გადაწყვეტილება №24047/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.11.2024
№ დოკუმენტი 24047/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24047/2/2024

26 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 15.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 3.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24047/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2024 წლის №001-112 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.09.2024 წლის №20382 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 59 362,6 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 33 762

დღგ - 24 912

საშემოსავლო გადასახადი - 8 850

ჯარიმა - 15 847

საურავი - 9 753,6

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ვაჭრობა მობილური ტელეფონის აქსესუარებით.

აუდიტის დეპარტამენტის 10.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 26.02.2024 წლის ჩათვლით. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს საქონელი შემოაქვს იმპორტით ---------- და ყიდის ადგილობრივ ბაზარზე (-------- ბაზრობა). ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, სადაც სრულად აქვს აღრიცხული საქონლის შეძენა, ხოლო ჩამოწერები აღრიცხული აქვს ყოველთვიურად. გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ვაჭრობს საშუალოდ 33%-იანი ფასნამატით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.02.2024 წლის

№4109 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად დადგინდა სმფ-ების ნაშთი თვითღირებულებით 368 233 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების თვითღირებულება. ასევე, შემოწმებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (საწყისი ნაშთი გაიზარდა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ებით და შემცირდა საბოლოო ნაშთით). ასევე, ინვენტარიზაციის შედეგად გაანგარიშდა ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით (ტელეფონის დამცავი მინა-25%, კაბელი და ადაპტერი-52%, მობილურის ჩასადები-35%, ყურსასმენი28%). შემოწმებით არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აღნიშნული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს. აღნიშნული სხვაობები დაიბეგრა დღგ-ით დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, შემოწმებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის შედეგად განისაზღვრა განკარგვადი თანხა 35 402 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2024 წლის №001-112 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.09.2024 წლის №20382 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და

43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ სმფ-ების ნაშთი თვითღირებულებით შეადგენს 368 233 ლარს. შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (საწყისი ნაშთი გაზრდილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ებით და შემცირდა საბოლოო ნაშთით). ასევე, ინვენტარიზაციის შედეგად გაანგარიშდა ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით (ტელეფონის დამცავი მინა-25%, კაბელი და ადაპტერი-52%, მობილურის ჩასადები-35%, ყურსასმენი-28%), ხოლო არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აღნიშნული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება დეკლარირებულ ბრუნვებს. აღნიშნული სხვაობები დაიბეგრა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, შემოწმებით ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად განისაზღვრა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში, სადაც სრულად აქვს აღრიცხული საქონლის შეძენა, თუმცა ჩამოწერები აღრიცხული აქვს ყოველთვიურად, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ფასნამატის გაანგარიშება საქონლის კატეგორიების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს. შპს ---------- ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა მობილური ტელეფონების აქსესუარებით. კომპანიის საშუალო წლიური ფასნამატი შეადგენს 33%-ს. აუდიტის დეპარატამენტის 21.02.2024 წლის №3795 ბრძანებით დაინიშნა შპს -------- საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. ასევე, 26.02.2024 წლის ს №4109 ბრძანების საფუძველზე კომპანიას ჩაუტარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, კომპანიასთან განხორციელდა ასევე გარკვეული პროდუქციის (8 სახეობის პროდუქცია) საკონტროლო შესყიდვა (გასაყიდი ფასები დღგ-ის ჩათვლით და თვითღირებულებები დღგ-ს გარეშე):

1. მობილური ტელეფონის დამცავი ფირი (გაყიდვა: 1,50 ლარი - ღირებულება: 0,98 ლ - ფასნამატი: 30%).

2. სილიკონის ჩასადები ფერადი (ცისფერი ფერის) -------- (გაყიდვა: 2,50 ლარი - ღირებულება: 1,69 ლ - ფასნამატი 25%).

3. სილიკონის ჩასადები-------- (გაყიდვა: 2,50 ლარი - ღირებულება: 1,69 ლ - ფასნამატი 25%).

4. ყურსასმენი --------- მოდელი (გაყიდვა: 7 ლარი - ღირებულება: 4,42 ლ - ფასნამატი 34%).

