გადაწყვეტილება №28013/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.11.2026
№ დოკუმენტი 28013/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 28013/2/2026

09 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 08.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 24.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 28013/2/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 23.04.2026 წლის N 26979/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2026 წლის 006-337 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 131 797,66 ₾.

მათ შორის:

გადასახადი - 68 128,09 ₾;

დღგ - 38 814,09 ₾;

საშემოსავლო გადასახადი - 29 314 ₾;

ჯარიმა - 40 155,8 ₾;

საურავი - 23 513,77 ₾;.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები:

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 27.06.2022 წლიდან 01.09.2025 წლამდე პერიოდი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის N 006-613 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.02.2026 წლის N 4498 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 23.04.2026 წლის N 26979/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 27.02.2026 წლის N 4498 ბრძანება, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს განკარგვადი თანხის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და შეძენილ მასალებზე მიღებული ანგარიშ - ფაქტურების დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს განკარგვადი თანხის გაანგარიშების და დღგ-ის ჩათვლებში შეძენილ მასალებზე მიღებული ანგარიშ - ფაქტურების გათვალისწინების საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 23.04.2026 წლის N 26979/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2026 წლის დასკვნის თანახმად, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. საჩივარში აღნიშნული ანგარიშ - ფაქტურებიდან ----- წარმოადგენს ავანსის ანგარიშ - ფაქტურით ჩათვლილი თანხის განაშთვას და არ ექვემდებარება დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში ასახვას, ხოლო ----- და ----- ანგარიშ - ფაქტურებში ასახული დღგ-ის თანხა (410 ლარი) 23.04.2026 წლის N 26979/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გათვალისწინებულ იქნა აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას. შესწავლის შედეგად კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დღგ-ში გამოვლენილი დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 21.07.2026 წლის N 006-337 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბუღალტრო პროგრამის ამონაწერები, ბრუნვითი უწყისი და ბარათები, რომლებიც სრულად ასახავს კომპანიის პირველად დოკუმენტაციას, სრულად არის ასახული ბანკის ამონაწერები, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებები. აღნიშნული დოკუმენტაციით სალაროში ფიქსირდებოდა 47 232,06 ლარი, ხოლო შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხა უნდა შეადგენდეს 47 232,06 ლარს.

საგადასახადო შემოწმების აქტში საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენება მიუღებელია, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სალაროში აღრიცხულია ფულადი სახსრების ნაშთი 47 232,06 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება ბუღალტრული აღრიცხვითა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით და გამორიცხულია აღნიშნულზე მეტი თანხის პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ ხელფასად მიჩნევა.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის დამატებით შესწავლა და დარიცხული თანხის შემცირება (კორექტირება).

შესამოწმებელ პერიოდში მიღებულია საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები (მაგ. ----- ) შეძენილ მასალებზე.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის საკითხი და განახორციელოს შესაბამისი კორექტირება.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. ვინაიდან კომპანია არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. საბჭოს 23.04.2026 წლის N 26979/2/2026 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს განკარგვადი თანხის დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და შეძენილ მასალებზე მიღებული ანგარიშ - ფაქტურების დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს განკარგვადი თანხის გაანგარიშების და დღგ-ის ჩათვლებში შეძენილ მასალებზე მიღებული ანგარიშ - ფაქტურების გათვალისწინების საკითხები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2026 წლის დასკვნის თანახმად, ვინაიდან საბჭოს 23.04.2026 წლის N 26979/2/2026 გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. საჩივარში აღნიშნული ანგარიშ - ფაქტურებიდან ----- წარმოადგენს ავანსის ანგარიშ - ფაქტურით ჩათვლილი თანხის განაშთვას და არ ექვემდებარება დღგ-ის ჩასათვლელ თანხაში ასახვას, ხოლო ----- და ----- ანგარიშ - ფაქტურებში ასახული დღგ-ის თანხა (410 ლარი) 23.04.2026 წლის N 26979/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გათვალისწინებულ იქნა აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია საჩივარში მითითებული ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინების საკითხი და შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის მიერ დამატებითი დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 20.07.2026 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 23.04.2026 წლის N 26979/2/2026 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 23.04.2026 წლის 26979/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ კომპანიამ საგადასახადო შემოწმების შედეგები გაასაჩივრა. დავების საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა დაავალა. დოკუმენტების არასრულად წარდგენის გამო დარიცხული თანხები სრულად არ შემცირებულა, თუმცა დღგ-ის ვალდებულება ნაწილობრივ დაკორექტირდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა კომპანიამ კვლავ გაასაჩივრა.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა გამოცემულია საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275(2); 272(1); 269(7);.