გადაწყვეტილება №27806/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27806/2/2026
23 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------"-ის 17.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27806/2/2026).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა;
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის №001-87 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 ივლისის №15328 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 105 961.65 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 70 954
ჯარიმა - 20 468
საურავი - 14 539.65
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა, კერძოდ, ქალის და მამაკაცის თეთრეული, პარფიუმერია და ოთახის ჩუსტები. მომჩივანს იჯარით აღებული აქვს ფართი.მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 17 თებერვალს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის N4557 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 13 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის №10693 ბრძანება და №001-87 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 105 961.65 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 13 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 8 ივლისის №15328 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის სახელზე რეგისტრირებულია ორი სალარო აპარატი - №"-------", 20.05.2025 წლის და №"-------", 2.12.2021 წლის თარიღით.ასევე, მეწარმის სახელზე რეგისტრირებულია პოს-ტერმინალები - N "-------", N "-------", N "-------". შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 17 დეკემბერს. მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ასევე საგადასახადო დოკუმენტები. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, არ აქვს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება. 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე პერიოდის მიღებული შემოსავალი გაანგარიშებული იქნა პოს-ტერმინალების, სალარო აპარატებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის საფუძველზე.
მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად 17.12.2023 - 1.02.2026 წლების საანგარიშო პერიოდში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 409 378 ლარი. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163- ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ის შემოსავალი, რაც დაიდენტიფიცირდა ჩარიცხვებით და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტებით. ისეთი ჩარიცხვებით, რომელზედაც მომჩივანს არ დაუდასტურებია როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, შემოწმებით არ გაზრდილა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პროცესში საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ჩარიცხვების ნაწილი არ იქნა მიჩნეული დასაბეგრ ოპერაციებად, თუმცა დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას კვლავ გათვალისწინებულია არაერთი ჩარიცხვა, რომელიც რეალურად პირადი ხასიათისაა და არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. აღნიშნული გარემოების გამო უსაფუძვლოდ გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად დამატებით დარიცხული დღგ-ის ოდენობა. მიაჩნია, რომ აუცილებელია საბანკო ჩარიცხვების ხელახალი და უფრო დეტალური შესწავლა.
ითხოვს გაუქმდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები და დაევალოს შემმოწმებელ აუდიტორებს საფუძვლიანად შეისწავლონ საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ჩარიცხვები, ხოლო დასაბეგრი ბრუნვიდან გამორიცხონ პირადი ხასიათის ის თანხები, რომლებიც არ უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2026 წლის №"-------" წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოწმების პროცესში დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებულ იქნა საბანკო ჩარიცხვის გზით მიღებული მხოლოდ ის შემოსავალი, რაც დაიდენტიფიცირდა ჩარიცხვების შინაარსით და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნაგანმარტებით. ისეთი ჩარიცხვებით, რომელზედაც მომჩივანს არ დაუდასტურებია როგორც ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, შემოწმებით არ გაზრდილა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ მოუწოდებია ინფორმაცია თუ რა შემოსავალია არასწორად დაბეგრილი.
