ბრძანება N 6974
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6974
29 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----ს” (ს/ნ ------------)
(ფაქტ. მის.: ----------------.;
იურ. მის.: ------------------)
2023 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 მარტის (ოქმი №25) სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის №21429/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-----ს” (ს/ნ ------------) №82839/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №072-3 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ასევე აცხადებს, რომ საწარმოს დოკუმენტური ფასნამატი 2020 წელს შეადგენს 17%-ს, 2021 წელს - 31%-ს, 2022 წელს - 24%-ს. აღნიშნავს, რომ დოკუმენტური ფასნამატის სწორად გამოყენების შემთხვევაში დღგ-ით დასაბაგრი ბრუნვა არ უნდა გაზრდილიყო იმ ოდენობით, როგორც შემოწმებით არის განსაზღვრული, შესაბამისად ითხოვს დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრის ნაწილში საკითხის დამატებით შესწავლას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხაში დღგ-ის გათვალისწინებას. აცხადებს, რომ საწარმოს არ მიუღია ფინანსური სარგებელი. ამასთან, შემოწმების მხრიდან არ წარმოდგენილა თანხების მიღების და შემდგომ გატანის რაიმე საბუთი. ითხოვს აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას, უსასყიდლო ოპერაციად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას. აცხადებს, რომ საწარმოს გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №1456 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----ს” (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ივლისის №15766 ბრძანება და ამავე თარიღის №072-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 543 846 ლარი, მათ შორის, გადასახადი 329 159 ლარი, ჯარიმა 164 580 ლარი, საურავი 50 107 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანებით საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 15 თებერვლის №21429/2/2023 გადაწყვეტილებით სადავო საკითხების ნაწილში გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 ნოემბრის №27240 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მიერ მითითებულ არგუმენტებზე, რომ როგორც საგადასახადო შემოწმების აქტში, ისე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საწარმოში ბუღალტრული აღრიცხვისთვის გამოიყენება ბუღალტრული კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტერია“, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა მიმდინარეობს რაოდენობრივ-თანხობრივ-სახეობრივად, ასევე პროგრამულად იდენტიფიცირდება საცალოდ და საბითუმოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა, სახეობა, თვითღირებულება და შემოსავლის ოდენობა, უკვე წარმოადგენს იმის აღიარებას, რომ საწარმოს გააჩნია და იყენებს კომპიუტერიზებულ სააღრიცხვო სისტემას და მასში წარმოებული აღრიცხვა საკმარისია დაბეგვრის ობიექტის დასადგენად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი DSP-ის, DVP-ისა და PVC-ის შეძენა და რეალიზაცია როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ. საწარმო ასევე მცირე რაოდენობით ახორციელებს ავეჯის აწყობას და რეალიზაციას. საწარმოს ძირითადი მომწოდებლები არიან შპს ,,-------ია“ (ს/ნ -------), შპს ,,------ი“ (ს/ნ -------) და შპს ,,-------ია“ (ს/ნ ---------). შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს კომპიუტერულ პროგრამა „ინფო ბუღალტერიაში“, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდება სახეობრივად, რაოდენობრივად და თანხობრივად. აღნიშნულ პროგრამაში იდენტიფიცირდებოდა როგორც საქონლის საბითუმო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება, ასევე საქონლის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება. პირის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით, საწარმოს 2020 წელს საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 14%-ს, ხოლო საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი - 19%-ს, 2021 წელს საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 61%-ს, ხოლო საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი - 33%-ს, 2022 წელს საცალო რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 34%-ს, ხოლო საბითუმო რეალიზაციის ფასნამატი - 25%-ს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადამხდელის მიერ საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა საბითუმოდ (დოკუმენტით) რეალიზებული საქონლის ფასნამატი წლების მიხედვით, რამაც გამოიწვია გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და შემოსავლის გაზრდა. შემოწმებით დადგენილ შემოსავალსა და საწარმოს სააღრიცხვო პროგრამაში ასახულ შემოსავალს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა კომპიუტერულ პროგრამა ,,ინფო ბუღალტერიაში", რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა ხდებოდა რაოდენობრივად, თანხობრივად და სახეობრივად. აღნიშნულ პროგრამაში იდენტიფიცირდებოდა როგორც საქონლის საბითუმო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება, ასევე საქონლის საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და მისი თვითღირებულება. საცალოდ რეალიზებულ საქონელთან მიმართებით, პირი შემოსავლის აღიარებას ახორციელებდა საკონტროლოსალარო აპარატის და საბანკო ტერმინალის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ საწარმოს არ ჰქონდა ცენტრალიზებულად მართული საცალო რეალიზაციის ავტომატიზებული კომპიუტერული სისტემა, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირებადი იქნებოდა საცალოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ფასი. შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა საბუღალტრო პროგრამის მეშვეობით, საცალოდ რეალიზებულ საქონელზე დაბეგვრის ობიექტის დადგენა არ იყო შესაძლებელი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ საწარმოში ბუღალტრული აღრიცხვისთვის გამოიყენება ბუღალტრული კომპიუტერული პროგრამა „ინფო ბუღალტერია“, რომელშიც თითოეული შეძენილი საქონლის აღრიცხვა მიმდინარეობს რაოდენობრივ-თანხობრივ-სახეობრივად, ასევე პროგრამულად იდენტიფიცირდება საცალოდ და საბითუმოდ რეალიზებული საქონლის რაოდენობა, სახეობა, თვითღირებულება და შემოსავლის ოდენობა, უკვე წარმოადგენს იმის აღიარებას, რომ საწარმოს გააჩნია და იყენებს კომპიუტერიზებულ სააღრიცხვო სისტემას და მასში წარმოებული აღრიცხვა საკმარისია დაბეგვრის ობიექტის დასადგენად.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შესასწავლია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების და მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----ის” (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების და მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ასევე,არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ თანხაში დღგ-ის გათვალისწინებას.ითხოვს აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლას, უსასყიდლო ოპერაციად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №1456 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №15766 ბრძანება და №072-3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 543 846 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის №27240 ბრძანებით საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №21429/2/2023 გადაწყვეტილებით სადავო საკითხების ნაწილში გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №27240 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.საბჭომ მიიჩნია, რომ დამატებით შესწავლას საჭიროებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი სადავო საკითხების ნაწილში უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შესასწავლია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერების და მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9 „ბ“);