ბრძანება N 16267
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16267
09 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ის“ (ს/ნ ----------)
(მის.: ქ. -----------------------)
2024 წლის 25 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 4 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „-------ის“ (ს/ნ ----------) №90370/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 ივნისის №136-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ არასწორად შემცირებული დღგ-ის თანხის აღდგენას. განმარტავს, რომ 2022 წლის დეკემბრის თვის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ------ (დღგ-ის თანხა 6309.76 ლარი) მიბმულია დეკემბრის თვის დაზუსტებულ დეკლარაციაზე (№---------), თუმცა არ არის ჩათვლილი. 2023 წლის იანვრის თვეში განაშთული და ჩათვლა მიღებულია შემდეგი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ეა------, ეა ------, ეა ------, ეა ------, ეა ------- ჯამში 2891.58 ლარი, ხოლო თებერვლის თვეში- ეა -------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით 2126.44 ლარი.
მომჩივანი ასევე არ ეთანხმება მარკეტინგულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და აცხადებს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ასახული და დაბეგრილია შესაბამისი თვის (სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში) დღგ-ის დეკლარაციებში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს საშემოსავლო გადასახადის 280 ლარის, დღგ-ის 5018.02 ლარის და აღნიშნულ ვალდებულელებზე დაკისრებული ჯარიმა/საურავის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 13 თებერვლის №3004, 28 მარტის №6751 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------ის“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 2 მაისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2024 წლის 14 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 13 ივნისს გამოსცა №13893 ბრძანება და №136-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 24 721 ლარი, მათ შორის, გადასახადი 14 986 ლარი, ჯარიმა 7 404 ლარი და საურავი 2 331 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
. შპს „-------სი“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის - მაისს. დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის -მაისს. გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებული საბავშვო ბაღებისა და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებების საკვები პროდუქტებით მომარაგება. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ შპს „-------ის“ (ს/ნ ----------) 2023 წლის იანვრის თვეში მიღებული აქვს ჩათვლა 2022 წლის დეკემბერში განხორციელებულ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 176-ე და 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშდა და შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რის საფუძველზეც საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ჩათვლა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთან, აღნიშნულზე გამოწერილია საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც გადასახადის გადამხდელს არ მოუხდენია მიღებული ჩათვლის შემცირება. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების თანახმად, განხორციელდა დუბლირებული ჩათვლის კორექტირება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. შპს „-------იმ“ (ს/ნ ----------) მარკეტინგული მომსახურება გაუწია შპს „------“-ს (ს/ნ ------), რომლის შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ არის ასახული დეკლარირებულ ბრუნვებში, რაც შემოწმებით დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით, ხოლო მომსახურების თანხა ჩაითვალა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება: დ) იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2022 წლის დეკემბრის თვის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ--------- (დღგ-ის თანხა 6309.76 ლარი) მიბმულია დეკემბრის თვის დაზუსტებულ დეკლარაციაზე (№---------), თუმცა არ არის ჩათვლილი. 2023 წლის იანვრის თვეში განაშთული და ჩათვლა მიღებულია შემდეგი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით: ეა ------- თანხით 1342.37 ლარი, ეა ------- თანხით 45.76 ლარი, ეა -------- თანხით 765.14 ლარი, ეა ------- თანხით 161.08 ლარი, ეა ------- თანხით 577.23 ლარი, სულ ჯამური დღგს თანხა 2891.58 ლარი, ხოლო თებერვლის თვეში ეა ------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანხით 2126.44 ლარი. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება მარკეტინგულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და აცხადებს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ასახული და დაბეგრილია შესაბამისი თვის (სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში) დღგ-ის დეკლარაციებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს საშემოსავლო გადასახადის 280 ლარის, დღგ-ის 5018.02 ლარის და აღნიშნულ ვალდებულელებზე დაკისრებული ჯარიმა/საურავის გაუქმებას.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------ის“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ არასწორად შემცირებული დღგ-ის თანხის აღდგენას.მომჩივანი ასევე არ ეთანხმება მარკეტინგულ მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და აცხადებს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ასახული და დაბეგრილია შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციებში. ითხოვს საშემოსავლო გადასახადის 280 ლარის, დღგ-ის 5018.02 ლარის და აღნიშნულ ვალდებულელებზე დაკისრებული ჯარიმა/საურავის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3004, №6751 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 2 მაისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2024 წლის 14 თებერვლის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №13893 ბრძანება და №136-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 24 721 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ მომჩივანს 2023 წლის იანვრის თვეში მიღებული აქვს ჩათვლა 2022 წლის დეკემბერში განხორციელებულ ოპერაციაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა გათვალისწინებული კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 176-ე და 178-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაანგარიშდა და შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რის საფუძველზეც საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
ასევე, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ჩათვლა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთან, აღნიშნულზე გამოწერილია საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც გადასახადის გადამხდელს არ მოუხდენია მიღებული ჩათვლის შემცირება. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების თანახმად, განხორციელდა დუბლირებული ჩათვლის კორექტირება. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან,მომჩივანმა გასწია მარკეტინგული მომსახურება , რომლის შესაბამისი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ არის ასახული დეკლარირებულ ბრუნვებში, რაც შემოწმებით დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით, ხოლო მომსახურების თანხა ჩაითვალა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 ,,ბ’’); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ბ“); 163(1.2); 164(1); 174(1.2); 175(1 „ა“); 176( „ა“); 178( „დ“);