გადაწყვეტილება №20666/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20666/2/2023
20 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 25.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20666/2/2023).
დავის საგანი:
დარიცხული თანხების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 მაისის №225-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18792 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 84 132 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - (-1 392)
დღგ - (-42 710)
საშემოსავლო გადასახადი - 41 318
ჯარიმა - 85 524
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა ხილ-ბოსტნის ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვის აქტებით შეძენა და ექსპორტზე გატანა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №31561 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. რიგ შემთხვევაში ექსპორტირებული საქონლის ოდენობა აღემატება შემოწმებისას წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტების (შესყიდვის აქტების) მიხედვით შეძენილი საქონლის რაოდენობას. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მოთხოვნათა გათვალისწინებით (25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე), განისაზღვრა უდოკუმენტოდ შესყიდული საქონლის რაოდენობა და ღირებულება. შემოწმებით, გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდება/შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა და ვალდებულება განხილულ იქნა ანაზღაურებულად. შემოწმებისას წარდგენილი დირექტორის ახსნაგანმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. რეალიზაციების და შეძენების სხვაობით მიღებული განკარგვადი თანხა - 165 274 ლარი, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება საწარმოს მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (-------------; -------------; -------------) გამოწერის ფაქტი. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერისათვის მომჩივანი დაჯარიმდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით, ხოლო აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დეკლარირებული გადასახადი - 42 710 ლარი დაექვემდებარა შემცირებას.
შემოწმების აქტი საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 მაისის №11624 ბრძანება და №225-6 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 84 132 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 24 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 31 ივლისის №18792 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულება, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქმე არის ფინანსურ პოლიციაში, ითხოვს დალოდებას ძიების დასრულებამდე.
შემოსავლების სამსახურმა არ განიხილა წარდგენილი საჩივარი და გამოსცა 2023 წლის 31 ივლისის №18792 ბრძანება საჩივრის განუხილველობის შესახებ. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საჩივარი წარდგენილია 2023 წლის 18 აგვისტოს, ხოლო საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 11 ივლისს. იმის გამო რომ გასული იყო საჩივრის წარდგენილი ვადა, საჩივარი დარჩა განუხილველი. კომპანიის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება საგამოძიებო სამსახურში და ფიქრობდნენ რომ დამატებით საჩივრის წარდგენა აღარ იყო საჭირო.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18792 ბრძანება საჩივრის განუხილველობის შესახებ და დაევალოს შემოსავლების სამსახურს წარდგენილი საჩივრის განხილვა ან განიხილოს დავების განხილვის საბჭომ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ექსპორტირებული საქონლის ოდენობა აღემატება შემოწმებისას წარდგენილი შესყიდვის აქტების მიხედვით შეძენილი საქონლის რაოდენობას. შედეგად, კომპანიის მიერ უდოკუმენტოდ შესყიდული საქონლის რაოდენობა და ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მოთხოვნათა გათვალისწინებით. რეალიზაციებისა და შეძენების სხვაობით მიღებული განკარგვადი თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს მართლზომიერად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ საწარმოს მიერ გამოწერილია ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივანს მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენს არგუმენტაციას/მტკიცებულებებს დარიცხვის მართლზომიერებასთან დაკავშირებით. მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურმა განუხილველი დატოვა საჩივარი, ვინაიდან გასული იყო მისი წარდგენის ვადა და ითხოვს დაევალოს შემოსავლების სამსახურს წარდგენილი საჩივრის განხილვა ან განიხილოს დავების განხილვის საბჭომ.
ღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურს განუხილველად არ დაუტოვებია საჩივარი, არსებითად იმსჯელა დარიცხული თანხების მართლზომიერების თაობაზე და არ დააკმაყოფილა საჩივარი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დარიცხული თანხების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ხილ-ბოსტნის ადგილობრივ ბაზარზე შესყიდვის აქტებით შეძენა და ექსპორტზე გატანა. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ექსპორტირებული საქონლის ოდენობა აღემატება შემოწმებისას წარდგენილი შესყიდვის აქტების მიხედვით შეძენილი საქონლის რაოდენობას. შედეგად, კომპანიის მიერ უდოკუმენტოდ შესყიდული საქონლის რაოდენობა და ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მოთხოვნათა გათვალისწინებით. რეალიზაციებისა და შეძენების სხვაობით მიღებული განკარგვადი თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);73(5);101(1);154(1);282(3);