გადაწყვეტილება №25339/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.07.2025
№ დოკუმენტი 25339/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25339/2/2025

18 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------ი“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 19.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25339/2/2025).

 

დავის საგანი:

კომპანიის მიერ შეძენილი საქონლის ურთიერთდამოკიდებული პირების საცხოვრებელ მისამართებზე მიწოდების გამო განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2025 წლის №006-76 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11372 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 101 326,79 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 53 819,6

დღგ - 20 418,18

საშემოსავლო გადასახადი - 33 401,42

ჯარიმა - 23 994,4

საურავი - 23 512,79

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული ტექნიკის იმპორტი საქართველოში და რეალიზაცია მხოლოდ შპს „---------ი“-ზე (ს/ნ ---------------)

აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიას მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად პირადი საყოფაცხოვრებო ნივთები, სხვადასხვა ტიპის სარემონტო საშუალებები, ავეჯი, ტექნიკა და სხვა, თუმცა ვერ მოხდა კონკრეტული ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირება და შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა. სასაქონლო ზედნადებები, ჯამში 133 606 ლარის, გამოწერილია სხვადასხვა მისამართებზე, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული პირების საცხოვრებელ ბინებს.

აღნიშნული ოპერაციები ჩაითვალა საქონლის უსასყიდლო მიწოდებად ხოლო ხსენებული თანხა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, 81-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ნაწილში ჩათვლები. აქედან გამომდინარე და დღგ-ით დაიბეგრა უსასყიდლო მიწოდების მხოლოდ ის ოპერაციები, რომლებზეც მიღებულია ჩათვლები.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, 164-ე მუხლის პირველი ნაწილის, 166-ე, 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით აღნიშნული თანხები დაბეგრილ იქნა დღგ-ით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2025 წლის №006-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11372 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, მე-12, 154-ე, 97-ე, 982 , 105-ე, 72-ე, მე-19, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ გადამხდელსა და შემოწმებას შორის არსებობდა თანხმობა ხარჯების გარკვეული ნაწილის დაბეგვრაზე, ვინაიდან, აღნიშნული მოიცავდა საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ინვენტარზე გაწეულ ხარჯებს, თუმცა, შემოწმებამ დაბეგრა კომპანიის მიერ რემონტისა და ძირითად საშუალებებზე გაწეული ხარჯებიც, რომელიც შეადგენს 84 000 ლარს. ამასთან, მიუთითებს, რომ სასაქონლო ზედნადებებში სხვადასხვა მისამართების მითითება გამოწვეულია იმით, რომ ფართი მდებარეობს -----ა და ------ის ქუჩებს შორის. ასევე, რადგან ზემოაღნიშნული ფართი არ არის კომპანიის თანამშრომლის საკუთრებაში, მიაჩნია, რომ შემოწმებას აღნიშნული ფართის რემონტზე გაწეული ხარჯები უნდა დაებეგრა მოგების გადასახადით.

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, შემოწმების მიერ უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პერიოდში მოხდა ტექნიკური ხარვეზი და დაიბეგრა უკან დაბრუნებული 2 სასაქონლო ზედნადები ჯამში 3 808 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული ხარვეზი იწვევს დარიცხული გადასახადის არასწორად გაზრდას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ, იმ სასაქონლო ზედნადებების ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომლის დასრულების ადგილად მითითებულია იჯარით აღებული ფართის მისამართი, განიხილოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეულ ხარჯად, ხოლო სხვა სასაქონლო ზედნადებების შემთხვევაში გაწეული ხარჯი დაკვალიფიცირდეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგროს მოგების გადასახადით. ასევე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები. აქტით დარიცხული თანხების დიდი ნაწილი დარიცხულია არასწორად, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია შემმოწმებლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის საკმარისი კომუნიკაციის არ არსებობით.

შპს -------ის მიერ საოფისე მიზნებისთვის 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იჯარით აღებულია ქ. ----ში -----ის №----ში (იგივე ----ის №---) არსებული ფართი, რომლის რემონტსა და საოფისე სივრცის მოწყობაზე 2021-2024 წლებში გაწეულ იქნა შესაბამისი ხარჯები. აუდიტორების მიერ ხარჯები განხილულ იქნა დირექტორის სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო და დღგ-ით დაბეგვრას. შემმოწმებლების მიერ დირექტორის სარგებლად განხილული ხარჯები მოიცავს, სარემონტო მასალებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ასევე ძირითად საშუალებებს, როგორიცა პრინტერი, ნოუთბუქი და სხვა. შემოწმების პროცესში აუდიტორებსა და კომპანიის დირექტორს შორის შემდგარი კომუნიკაციის დროს დირექტორისგან ხარჯების გარკვეული ნაწილის კერძოდ, 48 656 ლარის დაბეგვრაზე არსებობდა თანხმობა, ვინაიდან აღნიშნული ხარჯი მოიცავდა საყოფაცხოვრებო ტექნიკას და ინვენტარს, თუმცა აუდიტორების მიერ აღნიშნულ ხარჯებთან ერთად დაბეგრილ იქნა კომპანიის მიერ გაწეული სარემონტო და ძირითადი საშუალების ხარჯებიც, რომელიც შეადგენს 84 950 ლარს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირს მიღებული აქვს სასაქონლო ზედნადებები, ჯამში 133 606 ლარის ოდენობით, რომლებიც გამოწერილია სხვადასხვა მისამართებზე, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული პირების საცხოვრებელ ბინებს. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ტრანსპორტირებით გამოწერილი ყველა ზედნადების დანიშნულების წერტილს წარმოადგენს ერთი მისამართი ----ის №-- იგივე ----ის №---, სადაც თავის მხრივ განთავსებულია შპს -----ის ოფისი. მისამართებში არსებული სხვაობა კი გამოწვეულია იმით, რომ ფართი მდებარეობს -------სა და -------ის ქუჩებს შორის.

