გადაწყვეტილება №21234/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.03.2024
№ დოკუმენტი 21234/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21234/2/2023

01 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ს 3.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21234/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4941 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. შემოსავლების სამსახურის 23.03.2023 წლის №5712 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2023 წლის №011-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №011-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24880 ბრძანება;

4. შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24881 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

538 319 ლარი (9.02.2023 წლის №011-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

გადასახადი - 219 992

დღგ - 169 780 მიწა-არასასოფლო - 234

საშემოსავლო გადასახადი - (-10 456)

ქონების გადასახადი - 60 434

ჯარიმა - 115 774

საურავი - 202 553

 

დარიცხული თანხა:

151 012 ლარი (19.05.2023 წლის №011-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

გადასახადი - 60 259

დღგ - 10 047

მიწა-არასასოფლო - 234

საშემოსავლო გადასახადი - (-10 456)

ქონების გადასახადი - 60 434

ჯარიმა - 35 907

საურავი - 54 846

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.11.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2019 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელს, 2013 წლის 26 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეძენილი აქვს უძრავი ქონება მდებარე --- (საკადასტრო კოდი ---), არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 2 072 კვ/მ და მასზე განთავსებული შენობანაგებობები საერთო ფართი 1 449 კვ/მ, რომელზეც 2013 წლის აპრილის თვის ეა----- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული აქვს 243 610 ლარის დღგ-ის ჩათვლა იმავე თვის დღგ-ის დეკლარაციით. 2016 წლის 13 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ქონების მესაკუთრე გახდა გადასახადის გადამხდელის დედა ---. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არანაირ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას ადგილი არ ქონია. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონების დედაზე გადაცემა, საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, არ ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციად და ამავე კოდექსის 174-ე მუხლის მე-7 ნაწილის, მე-8 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად, 2013 წლის აპრილის თვის ეა---- საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი 169 780 ლარის დღგ-ის თანხა დაექვემდებარა გაუქმებას;

2. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში, შესამოწმებელ პერიოდებზე, წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაცია 100 000 ლარამდე მიღებული შემოსავლის მიხედვით. ქონების გადასახადის დეკლარაციით დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენს: 2016 წელს 1 615 897 ლარს, 2017 წელს 447 844 ლარს, 2018 წელს 0 ლარს და 2019 წელს 447 844 ლარს. ხოლო მეუღლეს, ---- ქონების გადასახადის დეკლარაცია არ წარუდგენია. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის ---ის განცხადებით (4.12.2019 წლის №250941/21-14),---ს ოჯახი შედგება მისგან და მისი მეუღლისგან. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის ოჯახის შემოსავალმა 2015 და 2016 წელს გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს და ამავდროულად, საკუთრებაში გააჩნიათ დასაბეგრი ქონება.

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის, 202-ე მუხლის მე-5-მე-8 ნაწილების და ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მე-11-მე-15 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელის ოჯახის 2016 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენს 5 192 378 ლარს, ხოლო 2017 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულება შეადგენს 5 460 351 ლარს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება, რის საფუძველზეც საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 204-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი (250 ლარი). საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №47226 ბრძანება და №011-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.09.2020 წლის №26748 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების და წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლა/გამოკვლევა, შესწავლის შედეგების და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 8 სექტემბრის №26748 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა, რაზეც შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 1 ნოემბრის დასკვნა, მის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 ნოემბრის №011-63 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4941 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: - მე-2 სადავო (ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში) საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 8 სექტემბრის №26748 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს ქორწინების/განქორწინების შესახებ ინფორმაცია. გამოთხოვილი ინფორმაციისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4941 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.07.2022 წლის №16151/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ქონების შეძენაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლის გაუქმების ნაწილში საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 22 ივლისის №16151/2/2022 გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და 2023 წლის 23 მარტის №5712 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა,---ს მიერ ძირითად საშუალებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხიდან გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობიდან ---თვის (დედისთვის) ქონების გადაცემიდან მისი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდების პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 თებერვლის №4941 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 იანვრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 29 668 ლარით, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №011-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 9.10.2023 წლის №24881 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5712 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის დასკვნის მიხედვით შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 239 600 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №011-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 9.10.2023 წლის №24880 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24880 და №24881 ბრძანებები, 2023 წლის 9 თებერვლის №011-2 და 2023 წლის 19 მაისის №011-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნებით დაკისრებული საურავების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4941 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4941 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო (ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში) საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 8 სექტემბრის №26748 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, სადავო საკითხის ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის მიზნით, უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოდან გამოითხოვოს ქორწინების/განქორწინების შესახებ ინფორმაცია. გამოთხოვილი ინფორმაციისა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 თებერვლის №4941 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 იანვრის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 29 668 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რის საფუძველზეც დადგინა, რომ 1993 წლის 16 დეკემბერს ქ. ---ის მიერ რეგისტრირებულია განქორწინების აქტის №--- ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც შეწყდა ფ/პ --- შორის 1989 წლის 3 ოქტომბრის ---ის ქორწინების სახლის მიერ რეგისტრირებული ქორწინების აქტის №--- ჩანაწერი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, ქონების გადასახადის ნაწილში, დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. შემოსავლების სამსახურის 23.03.2023 წლის №5712 ბრძანების აღსრულების შედეგები