5. უნივერსალური კაბელი „----------- (გაყიდვა: 7,50 ლარი - ღირებულება 3,39 ლ - ფასნამატი 87%).

6. ადაფტერი 25w (გაყიდვა: 21 ლარი - ღირებულება 15,25 ლ - ფასნამატი 17%).

7. ტელეფონის ჩასადები ბლოკნოტი (შალითა) (გაყიდვა: 8 ლარი - ღირებულება 5,04 ლ - ფასნამატი 35%).

8. ადაფტერი 20w (გაყიდვა: 14 ლარი - ღირებულება 9,32 ლ - ფასნამატი 27%).

ჩამოთვლილი პროდუქციის თვითღირებულებები შესაბამისი საბუღალტრო ჩანაწერების/საბუღალტრო პროგრამაში მინიჭებული კოდების მიხედვით და შეძენის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების მიწოდებული იქნა აუდიტორებისათვის. საკონტროლო შესყიდვების პროცედურების მიხედვით, ჩამოთვლილი პროდუქციის გასაყიდი ფასების და თვითღიღებულების შედარების შედეგად საშუალო ფასნამატი გამოვიდა 35%. ასევე აუდიტის პროცესში დეტალურად იქნა გაშიფრული საბითუმო მომხმარებლებზე (სასაქონლო ზედდებულებით) გაყიდული პროდუქციის ჩამოწერები და ამ შემთხვევაშიც საშუალო ფასნამატი მერყეობს 30-35% ის ფარგლებში.

აუდიტის მხრიდან დადგენილი იქნა ფასნამატი კატეგორიების მიხედვით; ტელეფონის დამცავი მინა 25%, კაბელი და ადაპტერი 52%, მობილური ჩასადები 35%, ყურსასმენი 28%. შემოწმებით არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა აღნიშნული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და გაანგარიშებული იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, რომელიც აღემატება კომპანიის მიერ დეკლარირებულ დღგ-ს ბრუნებს, აუდიტორების მიერ დადგენილ ფასანმატს არ ეთანხმებიან, რადგან კომპანია ყიდის დაახლოებით 50-მდე სხვადასხვა დამცავ მინას, რომელიც დაყოფილია ხარისხის და ტელეფონის მოდელების მიხედვით. აღნიშნავს, რომ მინის დამცავების კატეგორიაზე ფასნამატი მერყეობს 15%-დან 30%-მდე. აცხადებს, რომ აღნიშნული ფასნამატი ფიქსირდება, როგორც სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციისას, ასევე, ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ფასებით.

