გადაწყვეტილება №21277/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 21277/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21277/2/2023

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----ის 9.11.2023 და 13.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №21277/2/2023; 21307/2/2023).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი, ასევე:

ა) ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში მეწარმის მიერ დაქირავებულ პირებზე გაცემული ხელფასების გაუთვალისწინებლობა;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით მოთხოვნილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვაზე უარი;

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;

3. ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვის მართლზომიერება;

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №068-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 185 487.39 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 108 574.75

ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - 18

დღგ - 58 849

მიწა - არასასოფლო - 114

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 110

საშემოსავლო გადასახადი - 47 841.75

ქონების გადასახადი - 1 642

ჯარიმა - 51 989

საურავი - 24 923.64

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა (------ის მუნიციპალიტეტში, სოფ. ------ში) არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელით, სიგარეტით და ასევე, შერეული სოფლის მეურნეობით, რომელსაც აწარმოებს თავად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.01.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 27.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 4.07.2023 წლის №15719 ბრძანება და ამავე თარიღის №068-13 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი ჯგუფების მიხედვით;

ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გაცემული ხელფასების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს მომჩივნის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი,ასევე:

ა) ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში მეწარმის მიერ დაქირავებულ პირებზე გაცემული ხელფასების გაუთვალისწინებლობა;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით მოთხოვნილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვაზე უარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი შეადგენს 10%-ს. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის №1672 ბრძანებით, მეწარმესთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილია საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც დაყოფილია 20 კატეგორიად და თითოეულ კატეგორიაზე განისაზღვრა ცალკე ფასნამატი. აღნიშნული გავრცელებულია ანალოგიურ კატეგორიებად დაყოფილ რეალიზებული პროდუქციის ღირებულებაზე და დადგენილია დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები.

შემოწმების შედეგად დადგენილსა და დეკლარირებულს შორის სხვაობა ჩაირთო შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში. ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის სმფ-ების ნაშთი. აღნიშნულ ნაშთსა და მეწარმის დეკლარირებულ სმფ-ებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რომელიც ჩაითვალა რეალიზებულად. დამატებით რეალიზებულად ჩათვლილ სმფ-ების თვითღირებულებებზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშებული საშუალო ფასნამატი.

ამასთან, დადგინდა 2020-2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად, სხვაობის თანხით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.

ასევე, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2020-2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, ვინაიდან სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, გადამხდელი აღნიშნულ შემოსავალს არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით (გათავისუფლებული ბაზა).

შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ მოხდა, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მასალის, კერძოდ, თუნუქის ფირფიტის სასურსათო საქონლად განხილვა და რეალიზებულად მიჩნევა, რომელიც დღემდე განთავსებულია მეწარმის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე. ამასთან, თუნუქის ფირფიტები შეყვანილია სასმელების კატეგორიაში. აცხადებს, რომ ისეთი საქონელი, რომლებიც თვისობრივად არ განეკუთვნება ერთი კატეგორიის საქონელს და რომლებზეც ინვენტარიზაციის შედეგებით დაფიქსირებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები, დაჯგუფებულია ერთი კატეგორიის მიხედვით, როგორიცაა სიგარეტებისა და თამბაქოს შესახვევი ქაღალდების ერთი კატეგორიისთვის მიკუთვნება.

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ კატეგორიების მიხედვით ჩაშლილი ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი ჯგუფების მიხედვით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

I. ასევე, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის ნაწილში არ არის გათვალისწინებული მეწარმის მიერ გაცემული ხელფასები.

სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გაცემული ხელფასების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

II. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2020-2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, გადამხდელს გათავისუფლებული აქვს აღნიშნული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან. შემოსავლების სამსახური მომჩივნის პოზიციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გადასახადის გადამხდელმა შესაძლებელია გამოქვითოს იმ შემთხვევაში, თუ პირი ბეგრავს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულ შემოსავალს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ამ სახის შემოსავლები არ აქვს დაბეგრილი.

საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნულ პროცესში შემმოწმებლების მიერ დაშვებულია მთელი რიგი შეცდომები. საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ 2.02.2023 წლის ბრძანებით ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, 2022 წლის წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების საბოლოო ნაშთთან მიმართებით გამოვლენილი დანაკლისი, შემმოწმებლების მიერ მიჩნეულია შესამოწმებელ პერიოდში, 2020-2022 წლებში, რეალიზებულად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად.

შემმოწმებლების მიერ დაშვებული მთავარი შეცდომა ის არის, რომ მათ მიერ არ მომხდარა რეალიზებულად მიჩნეული დანაკლისის თვითღირებულების ოდენობით არც ერთი წლიური საშემოსავლო დეკლარაციის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის შემცირება, შედეგად მიწოდებად განხილული საქონლის დანაკლისის თვითღირებულების ოდენობით შემცირებულია რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაც იწვევს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის უსაფუძვლოდ ზრდას. აღნიშნულ ფაქტზე ასევე, მეტყველებს შემმოწმებლების მიერ გაგზავნილი გაანგარიშება, რომლის მიხედვით საქონლის ცალკეულ კატეგორიებზე გავრცელებულ ფასნამატებს შორის უმაღლესი შეადგენს 25%-ს, ხოლო საგადასახადო აქტში ასევე შემმოწმებლების მიერ მოცემული წლიური საშემოსავლო დეკლარაციის გაანგარიშების მიხედვით, პირის საშუალო ფასნამატი 2020, 2021 და 2022 წლებში შეადგენს 31%, 40% და 43%, რაც გამოწვეულია, რეალიზებულად განხილული დანაკლისის თვითღირებულების გაუთვალისწინებლობით.

მეწარმე გარდა სურსათით ვაჭრობისა ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანას და რეალიზაციას, რისთვისაც ესაჭიროება სხვადასხვა სახის მასალების შეძენა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სურსათით და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობასთან, შემმოწმებლების მიერ მოხდა, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მასალის, კერძოდ თუნუქის ფირფიტის, სასურსათო საქონლად განხილვა და რეალიზებულად მიჩნევა, რომელიც დღემდე განთავსებულია გადამხდელის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე. ამასთან, როგორც შემმოწმებლების მიერ გამოგზავნილ ფასნამატების გაანგარიშების ცხრილში ჩანს თუნუქის ფირფიტები შეყვანილია სასმელების კატეგორიაში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ შემმოწმებლების მიერ გაანგარიშებები გაკეთებულია უხეში დარღვევებით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აუდიტორების მიერ არასწორად იქნა დაანგარიშებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი, ვინაიდან შემმოწმებლებმა სმფ-ების დანაკლისი გამოავლინეს 2022 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში პირის მიერ დაფიქსირებული სმფ-ების საბოლოო ნაშთთან მიმართებით, სადაც პირის მიერ მითითებული იყო, როგორც სურსათით ვაჭრობის ნაწილში არსებული საქონელი, ასევე სოფლის მეურნეობის საქონელი (რომელიც არ იბეგრება დღგ-ით), ვინაიდან პირი საშემოსავლო გადასახადით ბეგრავდა აღნიშნული საქმიანობით მიღებულ შემოსავალსაც. გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სმფ-ების ნაშთში (შესაბამის ოქმში) ასევე, ფიგურირებს 50 907 ლარის თვითღირებულების სოფლის მეურნეობის საქონელი (სტაფილო). აუდიტორებმა კი, სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი გამოიანგარიშეს 2022 წლის სმფ-ების მთლიან საბოლოო ნაშთსა (სადაც მოხვედრილი იყო სოფლის მეურნეობის საქონელი) და მხოლოდ სასურსათო საქონლის ინვენტარიზაციით დაფიქსირებულ რეალურ ნაშთს შორის სხვაობით, მათ არ გაითვალისწინეს სმფ-ების ინვენტარიზაციის დროს შესაბამისი ოქმით დადასტურებული და ადგილზე არსებული სოფლის მეურნეობის საქონელი. შესაბამისად, გაზრდილია შემდგომში რეალიზაცია მიჩნეული დანაკლისის ოდენობა. აუდიტორებმა მიიჩნიეს, რომ სმფ-ების საბოლოო ნაშთში დაფიქსირებული იყო მხოლოდ სასურსათო საქონელი, რაც რეალობას არ შეესაბამება.

გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ შემმოწმებლების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონლის დაყოფა მოხდა 20 კატეგორიად და ცალკეულ კატეგორიაზე გავრცელდა ცალკეული ფასნამატი, ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ მიწოდებული გაანგარიშების მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ სასაქონლომატერიალური ფასეულობების 20 კატეგორიიდან გაანგარიშებაში მხოლოდ 16 კატეგორიაა მიკუთვნებული სარეალიზაციო საქონელს, დანარჩენი შემმოწმებლების მიერვე მიჩნეულია პარალელურად არსებული სოფლის მეურნეობის საქმიანობისთვის განკუთვნილ საქონლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არასაკმარისი კატეგორიების პირობებში, ისეთი საქონელი, რომლებიც თვისობრივად არ განეკუთვნება ერთი კატეგორიის საქონელს და რომლებზეც ინვენტარიზაციის შედეგებით დაფიქსირებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები დაჯგუფებულია ერთი კატეგორიის მიხედვით, აღნიშნულის ნათელ მაგალითს წარმოადგენს სიგარეტებისა და თამბაქოს შესახვევი ქაღალდების ერთი კატეგორიისთვის მიკუთვნება, შემმოწმებლების მიერ აღნიშნულ კატეგორიაზე განსაზღვრულია 13%, რაც არ ასახავს ობიექტურ რეალობას. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა სიგარეტებს შორის ყველაზე დიდი ხვედრითი წილის მქონე სიგარეტის „პარლამენტ აქვას“ ფასნამატი ინვენტარიზაციის შედეგებით შეადგენს 7%-ს. გამომდინარე აქედან გარკვეული კატეგორიის საქონელზე არასამართლიანად გაზრდილია ფასნამატი, რაც იწვევს დასაბეგრი ბაზის არაადეკვატურ ზრდას. შესაბამისად არ ეთანხმება შემმოწმებლების მიერ გაანგარიშებულ ფასნამატებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას გადამხდელთან ერთად.

ხარჯები, რომლებიც ერთობლივი შემოსავლიდან არ არის გამოქვითული:

I. შემმოწმებლების მიერ წარდგენილ საგადასახადო აქტის წლიური საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებაში არ არის გამოქვითული 2022 წლის მანძილზე ყოველთვიურად დეკლარირებული და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი ხელფასები, რომლებიც ასევე არ იყო პირის მიერ გამოქვითული. აღნიშნული ინფორმაცია თვალნათლივ ჩანს და ხელმისაწვდომია შემმოწმებლისათვის, კერძოდ გადამხდელის პორტალზე პირდაპირ არის ასახული ინფორმაცია დეკლარირებული ხელფასის შესახებ და მისი არ გათვალისწინება წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის გამოქვითვებში, მიანიშნებს მხოლოდ იმაზე, რომ შემმოწმებლის მიერ გადასახადების გაანგარიშება მოხდა ზედაპირულად და უხეში შეცდომებით.

II. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხარჯების გაუთვალისწინებლობა:

