ბრძანება N 26231
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26231
16 ნოემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ --- ის (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 26 ოქტომბრის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) 2026 წლის 26 ოქტომბრის №105248/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ოქტომბრის №039-38 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 აგვისტოს №18007 და 8 ოქტომბრის №22295 ბრძანებების საფუძველზე დაინიშნა ი/მ --- ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 2 აპრილიდან 2026 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2026 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 9 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ოქტომბრის №23197 ბრძანება და ამავე თარიღის №039-38 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა 69 727 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 30 240 ლარი
დღგ - 8 857
საშემოსავლო გადასახადი - 21 383
ჯარიმა - 31 812
საურავი - 7 675
აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იმპორტის გზით შეძენილი ყვავილების და მათი ნერგების საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმეს არ უფიქსირდება საქართველოში არსებულ არც ერთ საბანკო დაწესებულებაში საბანკო ანგარიში, ასევე, გადამხდელის სახელზე არ არის რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. გადამხდელი არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას კანონმდებლობის შესაბაბამისად და არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებში არ ფიქსირდება დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი და დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადამხდელის შემოსავალი, კერძოდ, შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი სრულად შეძენილ პროდუქციაზე და რეალიზებულ იქნა იმ საანგარიშო პერიოდებში რა პერიოდშიც განხორციელდა გადამხდელის მიერ საქონლის შეძენა. შედეგად, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2024 წლის მაისის თვეში და მეწარმეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას დაექვემდებარა მეწარმის 2024 წლის მაისიდან განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე შემოწმებით განსაზღვრულმა ბრუნვამ შეადგინა 467 316 ლარი. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მეწარმის მიერ 2024 წლის მაისის თვიდან განხორციელებულ ოპერაციებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც საბაჟო ოპერაციებზე შეადგენს 75 254 ლარს. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის შემოწმდა 2024-2025 წლების საანგარიშო პერიოდები. გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ვინაიდან, გადამხდელი ახორციელებდა მალფუჭებადი საქონლის შეძენარეალიზაციას (ყვავილები), შეძენილი მარაგი რეალიზებულ იქნა იმავე პერიოდში რა პერიოდშიც განხორციელდა საქონლის იმპორტი. შედეგად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი პერიოდების შესაბამისად, რომელსაც შეუპირისპირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაძენად გაწეული დანახარჯები. ასევე, დაკორექტირდა 2024-2025 წლების საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი განმარტავს, რომ იმპორტირებული პროდუქციიდან ყველაფერი არ იყო გასაყიდად განკუთვნილი, კერძოდ, ვარდის ძირები ჩარგო საკუთარ ეზოში მოწყობილ სათბურში გასახარებლად და შემდგომში საკუთარი ვარდების გასაყიდად. ასევე, აცხადებს, რომ ვინაიდან საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდა მუდმივი მყიდველი არ ჰყავდა და ბევრი ყვავილი უფუჭდებოდა, ხოლო უვარგისი საქონლის ჩამოწერისა და შემოსავლების სამსახურში დაფიქსირების შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას და არ გააჩნია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებში არ ფიქსირდება დეფექტური ან მიწოდებისთვის უვარგისი და დაუძლეველი ძალის მიერ (ხანძარი, წყალდიდობა და ა.შ.) დაზიანებული საქონლის ჩამოწერის შემთხვევები. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადამხდელის შემოსავალი, კერძოდ, შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი სრულად შეძენილ პროდუქციაზე და რეალიზებულ იქნა იმ საანგარიშო პერიოდებში რა პერიოდშიც განხორციელდა გადამხდელის მიერ საქონლის შეძენა. შედეგად, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2024 წლის მაისის თვეში და მეწარმეს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. ასევე, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მეწარმის მიერ 2024 წლის მაისის თვიდან განხორციელებულ ოპერაციებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
ამასთან, ვინაიდან, გადამხდელი ახორციელებდა მალფუჭებადი საქონლის შეძენა-რეალიზაციას (ყვავილები) შეძენილი მარაგი რეალიზებულ იქნა იმავე პერიოდში რა პერიოდშიც განხორციელდა საქონლის იმპორტი. შედეგად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი პერიოდების შესაბამისად, რომელსაც შეუპირისპირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაძენად გაწეული დანახარჯები. ასევე, დაკორექტირდა 2024-2025 წლების საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, იმპორტირებული პროდუქციის ნაწილის პირადი მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს არც შემოწმების ეტაპზე და არც დავების განხილვის პროცესში არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები რომლითაც დაამტკიცებდა, რომ ყვავილების ნაწილი, კერძოდ, ვარდის ძირები, განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
ამასთან, შეძენილ პროდუქტებზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება და იმ საანგარიშო პერიოდებში რეალიზება რა პერიოდშიც განხორციელდა გადამხდელის მიერ საქონლის შეძენა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრა და გადამხდელის ერთობლივი შემოსავლის პერიოდების შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაძენად გაწეულ დანახარჯებთან შეპირისპირება განხორციელდა მართლოზმიერად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ --- ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იმპორტის გზით შეძენილი ყვავილების და მათი ნერგების საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ვინაიდან წარმოდგენილი არ ყოფილა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა გადამხდელის შემოსავალი, კერძოდ, შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი სრულად შეძენილ პროდუქციაზე და რეალიზებულ იქნა იმ საანგარიშო პერიოდებში რა პერიოდშიც განხორციელდა გადამხდელის მიერ საქონლის შეძენა. შედეგად, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში 100 000 ლარს გადააჭარბა 2024 წლის მაისის თვეში და მეწარმეს განესაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვას დაექვემდებარა მეწარმის 2024 წლის მაისიდან განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები. დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე შემოწმებით განსაზღვრულმა ბრუნვამ შეადგინა 467 316 ლარი. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა მეწარმის მიერ 2024 წლის მაისის თვიდან განხორციელებულ ოპერაციებზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომელიც საბაჟო ოპერაციებზე შეადგენს 75 254 ლარს. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის შემოწმდა 2024-2025 წლების საანგარიშო პერიოდები. გადამხდელის შემოსავლები და ხარჯები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, ვინაიდან, გადამხდელი ახორციელებდა მალფუჭებადი საქონლის შეძენარეალიზაციას (ყვავილები), შეძენილი მარაგი რეალიზებულ იქნა იმავე პერიოდში რა პერიოდშიც განხორციელდა საქონლის იმპორტი. შედეგად, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი პერიოდების შესაბამისად, რომელსაც შეუპირისპირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაძენად გაწეული დანახარჯები. ასევე, დაკორექტირდა 2024-2025 წლების საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია.
ამასთან, შეძენილ პროდუქტებზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება და იმ საანგარიშო პერიოდებში რეალიზება რა პერიოდშიც განხორციელდა გადამხდელის მიერ საქონლის შეძენა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
ასევე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შემოსავლებისა და ხარჯების განსაზღვრა და გადამხდელის ერთობლივი შემოსავლის პერიოდების შესაბამისად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესაძენად გაწეულ დანახარჯებთან შეპირისპირება განხორციელდა მართლოზმიერად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 165 (1,2); 102 (1); 105 (1,2).