გადაწყვეტილება №26095/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26095/2/2025
25 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,--------”-ის 28.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26095/2/2025).
დავის საგანი:
განკარგვად ფულად სახსრებსა და გონივრულ ნაშთს შორის სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე - დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №007-160 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21588 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 114 975,83 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 60 081,79
დღგ - (-39 228,42)
საშემოსავლო გადასახადი - 99 310,21
ჯარიმა - 49 655,00
საურავი - 5 239,04
აქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საზოგადოების საქმიანობის სფეროა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ძირითადი ნაწილის შესყიდვა ხორციელდება იმპორტის გზით, უცხოელ მომწოდებლისგან. ასევე უფიქსირდება ადგილობრივი შესყიდვით. შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვა, ახსნა-განმარტებები, საბანკო ამონაწერები და სხვა ინფორმაცია. ბუღალტრული პროგრამის წარმოების დროს სრულყოფილად არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, შემოწმება ნაწილობრივ დაეყრდნო ბუღალტრულ პროგრამას, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციებს და სხვა. შემოწმებით გაკეთდა ფულის მოძრაობის ანალიზი, მიღებულ შემოსავლებს გამოაკლდა ყველა დადასტურებული ხარჯი, რომლის მიხედვით დადგინდა განკარგვადი ფულადი სახსრები. ასევე მეთოდური მითითების მიხედვით განხორციელდა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც დადგინდა სალაროს გონივრული ნაშთი 32 510 ლარის ოდენობით. სხვაობა განკარგვად ფულად სახსრებს და გონივრულ ნაშთს შორის საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და მეთოდური მითითების მიხედვით დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდების ბოლოს. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2025 წლის №007-160 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21588 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, დღგ-ის დეკლარაციებში ფაქტობრივ დასაბეგრ ბრუნვაზე მეტის დეკლარირებასთან, დამფუძნებლის სესხის გაუთვალისწინებლობასთან და დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად განხილული თანხის განაწილებულ დივიდენდად გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები თუ რა თანხა ჰქონდა დღგ-ში ზედმეტად დეკლარირებული. დამფუძნებლის სესხთან დაკავშირებით კი მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ ანალიზი ჩაუტარდა წინა საანგარიშო პერიოდის საგადასახადო დეკლარაციებს, გადასახადის გადამხდელმა ასევე წარადგინა წინა პერიოდის ბუღალტრული მონაცემები, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე პირი არ საჭიროებდა სესხს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის განმარტებით ჰქონდა კაპიტალის ნაშთი. დირექტორზე გაცემული ფულადი სარგებლის განაწილებულ დივიდენდად გადაკვალიფიცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, კი შემოწმება განმარტავს, რომ წინა საანგარიშო პერიოდის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა 2016 წლამდე წარმოშობილი მოგების ნაშთი, შესაბამისად შემოწმების მიერ არ ჩაითვალა განაწილებულ დივიდენდად. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად, კანონით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრით მოთხოვნილი იყო სამი საკითხის განხილვა და გათვალისწინება:
1. 2022 წლის დღგ-ის დეკლარაციებით დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები მეტი იყო ფაქტიურ მონაცემებზე - შესაბამისად ითხოვს მათ კორექტირებას (შემცირებას). საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ამის შესახებ შემოწმების მიმდინარეობის პერიოდშივე მიეწოდა ინფორმაცია აუდიტორს, მაგრამ მან არ მოახდინა მისი გათვალისწინება. ამჯერად წარმოადგენს დეტალურ ინფორმაცია ყველა შესაძლო ფორმით (ელექტრონული, დოკუმენტური თუ სხვა). მომჩივანი ითხოვს დავალებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტისთვის მისი შესწავლა.
2. არ მოხდა კომპანიის დამფუძნებლის სესხის გათვალისწინება, რომელიც ნაშთის სახით გადმოდის ხანდაზმული პერიოდიდან (მიუხედავად იმისა, რომ მიწოდებული იქნა მისი წარმოშობის დოკუმენტური მტკიცებულებები) - ამ საკითხზე გადაწყვეტილებაში წერია, რომ გასული პერიოდის დეკლარაციების ანალიზით დაადგინეს, რომ ორგანიზაცია არ საჭიროებს სესხს. გაუგებარია მხოლოდ დღგ-ის დეკლარაციებით დეკლარირებული ბრუნვებით მსჯელობა ფულადი ნაკადების არსებობაზე და მინიმუმ დროის ამ მონაკვეთში არ გავითვალისწინოთ მოთხოვნები დებიტორებისა და კრედიტორების წინაშე.