საგადასახადო შემოწმების აქტსა და შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია, რომ შემმოწმებლებმა არ გაითვალისწინეს წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში პირის მიერ გამოქვითული სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხარჯები იმ არგუმენტით, თითქოს, პირი არ ბეგრავდა აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს, რადგან მისი შემოსავალი არ აღემატებოდა 200 000 ლარს. ზემოაღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავალი ემთხვევა წლების მიხედვით ყოველთვიური დღგ-ის დეკლარაციაში დაფიქსირებული 18%-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის (სოფლის მეურნეობის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი) ჯამს. ერთობლივ შემოსავალში დაფიქსირებული რიცხვი 2022 წელს მათემატიკური სიზუსტით ემთხვევა, 2021 წელში სხვაობას ქმნის 800 ლარი, ხოლო 2020 წელში ბევრად აღემატება დღგ-ის დეკლარაციაში დაფიქსირებულ 18%-ით დასაბეგრი და დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების ჯამს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გარდა სურსათისა და ჰიგიენური საშუალებებისა დაბეგრილია სხვა შემოსავალიც, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, იმ ფაქტზე, რომ ბეგრავდა სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავალს, მეტყველებს ისიც, რომ მას 2022 წლის წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში შეძენილი (ამ შემთხვევაში ნაწარმოები) საქონლის გრაფაში დაფიქსირებული აქვს რიცხვი, რომელიც გაცილებით აღემატება (20 ათასი ლარი) მიღებული ზედნადებებით შეძენილ საქონელს 2022 წელს. ზემოაღნიშნული შეიძლება მარტივად გადამოწმდეს/გადამოწმებულიყო შემმოწმებლების მიერ.

საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნაში მოცემულია გამონაკლისი შემთხვევები, როცა გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გამოიქვითოს მოგების/საშემოსავლო გადასახადით გათავისუფლებულ შემოსავლებთან დაკავშირებული ხარჯები, თუ იგი აღნიშნულ შემოსავლებს დაბეგრავს საშემოსავლო/მოგების გადასახადით. აღნიშნულ მუხლში მითითებულია საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, რომელიც მოიცავს სწორედ სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავალს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არამართებულად მიაჩნია შემოსავლების სამსახურის მიერ უარის თქმა აღნიშნული ხარჯების გამოქვითვასთან დაკავშრებით იმ არგუმენტით, თითქოს აღნიშნული შემოსავლები არ იყო საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი. ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ შეღავათზე პირის მიერ უარის თქმის (სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრის და მასთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვა) საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ მან შესამოწმებელ წლებში გასწია დიდი ოდენობით კაპიტალური ხარჯი (რაზეც მეტყველებს ბანკებიდან აღებული სესხები და მიღებული ზედნადებები), გააშენა ხილის ბაღი, მოაწყო სასათბურე და ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა. სოფლის მეურნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე კი (სანამ ხეხილის ბაღი და სასათბურე მეურნეობა 100%-ით დაიწყებს ფუნქციონირებას), მოელის შემოსავლის გრძელვადიან პერსპექტივაში ზრდას და მოგებაზე გასვლას, თანაც მისი ვარაუდით, ვინაიდან გაშენდა დიდი მასშტაბის მეურნეობა, მისი შემოსავალი მომავალში წლის ჭრილში აცდება 200 000-იან ნიშნულს, შესაბამისად იგი „დაკარგავდა“ წარსულში გაწეულ ხარჯებს (ვერ გადმოიტანდა ზარალებს), სამაგიეროდ მოუწევდა მთლიანი შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. შესაბამისად, ვინაიდან საწყის ეტაპზე ხარჯები მკვეთრად აღემატებოდა შემოსავლებს მან არ გამოიყენა სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრაზე არსებული შეღავათი და აღნიშნული შემოსავლები და ხარჯები ასახა წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში. ყველა ზემოაღნიშნულ ხარჯზე (სათბურის მასალები, შხამ-ქიმიკატები და ა.შ. ჯამში 174 000 ლარის ოდენობით) თავის დროზე მიღებული აქვს ზედნადებები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოწმების პროცესში აუდიტორების მიერ გამოთხოვილია ინფორმაცია სოფლის მეურნეობიდან მიღებული პროდუქციის შესახებ, რაც მიწოდებულია შემოწმებისთვის. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ოქმში ფიქსირდება სოფლის მეურნეობის საქონელი. ასევე, არსებობს ბანკში შენახული დოკუმენტაცია, სადაც ყოველი წლის ჭრილში ასახულია ინფორმაცია სოფლის მეურნეობიდან მიღებულ მოსავალთან დაკავშირებით, ვინაიდან ზემოაღნიშნული მონაცემების გარეშე ვერ მიიღებდა კრედიტს. გასათვალისწინებელია, რომ მის ინტერესებში არ იყო აღნიშნულ დოკუმენტში შეგნებულად შეემცირებინა მიღებული მოსავლის რაოდენობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში კრედიტის მიღება გართულდებოდა. შეუძლია წარმოადგინოს როგორც აღნიშნული ინფორმაცია, ასევე ბანკისგან სესხად აღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვის აუდიტორულად დადასტურებული დოკუმენტაცია.

