ბრძანება N 23073

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.10.2024
№ დოკუმენტი 23073
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23073

29 ოქტომბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 16 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბრისა და 11 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №101 და №110) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 16 აგვისტოს №91491/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივლისის №001-156 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას. წარმოდგენილი აქვს შემდეგი არგუმენტაცია:

● აცხადებს, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული მომსახურებები წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსისთვის კომუნალური გამრიცხველიანების საფასურს (სს „-------“, შპს „-------“ და სს „-------“), რომელიც „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით არ განიხილება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ნაწილად, რადგან ეს ტერმინი მოიცავს: მშენებლობის, კაპიტალური შეკეთების, რეკონსტრუქციის, საწარმოთა ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვის, აღდგენით და სარესტავრაციო სამუშაოებს. აცხადებს, რომ ბინის მყიდველებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე დაყრდნობით საწარმოს არ ჰქონდა ვალდებულება გაეწია კომუნალური გამრიცხველიანების ხარჯები. აღნიშნული წარმოადგენს დამხმარე მომსახურებას (კომპანიამ სერვისები შეიძინა და გადაყიდა) და ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება ჰქონდა მიეღო ჩათვლა.

● მიუთითებს, რომ ბინის მყიდველებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, კომუნალური გამრიცხველიანების მომსახურებებში შპს „-------“, თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით მონაწილეობდა მომსახურების გაწევაში. შესაბამისად, განიხილება ამ მომსახურების მიმღებად და მომსახურების გამწევად. როგორც ამ ტიპის მომსახურების გამწევს, აქვს ვალდებულება დღგ-ით დაბეგროს მიღებული ან მისაღები შემოსავლები, ხოლო როგორც ამ ტიპის მომსახურების მიმღებს, უფლება აქვს ისარგებლოს დღგის ჩათვლის უფლებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

2. მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების დანიშვნიდან ერთ დღეში შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, აუდიტორი არ დაუკავშირდა და ვერც გადამხდელმა შეძლო ამ დროში გასაუბრება. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე მუხლებით, რაც არამართლზომიერია, ვინაიდან არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არც ერთი წინაპირობა.

3. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. მიუთითებს, რომ წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს. განმარტავს, რომ შპს „-------“ გადაიხადა დღგ-ის ჩათვლით თანხა სერვისების შესაძენად (თეორიულად შეეძლო გადაეხადა დღგ-ის გარეშე თანხა), მიღებული სერვისები გაყიდა ბინის მესაკუთრეებზე, რომელიც დაბეგრა დღგ-ით. ამ ოპერაციებით ბიუჯეტს არ მიუღია არანაირი ზარალი, თანხები დაადეკლარირა და დაიბეგრა როგორც შეძენის მომენტში გამყიდველებთან, ასევე, რეალიზაციის მომენტში შპს „-------“ მიერ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 ივლისის №16703 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად მიღებული სერია „ეა-------, სერია „ეა-------, სერია „ეა-------, სერია "ეა-------, სერია "ეა-------,სერია "ეა-------, სერია "ეა-------, სერია „ეა-------, სერია „ეა------- დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 19 ივლისის №17067 ბრძანება და ამავე თარიღის №001-156 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 173 694 ლარი, მათ შორის გადასახადი 96 878 ლარი, ჯარიმა 48 439 ლარი და საურავი 28 377 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

შპს „-------“ საქმიანობაა -------, ------- მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-81-ე ნაწილების მიხედვით დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების მოთხოვნებს (საკადასტრო კოდს -------, თავდაპირველად ჰქონდა მინიჭებული საკადასტრო კოდი -------, შემდეგ მიენიჭა ------- საკადასტრო კოდი). თავდაპირველი საკადასტრო კოდი შეტანილია ქალაქ ------- მერიის საიტზე ვებმისამართზე (https://-------) განთავსებულ სიაში. აღნიშნულ სიაში მოხვედრილი სამშენებლო პროექტების შემთხვევაში, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა. შპს „-------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით: სერია ეა-------, სერია ეა-------, სერია ეა-------, სერია ეა-------, სერია ეა-------, სერია ეა-------, სერია ეა-------, სერია ეა-------, სერია ეა------- მიღებული აქვს ჩათვლები სამშენებლო/სამონტაჟო მომსახურებებზე. ვინაიდან კომპანია სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-81-ე ნაწილების მიხედვით გათვალისწინებული შეღავათებით, უძრავი ქონების მიწოდებისას მას არ ეკუთვნის მიღებულ სამშენებლო/სამონტაჟო მომსახურებებზე დღგ-ის ჩათვლა. შემოწმების შედეგად დაკორექტირდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომლის თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილების თანახმად:

79. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა;

ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია იმ ობიექტში, რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ბ.ა) ობიექტი 2008 წლის 8 აგვისტოსთვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული;

ბ.ბ) ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;

ბ.გ) ამ ნაწილის „ბ.ა“ ან „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა;

გ) უძრავი ქონების მიმწოდებელი ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის მფლობელია (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის) მფლობელი);

დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2026 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;

ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;

ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.

შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის, თუ 2008 წლის 8 აგვისტოდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტში განთავსებულ უძრავ ქონებაზე, როგორც მშენებარე ობიექტზე, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შემძენზე, ამ ქონების მიწოდებასთან დაკავშირებით ქონების მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება მიიჩნევა უძრავი ქონების მიწოდების ნაწილად, ხოლო მიწოდების დროდ სამშენებლოსამონტაჟო მომსახურების დასრულების მომენტი ჩაითვლება.

80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება, რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი, გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით.

81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული პროექტი (მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა) აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-81-ე ნაწილებით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების მოთხოვნებს. მომჩივანს აღნიშნულ ობიექტზე შესამოწმებელ პერიოდში სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას (სს „-------“ - ქსელზე მიერთება, შპს „-------“ - ახალი მიერთების მომსახურება და სს „-------“ – მომსახურება სამონტაჟო სამუშაოებზე) უწევენ სხვადასხვა კომპანიები, რომელთაც გამოწერილი აქვთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო მომჩივანს აღნიშნულ ოპერაციებზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის არგუმენტი, რომლის თანახმად კომპანიის მიერ მიღებული მომსახურება არ წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი (F სექციის 43-ე განყოფილება), განმარტავს სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურებას, რაც შესაბამისობაშია კომპანიის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მიღებულ/შეძენილ მომსახურებებთან. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის F სექციის 43 (სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები) 43.2 ქვეკლასში მითითებულია, რომ ეს ჯგუფი შეიცავს სამონტაჟო სამუშაოებს შენობის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ელექტრონული სისტემების დაყენებას, საზეინკლო სამუშაოებს წყალ-აირმომარაგების, კანალიზაციის, გათბობის და ჰაერის კონდიცირების სისტემებისა და ელევატორებისათვის და ა. შ.

რაც შეეხება გადამხდელის არგუმენტს, რომლის თანახმად საწარმომ მიღებული მომსახურებები ბინის მესაკუთრეებზე მიწოდებისას დაბეგრა დღგ-ით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში უძრავი ქონება შეყვანილია შეღავათების გამოსაყენებლად განსაზღვრული ობიექტების ნუსხაში, აღნიშნულის გათვალისწინებით მისთვის ამ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება გათავისუფლებულია დღგისაგან ჩათვლის უფლებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლის კორექტირება განხორციელებულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის პოზიცია საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებით და საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით არ არის განსაზღვრული. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შპს „-------“ გადაიხადა დღგ-ის ჩათვლით თანხა სერვისების შესაძენად (თეორიულად შეეძლო გადაეხადა დღგ-ის გარეშე თანხა), მიღებული სერვისები გაყიდა ბინის მესაკუთრეებზე, რომელიც დაბეგრა დღგ-ით. ამ ოპერაციებით ბიუჯეტს არ მიუღია არანაირი ზარალი, თანხები დაადეკლარირა და დაიბეგრა როგორც შეძენის მომენტში გამყიდველებთან, ასევე, რეალიზაციის მომენტში შპს „-------“ მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის გარემოებები იძლევა იმ საფუძველს, რომ დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება მომჩივნის მხრიდან გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, შპს „-------“ (ს/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივლისის №001-156 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს „-------“ (ს/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივლისის №001-156 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება სამშენებლო-სარემონტო მომსახურებებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმებას.

2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

3. მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლების სისწორის დადგენის მიზნით.

მომჩივანის საქმიანობაა მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა. ვინაიდან კომპანია სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-81-ე ნაწილების მიხედვით გათვალისწინებული შეღავათებით, უძრავი ქონების მიწოდებისას მას არ ეკუთვნის მიღებულ სამშენებლო/სამონტაჟო მომსახურებებზე დღგ-ის ჩათვლა. შემოწმების შედეგად დაკორექტირდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლის კორექტირება განხორციელებულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით და საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით არ არის განსაზღვრული. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის გარემოებები იძლევა იმ საფუძველს, რომ დღგ-ში საგადასახადო ვალდებულების წარმოშობა და შესაბამისად, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება მომჩივნის მხრიდან გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175; 176; 309(79-81); 269(7);