3. სალაროს არაგონივრული ნაშთად ჩათვლილი სრული ოდენობა დაბეგრილი იყო როგორც ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული ფულადი სარგებელი და მიუხედავად იმის, რომ შემოწმების მიმდინარეობისას მოხდა როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი მიმართვა აუდიტის დეპარტამენტზე, რომ კომპანიას გააჩნია 535 165 ლარი გასაცემი დივიდენდი (2016 წლის ჩათვლით მოგების გადასახადით დაბეგრილი გაუნაწილებელი მოგება, რომელიც დაფიქსირებულია ბუღალტრულ მონაწერებშიც) და სალაროს არაგონივრული ნაშთი, ჩაეთვალათ დივიდენდის განაწილებად და დაებეგრა მხოლოდ 5%-ით. ამის პასუხად მიიღეს ის, რომ კომპანიას არ ჰქონდა გასანაწილებელი მოგება. რატომ მათთვის უცნობია.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ შემოწმების წინ ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია, ხოლო მიმდინარეობის პროცესში-სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია. სალაროს ნაშთი შესაბამისობაში იყო შემოწმების შედეგად დადგენილი გონივრულ ნაშთთან და ასევე პრაქტიკულად შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა ინვენტარიზაციით აღწერილ და ბუღალტრულად არსებულ სასაქონლო მარაგებს შორის, დეკლარირებულ მონაცემებში არ გამოვლენილა არცერთი ფაქტი ბიუჯეტის საზიანოდ. ამის ფონზე სრულებით გაუგებარია განცხადება, რო ბუღალტრული აღრიცხვა არ იყო სრულყოფილად ნაწარმოები. ამ ზოგადი განაცხადის უკან არის მხოლოდ შაბლონური ჩანაწერი, რაც რბილად, რომ ვთქვათ გულსატკენია, რადგან მთელი შემოწმების მიმდინარეობის პროცესში არ დასმულა კითხვა აუდიტორის მიერ, რომ რაიმე ბუნდოვანი იყო ბუღალტრულ ელ. პროგრამაში, არ მოუთხოვიათ რაიმე ოპერაციის თუ ფაქტის შესახებ ინფორმაცია დამატებით და დასრულების შემდეგ კი ეს განაცხადი ნამდვილად არაადექვატურია. კომპანიას აქვს სრული უწყვეტი და სრულყოფილი აღრიცხვა, გაშიფრულია კატეგორიებად მიღებული შემოსავალი (დოკუმენტური რეალიზაცია, საცალო რეალიზაცია, იჯარა), შესაბამისად შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით ყველა ხარჯია იდენტიფიცირებული სრულად, დებიტორი, კრედიტორი, აქტივები თუ ვალდებულებები, სრული სიზუსტით არის იდენტიფიცირებული. აუდიტორის მიერ დათვლილი ფულადი თუ სასაქონლო ნაშთი იდენტურია საბუღალტრო ჩანაწერების, საინტერესოა რა არ იკითხება პროგრამულ აღრიცხვაში.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს 2025 წლის 7 ოქტომბრის №21588 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს და გაითვალისწინოს წარმოდგენილი სამი საკითხი, რომელიც პირდაპირ კავშირშია დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებთან, მოხდეს ფაქტიური მონაცემებით გადასახადის დარიცხვა. ამ შემთხვევაში ორგანიზაცია მზადაა კეთილსინდისიერად შეასრულოს მისი ვალდებულებები ბიუჯეტის წინაშე. ყველა საჭირო დანართს წარმოადგენს დამატებით მატერიალური სახით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.10.2025 წლის №21588 ბრძანება;
3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს 2025 წლის 7 ოქტომბრის №21588 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
საზოგადოების საქმიანობის სფეროა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობა.შემოწმებით გაკეთდა ფულის მოძრაობის ანალიზი, მიღებულ შემოსავლებს გამოაკლდა ყველა დადასტურებული ხარჯი, რომლის მიხედვით დადგინდა განკარგვადი ფულადი სახსრები. ასევე მეთოდური მითითების მიხედვით განხორციელდა სალაროს გონივრული ნაშთის ოდენობის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც დადგინდა სალაროს გონივრული ნაშთი.სხვაობა განკარგვად ფულად სახსრებს და გონივრულ ნაშთს შორის სსკ-ის 73-ე მუხლის და მეთოდური მითითების მიხედვით დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ფულად სარგებლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით საანგარიშო პერიოდების ბოლოს. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).