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5712 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, განსახილველ შემთხვევაში, ---ს მიერ ძირითად საშუალებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხიდან გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობიდან ---ის (დედისთვის) ქონების გადაცემიდან მისი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდების პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5712 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის დასკვნის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 239 600 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარზე დამატებით წარმოადგენს 7.11.2023 წელს დაზუსტებულ საჩივარს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24880 და №24881 ბრძანებებს, 2023 წლის 9 თებერვლის №011-2 და 2023 წლის 19 მაისის №011-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნებს არ ასაჩივრებს გადასახადის და ჯარიმის ნაწილში და ასაჩივრებს მხოლოდ დაკისრებული საურავების ნაწილში, ვინაიდან შემმოწმებელს 4 წლის უკან სწორად, რომ დაერიცხა თანხა, საურავი ამდენი ოდენობით არ დაგროვდებოდა. ამ შემთხვევაში მათი პოზიციაა, მოხდეს დაკისრებული საურავების შემცირება აქტის გამოცემის თარიღამდე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის; .

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლებისა სამსახურის 28.02.2022 წლის №4941 და 2023 წლის 23 მარტის №5712 ბრძანებების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 იანვრის და 2023 წლის 27 აპრილის დასკვნების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა. კერძოდ:

1. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2023 წლის 27 იანვრის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან --- ქორწინების/განქორწინების შესახებ შესაბამისი თარიღების მითითებით. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად, 1989 წლის 3 ოქტომბერს ---ის ქორწინების სახლის მიერ ---- შორის რეგისტრირებულია ქორწინების აქტის №--- ჩანაწერი, ასევე, ამავე ბაზაში 1993 წლის 16 დეკემბერს თბილისის დიდუბის რ-ნის მიერ იმავე პირებს შორის რეგისტრირებულია განქორწინების აქტის №--- ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც შეწყდა 1989 წლის 3 ოქტომბრის თბილისის ქორწინების სახლის მიერ რეგისტრირებული ქორწინების აქტის №--- ჩანაწერი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, --- საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, ქონების გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას);

2. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 2023 წლის 27 აპრილის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემოწმების მიერ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში.

აუდიტის დეპარტამენტის ხსენებული დასკვნების საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №011-2 და 2023 წლის 19 მაისის №011-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნები, რომელთა შესაბამისადაც გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, დაეკისრა ჯარიმა და ამასთან განესაზღვრა საურავი.

მომჩივანი სადავოდ არ ხდის გადაანგარიშების შედეგების საფუძველზე გამოცემული ხსენებული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნებით გადასახადის და ჯარიმის ნაწილში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს 2023 წლის 9 თებერვლის №011-2 და 2023 წლის 19 მაისის №011-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნებში ასახული საურავის გაუქმებას.

საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4941 და 23.03.2023 წლის №5712 ბრძანებების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საურავი ერიცხება პროგრამულად, შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილ ძირ თანხაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4941 და 23.03.2023 წლის №5712 ბრძანებები აღსრულებულია ამავე ბრძანებებით მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებები მართლზომიერია, არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №4941 ბრძანების აღსრულების შედეგები;

2. შემოსავლების სამსახურის 23.03.2023 წლის №5712 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 22 ივლისის №16151/2/2022 გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა ხელახლა განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და 2023 წლის 23 მარტის №5712 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ძირითად საშუალებაზე ჩათვლილი დღგ-ის თანხიდან გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობიდან დედისთვის ქონების გადაცემიდან მისი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდების პროპორციით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მარტის №5712 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის დასკვნის მიხედვით შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 239 600 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №011-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 9.10.2023 წლის №24880 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24880 და №24881 ბრძანებები, 2023 წლის 9 თებერვლის №011-2 და 2023 წლის 19 მაისის №011-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნებით დაკისრებული საურავების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, გ)