საჭიროების მტკიცების ტვირთი აკისრია აღნიშნულის შესახებ აქტის გამომცემ ორგანოს.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი საბანკო ამონაწერები ან/და სხვა ინფორმაცია დოკუმენტაცია კომპანიაში არსებული ფულადი ნაშთის შესახებ, არ უნდა იქნეს საკმარისად მიჩნეული, იმისათვის, რომ განხორციელებული ოპერაციები შეფასდეს კანონსაწინააღმდეგოდ და მის მიმართ წარმოიშვას საგადასახადო ვალდებულება.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.“

საგადასახადო წარმოება შედგება ოთხი ეტაპისგან: საგადასახადო გამოძიება (გამოიცემა საგადასახადო შემოწმების აქტი); საქმის განხილვა (შემოწმების აქტის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება); გადაწყვეტილების აღსრულება (საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა); გადაწყვეტილების გადასინჯვა. ვინაიდან გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, მასზე ვრცელდება საქართველოს ზოგადო ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით დადგენილი მოთხოვნები, უკეთუ საგადასახადო კანონმდებლობით არ არის დადგენილი განსხვავებული, სპეციალური რეგულაცია.

გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით.

პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტებია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ------- დანიშნულებით შპს „-------“ (ს/ნ -------) (-------), რაც ვერ იქნა დაკავშირებული კომპანიის მიერ ელექტრონულ ბაზებში მითითებულ საქმიანობასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის გათვალისწინებით, გაუქმდა შპს „-------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლები.

მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ------- დანიშნულებით შპს „-------“ (ს/ნ -------) (-------) გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის საფუძვლით მიღებული ჩათვლების გაუქმება მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ფულადი სახსრების ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ფულადი სახით ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს სულ ჯამში 101 429 ლარი, ასევე რეალიზებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. შედეგად, დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ფულადი სახსრების ნაშთი. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები ან/და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომპანიაში არსებული ფულადი ნაშთის შესახებ. გამოვლენილი ფულადი სახსრები შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე სახელფასო განაცემად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმებისას გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთების დირექტორის ხელფასად განხილვა და მისი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ფულადი სახით ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს სულ ჯამში 101 429 ლარი, ასევე რეალიზებულია სასაქონლომატერიალური ფასეულობები. შედეგად, დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ფულადი სახსრების ნაშთი. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი საბანკო ამონაწერები ან/და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომპანიაში არსებული ფულადი ნაშთის შესახებ. გამოვლენილი ფულადი სახსრები შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე სახელფასო განაცემად.

მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებისას გამოვლენილი ფულადი სახსრების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება

1 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას;

2. ფულადი სახსრების ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობად დაფიქსირებულია საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში. საწარმო გადასახადის და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლიდან.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2023 წლის №33880 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ამ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 175;