ბრძანება N 26226

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.10.2023
№ დოკუმენტი 26226
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26226

24 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2022 წლის 19 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 19 ოქტომბრის საჩივრის №75603/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №006-1050 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული ფართების დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შპს „----------“ არ უნდა აღიაროს ფართის გაყიდვიდან მიღებული ამონაგები, ვინაიდან ორი ოპერაციის შინაარსი აღებული ერთად ნიშნავს იმას, რომ საწარმომ ისესხა კერძო იპოთეკარებიდან თანხა და აღნიშნული სესხი უზრუნველყოფილია ფართებით (მარაგი). შესაბამისად, საწარმომ უნდა აღიაროს სასესხო ვალდებულება კერძო იპოთეკარების მიმართ, როგორც უზრუნველყოფილი ვალდებულება და ფართები დარჩეს საწარმოს მარაგებში, ვინაიდან ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გადაცემა წარმოადგენს ფინანსურ მომსახურებას, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შემმოწმებელი დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილავს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ ავანსებს, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველის მიერ არის ჩარიცხული. აღნიშნული ავანსის თანხები საწარმოს მიერ დეკლარირებულია შესაბამისი თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გადაცემა წარმოადგენს შეზღუდული უფლებით ქონების გადაცემას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს საქონლის მიწოდებად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საწარმოს მიერ უკანგამოსყიდული იქნა ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ფართები 47 მეპატრონისგან.

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელი ყურადღებას არ ამახვილებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ საბანკო ამონაწერების მიხედვით საწარმოს დამფუძნებლის მიერ კაპიტალში განხორციელებული შენატანი საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით 2017-2020 წლების განმავლობაში შეადგენდა 1 060 750 ლარს, ამავე დროის მონაკვეთში ბანკის ამონაწერით ირკვევა, რომ დამფუძნებლის მიერ ამოღებული იქნა 532 516 ლარი, ხოლო სხვაობა წარმოადგენს დამფუძნებლის მიერ ინვესტირებული თანხის უკან დაბრუნებას, რაც შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში ასევე არ მიიღო მონაწილეობა იპოთეკარებისთვის ვალის დასაფარად გადახდილმა თანხებმა, გარდა ამისა, იპოთეკარებისგან მიღებული თანხები არასწორად იქნა ჩართული ფულის ნაშთის გასაანგარიშებელ ბაზაში, ვინაიდან ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხა წარმოადგენს კრედიტორისთვის გადასახდელ თანხას სარგებლის ჩათვლით.

3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ შემმოწმებლისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ 2019 წლის 9 იანვარს ფიქსირდება იპოთეკის გაუქმება 2018 წლის 29 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაზე, 340 000 დოლარიდან მესაკუთრემ იპოთეკარს დაუბრუნა ძირი თანხა 100 000 დოლარი თავისი პროცენტით, თუმცა სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გასვლა არ არის გათვალისწინებული.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 11 ივნისის №18704 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს “------------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 28 დეკემბრის №41579 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1050 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ

