ბრძანება N 18616
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18616
31 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ -------- (პ/ნ -------)
(მის.: -----------)
2022 წლის 9 აპრილის, 3 მაისის, 19 ივლისის და 2023 წლის 6 ივლისის
საჩივრების დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის და 13 ივლისის სხდომებზე (ოქმები №71 და №74) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 თებერვლის №18386/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ -------- (პ/ნ -------) 2022 წლის 9 აპრილის №69809/1/2022, 3 მაისის №70485/1/2022, 19 ივლისის №72618/1/2022 და დამატებით წარმოდგენილი 2023 წლის 6 ივლისის №115946/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 მარტის №001-35 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ 2022 წლის 25 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე შეთანხმებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაუქმდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო ქონება დაუბრუნდა მის პირვანდელ მესაკუთრეს -------. მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, საგადასახადო ორგანოში არსებულ პრაქტიკაზე და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 თებერვლის №4046 ბრძანების საფუძველზე ფ/პ -------- (პ/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 25 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მარტის №6592 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2022 წლის 17 მარტის №001-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 95 713 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 64 591 ლარი, ჯარიმა 16 842 ლარი და საურავი 14 279 ლარი.
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 9 აპრილს, 3 მაისს და 19 ივლისს წარმოდგენილი საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 დეკემბრის №30556 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 2 თებერვლის №18386/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 დეკემბრის №30556 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 თებერვლის №18386/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების შემდეგ, 25.03.2022 წელს გაუქმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება. მხარეებმა არასწორად განსაზღვრეს გარიგების შინაარსი. შესაბამისად, გაუქმდა დასაბეგრი ოპერაციაც და აღნიშნული ოპერაციის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. გადასახადის გადამხდელი საჩივარს თან ურთავს შეთანხმებას უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე შეცვლილია ფაქტობრივი გარემოებები, საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ფ/პ ------ მიერ 2020 წლის მარტის თვეში განხორციელდა უძრავი ნივთის გასხვისება. კერძოდ, მიღებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ 2020 წლის 19 მარტს ფ/პ -------- (პ/ნ -------) ფ/პ -------- (პ/ნ ------) მიჰყიდა 54 კვ.მ კომერციული ფართი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. -------, ------- გამზირი №--- (ს/კ -------). ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულებამ შეადგინა 164 000 ლარი. აღნიშნული ფართი ------- შეძენილი აქვს 2012 წლის 15 აგვისტოს ონლაინ აუქციონზე 40 050 ლარად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ასევე მიღებულია უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია 2017 წლის 6 სექტემბერს 2 წლის ვადით, რომლის მიხედვით ფ/პ ------- აღნიშნული კომერციული ფართი გაქირავებული აქვს ფ/პ ------- (პ/ნ -------), რითიც დგინდება კომერციული ფართის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 82-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმების მიერ გაანგარიშდა აქტივის (კომერციული ფართის) რეალიზაციით მიღებული ნამეტი, რომელიც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აგრეთვე, აღნიშნული ოპერაცია გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი არ აქვს დამატებული ღირებულების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, ფ/პ ------- დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 19 მარტი. შემოწმებით გაანგარიშდა ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282- ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის 25 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაუქმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონება დაუბრუნდა მის პირვანდელ მესაკუთრეს -------. აგრეთვე აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, გარიგების დადებისას გამყიდველის მიერ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე და 2020 წლის 19 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველის ფ/პ -------- (პ/ნ -------) მიერ გამყიდველისათვის ფ/პ ------- (პ/ნ --------) გადახდილი თანხა სრულად იქნა დაბრუნებული და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. აგრეთვე გადამხდელის განმარტებით, ფ/პ --------- (პ/ნ -------) წარმოადგენს ფ/პ -------- (პ/ნ -------) გერის მეუღლეს და წარმოდგენილი აქვს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილვევლ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და განმარტავს, რომ სამეურნეო ოპერაცია შესაძლებელია შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ, თუ უძრავი ქონების მიწოდების თაობაზე:
ა) ოპერაცია განხორციელდა ფიზიკურ პირებს შორის;
ბ) უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მემკვიდრეებს შორის.
ამასთან, სამეურნეო ოპერაციები ჩაითვლება არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ, თუ ერთდროულად დგება ყველა შემდეგი გარემოება/კრიტერიუმი:
ა) სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ საგადასახადო ორგანოს მიერ არ ხორციელდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ან/და არ მიმდინარეობს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საქმის წარმოება (იგულისხმება ქონების გარიდება და სხვა);
ბ) სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეები არ არიან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები;
გ) შესაბამისი სამეურნეო ოპერაციის ფარგლებში გადაცემული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დაუბრუნდა მის წინა მესაკუთრეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მხარეთა არგუმენტების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ზემოხსენებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში უძრავი ქონების მიწოდების ოპერაცია უნდა შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ და გაუქმდეს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ -------- (პ/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების და მასთან დაკავშირებული სანქციების სათანადო კორექტირება (შემცირება);
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება კომერციული ფართის რეალიზაციის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 25 თებერვალს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მარტის №6592 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2022 წლის 17 მარტის №001-35 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 95 713 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 64 591 ლარი, ჯარიმა 16 842 ლარი და საურავი 14 279 ლარი. ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 9 აპრილს, 3 მაისს და 19 ივლისს წარმოდგენილი საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 დეკემბრის №30556 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 2 თებერვლის №18386/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 5 დეკემბრის №30556 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მხარეთა არგუმენტების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის და ზემოხსენებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში უძრავი ქონების მიწოდების ოპერაცია უნდა შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ და გაუქმდეს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და მასთან დაკავშირებული სანქციები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9(1), 79"ა", 80(1), 81(1), 100(3"ბ"), 102(1"ბ"), 82(1"ვ.გ")(4"ბ.ა"), 73 (9).
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 157(1)(7), 160"ა", 161(1"ა")(8), 171(1).