ბრძანება N 26552

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.12.2025
№ დოკუმენტი 26552
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26552

03 დეკემბერი 2025

ბრძანება

ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

(მის.: "-------")

2025 წლის 15 ივლისის და 20 ნოემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 16 ოქტომბერსა და 27 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმები №88 და №98) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი ოქტომბრის №25705/2/2025 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") 2025 წლის 15 ივლისის №96860/1/2025 და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში დამატებით წარმოდგენილი 2025 წლის 20 ნოემბრის №98934/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 ივნისის №001-95 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული შემოსავლის 80%-ის დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტთან შეთანხმდა რა ტიპის დოკუმენტები უნდა წარედგინა მესამე პირებისგან, ასევე რა ნაწილის წარდგენა იქნებოდა რთული, რადგან იგი იყო გადამხდელის დამკვეთის შიდა ინფორმაცია და არ იქნებოდა მარტივი აღნიშნულის გაზიარებაზე დათანხმება (საკითხი ეხებოდა მშენებლობაზე შესული პირების სრული რეესტრის წარდგენას). განმარტავს, რომ განხორციელდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად მიწოდება რამდენიმე დღეში, გარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირსა და შპს „------- - ს “, ასევე დამკვეთებსა და შპს „------ -ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების, შესაბამისი მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების, შპს „----- -ს “ დამკვეთებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნება: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე მეწარმეებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა. ამის შემდეგ განხორციელდა მესამე პირების დირექტორების გამოკითხვაზე დაბარება. მესამე პირებთან კომუნიკაციის შემდეგ, აუდიტორმა მოითხოვა გადამხდელის დამკვეთის ყველა დებიტორისგან ახსნა-განმარტება, რაც უტოპიური მოთხოვნა იყო, რადგან აუდიტის დეპარტამენტი ისეთი პირებისგან ითხოვდა ინფორმაციას,ვისთანაც საერთოდ შეხება არ ჰქონია გადამხდელს. ამასთან, რიგ პირებთან ურთიერთობები აღარ არსებობს და შეუძლებელია თანამშრომლობა.

გადასახადის გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ მის მიერ მოხდა მოკვლევა საქმიანობების მიხედვით რა ადამიანურ, დროით და ფინანსურ რესურსებთან იქნებოდა დაკავშირებული მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს გაანგარიშება თუ რა ოდენობით ხელფასების გაცემა იქნებოდა საჭირო საქმიანობის განხორციელებისთვის და აღნიშნული გაანგარიშების საფუძველზე ითხოვს საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3044 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №001-244 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 24 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მიღება-ჩაბარების აქტები, დამკვეთისგან შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია და სხვა. (ასევე, მე-3 მხარისაგან წარმოსადგენი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია შეთანხმდეს შემმოწმებელთან);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3044 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 6 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 11 ივნისის №001-95 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 15 ივლისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №18146 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის პირველი ოქტომბრის №25705/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №18146 ბრძანება და საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3044 ბრძანების აღსრულების საკითხის ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი ოქტომბრის №25705/2/2025 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3044 ბრძანების აღსრულების საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნა, მათ შორის, მიღება ჩაბარების აქტები, მესამე პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნა-განმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე მეწარმეების/დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები.

გადაანგარიშების ეტაპზე, მეწარმის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სამი პირისგან ახსნაგანმარტება, რომლისთვისაც გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში. ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ობიექტების წარმომადგენლები უარს ეუბნებიან მის გადმოცემაზე. შემოწმებისთვის წარმოდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ვალდებულია ხელფასის გაცემისა და მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულების არსებობისას) გადახდის წყაროსთან დააკავოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

დადგენილი გარემოებების მიხედვით, ი/მ "-------"-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო სამუშაოების შესრულება. კერძოდ, კედლებისა და გარე ფასადის ლესვა გიპერის აპარატის მეშვეობით, სამღებრო სამუშაოები, ბლოკის წყობის მომსახურება, სარტყელების ჩასხმა, ფილების დაგება, თაბაშირ-მუყაოს ფილების მოწყობის სამუშაოები, კარების ჩასმის მომსახურება და სხვა. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და მცირე მეწარმის საქმიანობა. დადგინდა, რომ მეწარმის მიერ დამკვეთებისთვის გაწეულია 1 535 426 ლარის მომსახურება დღგ-ის გარეშე, ხოლო მის მიერ გადახდის წყაროსთან დეკლარირება არ განხორციელებულა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მუხლის საფუძველზე, შემოწმებით ჩაითვალა, რომ მეწარმის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, მომსახურების მიწოდება ხდებოდა დაქირავებული მუშა-ხელის მეშვეობით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ანალოგიურ საქმიანობის კომპანიების მიერ საქმიანობის ფარგლებში მიღებული მოგების მარჟა, რომელმაც შეადგინა 20%. აქედან გამომდინარე შემოწმების მიერ მთლიანი შემოსავლის 20% ჩაითვალა მეწარმის მიერ მიღებულ მოგებად, დარჩენილ თანხას გამოაკლდა მეწარმის მიერ გაწეული ყველა ხარჯი (შეძენილი მასალები, ბიუჯეტში გადახდილი თანხა, გაცემული ნაჩვენები ხელფასი) და სხვაობის თანხა ჩაითვალა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ განხორციელდა მოკვლევა საქმიანობების მიხედვით რა ადამიანურ, დროით და ფინანსურ რესურსებთან იქნებოდა დაკავშირებული მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოადგინა გაანგარიშება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოცემული ხარჯების თაობაზე.

დავის წარმოების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია გაანგარიშება თუ რა ოდენობით ხელფასების გაცემა იქნებოდა საჭირო კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის. გადამხდელი მის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძველზე ითხოვს საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი გაანგარიშება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ"-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი გაანგარიშება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული შემოსავლის 80%-ის დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

ითხოვს საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი სარგებლობს მცირე ბიზნესის სტატუსით და მის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სარემონტო სამუშაოების შესრულება.დამკვეთია შპს-ს ორი საწარმო.შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმის მიერ დამკვეთებისთვის გაწეულია 1 535 426 ლარის მომსახურება დღგ-ის გარეშე, ხოლო მის მიერ გადახდის წყაროსთან დეკლარირება არ განხორციელებულა.

სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ მცირე მეწარმის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, მომსახურების მიწოდება ხდებოდა დაქირავებული მუშა-ხელის მეშვეობით.

შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ანალოგიურ საქმიანობის კომპანიების მიერ საქმიანობის ფარგლებში მიღებული მოგების მარჟა, რომელმაც შეადგინა 20%. აქედან გამომდინარე შემოწმების მიერ მთლიანი შემოსავლის 20% ჩაითვალა მეწარმის მიერ მიღებულ მოგებად, დარჩენილ თანხას გამოაკლდა მეწარმის მიერ გაწეული ყველა ხარჯი და სხვაობის თანხა ჩაითვალა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების ეტაპზე წარმოდგენილი გაანგარიშება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),100,101.