ბრძანება N 5072
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5072
07 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 26 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №88057/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 29 იანვრის №ELC33071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანიას მომხმარებელი უკვეთავს ავტომობილის იმპორტირებას საზღვარგარეთიდან. კომპანია და მომხმარებელი აფორმებენ ხელშეკრულებას, რომლის შესაბამისადაც ---------- ყიდულობს მომხმარებლის მიერ შერჩეულ და დაკვეთილ ავტომობილს აუქციონზე და იღებს ვალდებულებას ჩამოიყვანოს და ადგილზე მიჰყიდოს მომხმარებელს. თავის მხრივ მომხმარებელი იღებს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები, კერძოდ გადაუხადოს იმპორტიორს ნასყიდობის თანხა და განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო რეგისტრაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. რადგან ყველა ავტომობილი არის მეორადი და ექსპლუატაციაში ნამყოფი საჭიროებს შეკეთებას და ნივთობრივი ნაკლის აღმოფხვრას, სწორედ ამიტომ კომპანია მომხმარებელს ატანს ავტომობილს შესაკეთებლად, უფრო სწორად აძლევს შესაძლებლობას მყიდველს ავტომობილი გაიყვანოს 90 დღის ვადით გაარემონტოს და ამავე ვადაში მოახდინოს მისი დეკლარირება. ასეთ დროს კომპანია ფიზიკურად მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ავტომობილის დეკლარირება, რადგან ავტომობილს ჩამოყვანის შემდებ კომპანია ფაქტობრივად არ ფლობს. საჩივრის ავტორი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლზე მოძრავი ნივთის საკუთრების უფლებაზე.
მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ შპს „----------“ განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და მიმდინარეობს გამოძიება, რადგან გადასცა რა მომხმარებელს ავტომობილი ფაქტობრივ მფლობელობაში, მან (მომხმარებელმა) ფაქტობრივად გაიტაცა ავტომობილი, არც 90 დღის და არც შემდგომ ვადაში არ დააბრუნა და რეალურად მანქანა გატაცებული ჰყავს, მასთან დაკავშირება კი ვერ ხდება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მომჩივანს მიაჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემამდე საბაჟო დეპარტამენტის მიერ უნდა მომხდარიყო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან მჭიდრო და არსებით კავშირში მყოფი უმნიშვნელოვანესი გარემოების გამოკვლევა და შესწავლა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ 2022 წლის 23 დეკემბერს განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (VIN:----------) ზოგადი დეკლარირება და კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 21 თებერვალი.
ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება შემოტანილ იქნა შპს „----------“ (ს/ნ ----------) სახელზე, მასვე გააჩნდა ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განეხორციელებინა სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაც შპს „----------“ მიერ არ შესრულებულა. გამომდინარე აქედან, სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ მომჩივნის მიმართ შედგენილ იქნა 2024 წლის 29 იანვრის №ELC33071 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივანი არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანაზე და დეკლარიებაზე პასუხისმგებელი პირი. დადგენილია ასევე, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიტანისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ადმინისტრაციული აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანის მიერ 2022 წლის 23 დეკემბერს განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება და კანონმდებლობის შესაბამისად, გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 21 თებერვალი. ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება შემოტანილ იქნა მომჩივანის სახელზე, მასვე გააჩნდა ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განეხორციელებინა სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაც მომჩივანის მიერ არ შესრულებულა. გამომდინარე აქედან, სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ მომჩივნის მიმართ შედგენილ იქნა 2024 წლის 29 იანვრის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165.