შპს ------ის მიერ ფართის ფიზიკური პირისგან იჯარით აღება მოხდა იმ მიზეზით, რომ კომპანია არც ფლობს და არც ნაქირავები აქვს სხვა უძრავი ქონება, შესაბამისად, მას ესაჭიროებოდა სამუშაო და საოფისე სივრცე და საწარმო დღემდე სარგებლობს აღნიშნული ფართით. კომპანიის მიერ ფიზიკური პირისთვის ჯამში გადახდილია საიჯარო მომსახურების ანაზღაურება 26 400 ლარი, რომელიც გადახდის წყაროსთან დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. დანართის სახით წარმოადგენს მოწყობილი საოფისე სივრცის ფოტო მასალებს, ფიზიკურ პირთან გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებებსა და დეკლარაციებს, სადაც ნათლად ჩანს გადახდის წყაროსთან დაბეგრილი საიჯარო მომსახურებები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გაურკვეველია თუ რატომ მოხდა ფართის რემონტის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, მაშინ როცა აღნიშნული ფართი არ არის კომპანიის თანამშრომლის საკუთრებაში და ფართის მფლობელს წარმოადგენს კომპანიის დამფუძნებლის მამა, შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი თუ აუდიტორების მიერ ხარჯები მართებულად იქნებოდა განხილული სხვა პირის სასარგებლოდ გაწეულად, რასაც არ ეთანხმება, ისინი ანაზღაურებული იქნებოდა არა თანამშრომელი პირისთვის (ხარჯები გაწეული იქნებოდა არა თანამშრომელი პირის საკუთრებაში არსებული ფართის სარემონტოდ), შესაბამისად გაწეული ხარჯები უნდა დაბეგრილიყო მოგების გადასახადით ნაცვლად საშემოსავლო გადასახადისა. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ შემმოწმებლის მიერ ზედაპირული შეფასების საფუძველზე არის გადაკვალიფიცირებული ოპერაცია და ამასთან, სულ რომ ეს კვალიფიკაცია სწორად ჩაითვალოს, არასწორი მუხლების საფუძველზე და არასწორი გადასახადით არის დაბეგრილი.

