ბრძანება N 26059
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26059
23 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 26 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 26 ივლისის №82613/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 ივნისის №006-282 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, ითხოვს მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას. საჩივარში სადავო საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ნოემბრის №28222 და 2023 წლის 16 ივნისის №13690 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 16 ნოემბრის ჩათლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 16 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 22 ივნისის №14434 ბრძანება და ამავე თარიღის №006-282 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 31 441 ლარი, მათ შორის, გადასახადი 17 741 ლარი, ჯარიმა 8 860 ლარი, საურავი 4 840 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადამხდელის საქმიანობის სახეა იჯარით აღებულ ინერტული მასალების გადამამუშავებელ ქარხანაში დამზადებული საქონლის (ქვიშა-ღორღი) რეალიზაცია. საწარმო ასევე ფაქტობრივად სარგებლობს მეიჯარის (შპს „----------“) საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიებით. გადამხდელს ბალანსზე ძირითადი საშუალებები არ უფიქსირდება. პირველადი დოკუმენტების ანალიზით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს საწვავი (82 983 ლიტრი), რასთან დაკავშირებითაც შემოწმებისათვის არ მომხდარა დოკუმენტაციის წარმოდგენა, საიდანაც იდენტიფიცირებადი იქნებოდა კონკრეტული ოპერაციების მიხედვით გამოყენებული ტექნიკის მოცულობა და შესაძლებელი გახდებოდა იმის განსაზღვრა, თუ: ა) რომელი ობიექტის მიერ მოხდა საწვავის გახარჯვა, ბ) გახარჯული საწვავის სახე და რაოდენობა (ლიტრი). საქართველოს ფინანსთა მინისტრის №230 ბრძანების მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით: ეკონომიკურ საქმიანობისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში, ასევე ფაქტობრივ მფლობელობაში (იჯარის, ლიზინგის და სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე) არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება და სპეცტექნიკა. ეკონომიკურ საქმიანობისათვის გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ხარჯვის დასადასტურებლად უნდა აწარმოოს - ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი მანძილის რეესტრი წარმოდგენილი სახით, ან სხვა ფორმით და პერიდულობით და გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საწვავის ხარჯვასთან (გაცემასთან) და გამოყენებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია აწარმოოს ტრანსპორტის სპეციფიკის გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელის მიერ ნავთობროდუქტების უსასყიდლოდ მიღების, რეალიზაციის ან/და დავალიანების პატიების ფაქტი დადგენილი არ არის. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, შემოწმებამ საწვავის დანახარჯის გაანგარიშებისთვის იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ანალიზისთვის გამოყენებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის, მასშტაბის და მოცულობის მქონე აუდირებული ობიექტების მიერ ეკონომიკურ საქმიანობისათვის შეძენილი და გახარჯული საწვავის ოდენობების და ნორმების მონაცემები. აღნიშნულის შედეგად, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ შეძენილ საწვავის ჯამურ ოდენობასა და მის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებისთვის საჭირო საწვავის ოდენობას შორის. შემოწმებამ განახორციელა თვის ჭრილში გადამხდელის მიერ შეძენილი საწვავის ოდენობის შეფარდება მის მიერვე იმავე თვეში მიღებულ შემოსავლებთან. დადგინდა, რომ საწავავის წილის შეფარდება შემოსავლებთან შეადგენდა 15% დან 35%- ს 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის სექტემბრის პერიოდის ჩათვლით, ხოლო 2021 წლის ოქტომბერში აღნიშნულმა ფარდობამ შეადგინა 85%. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს 2021 წლის ოქტომბრის თვეში (ქარხანის იჯარის შეწყვეტის პერიოდში) დაუფიქსირდა საქმიანობის მასშტაბთან შეუსაბამო და დაუსაბუთებელი საწვავის ხარჯი. შედეგად, საწარმოს მიერ 2021 წლის ოქტომბერში შეძენილი 12 720 ლიტრი საწვავიდან ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში საქონლის და მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულად ჩაითვალა 4 499 ლიტრი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 და 175-ე მუხლების გათვალისწინებით, საწარმოს დარიცხა მოგების გადასახადი და გაუუქმდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოუყენებლ საქონელზე მიღებული ჩათვლები. ამასთან, დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
პირველადი დოკუმენტების, გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და დეკლარირებული მონაცემების შედარებისას გამოვლინდა, რომ საწარმოს დღგ-ის დეკლარაციაში არ აქვს ასახული/დაბეგრილი შპს „----------“ 2020 წლის თებერვალში საქონლის მიწოდების ოპერაცია.
შესაბამისად დაკორექტირდა (გაიზარდა) საწარმოს 2020 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების ანალიზით დგინდება, რომ საწარმოს არ აქვს დეკლარირებული შესაბამის თვეებში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე გაცემული სახლფასო ანაზღაურება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით აღნიშნული განაცემები დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
პირველადი დოკუმენტების ანალიზით დგინდება, რომ გადამხდელს 2021 წლის სექტემბერში შპს „----------“ რეალიზებული აქვს 3 288 ლარის ღირებულების საქონელი. სააღრიცხვო მონაცემებით არ არის დაფიქსირებული თანხის მიღება, გახარჯვა, აგრეთვე არ ფიქსირდება ფულის/დებიტორული დავალიანების ნაშთად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ აღნიშნული საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მისაღები თანხები ჩაითვალა საწარმოს სალაროში მიღებულად და საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადამხდელს დეკლარაციაში არ აქვს ასახული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის კორექტირების შედეგად დასაკორექტირებელი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადამხდელს 2023 წლის 28 ივლისს გაეგზავნა №---------- წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა სადავო საკითხები. წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, თუმცა შემოსავლების სამსახურში დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, ითხოვს მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას. საჩივარში სადავო საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტები/მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხები. გადამხდელს 2023 წლის 28 ივლისს გაეგზავნა წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა სადავო საკითხები. წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, თუმცა შემოსავლების სამსახურში დაზუსტებული საჩივარი არ წარმოუდგენია. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 275.