გადაწყვეტილება №21680/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21680/2/2023
25 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 22.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21680/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 15.02.2023 წლის №012-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 862 134 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 443 353
დღგ - 207 411
საშემოსავლო გადასახადი - 235 942
ჯარიმა - 221 677
საურავი - 197 104
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ყველის წარმოება.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადამხდელი საქმიანობს ---------- (სარეალიზაციო დასახელება: იმერული ყველი, იმერული ყველნარი, იმერული პროდუქტი), ყველს ამზადებს რძის ფხვნილის საშუალებით, რომელსაც ყიდულობს ადგილობრივ ბაზარზე. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში 2018, 2019 და 2020 წლებში უფიქსირდება ზარალი. საწარმო დაჯარიმებულია 2-ჯერ, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს ბუღალტრულ პროგრამა „ინფოში“, თუმცა საბუღალტრო პროგრამით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ბუღალტერიაში წარმოების პროცესი განხორციელებულია ხარვეზით, მასალების ჩამოწერა და წარმოებაზე გადატანა ხდება ყოველი თვის დასაწყისში, რაც შეუსაბამობაშია ჩამოწერილი ნედლეულის რაოდენობრივ ნაშთთან (ჩნდება უარყოფითი რაოდენობრივი სალდო). ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოების პროცესში გამოყენებული კალკულაციით 25 კგ რძის ფხვნილისგან იწარმოება 40 კგ იმერული ყველი (ერთი კგ ყველის წარმოებაზე იხარჯება 0.625 კგ რძის ფხვნილი), რომელიც არსებითად განსხვავდება სხვა მსგავსი მასშტაბის კომპანიების მიერ წარმოების პროცესში გამოყენებული კალკულაციებისგან.
შემოწმების პროცესში მოძიებულ იქნა აუდირებული კომპანიის მიერ წარმოების პროცესში გამოყენებული კალკულაციები, რომლის მიხედვითაც 500 კგ რძის ფხვნილისგან იწარმოება 1045 კგ ყველი (ერთი კგ ყველის წარმოებაზე გახარჯულია 0.4784 კგ რძის ფხვნილი). ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, წარმოების საბაზისო მაჩვენებლად გამოყენებულ იქნა იმ აუდირებული კომპანიის მონაცემები (კალკულაცია), რომელიც შედარებით ახლოს იყო საწარმოს გამოსავლიანობის მაჩვენებელთან (ერთი კგ ყველის წარმოებაზე გახარჯულია 0.4784 კგ რძის ფხვნილი). შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაეზარდა სულ 1 152 475 ლარით. ასევე, ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი (კაპიტალის ნაშთით შემცირებულია ფულადი სახსრების საბოლოო ნაშთი), რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა 27.05.2021 წლის №16375 ბრძანება და №012- 6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30781 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის საჩივარზე თანდართული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30781 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 მაისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც მომჩივანს წარედგინა 2.06.2022 წლის №012-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შეესწავლა, ამასთან ყოველმხრივ გამოეკვლია და დაედგინა საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა 3.02.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და წარუდგინა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასმული შეკითხვები, კერძოდ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2018-2021 წლებში შეძენილი რძის ფხვნილის სახეობებიდან (დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი მასალების მახასიათებლების შესაბამისად მათ შორის ცხიმიანობის სხვადასხვა შემცველობის გათვალისწინებით) რა რაოდენობის ყველის წარმოება იყო შესაძლებელი?
2. რა გავლენას ახდენს გამოსავლიანობაზე რძის ფხვნილში ცხიმის განსხვავებული შემცველობა, კერძოდ იზრდება თუ არა გამოსავლიანობა რძის ფხვნილში ცხიმის (მცენარეული ცხიმის) ხარჯზე?
3. რა გავლენას ახდენს გამოსავლიანობაზე წარმოების მოცულობაზე, ხომ არ იცვლება გამოსავლიანობა დიდი ოდენობის პროდუქციის გამოშვების დროს?