გარდა იმისა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შინაარსობრივად არასწორად არის შეფასებული და დაბეგრილი ოპერაცია, გაანგარიშების ცხრილების შესწავლის შედეგად ასევე დადგინდა არითმეტიკული შეცდომები, კერძოდ, როგორც აქტში არის აღნიშნული მიღებული სასაქონლო ზედნადებების ჯამური ღირებულება შეადგენს 133 606 ლარს, რაც შემმოწმებლის მიერ სრულად არის დაბეგრილი დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით და არ არის გათვალისწინებული უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები. უფრო ზუსტად კი, 2023 წლის აპრილის თვეში შეძენილია პუფი და დივანი, ჯამში 3 808 ლარის, რომელიც ამავე თვეში უკან არის დაბრუნებული. შემმოწმებლის მიერ უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები არ არის გამოკლებული საერთო ღირებულებიდან, რაც იწვევს დარიცხული გადასახადის არასწორად გაზრდას.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შინაარსის და სასაქონლო ზედნადებებით მიღებული საქონლის ტიპის მიუხედავად მოახდინოს მხოლოდ იმ სასაქონლო ზედნადებებით მიღებული საქონლის დაბეგვრიდან ამოღება, რომლის დასრულების ადგილებს არის იჯარით აღებული ფართის მისამართი, კერძოდ „შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ, იმ სასაქონლო ზედნადებების ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომლის დასრულების ადგილად მითითებულია იჯარით აღებული ფართის მისამართი, განიხილოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეულ ხარჯად, ხოლო სხვა სასაქონლო ზედნადებების შემთხვევაში გაწეული ხარჯი დაკვალიფიცირდეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგროს მოგების გადასახადით. ასევე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს ----ის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს: ქ. ---ი, -----ს რაიონი, ------ს ქ. №--, ბ. --, ხოლო პირის მიერ იჯარით აღებული ფართის (ოფისი) მისამართი კი არის: ქ. ----ი, -----ს ქ. №--, სადაც მდებარეობს კომპანიის ოფისი. შესაბამისად, გამყიდველების მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების მისამართებს საოფისე ფართის მისამართის ნაცვლად ზოგ შემთხვევაში წარმოადგენს პირის იურიდიული მისამართი, ვინაიდან კომპანიის მიერ ხშირად არ ხდებოდა გამყიდველებისთვის ტრასპორტირების დასრულების მისამართის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ისინი ავტომატურად ახდენდნენ ტრასპორტირების დასრულების ადგილის შევსებას, სადაც მიეთითებოდა იურიდიული მისამართი. იმ სასაქონლო ზედნადებებით, რომლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილს წარმოადგენს პირის იურიდიული მისამართი (----ს №--) შეძენილია ოფისისთვის საჭირო ინვენტარი (მაგ. პრინტერი, მაუსი, როუტერი და ა.შ.), რაც ოფისი ფოტო მასალითაც დასტურდება, რომ ეს ინვენტარი რეალურად ოფისშია განლაგებული და რაც ამყარებს იმ არგუმენტს, რომ მისამართი მითითებულია მექანიკურად და ადგილი აქვს ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და არა ურთიერთდამოკიდებული პირის მისამართზე საქონლის მიტანას და მისთვის უსასყიდლო მომსახურების გაწევას. არასწორია ტრანსპორტირების გარეშე სასაქონლო ზედნადებებით მიღებული საქონლის გადასახადებით დაბეგვრა, მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ იდენტიფიცირდება საქონლის მიწოდების ადგილი. მთავარია მოხდეს შეძენილი საქონლის დაბეგვრის მიზანშეწონილობის შინაარსობრივი შეფასება, ნაცვლად მხოლოდ ტრასპორტირების მისამართით შეფასებისა.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა გადასახადის გადამხდელთან ერთად და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა. შედეგად კი, შეუმცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მომჩივნის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ამასთან, კომპანიას დაფუძნების დღიდან არ უფიქსირდება არცერთი სამართალდარღვევის ოქმი და მიუხედავად კომპანიის მასშტაბისა (შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დღგ-ის ბრუნვა აღემატება 10 მილიონს) შემოწმების აქტით არ მომხდარა სხვა საკითხზე გადასახადისა და სანქციის დარიცხვა, უნდა შეუმცირდეს ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად პირადი საყოფაცხოვრებო ნივთები, სხვადასხვა ტიპის სარემონტო საშუალებები, ავეჯი, ტექნიკა და სხვა. აღნიშნულზე წარდგენილი არ არის ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. სასაქონლო ზედნადებები, ჯამში 133 606 ლარის, გამოწერილია სხვადასხვა მისამართებზე, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული პირების საცხოვრებელ ბინებს. გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ნაწილში ჩათვლები.

შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11372 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იმ სასაქონლო ზედნადებების ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომლის დასრულების ადგილად მითითებულია იჯარით აღებული ფართის მისამართი, განიხილოს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეულ ხარჯად, ხოლო სხვა სასაქონლო ზედნადებების შემთხვევაში გაწეული ხარჯი დაკვალიფიცირდეს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და დაიბეგროს მოგების გადასახადით. ასევე, გაითვალისწინოს უკან დაბრუნების სასაქონლო ზედნადებები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 5.06.2025 წლის №11372 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

კომპანიის მიერ შეძენილი საქონლის ურთიერთდამოკიდებული პირების საცხოვრებელ მისამართებზე მიწოდების გამო განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ კომპანიას მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად პირადი საყოფაცხოვრებო ნივთები, სხვადასხვა ტიპის სარემონტო საშუალებები, ავეჯი, ტექნიკა და სხვა, თუმცა ვერ მოხდა კონკრეტული ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირება და შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარმოდგენა. სასაქონლო ზედნადებები, ჯამში 133 606 ლარის, გამოწერილია სხვადასხვა მისამართებზე, რომლებიც წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებული პირების საცხოვრებელ ბინებს.

აღნიშნული ოპერაციები ჩაითვალა საქონლის უსასყიდლო მიწოდებად ხოლო ხსენებული თანხა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-80 მუხლის პირველი ნაწილის, 81-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ნაწილში ჩათვლები. აქედან გამომდინარე და დღგ-ით დაიბეგრა უსასყიდლო მიწოდების მხოლოდ ის ოპერაციები, რომლებზეც მიღებულია ჩათვლები.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, 164-ე მუხლის პირველი ნაწილის, 166-ე, 159-ე და 160-ე მუხლების გათვალისწინებით აღნიშნული თანხები დაბეგრილ იქნა დღგ-ით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №11372 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის №11372 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ასევე მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“) ; 982(1 „ბ“); 159(1 „ა“); 160(3 „ა“); 269(7);