ბრძანება N 5051
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5051
07 მარტი 2024
ბრძანება
შპს „----- -ს “ (ს/ნ "------")
(მის.: "------")
2024 წლის 29 იანვრის და 8 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „------ -ს“ (ს/ნ "------") 2024 წლის 29 იანვრის №13803/21 და 8 თებერვლის №87565/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №006-775 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და მიუთითებს, რომ კომპანია თითოეულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის სახეების მიხედვით აწარმოებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალებს მატერიალური ფორმით. აღნიშნული ჟურნალები გაიფანტა და შემმოწმებლებისთვის წარდგენა ვერ მოხერხდა. აცხადებს, რომ შემოწმების დასაწყისში საწარმოს შეჩერებული ჰქონდა ფუნქციონირება და შესაბამისად, სასაქონლომატერიალური ფასეულობების მარაგების ნაშთი არ ერიცხებოდა. ამასთან, განმარტავს, რომ საგადასახადო პორტალზე წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5 233 902 ლარს, ხოლო სარეალიზაციოდ სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დღგ-ის გარეშე ადგილობრივი მომწოდებლებისგან შეძენილია 5 261 365 ლარის საავტომობილო საწვავი. აღნიშნავს, რომ მომხმარებლების შენარჩუნების მიზნით დანარჩენ კომპანიებთან შედარებით დაბალ ფასად ახდენდა საწვავის რეალიზებას, რამაც გამოიწვია ზარალი. მიუთითებს, რომ საწვავით მოვაჭრე კომპანიებისთვის დასაშვებია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაცია თუ ბაზარზე ეცემა სარეალიზაციო ფასი. აცხადებს, რომ შემმოწმებლებმა ხელოვნურად გაზარდეს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგად ხელოვნურად წარმოიქმნა თავისუფალი თანხა, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6546 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- -ს “ (ს/ნ "--------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 20 იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 29 დეკემბრის №33889 ბრძანება და ამავე თარიღის №006-775 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 249 549 ლარი, მათ შორის, გადასახადი 140 539 ლარი, ჯარიმა 70 270 ლარი, საურავი 38 740 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა ბენზინით და დიზელით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შეძენილი საქონლიდან ნაწილი რეალიზებული აქვს დოკუმენტით, ხოლო ნაწილის რეალიზაცია დოკუმენტით არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელს არ აქვს/არ წარმოუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა. ასევე, არ წარმოუდგენია ნავთობპროდუქტების მიღების და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალები სრულყოფილად. აღნიშნული დოკუმენტაცია მხოლოდ 2022 წლის მარტიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით შესამოწმებელ პერიოდზე აქვს მიწოდებული, შესაბამისად, ვერ ხდება დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანია აღარ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებით, სააღრიცხვო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, სახეობების მიხედვით, გაანგარიშდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობა, რის შედეგად გამოვლინდა ისეთი საქონელი, რომლის რეალიზაციაც არ ფიქსირდება დოკუმენტით. შემოწმებით უდოკუმენტოდ გამოვლენილი სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთი რეალიზებულ იქნა აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის პროპორციულად, შესაბამისი პერიოდების რეალიზაციის ფასებით, რის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთანავე, შემოწმების შედეგად მიღებული შემოსავლებისა, გაწეული ხარჯების და სხვა გადახდების ანალიზით საწარმოს შემოწმების ბოლოსთვის დაუდგინდა თანხა, რაც ფაქტობრივად არ გააჩნია. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა. ასევე, სრულყოფილად არ წარუდგენია ნავთობპროდუქტების მიღების და მიწოდების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალები. აღნიშნული დოკუმენტაცია მხოლოდ 2022 წლის მარტიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით შესამოწმებელ პერიოდზე აქვს მიწოდებული, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანია აღარ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებით განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობა, რის შედეგად გამოვლინდა ისეთი საქონელი, რომლის რეალიზაცია დოკუმენტით არ ფიქსირდება. შემოწმებით საქონლის ნაშთი შემოწმების მიერ რეალიზებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის პროპორციულად, შესაბამისი პერიოდების რეალიზაციის ფასებით, რის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, საწარმოს მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით დაუდგინდა ფულადი სახსრების ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შემოწმებით უდოკუმენტოდ გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთის შეძენის პროპორციულად რეალიზებულად განხილვა, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------- -ს “ (ს/ნ "-------") საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს
ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კომპანია აღარ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი ნულის ტოლია. შემოწმებით, სააღრიცხვო დოკუმენტაციის გათვალისწინებით, სახეობების მიხედვით, გაანგარიშდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობა, რის შედეგად გამოვლინდა ისეთი საქონელი, რომლის რეალიზაციაც არ ფიქსირდება დოკუმენტით. შემოწმებით უდოკუმენტოდ გამოვლენილი სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთი რეალიზებულ იქნა აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის პროპორციულად, შესაბამისი პერიოდების რეალიზაციის ფასებით, რის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს. აღნიშნულიდან,კომპანიას გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთანავე, შემოწმების შედეგად მიღებული შემოსავლებისა, გაწეული ხარჯების და სხვა გადახდების ანალიზით საწარმოს შემოწმების ბოლოსთვის დაუდგინდა თანხა, რაც ფაქტობრივად არ გააჩნია. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5,9),101,154,159,160,163,164.