გადამხდელმა 2023 წლის 31 იანვარს წარადგინა განცხადება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 29 დეკემბრის №---------- წერილი, რომლის მიხედვით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ექსპერტიზა გადამხდელს დაუბრუნა შეუსრულებელი სახით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2023 წლის №2727 ბრძანება და 15.02.2023 წლის №012-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 19.09.2023 №19986/2/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი, მომჩივნის მონაწილობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, ამასთან ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული იმის გამო, რომ იწვევდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების შედეგები არ გადაიანგარიშა, რადგან, შემოწმებისათვის წარდგენილი ექსპერტიზის აქტში დასახელებული და შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ შეძენილი რძის ფხვნილის ზუსტი სახეობრივი იდენტიფიცირება და მათი იდენტურობის დადასტურება ვერ მოხდა. კერძოდ, ვერ დაზუსტდა ექსპერტიზის მომენტში გამოყენებული რძის ფხვნილის შემადგენლობა და ტექნოლოგია იდენტური იყო თუ არა მთელ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის შეძენილი და გამოყენებული რძის ფხვნილისა და ტექნოლოგიისა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, ამასთან ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განცხადებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანების შესაბამისად საწარმოს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). დასანანია შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა გულგრილობა, რომელთაც დააკოპირეს შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების სტანდარტული დავალება და პირდაპირ ჩასვეს სსიპ შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანებაში, რადგან შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 17 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №120) პირდაპირ ითქვა, რომ ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო უკრაინული წარმოების რძის ფხვნილით და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მონაწილეობით, რადგან 1) წინა ექსპერტიზა ჩატარდა ირანული წარმოების რძის ფხვნილით 2) წინა ექსპერტიზას არ ესწრებოდა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 17 ნოემბერს გამართული სხდომის (ოქმი №120) გადაწყვეტილების გადაუტანლობა სსიპ შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანებაში და ამავე ბრძანებაში COPY და PASTE ფუნქციების გამოყენებით შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის დაკოპირება და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისათვის გაუგებარი და შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 17 ნოემბერს გამართული სხდომაზე არ ნამსჯელი დისკრეციის მინიჭება არანაირ შედეგს არ მოგვცემს და მიგვიყვანს ახალ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს 19.09.2023 წლის №19986/2/2023 გადაწყვეტილებამდე და ასე ვიტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე.
11.12.2023 წლის №---------- და №---------- წერილებით მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანების შესაბამისად ექსპერტიზაზე დასასმელი შეკითხვის აუდიტის დეპარტამენტის ვერსია, თუმცა უშედეგოდ. 13.12.2023 წლის №---------- წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის უფროსის ბატონ შოთა მინაშვილისაგან ხელახლა მოითხოვა ექსპერტიზაზე დასასმელი შეკითხვის ვერსია, თუმცა ისევ უშედეგოდ. 13.12.2023 წლის №---------- წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ბატონი ზაალ ტყეშელაშვილისაგან ხელახლა მოითხოვა ექსპერტიზაზე დასასმელი შეკითხვის ვერსია, თუმცა ისევ უშედეგოდ. აღნიშნული სიტუაცია ზუსტად ჰგავს შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების აღსრულებისას სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ქცევას, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს სსიპ შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანების აღსრულებას. შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბერს გამართული სხდომის (ოქმი №120) გადაწყვეტილების გადაუტანლობა სსიპ შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანებაში და სსიპ შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანებაში COPY და PASTE ფუნქციების გამოყენებით შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის დაკოპირება და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტისათვის გაუგებარი და შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 17 ნოემბერს გამართული სხდომაზე არ ნამსჯელი დისკრეციის მინიჭება არანაირ შედეგს არ მოგვცემს და მიიყვანს ახალ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭოს 19.09.2023 წლის №03/73848 (№19986/2/2023) გადაწყვეტილებამდე და ასე ვიტრიალებთ მოჯადოებულ წრეზე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანება, განსაკუთრებით მისი დაბეჭდილი, ფორმალური ნაწილი, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 სექტემბრის №19986/2/2023 გადაწყვეტილებას, ასევე შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 17 ნოემბერს გამართული სხდომის (ოქმი №120) გადაწყვეტილებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოთხოვნებს სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანების საბჭოს აპარატის ვერსიის საბოტაჟური ბუნება განსაკუთრებით ნათელი გახდა აღსრულების ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 17 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №120) ბატონმა ლევან წითელაშვილმა შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანების აღსრულებისას სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დასმულ კითხვებზე სამართლიანად აღნიშნა, რომ კითხვა სცილდებოდა სასაქონლო ექსპერტიზას, მოთხოვნილი იყო საბუღალტრო ექსპერტიზა და სახეზე იყო აუდიტის დეპარტამენტის მიერ თავისი ფუნქციების სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის გადაკისრების მცდელობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა, ამასთან ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30513 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.09.2021 წლის №30781 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 მაისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც მომჩივანს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25277 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.06.2023 წლის №12540 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს ამ გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ზ); 302(3); 304;