გამომდინარე ზემოაღნიშნული მყარი არგუმენტებიდან, მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლას, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ არასწორად არის გაანგარიშებული ფასნამატები, ერთობლივი შემოსავალი და მასთან დაკავშირებული გამოსაქვით ხარჯები და შესაბამისად არასწორად არის დარიცხული დღგ-ის, წლიური საშემოსავლო გადასახადის, შესაბამისი მიმდინარე გადასახდელებისა და სანქციის თანხები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შეუმცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.

საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა.

შენიშვნა: ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს უფლება აქვს, გამოქვითოს გათავისუფლებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პირი ვალდებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგროს ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2020-2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, ვინაიდან სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, გადამხდელი აღნიშნულ შემოსავალს არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით (გათავისუფლებული ბაზა).

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მეწარმე ვაჭრობს, როგორც შხამქიმიკატებით, ასევე დაკავებულია სოფლის მეურნეობით, რაზეც ვრცელდება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი ანუ აღნიშნული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან და ასევე ვრცელდება, 106-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ანუ ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. საგადასახადო ორგანომ სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები შეამცირა იმ მოტივით, რომ ასეთი სახის შემოსავალ იყო 200 000 ლარამდე და ხარჯი არ უნდა გამოიქვითოსო. თუმცა, საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლი ადგენს გამონაკლისს შენიშვნის სახით, რომ შესაძლებელია მეწარმემ აღიაროს შემოსავალი და გამოქვითოს ხარჯი აღნიშნული მუხლის შენიშვნის მიხედვით. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში ამ ნაწილში საჩივრის არ დაკმაყოფილების მოტივად მითითებულია, რომ საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გადასახადის გადამხდელმა შესაძლებელია გამოქვითოს იმ შემთხვევაში, თუ პირი ბეგრავს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულ შემოსავალს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ამ სახის შემოსავლები არ აქვს დაბეგრილი, რაც არასწორია და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მეწარმეს 2020 და 2021 წლების ერთობლივ შემოსავალში აღნიშნული სახის შემოსავლები ასახული და დაბეგრილი აქვს. ამასთან, შემოწმების აქტის დანართის მიხედვითაც კი დასტურდება რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ წლიურ საშემოსავლო დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავალი ემთხვევა წლების მიხედვით ყოველთვიური დღგ-ის დეკლარაციაში დაფიქსირებული 18%- ით დასაბეგრი ბრუნვისა და ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის (სოფლის მეურნეობის საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის) ჯამს. მეწარმეს გაწეული აქვს კაპიტალური ხარჯი, რომლის გამოქვითვასაც ითხოვს და აღნიშნულის გამო უარს ამბობს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათით სარგებლობაზე, მიღებულ შემოსავალს ასახავს ერთობლივ შემოსავალში, ბეგრავს და იყენებს გამოქვითვის უფლებას.

მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვანს და დანარჩენ სადავო საკითხებზე ზეპირი არგუმენტი არ წარმოუდგენია.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით შემოწმების მიმდინარეობისას მომჩივანს შეღავათის გამოყენებაზე უარი არ დაუფიქსირებია. შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია შეღავათი და შესაბამისად, ხარჯი ამოღებულია. ამასთან, მომჩივნის არგუმენტზე აღსანიშნია, რომ დღგ-ის ნაწილში ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვაში წლების მიხედვით დეკლარირებული თანხა ასახულია ერთობლივ შემოსავალში წლების მიხედვით. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებულ 2020, 2021 და 2022 წლების ერთობლივ შემოსავალში ასახული და დაბეგრილია საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ 2020, 2021 და 2022 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციების 37-ე გრაფაში ასახულია 0 ლარი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, 37-ე უჯრაში აისახება სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი).

