გადაწყვეტილება №20047/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20047/2/2023
12 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------" -ის 22.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20047/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი;
2. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის №071-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №11961 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 78 977 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 49 511
დღგ - 41 889
საშემოსავლო გადასახადი - 7 622
ჯარიმა - 15 547
საურავი - 13 919
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ნოემბრის №28752 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2023 წლის 10 აპრილის №7825 ბრძანება და №071-6 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 3 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 31 მაისის №11961 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის შესახებ გამოცემულ ბრძანების დანართში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 მაისის №11961 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი
ფაქტების აღწერა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მომჩივანის მიერ ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული მასალებით დგინდება, რომ მომჩივანს სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობები გამოყენებული აქვს ხის მასალის შიდა გადაზიდვის და რეალიზაციის ამსახველ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში. ი/მ "------"-ს მომჩივანისთვის 24 მ 3 ხის მასალის მიწოდება რეალურად არ განუხორციელებია და მეწარმეებს, მათ წარმომადგენლებს შორის ადგილი ჰქონდა ფიქტიურ ოპერაციებს. შედეგად, შედგენილ იქნა შესყიდვის/რეალიზაციის ამსახველი ხე-ტყის ყალბი სასაქონლო ზედნადებები. შემოწმებით ასევე დადგენილია, რომ ყალბი სასაქონლო ზედნადებები და მასში მითითებული სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობის ნომრები გამოყენებულია არაერთ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებში, რომლითაც "------"-ის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში განახორციელეს ხის მასალის შიდა გადაზიდვა და მისი უსაბუთოდ, ზედნადების გარეშე რეალიზაცია, შემდგომ აკორექტირებდნენ პირველად შიდა გადაზიდვის ზედნადებებს, უცვლიდნენ ტრანსპორტირების დასრულების ადგილს და უთითებდნენ პირველადი ზედნადების საწყის ადგილს, საიდანაც იგივე ცნობის ნომრით არაერთხელ განახორციელეს ხის მასალის გადაზიდვა და რეალიზაცია.
გადასახადის გადამხდელს მცირე მეწარმის სტატუსი მინიჭებული აქვს 2020 წლის ნოემბრიდან და შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი აქვს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების გათვალისწინებით, გაიზარდა მეწარმის შემოსავლები. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ასევე, მეაწრმეს 2021 წლის 13 დეკემბრიდან დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემოწმების პერიოდში განისაზღვრა 232 750 ლარით დღგ-ის გარეშე, რამაც გამოიწვია დღგ-ის თანხის დარიცხვა. მომჩივანს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 73-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული მასალების საფუძველზე დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ შემოწმებით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 2021 წლის 13 დეკემბრიდან, ხოლო აუდიტის დეპარტემენტის 2023 წლის 10 აპრილის №7825 ბრძანების დანართით დღგ-ის დარიცხვა განხორციელდა 2021 წლის 15 იანვრიდან და გრძელდება 2021 წლის ყოველ თვეზე, რაც საჭიროებს გასწორებას. აღნიშნული ინფორმაცია ასევე დასტურდება აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სადაც მითითებულია, რომ დღგ-ის დარიცხვის სავადო თარიღები უნდა იყოს 2022 წლის 15 იანვრიდან 2022 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, რომელიც გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის შესახებ ბრძანების დანართში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემოწმების აქტში არის დაფიქსირებული, მეწარმეს სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2021 წლის 13 დეკემბრიდან. მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრაში. მეწარმეს საქონლის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგებით 100 000 ლარი შესრულებული აქვს 2022 წლის სექტემბრის თვეში. აქედან გამომდინარე, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი ნაცვლად 2021 წლის 13 დეკემბრის უნდა განისაზღვროს 2022 წლის სექტემბრის თვე. შემოწმების აქტში, ტექსტობრივ ნაწილში არის დაფიქსირებული, რომ „შესამოწმებელ პერიოდზე შედგენილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ბრუნვის ცხრილი“, მაგრამ მსგავსი ცხრილი აუდიტის დეპარტამენტს არ გაუკეთებია და არც შემოწმების აქტს არ აქვს დართული, რაც იმას ნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა დღგ-ის რეგისტრაცია განსაზღვრა თავისი შეხედულებით ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლით, ადმინისტარციულმა ორგანომ უნდა მოახდინოს საკითხის მოკვლევა, მოიპოვოს მტკიცებულებები და ამის შემდგომ უნდა გამოსცეს დასაბუთებული ბრძანება. მოცემულ შემთხვევაში ბრძანება გამოცემულია ვარაუდებზე დაყრდნობით, თუნდაც დარიცხვის სავადოების განსაზღვრა, რაც ასევე წარმოადგენს უხეშ შეცდომას. აქედან გამომდინარე, მომჩივნის მოთხოვნაა მის წარმომადგენელთან ერთად მოხდეს დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების დადგენა და კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვროს სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. მით უმეტეს, რომ საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ნახსენები ყალბი სასაქონლო ზედნადებით შეძენილია 24 მეტრ. კუბი ხე-ტყე, რაზეც დაადგინა, რომ აღნიშნული სიყალბის გამო რეალიზებულია 51 მეტრ. კუბი ხე-ტყე, სხვა სასაქონლო ზედნადებები წარმოადგენს ნამდვილ დოკუმენტს, რაც მიანიშნებს იმას, რომ მეწარმის მიერ უსაბუთოდ რეალიზებულია 51 მეტრ. კუბი ხე-ტყე და აღნიშნული რაოდენობის ხე-ტყის რეალიზაციით უნდა განსაზღვრულიყო მეწარმის შემოსავლები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხელოვნურად გაზარდა მეწარმის შემოსავლები. ასევე, არ გაითვალისწინა სასაქონლო ნაშთები, რომელიც დასაწყობებული აქვს მეწარმეს და მისი რეალიზაცია არ მომხდარა, ხოლო აღნიშნული ნაშთებიც აუდიტის დეპარტამენტს ჩათვლილი აქვს რეალიზაციაში და ამის საფუძველზე აქვს გაზრდილი შემოსავლები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მომჩივანს სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობები გამოყენებული აქვს ხის მასალის შიდა გადაზიდვის და რეალიზაციის ამსახველ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში. ასევე, მეწარმეს კონკრეტულ პირებთან განხორციელებული ჰქონდა ფიქტიური ოპერაციები, რაზეც შედგა შესყიდვის/რეალიზაციის ამსახველი ხე-ტყის ყალბი სასაქონლო ზედნადებები. ყალბი სასაქონლო ზედნადებები და მასში მითითებული სახერხი საამქროების მიერ გაცემული ცნობის ნომრები გამოყენებულია არაერთ შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებში, რომლითაც განხორციელებულია ხის მასალის შიდა გადაზიდვა და მისი უსაბუთოდ, ზედნადების გარეშე რეალიზაცია. შემდგომ ხორციელდებოდა პირველადი შიდა გადაზიდვის ზედნადებების კორექტირება, ტრანსპორტირების დასრულების ადგილის ცვლილება და პირველადი ზედნადების საწყის ადგილის მითითება, საიდანაც იგივე ცნობის ნომრით მეწარმის მიერ არაერთხელ განხორციელებულია ხის მასალის გადაზიდვა და რეალიზაცია. საგადასახადო ორგანოს მიერ შედგა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ბრუნვის ცხრილი, ნებისმიერი 12 უწყვეტი კალენდარული თვის პერიოდზე, რის საფუძველზეც მეწარმეს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 13 დეკემბრის თარიღით. შედეგად, მომჩივანს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტში დაფიქსირებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ბრუნვის ცხრილი აუდიტის დეპარტამენტს არ შეუდგენია და არც შემოწმების აქტს არ აქვს დართული, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანომ დღგ-ის რეგისტრაცია განსაზღვრა თავისი შეხედულებით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე.
აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით და წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ გადასახადის სახეების მიხედვით დარიცხვის გაანგარიშების ცხრილი მეწარმეს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 12.04.2023 წელს.
ამასთან, მომჩივანი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა სასაქონლო ნაშთები, რომელიც დასაწყობებული აქვს მეწარმეს და მისი რეალიზაცია არ მომხდარა. აღნიშნული ნაშთები საგადასახადო ორგანოს ჩათვლილი აქვს რეალიზაციაში და ამის საფუძველზე აქვს გაზრდილი შემოსავლები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ სასაქონლო ნაშთები გათვალისწინებულია შემოწმების შედეგების გაანგარიშებისას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ტექნიკური უზუსტობის გასწორება, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სატრანსპორტო მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ირკვევა, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებად არარეგისტრირებულ პირებს განხორციელებული აქვთ მომჩივანის კუთვნილი ხე-ტყის ტრანსპორტირება. სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების თანხა არაა მითითებული, თუმცა მძღოლების გამოკითხვით დადგინდა გადაზიდვის (სატრანსპორტო მომსახურების) ღირებულება.
შედეგად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე, 61-ე, 102-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილი გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემოწმების აქტიდან ირკვევა, ხე-ტყის გადაზიდვა განხორციელებულია სატვირთო ავტომობილებით და მომსახურების შემსრულებლები არ არიან რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში, ხოლო საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია აღრიცხოს არარეგისტრირებული გადასახადის გადამხდელები. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ არ შეასრულა აღნიშნული ნორმა. როცა ფიზიკური პირი ფლობს სატვირთო ავტომობილს და სატრანსპორტო გადაზიდვით იღებს შემოსავალს, ეს წარმოადგენს სამეწარმეო/ეკონომიკურ საქმიანობას და ვალდებულია იყოს საგადასახადო აღრიცხვაზე. აქედან გამომდინარე, მეწარმის მიერ ტრანსპორტირებაზე გადახდილი თანხები უნდა დაერიცხოს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც საგადასახადო ორგანოს მიერ უნდა იქნას აღრიცხვაზე აყვანილი. შესაბამისად, ამ საკითხით დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გაუქმებას და დარიცხვა უნდა განხორციელდეს იმ პირებზე, ვინც მიიღო შემოსავალი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებად არარეგისტრირებულ პირებს განხორციელებული აქვთ მომჩივნის კუთვნილი ხე-ტყის ტრანსპორტირება. სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების თანხა არ არის მითითებული, თუმცა მძღოლების გამოკითხვით დადგინდა დასახლებულ პუნქტებს შორის გადაზიდვის მომსახურების ღირებულება. მათი ანალიზით კი გაანგარიშდა მიღებული სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, რომელიც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრაში.
2.მომჩივანი თვლის, რომ მეწარმის მიერ ტრანსპორტირებაზე გადახდილი თანხები უნდა დაერიცხოს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც საგადასახადო ორგანოს მიერ უნდა იქნას აღრიცხვაზე აყვანილი. შესაბამისად, ამ საკითხით დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი აქვს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები.
შემოწმების შედეგად, გაიზარდა მეწარმის შემოსავლები. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.ასევე, მეაწრმეს 2021 წლის 13 დეკემბრიდან დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.ნს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
2.ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით ირკვევა, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებად არარეგისტრირებულ პირებს განხორციელებული აქვთ მომჩივანის კუთვნილი ხე-ტყის ტრანსპორტირება. სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების თანხა არაა მითითებული, თუმცა მძღოლების გამოკითხვით დადგინდა გადაზიდვის ღირებულება.შედეგად,მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ტექნიკური უზუსტობის გასწორება, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს. შესაბამისად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
154,158,163,164,165,291