ბრძანება N 15386

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.06.2023
№ დოკუმენტი 15386
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15386

30.06.2023

შპს „--------“ (ს/ნ --------)

(მის.: -------------)

2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 26 იანვრის №78570/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №001-260 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და აღნიშნულის შესაბამისად განსაზღვრულ ვალდებულებებს. საჩივარში მიუთითებს თითოეული საწარმოსგან შეძენილი მომსახურების სახეს, პერიოდს, თანხას და განმარტავს, რომ აღნიშნული საწარმოებისგან შეძენილ მომსახურებაზე/საქონელზე მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის დასაბუთება, თუ რის საფუძველზე მოახდინა არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა გაუგებარია.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საწვავის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას. მიუთითებს, რომ საწარმოს საკუთრებაში ერიცხება სატვირთო ავტომობილები, ასევე აღებული აქვს იჯარით, აღნიშნული ავტომობილებით შესრულებულია 16 051 რეისი და გავლილი აქვთ დაახლოებით 1 124 000 კ/მ, ავტომობილები მოიხმარენ საწვავს და აუცილებელია ტრანსპორტირებისთვის, საწვავი შეძენილია სპეც-ფაქტურებით და გამოყენებულია ტრანსპორტში.

3. გადამხდელი არ ეთანხმება წარმოებული ბეტონის მოცულობაზე ჩამოსაწერი ცემენტის ოდენობაში გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ ბეტონი შეიცავს სხვა კომპონენტებსაც (ქვიშა-ხრეში, ღორღი, დამტვრეული ქვა და სხვა დანამატები), რომელშიც სხვაობა არ გამოვლინდა და ცემენტის ცდომილებით წარმოებული ბეტონი განიხილა რეალიზებულად. გადამხდელი არ ეთანხმება აღნიშნულს და მიუთითებს, რომ აუდიტორს შეეძლო რეალიზებულად განეხილა თავად ცემენტი საბაზრო ფასით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17826 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 28 დეკემბრის №33378 ბრძანება და ამავე თარიღის №001-260 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით განესაზღვრა სულ 1 340 497 ლარი, მათ შორის გადასახადი 719 478 ლარი, ჯარიმა 357 938 ლარი, საურავი 263 081 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ბეტონის წარმოება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება ქვიშა-ხრეშის, ცემენტის და სხვა ნედლეულის შეძენა-რეალიზაცია, აგრეთვე ბეტონის წარმოება-რეალიზაცია. საწარმოს გამოწერილი აქვს 42 487 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სატრანსპორტო, ავტომანქანის იჯარის და სხვა მომსახურებებზე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 972 349 ლარს, რაც არის სრულად დოკუმენტური ბრუნვა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს დეკლარაციების მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი აქვს დღგ 597 279 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 3 915 497 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის და მომსახურების ღირებულებას. აღნიშნული არსებითად აჭარბებს/შეუსაბამოა საწარმოს დეკლარირებულ შემოსავლებთან. აღნიშნული 3 915 497 ლარიდან შპს „--------ზე“ სხვადასხვა საწარმოების მიერ გამოწერილია 1 880 825 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ძირითადი ნაწილი ჩათვლილია. აღნიშნულ ოპერაციებზე საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებით (ბუღალტრული პროგრამით) უფიქსირდება სალაროდან თანხების გადახდა. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობას, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს, აგრეთვე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებას დაადასტურებდა. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174- ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 97-ე და 982 მუხლების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საწარმოს გაუუქმდა აღნიშნული ჩათვლილი დღგ-ის თანხები, ხოლო გაწეული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ/მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს 704 690 ლარის (313 049 ლიტრი) საწვავი, ძირითადად დიზელი (311 655 ლიტრი), რომელზეც ჩათვლილი აქვს დღგ 106 966 ლარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით შპს „-------“ 2020 წლის მარტის თვეში რეგისტრირებული აქვს 2 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში პერიოდულად იჯარით აქვს აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია-დოკუმენტაციის მონაცემების ანალიზით, საწვავზე გაწეული ხარჯი არსებითად შეუსაბამოა საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია საწვავის გახარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ეკონომიკურ საქმიანობაში/დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებული საწვავის მოცულობის განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ იქნა საწვავის ხარჯები, კერძოდ საკუთრებაში და იჯარით სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განხორციელებული რეისების და ტიპის მიხედვით. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 97-ე და 982 მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და შესაბამისი საქონელი-საწვავი მიჩნეულ იქნა, რომ არ არის გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. გადამხდელს აღნიშნულ ნაწილში გაუქმდა მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს ბეტონის წარმოება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება ქვიშა-ხრეშის, ცემენტის და სხვა ნედლეულის შეძენა-რეალიზაცია, აგრეთვე ბეტონის წარმოება-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმოს წარმოებული/რეალიზებული აქვს 7 052მ3 სხვადასხვა სახეობის ბეტონი, რომელზეც გადამხდელის კალკულაციის მიხედვით გახარჯულია 2 973 ტონა ცემენტი. წარმოების ნორმებისა და სხვა ანალოგიური საქონლის მწარმოებელი კომპანიების აუდირებული მონაცემების/ექსპერტიზების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ჩამოწერილია ნორმასთან შედარებით მეტი ოდენობით ცემენტი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მოცულობის ცემენტის წარმოებაში გახარჯვის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, წარმოების ნორმების და სხვა ანალოგიური საქონლის მწარმოებელი კომპანიების ანალიზის საფუძველზე, შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს მიერ წარმოებული ბეტონის მოცულობაზე ჩამოსაწერი ცემენტის ოდენობა. გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა მიწოდებად, რის საფუძველზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2023 წლის 15 ივნისს 15:10 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 972 349 ლარს, რაც არის სრულად დოკუმენტური ბრუნვა. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს დეკლარაციების მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი აქვს დღგ 597 279 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 3 915 497 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის და მომსახურების ღირებულებას, რაც არსებითად აჭარბებს/შეუსაბამოა საწარმოს დეკლარირებულ შემოსავლებთან. აღნიშნული 3 915 497 ლარიდან შპს „--------ზე“ სხვადასხვა საწარმოების მიერ გამოწერილია 1 880 825 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ძირითადი ნაწილი ჩათვლილია. აღნიშნულ ოპერაციებზე საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებით (ბუღალტრული პროგრამით) უფიქსირდება სალაროდან თანხების გადახდა. გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობას, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს, აგრეთვე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებას დაადასტურებდა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ, ჩათვლილი დღგ-ის თანხების გაუქმება, ასევე გაწეული ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა და დღგ/მოგების გადასახადის დარიცხვა მართლზომიერად განხორციელდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საწარმოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს 704 690 ლარის (313 049 ლიტრი) საწვავი, ძირითადად დიზელი (311 655 ლიტრი), რომელზეც ჩათვლილი აქვს დღგ 106 966 ლარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ინფორმაციით შპს „--------“ 2020 წლის მარტის თვეში რეგისტრირებული აქვს 2 სატვირთო ავტომობილი, ამასთან, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში პერიოდულად იჯარით აქვს აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციადოკუმენტაციის მონაცემების ანალიზით, საწვავზე გაწეული ხარჯი არსებითად შეუსაბამოა საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შემოწმებისთვის არ წარუდგენია საწვავის გახარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში/დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებული საწვავის მოცულობის განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ იქნა საწვავის ხარჯები, კერძოდ საკუთრებაში და იჯარით სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განხორციელებული რეისების და ტიპის მიხედვით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობის არაეკონომიკურ ხარჯად დაკვალიფიცირება, ასევე ჩათვლილი დღგ-ის თანხების გაუქმება და მოგების გადასახადის/დღგ-ის დარიცხვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმოს წარმოებული/რეალიზებული აქვს 7 052მ3 სხვადასხვა სახეობის ბეტონი, რომელზეც გადამხდელის კალკულაციის მიხედვით გახარჯულია 2 973 ტონა ცემენტი. წარმოების ნორმებისა და სხვა ანალოგიური საქონლის მწარმოებელი კომპანიების აუდირებული მონაცემების/ექსპერტიზების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ჩამოწერილია ნორმასთან შედარებით მეტი ოდენობით ცემენტი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მოცულობის ცემენტის წარმოებაში გახარჯვის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა შემოწმებისთვის არ წარუდგენია. წარმოების ნორმების და სხვა ანალოგიური საქონლის მწარმოებელი საწარმოების ანალიზის საფუძველზე, შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს მიერ წარმოებული ბეტონის მოცულობაზე ჩამოსაწერი ცემენტის ოდენობა. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გამოვლენილი სხვაობის (ცემენტის) მიწოდებად განხილვა და დღგ-ის დარიცხვა მართლზომიერად განხორციელდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და აღნიშნულის შესაბამისად განსაზღვრულ ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი საწვავის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება წარმოებული ბეტონის მოცულობაზე ჩამოსაწერი ცემენტის ოდენობაში გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს დეკლარაციების მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი აქვს დღგ 597 279 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 3 915 497 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის და მომსახურების ღირებულებას. აღნიშნული არსებითად აჭარბებს/შეუსაბამოა საწარმოს დეკლარირებულ შემოსავლებთან. აღნიშნულ ოპერაციებზე საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებით (ბუღალტრული პროგრამით) უფიქსირდება სალაროდან თანხების გადახდა. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობას, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს, აგრეთვე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებას დაადასტურებდა. საწარმოს გაუუქმდა აღნიშნული ჩათვლილი დღგ-ის თანხები, ხოლო გაწეული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ/მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

2. საწარმოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს 704 690 ლარის (313 049 ლიტრი) საწვავი, ძირითადად დიზელი (311 655 ლიტრი), რომელზეც ჩათვლილი აქვს დღგ 106 966 ლარი. მონაცემების ანალიზით, საწვავზე გაწეული ხარჯი არსებითად შეუსაბამოა საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია საწვავის გახარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ეკონომიკურ საქმიანობაში/დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებული საწვავის მოცულობის განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ იქნა საწვავის ხარჯები. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და შესაბამისი საქონელი-საწვავი მიჩნეულ იქნა, რომ არ არის გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. გადამხდელს აღნიშნულ ნაწილში გაუქმდა მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე შესაბამისი ჯარიმა.

3. დგინდება, რომ ჩამოწერილია ნორმასთან შედარებით მეტი ოდენობით ცემენტი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მოცულობის ცემენტის წარმოებაში გახარჯვის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია. შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს მიერ წარმოებული ბეტონის მოცულობაზე ჩამოსაწერი ცემენტის ოდენობა. გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა მიწოდებად, რის საფუძველზეც გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. პირს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 43(4), 61(3), 73, 97(1"ბ"), 982(1"ბ"), 159(1), 163(1), 175(1"ა"), 8(22).

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის: 160"ა", 161(1), 173, 174.