2 601 315 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 317 552 ლარი, ჯარიმა 702 962 ლარი, საურავი 580 801 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 2 დეკემბრის №30287 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 დეკემბრის №30287 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 2 მარტის №18602/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 დეკემბრის №30287 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის №18602/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტის ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №006-1050 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სადავო აქტის ელექტრონულად გაცნობის თარიღიდან. შესაბამისად, სადავო საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა დაცულია.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2.12.2022 წლის №30287 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „---------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2017 წლის 1 დეკემბერს. საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. საწარმომ სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 2018 წელს ქ. --------- (მის: ------------, №-----------.). გადამხდელს უფიქსირდება ორი მოქმედი საბანკო ანგარიში -------- ბანკსა და ---------. ასევე, აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შესაბამისად დაჯარიმებულია ორჯერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით. მოძიებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ შპს „----------“ სამშენებლო სამუშოებისთვის საჭირო მასალას ყიდულობს ადგილობრივი მომწოდებლებისგან. საწარმო ფართების გაყიდვას ახორციელებს მშენებლობის პროცესის პარალელურად ფიზიკურ პირებზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. თითოეული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიულად. ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მყიდველის მხრიდან ფიქსირდება თანხის სრული გადახდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფართების რეალიზაციის პერიოდად ჩაითვალა ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ხოლო დასაბეგრ თანხად ჩაითვალა ხელშეკრულების თანხა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის გამოყენებით შესწავლილ იქნა შპს „-----------“ ფულის ნაშთი: კერძოდ შემოწმების პროცესში ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლისას, მიღებულ ფულში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ფულის გასავლად ჩაითვალა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდაც. ასევე, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ გაცემული ხელფასები, რის შედეგადაც დადგინდა შპს „----------“ ფულის ნაშთი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ნაშთი ჯამში 2 279 317 ლარი ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შპს „----------“ ფულის მოძრაობა, კერძოდ, საწარმოს სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან დადებული აქვს იპოთეკის ხელშეკრულებები, სადაც მოცემულია ხელშეკრულების საგანი, თანხა და თვიური სარგებელი, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას ქონდა აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან. იპოთეკური ხელშეკრულების საფუძველზე დასტურდება საწარმოს მიერ ხელშეკრულებაში მითითებული თანხების სრულად მიღება. შემოწმების პროცესში ხელშეკრულებების და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოში შემოსული ფულადი სახსრების საერთო მოცულობამ შეადგინა 1 424 825 ლარი. გადამხდელის მხრიდან შემოწმების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი ცნობა დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ. საწარმოში ფულის არსებობა არ დასტურდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 982 -ე მუხლის შესაბამისად, საწარმოში შემოსული ფულადი სახსრები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაანგარიშდა სესხზე დარიცხული სარგებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო/მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2023 წლის 5 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ საწარმო ფართების გაყიდვას ახორციელებს მშენებლობის პროცესის პარალელურად ფიზიკურ პირებზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. თითოეული ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიულად. ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მყიდველის მხრიდან ფიქსირდება თანხის სრული გადახდა. შემოწმების პროცესში გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან და მის მიერ არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ამასთან, გადამხდელის მიერ არ არის გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის გამოც შემოწმებით ვერ დადგინდა წინა საანგარიშო პერიოდებში მიღებული ავანსების დაბეგვრა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებით, ფართების რეალიზაციის პერიოდად და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ხოლო დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის თანხა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით შესწავლილ იქნა შპს „--------“ ფულის ნაშთი, რომელშიც გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ფულის გასავლად ჩაითვალა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდა და გაცემული ხელფასები, რის შედეგადაც დადგინდა საწარმოში არსებული ფულის ნაშთი. ამასთან, საკითხის ზეპირი განხილვისას შემმოწმებელმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი და გატანილი თანხების შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საწარმოს სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან დადებული აქვს იპოთეკის ხელშეკრულებები, სადაც მოცემულია ხელშეკრულების საგანი, თანხა და თვიური სარგებელი, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას ქონდა აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან. იპოთეკური ხელშეკრულების საფუძველზე დასტურდება საწარმოს მიერ ხელშეკრულებაში მითითებული თანხების სრულად მიღება. შემოწმების პროცესში ხელშეკრულებების და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოში შემოსული ფულადი სახსრების საერთო მოცულობამ შეადგინა 1 424 825 ლარი. გადამხდელის მხრიდან შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ცნობა დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ. საწარმოში ფულის არსებობა არ დასტურდება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საწარმოში შემოსული ფულადი სახსრები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაანგარიშდა სესხზე დარიცხული სარგებელი, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, ქონებაზე (ს/კ ------------) იპოთეკის გაუქმებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დინდება, რომ საწარმომ ------------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა უძრავი ქონება (ს/კ ----------) 750 000 დოლარად, რაც შეადგენდა 2002 500 ლარს. აღნიშნული ქონების უფლების რეგიასტრაცია განხორციელდა 2019 წლის 10 იანვარს, ხოლო იპოთეკის გაუქმებასთან დაკავშირების შემოწმების პროცესში ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული ფართების დღგ-ით დაბეგვრას

2. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივანს სამშენებლო სამუშოებისთვის საჭირო მასალას ყიდულობს ადგილობრივი მომწოდებლებისგან. საწარმო ფართების გაყიდვას ახორციელებს მშენებლობის პროცესის პარალელურად ფიზიკურ პირებზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მყიდველის მხრიდან ფიქსირდება თანხის სრული გადახდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფართების რეალიზაციის პერიოდად ჩაითვალა ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ხოლო დასაბეგრ თანხად ჩაითვალა ხელშეკრულების თანხა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

2.შემოწმების პროცესში ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლისას, მიღებულ ფულში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, ხოლო ფულის გასავლად ჩაითვალა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდაც.ასევე, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ გაცემული ხელფასები, რის შედეგადაც დადგინდა შპს-ს ფულის ნაშთი.რის საფუძველზეც ნაშთი ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

3.საწარმოს სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან დადებული აქვს იპოთეკის ხელშეკრულებები, სადაც მოცემულია ხელშეკრულების საგანი, თანხა და თვიური სარგებელი, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას ქონდა აღნიშნულ ფიზიკურ პირებთან. იპოთეკური ხელშეკრულების საფუძველზე დასტურდება საწარმოს მიერ ხელშეკრულებაში მითითებული თანხების სრულად მიღება. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოში ფულის არსებობა არ დასტურდება.საწარმოში შემოსული ფულადი სახსრები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო/მოგების გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:160;161(1);73(9);101(1);154(1);97(1);982(3);