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი უარს ამბობს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით სარგებლობაზე და ითხოვს კაპიტალური ხარჯის გამოქვითვის უფლებას, ხოლო წარდგენილი 2020, 2021 და 2022 წლების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციებით და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით მომჩივანს სამივე წლის ერთობლივ შემოსავალში ასახული და დაბეგრილი აქვს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი. ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ისარგებლოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნით და შესაბამისად, კაპიტალური ხარჯის გამოქვითვის უფლებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები ამ ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

რაც შეეხება, ამ ნაწილში დანარჩენ სადავო საკითხებს, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ------ის მუნიციპალიტეტ სოფელ ------ში, ასევე უძრავი ქონება თბილისსა და -------ის მუნიციპალიტეტ სოფელ ------ში. შესამოწმებელ პერიოდში ქონების გადასახადში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულია მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი, მ.შ. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები, რომლის ანალიზის შედეგადაც პირის შემოსავალი 2020 წელს აღემატება 40 000 ლარს, ხოლო 2021 წელს 100 000 ლარს. შედეგად, მომჩივანს წარმოეშვა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება.

შემოწმებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზაში მითითებული აქვს 0 ლარი. შემოწმების მიერ გადასახადის ზუსტად და სწორად გაანგარიშების მიზნით შესწავლილია გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის საფუძველზეც მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

საგადასახადო კოდექსის 201-ე, 203-ე, 202-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოწმების მიერ გადასახადის ზუსტად და სწორად გაანგარიშების მიზნით შესწავლილია გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს მომჩივნის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება).

მომჩივნის არგუმენტაცია მომჩივანი განმარტავს, რომ არ არის ინფორმირებული იმის შესახებ თუ რომელი ქონების დაბეგვრა მოხდა და რა ღირებულებით, როგორ და რა პრინციპით მოახდინა შემმოწმებელმა დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა. არ იქნა გაგზავნილი არანაირი გაანგარიშების ცხრილები ამასთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა საკითხებთან მიმართებაში ამ საკითხთან დაკავშირებითაც შემმოწმებლის მიერ არ მომხდა კომუნიკაცია. შესაბამისად საკითხი საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლას და გავლას გადამხდელთან ერთად.

განსაკუთრებით არასწორია 2022 წლის დასაბეგრ ქონებაზე გადასახდელი ქონების გადასახადის დარიცხვა, ვინაიდან პირის ქონება დაბეგრილია 2021 წლის შემოსავლების 100 000 ლარიან ზღვარზე გადაჭარბების ჭრილში, მაშინ როცა პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი და მიღებული დარიცხული ხელფასი ვერანაირად ვერ აჭარბებს (დანაკლისის თვითღირებულებაში გათვალისწინების შემდგომ და წლიური დასაბეგრი ქონების მნიშვნელოვნად შემცირების ფონზე მითუმეტეს) 100 ათას ლარიან ზღვარს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ დაკმაყოფილდება წლიურ საშემოსავლო გადასახადში გასაჩივრებული საკითხები, ავტომატურად დადგება, როგორც 2021 წლის ასევე, 2022 წლის დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადის დარიცხვის არამართებულობის საკითხი, ვინაიდან მკვეთრად შეუმცირდება სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი და მკვეთრად ჩამოსცდება 40 ათას ლარიან ზღვარს.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მიაჩნია, რომ საკითხი საჭიროებს გაცილებით სიღრმისეულად შესწავლას, ვინაიდან შემმოწმებლების მიერ არასწორად არის გაანგარიშებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შესაბამისად არასწორად არის დარიცხული ქონების გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხები.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შეუმცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით:

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანებით ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს მომჩივნის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებლის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადამხდელს 2017 წლის ივლისის თვეში აღებული აქვს ლიცენზია (N-----) მიწისქვეშა მტკნარი წყლის (სამეწარმეო დანიშნულებით) სარგებლობაზე, რომელიც მოქმედია შესამოწმებელი პერიოდის პირველ წელს. აღნიშნული ლიცენზიის მიხედვით გადამხდელს უნდა მოეხდინა 6 თვიანი ინტერვალით მოსაკრებლის დადეკლარირება.

შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში გაცემული ათვისების გეგმა/გრაფიკები, რომელთა მიხედვით გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ვალდებულება 2020 წელს წარედგინა ორი გაანგარიშება. მეწარმეს წარდგენილი აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ერთი ნულოვანი გაანგარიშება. შემოწმების მიერ ლიცენზიის ვადისა და წლიური მოპოვების ნორმების მიხედვით გაანგარიშებული იქნა დასადეკლარირებელი მოსაკრებლის ოდენობები.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის XXVI თავის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა მოსაკრებელი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 274- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოწმების შედეგად დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს 2017 წლის ივლისის თვეში აღებული აქვს ლიცენზია მიწისქვეშა მტკნარი წყლების (სამეწარმეო მიზნით) სარგებლობაზე, რომელიც მოქმედია შესამოწმებელი პერიოდის პირველ წელს. აღნიშნული ლიცენზიის მიხედვით გადამხდელს უნდა მოეხდინა 6 თვიანი ინტერვალით მოსაკრებლის დადეკლარირება. შემოწმებით შესწავლილია აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში გაცემული ათვისების გეგმა/გრაფიკები, რომელთა მიხედვით გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ვალდებულება 2020 წელს წარედგინა ორი გაანგარიშება. შემოწმების მიერ ლიცენზიის ვადისა და წლიური მოპოვების ნორმების მიხედვით გაანგარიშებული იქნა დასადეკლარირებელი მოსაკრებლის ოდენობები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივარში მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა გაანგარიშების მიწოდება და კომუნიკაცია გადამხდელთან, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული დარიცხვის მართლზომიერების დადგენა. რაც აჩენს იმის ეჭვს, რომ შემმოწმებლების მიერ მოსაკრებლის გაანგარიშება მოხდა დარღვევებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან და ინფორმაციის გაცვლა. შედეგად კი, შემცირდეს არასწორად დარიცხული ძირითადი გადასახადისა და სანქციის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 107-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ სასარგებლო წიაღისეულზე, რომლის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგისა) – 6 თვის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიური ასათვისებელი მოცულობა, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ½-ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ½-ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია მოიცავს არასრულ წელს (დაიწყო, დასრულდა, გასხვისდა წლის შიგნით), გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება თვიურ ლიმიტს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა.

შემოწმების შედეგად შესწავლილ იქნა აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში გაცემული ათვისების გეგმა/გრაფიკები, რომელთა მიხედვით გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ვალდებულება 2020 წელს წარედგინა ორი გაანგარიშება. მეწარმეს წარდგენილი აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ერთი ნულოვანი გაანგარიშება. შემოწმების მიერ ლიცენზიის ვადისა და წლიური მოპოვების ნორმების მიხედვით გაანგარიშებული იქნა დასადეკლარირებელი მოსაკრებლის ოდენობები.

საჩივარში მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

4. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შეეფარდა ჯარიმა სულ 51 989 ლარის ოდენობით, მათ შორის საშემოსავლო გადასახადში 21 839 ლარის ოდენობით, დღგ-ში 29 217 ლარის ოდენობით, ქონების გადასახადში 933 ლარის ოდენობით, ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებელში 1 ლარის ოდენობით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2023 წლის №068-13 საგადასახადო მოთხოვნით დაეკისრა საურავი 24 923.64 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ითხოვს შემცირდეს ზემოთ ხსენებული თანხების მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანება;

3. საჩივარი, პირველი დავის საგნის „ბ“ ქვეპუნქტის (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით მოთხოვნილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვა) ნაწილში, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის 19.10.2023 წლის №25913 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები გარკვეულ ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 82; 106; 203; 274; 275; 269(7).