განმარტავს, რომ რადგან პროდუქცია აქტუალურობას სწრაფად კარგავს, კომპანია ხშირად მსგავს პროდუქტს ყიდის დიდი ფასდაკლებით. აღნიშნავს, რომ ანალოგიური მდგომარეობაა სხვა კატეგორიის პროდუქციასთან მიმართებით, კერძოდ, ადაპტორების ფასნამატი მერყეობს 35%-დან 60%-მდე, მობილურის ჩასადებების 20%-დან 45%-მდე, ყურსასმენების 20%-დან 30%-მდე, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, შემოწმებამ თითოეული კატეგორიის პროდუქციაზე გამოიყენა მაქსიმალური ფასნამატი. განმარტავს, რომ საწარმოში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, ასევე, შემოწმების პროცესში დეტალურად გაიშიფრა სასაქონლო ზედნადებით საბითუმოდ გაყიდული პროდუქციის ჩამოწერები, რომელთა მიხედვით დადგინდა, რომ საშუალო ფასნამატი მერყეობდა 30-35%-ის ფარგლებში. ითხოვს გადაიხედოს აუდიტის შემოწმებისას დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიაზე და მოხდეს დაკორექტირება დარიცხული თანხების, საფუძველი არის მათ მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ბაზა, სადაც ნაჩვენებია ზედნადებით რეალიზებული საქონლის ჩამოწერა, სადაც მარტივად ჩანს ფასნამატი, საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული ფასნამატი. ინვენტარიზაციის დროს წარმოდგენილი საქონლის თვითღირებულება/საბაზრო ღირებულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ სმფ-ების ნაშთი თვითღირებულებით შეადგენს 368 233 ლარს. შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (საწყისი ნაშთი გაზრდილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ებით და შემცირდა საბოლოო ნაშთით). ასევე, ინვენტარიზაციის შედეგად გაანგარიშდა ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით (ტელეფონის დამცავი მინა-25%, კაბელი და ადაპტერი-52%, მობილურის ჩასადები-35%, ყურსასმენი-28%), ხოლო არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აღნიშნული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება დეკლარირებულ ბრუნვებს. აღნიშნული სხვაობები დაიბეგრა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, შემოწმებით ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად განისაზღვრა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ აუდიტის მხრიდან დადგენილი იქნა ფასნამატი კატეგორიების მიხედვით; ტელეფონის დამცავი მინა 25%, კაბელი და ადაპტერი 52%, მობილური ჩასადები 35%, ყურსასმენი 28%. შემოწმებით არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებული იქნა აღნიშნული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და გაანგარიშებული იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, რომელიც აღემატება კომპანიის მიერ დეკლარირებულ დღგ-ს ბრუნებს, აუდიტორების მიერ დადგენილ ფასანმატს არ ეთანხმებიან, რადგან კომპანია ყიდის დაახლოებით 50-მდე სხვადასხვა დამცავ მინას, რომელიც დაყოფილია ხარისხის და ტელეფონის მოდელების მიხედვით. აღნიშნავს, რომ მინის დამცავების კატეგორიაზე ფასნამატი მერყეობს 15%-დან 30%-მდე. აცხადებს, რომ აღნიშნული ფასნამატი ფიქსირდება, როგორც სასაქონლო ზედნადებებით რეალიზაციისას, ასევე, ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ფასებით. განმარტავს, რომ რადგან პროდუქცია აქტუალურობას სწრაფად კარგავს, კომპანია ხშირად მსგავს პროდუქტს ყიდის დიდი ფასდაკლებით. აღნიშნავს, რომ ანალოგიური მდგომარეობაა სხვა კატეგორიის პროდუქციასთან მიმართებით, კერძოდ, ადაპტორების ფასნამატი მერყეობს 35%-დან 60%-მდე, მობილურის ჩასადებების 20%-დან 45%-მდე, ყურსასმენების 20%- დან 30%-მდე, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, შემოწმებამ თითოეული კატეგორიის პროდუქციაზე გამოიყენა მაქსიმალური ფასნამატი. განმარტავს, რომ საწარმოში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, ასევე, შემოწმების პროცესში დეტალურად გაიშიფრა სასაქონლო ზედნადებით საბითუმოდ გაყიდული პროდუქციის ჩამოწერები, რომელთა მიხედვით დადგინდა, რომ საშუალო ფასნამატი მერყეობდა 30-35%- ის ფარგლებში. ითხოვს გადაიხედოს აუდიტის შემოწმებისას დადგენილი ფასნამატი თითოეული კატეგორიაზე და მოხდეს დაკორექტირება დარიცხული თანხების, საფუძველი არის მათ მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ბაზა, სადაც ნაჩვენებია ზედნადებით რეალიზებული საქონლის ჩამოწერა, სადაც მარტივად ჩანს ფასნამატი, საკონტროლო შესყიდვისას დაფიქსირებული ფასნამატი. ინვენტარიზაციის დროს წარმოდგენილი საქონლის თვითღირებულება/საბაზრო ღირებულება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 16.09.2024 წლის №20382 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა, რომ სმფ-ების ნაშთი თვითღირებულებით შეადგენს 368 233 ლარს. შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (საწყისი ნაშთი გაზრდილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ებით და შემცირდა საბოლოო ნაშთით). ასევე, ინვენტარიზაციის შედეგად გაანგარიშდა ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით (ტელეფონის დამცავი მინა-25%, კაბელი და ადაპტერი-52%, მობილურის ჩასადები-35%, ყურსასმენი-28%), ხოლო არადოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აღნიშნული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით და გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც აღემატება დეკლარირებულ ბრუნვებს. აღნიშნული სხვაობები დაიბეგრა დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ამასთან, შემოწმებით ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად განისაზღვრა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5,9);158(1);159(1);164(1);101(1);154(1)