მომჩივანს საჩივრის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 17 დეკემბრის შემდეგ მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ აქვს ჩათვლილი. საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ზემოაღნიშნული ანგარიშფაქტურები ჩასათვლელი თანხის გაანგარიშებაში. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მომჩივნის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრა 2 721 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 174-ე 175-ე, 176-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, მის სახელზე გამოწერილია 2 სასაქონლო ზედნადები, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნულ ოპერაციებზე გამოწერილია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებით დადგენილია, რომ შპს „-------“-ის (ს/ნ "-------") მიერ მომჩივანის სახელზე გამოწერილია ორი სასაქონლო ზედნადები, თუმცა არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ანგარიშ-ფაქტურების სტატუსია შენახული (ნომრიანი). შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში აღნიშნული ოპერაციები არ იქნა გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2025 წლის იანვარში შპს „-------“-ის (ს/ნ "-------") მიერ მომჩივნის სახელზე გამოწერილია ორი სასაქონლო ზედნადები საერთო ღირებულებით 45 000 ლარი. ზედნადებებზე მითითებულია, რომ აღნიშნულ ოპერაციებზე გამოწერილია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არ აისახება. შესაბამისად, შემოწმების აქტში არ არის გათვალისწინებული აღნიშნული ოპერაციებიდან წარმოშობილი ჩასათვლელი დღგ, რის გამოც დააკლდა კანონიერად კუთვნილი ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
ითხოვს შემმოწმებელ აუდიტორებს დაევალოთ საფუძვლიანად შეისწავლონ შპს „-------“-ის მიერ გამოწერილი/გამოსაწერი ანგარიშ-ფაქტურების საკითხი, აღმოფხვრან არსებული ტექნიკური ხარვეზი და ჩასათვლელ დღგ-ში ასახონ კანონიერად კუთვნილი დღგ-ის თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:
ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2025 წლის იანვარში შპს „-------“-ის (ს/ნ "-------") მიერ გადასახადის გადამხდელის სახელზე გამოწერილია ორი სასაქონლო ზედნადები საერთო ღირებულებით 45 000 ლარი. ზედნადებებზე მითითებულია, რომ აღნიშნულ ოპერაციებზე გამოწერილია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები, თუმცა მეწარმის ელექტრონულ გვერდზე აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არ აისახება. შესაბამისად, შემოწმების აქტში არ არის გათვალისწინებული აღნიშნული ოპერაციებიდან წარმოშობილი ჩასათვლელი დღგ, რის გამოც დააკლდა კუთვნილი ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2026 წლის №"-------" წერილი, სადაც მითითებულია, რომ შპს „-------“-ის (ს/ნ "-------") მიერ მომჩივანის სახელზე გამოწერილია ორი სასაქონლო ზედნადები, თუმცა არ არის გამოწერილი შესაბამისი ანგარიშფაქტურები. ანგარიშ-ფაქტურების სტატუსია შენახული (ნომრიანი). აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ვერ მოხდებოდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაზრდა.
ამასთან, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 14 მაისის №001-87 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 105 961.65 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 70 954 ლარი, ჯარიმა - 20 468 ლარი და საურავი - 14 539.65 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე, 272-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, რომლის მიერ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო შეცდომითა და არცოდნით, კერძოდ, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვადის უგულებელყოფით და არა გადასახადისთვის თავის არიდების მიზნით, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
2.მომჩივანი ითხოვს შემმოწმებელ აუდიტორებს დაევალოთ საფუძვლიანად შეისწავლონ საწარმოს მიერ გამოწერილი/გამოსაწერი ანგარიშ-ფაქტურების საკითხი, აღმოფხვრან არსებული ტექნიკური ხარვეზი და ჩასათვლელ დღგ-ში ასახონ კანონიერად კუთვნილი დღგ-ის თანხები.
3.გადამხდელი ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის სახელზე რეგისტრირებულია ორი სალარო აპარატი.ასევე, მეწარმის სახელზე რეგისტრირებულია პოს-ტერმინალები.დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 17 დეკემბერს. მეწარმეს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ასევე საგადასახადო დოკუმენტები.გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, არ აქვს დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება.
მომჩივანს,სსკ-ის 165-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად 17.12.2023 - 1.02.2026 წლების საანგარიშო პერიოდში დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 409 378 ლარი. შედეგად,სსკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.გადამხდელს მიღებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ აქვს ჩათვლილი. სსკ-ის 174-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ზემოაღნიშნული ანგარიშფაქტურები ჩასათვლელი თანხის გაანგარიშებაში. შედეგად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მომჩივნის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა განისაზღვრა 2 721 ლარის ოდენობით.
3.აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 105 961.65 ლარი.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3.საბჭო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
158,159,163,164,174,269(7).