ბრძანება N 12632

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.05.2024
№ დოკუმენტი 12632
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12632

30 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 22 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 22 მაისის №89813/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის №002-71 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე ხარჯის 75%-ის ანაზღაურებულად ჩათვლას. აცხადებს, რომ საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილია რუსეთის ფედერაციიდან მომწოდებლებისგან მიღებული ცნობა, რომლითაც დასტურდება მომწოდებლების მიმართ დავალიანების არარსებობა. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31208 და 2024 წლის 27 მარტის №6627 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 26 იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 28 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 23 აპრილის №9453 ბრძანება და ამავე თარიღის №002-71 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 19 211 ლარი, მათ შორის, გადასახადი 12 107 ლარი, ჯარიმა 6 054 ლარი, საურავი 1 050 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივი და იმპორტირებული ხეტყის მასალის (ფიცარი, ძელაკი და სხვა) რეალიზაცია. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტები (საბანკო ამონაწერები, ახსნა-განმარტებები, ინვოისები, ბუღალტრული აღრიცხვა ექსელის ფორმატში). საწარმოს დახერხილი ხის მასალა შეძენილი აქვს რუსეთიდან. აღნიშნული მასალის შეძენაზე თანხის გადახდა ვერ დასტურდება. შემოწმების მიერ საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №8-ის თანახმად, განისაზღვრა ხარჯი (75%), რომელიც ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ჩართულ იქნა გამოსაქვით ხარჯში. აღნიშნული ფულის მოძრაობიდან გამომდინარე პირს დაუდგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც სალაროსა და ბანკის ნაშთში არ ფიქსირდება. აღნიშნული თანხა, შემოწმების მიერ, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ საწარმოს დახერხილი ხის მასალა შეძენილი აქვს რუსეთიდან, რომლზეც თანხის გადახდა ვერ დასტურდება. შემოწმების მიერ საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი №8-ის თანახმად, განისაზღვრა ხარჯი (75%), რომელიც ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ჩართულ იქნა გამოსაქვით ხარჯში. აღნიშნული ფულის მოძრაობიდან გამომდინარე პირს დაუდგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ სარგებლად.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე გაწეულ ხარჯზე საგადასახადო შემოწმების პროცესში ვერ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა გაწეული ხარჯის მთლიანად გადახდის ფაქტი, გადახდილად ჩაითვალა საქონლის ღირებულების 75%. ხოლო, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია (მომწოდებელთან გაფორმებული შედარების აქტი) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო საგადასახადო შემოწმების პროცესშიც, რომელიც შემოწმების მიერ არ ჩაითვალა სანდო დოკუმენტად (დოკუმენტზე არ არის მხარეთა ხელმოწერა) და შესაბამისად, არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ადგილობრივი და იმპორტირებული ხეტყის მასალის (ფიცარი, ძელაკი და სხვა) რეალიზაცია. საწარმოს დახერხილი ხის მასალა შეძენილი აქვს რუსეთიდან. აღნიშნული მასალის შეძენაზე თანხის გადახდა ვერ დასტურდება. შემოწმების მიერ საბაჟო საზღვარზე შემოტანილ საქონელზე, განისაზღვრა ხარჯი (75%), რომელიც ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ჩართულ იქნა გამოსაქვით ხარჯში. აღნიშნული ფულის მოძრაობიდან გამომდინარე პირს დაუდგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც სალაროსა და ბანკის ნაშთში არ ფიქსირდება. აღნიშნული ფულის მოძრაობიდან გამომდინარე პირს დაუდგინდა განკარგვადი თანხა, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101; 154;