გადაწყვეტილება №23460/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23460/2/2024
19 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 10.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23460/2/2024).
დავის საგანი:
დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №005-231 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5194 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 248 328 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 144 070
დღგ - 49 450
საშემოსავლო გადასახადი - 94 620
ჯარიმა - 62 588
საურავი - 41 670
ფაქტების აღწერა
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 5 აგვისტოს. საწარმოს საქმიანობაა საპარიკმახეროების და სილამაზის სალონების მომსახურება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის №26517 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც არ არის სრულყოფილი, ბუღალტრულ პროგრამაში სრულად არ არის აღრიცხული მომსახურებასთან დაკავშირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სახეობრივ/რაოდენობრივ ჭრილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებებისა და დოკუმენტურად მიღებული პროდუქციის რაოდენობის მიხედვით. შემოწმების შედეგად, გამოვლენილი გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 მუხლების და 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, დაიბეგრა დღგ-ით შესაბამის პერიოდებში (სალარო აპარატის ბრუნვების ხვედრითი წილის გათვალისწინებით). შედეგად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი. ამასთან, მომჩივანი არ ყოფილა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2020 წლის 4 დეკემბერს. შესაბამისად, 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპანიას დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შედეგად, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
- გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის და შესაბამისი პროცენტის დაფარვა. მომჩივნის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების და ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სესხი, ბანკიდან აღებულია შპს „-------“ სახელით და გამოყენებულ იქნა ქონების შესაძენად, რომელიც რეგისტრირებულია კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმების მიერ, სესხზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორებზე (დამფუძნებლებზე) გაცემულ ხელფასად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33059 ბრძანება და №005-231 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 248 328 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 11 მარტის №5194 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 12.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.06.2024 წლის №22546/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელმა 10.07.2024 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს გააჩნია სამი ობიექტი. საზოგადოებას შეძენილი აქვს 60 000 ლარამდე ღირებულების პროდუქცია. აქედან მიღებული შამპუნების ღირებულება განისაზღვრა 5 122 ლარის ოდენობით. შემოწმებამ გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი და გახარჯული შამპუნების მიხედვით დაითვალა მიღებული შემოსავალი. 1 ლიტრი შამპუნი გახარჯა 28 მომხმარებელზე და თითოეული მომხმარებლიდან მომსახურების თანხა თმის შეჭრაზე განსაზღვრა 13 ლარის ოდენობით და შესაბამისად დაითვალა შემოსავალი.
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სახვადასხვა დასახელების შამპუნი და მომხმარებელს სრულფასოვანი მომსახურებისთვის სჭირდება მინიმუმ 2-ჯერ თავის დაბანა (თმის სიგრძიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე) და ნაცვლად 28 მომხმარებლისა 1 ლიტრი შამპუნის რაოდენობა გაიხარჯება 14-15 ადამიანზე. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდი ემთხვევა პანდემიის პერიოდს, როდესაც ყველაზე ნაკლებად იყო მომხმარებელთა რაოდენობა და ძირითადად სალონი ამ პერიოდში მუშაობდა „პრაქტიკანტების“ ჩართულობით. მომსახურებაც 2020-2021 წლებში განისაზღვრებოდა ნაცვლად 13 ლარისა 5 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს რეალიზაციის დათვლა მოხდეს მის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით.
ამასთან, სესხი გამოტანილ იქნა ბანკიდან შპს „-------“ სახელით და შეძენილ იქნა ქონება, რომელიც შემდგომ გადაფორმდა კომპანიის დამფუძნებელ პირებზე: ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------). აღნიშნული ოპერაცია შინაარსობრივად არის სესხი, რადგან ორივე დამფუძნებელს შეაქვს კომპანიის ანგარიშზე სესხის თანხა და შპს „-------“ ანგარიშიდან ხდება ბანკის დაფარვა. მომჩივანი ითხოვს აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნას როგორც სესხი და არა დირექტორებზე გაცემული ხელფასი.
მუშა პროცესში გამოვლინდა ახალი გარემოება და ითხოვს შესაბამისად იქნეს გათვალისწინებული, ვინაიდან 2020-2023 წლებში გამოიწერა მასალები, რომლებიც დაეწერა შპს „-------“ და მიწოდებული იქნა სულ სხვა მისამართებზე. შესაბამისად, ადგენს დამატებით მასალებს. ამან გამოიწვია ძალიან დიდი რაოდენობის ნედლეულის დაწერა კომპანიაზე და შესაბამისად რეალიზაციის გაზრდა დარიცხვის დროს. აღნიშნულის გათვალისწინებით მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას.
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2020-2023 წლებში გამოიწერა მასალები, რომლებიც დაეწერა შპს „-------“ და მიწოდებული იქნა სულ სხვა მისამართებზე, რამაც გამოიწვია დარიცხვის გაზრდა.
აუდიტის დეპარტამენტის 19.08.2024 წლის №80760-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის მიერ მიღებულ იქნა სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც მითითებული პროდუქცია შეესაბამება შპს „-------“ საქმიანობას. ამასთან, ყველა მიღებულ დოკუმენტში საქონლის მიმღებად/მყიდველად დაფიქსირებულია შპს „-------“. ასევე, არ განხორციელებულა მომწოდებლის მხრიდან აღნიშნული ზედნადებების კორექტირება. გადასახადის გადამხდელის არგუმენტი არაარსებითია, ვინაიდან საქონლის მიღების ადგილი არ არის მნიშვნელოვანი, საქონლის სახეობის მოცულობიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა სწორად.
საბჭომ მიუთითებს, რომ მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო, თუმცა ვერ წარმოადგენს ისეთ გარემოებებს/მტკიცებულებებს, რომლებიც გადასახადის გადამხდელმა არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს დავის განახლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც არ არის სრულყოფილი, ბუღალტრულ პროგრამაში სრულად არ არის აღრიცხული მომსახურებასთან დაკავშირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სახეობრივ/რაოდენობრივ ჭრილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების შედეგად, კომპანიას დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შედეგად, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის და შესაბამისი პროცენტის დაფარვა. მომჩივნის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების და ელექტრონული ბაზების მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული სესხი, ბანკიდან აღებულია მომჩივანის სახელით და გამოყენებულ იქნა ქონების შესაძენად, რომელიც რეგისტრირებულია კომპანიის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. შემოწმების მიერ, სესხზე გადახდილი თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორებზე (დამფუძნებლებზე) გაცემულ ხელფასად.
მომჩივანს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს დავის განახლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 282; 309(1); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161