ბრძანება N 118757
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 118757
19 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ„-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 13 ივლისის საჩვრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა ფ/პ ------ის (ს/ნ -----) 2026 წლის 13 ივლისის №103414/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №006-255 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდან მიღებული ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საგადასახადო ვალდებულებებს ასრულებდა სრულად, თუმცა ტექნიკური ცდომილების გამო გადახდილი თანხები არ აისახა მის პირადი აღრიცხვის ბარათზე. კერძოდ, განმარტავს, გადასახადს იხდიდა სს „-----“ გახსნილი ანგარიშიდან, რომელმაც აღნიშნული ანგარიში დაარეგისტრირა მისი ---- საიდენტიფიკაციო ნომრით. შესაბამისად, გადახდილი თანხები მხოლოდ იმიტომ არ აისახა მის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომ მოცემული და შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული საინედტიფიკაციო კოდები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. აცხადებს, რომ თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები წარუდგინა შემოწმებას, თუმცა აღნიშნულის გათვალისწინება არ მომხდარა. მიუთითებს, რომ გამორჩა საშემოსავლო გადასახადის ყოველწლიური დეკლარაციის გადმოგზავნა, თუმცა კუთვნილ გადასახადს პირნათლად იხდიდა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე და 270 -ე მუხლების საფუძველზე, ითხოვს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის 75 808 ლარიდან 10 890 ლარამდე შემცირებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 მაისის №10958 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა
ფ/პ ------ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდან მიღებული ხელფასის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 25 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 26 ივნისის №14086 ბრძანება და ამავე თარიღის №---- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 138 466 ლარი, მათ შორის, გადასახადი
75 808 ლარი, ჯარიმა 37 904 ლარი, საურავი 24 754 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
ფ/პ ------ დასაქმებულია შპს -----“, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდ 2020 წლის 27 აპრილიდან. გადასახადის გადამხდელს არ აქვს რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და არც განცხადება აქვს შეტანილი აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა პირის საზღვრის კვეთების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ფ/პ ------ საქართველოში თითოეულ საანგარიშო წელს (2023, 2024, 2025) იმყოფებოდა 183 დღეზე მეტი დროით და წარმოადგენდა საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს. შემოწმების პროცესში დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილი იქნა საბანკო ამონაწერები, რომლის შესწავლის შედეგადაც დადგინდა, რომ პირს შპს ------ისგან შესამოწმებელ პერიოდში ხელფასის სახით მიღებული აქვს 379 044 ლარი. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე, 153-ე, 154-ე მუხლებისა და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილების შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ საქართველოს რეზიდენტი დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებით განსაზღვრულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესი. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ წესით განსაზღვრული
ხელფასის მიმართ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს (შემდგომში - საწარმო) არ ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაქირავებულის მიერ საწარმოში მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის №291 დადგენილებით განსაზღვრული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დაქირავებული ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი დასაქმებული იყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში. ამასთან, საზღვრის კვეთების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023, 2024 და 2025 წლებში, თითოეულ საანგარიშო წელზე, ფ/პ ----- საქართველოში იმყოფებოდა 183 დღეზე მეტი დროით, შესაბამისად, წარმოადგენდა საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგადაც დადგინდა, რომ პირს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსგან შესამოწმებელ პერიოდში ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა 379 044 ლარი, რომელიც არ ჰქონდა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებებს ასრულებდა სრულად, თუმცა ტექნიკური ცდომილების გამო გადახდილი თანხები არ აისახა მის პირადი აღრიცხვის ბარათზე. კერძოდ, განმარტავს, რომ გადასახადს იხდიდა სს „------“ გახსნილი ანგარიშიდან, რომელმაც აღნიშნული ანგარიში დაარეგისტრირა მისი სამხრეთ აფრიკული საიდენტიფიკაციო ნომრით.
შესაბამისად, გადახდილი თანხები მხოლოდ იმიტომ არ აისახა მის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომ მოცემული და შემოსავლების სამსახურის მიერ მინიჭებული საინედტიფიკაციო კოდები არ ემთხვეოდა ერთმანეთს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, ფ/პ ----- (ს/ნ -----), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №----საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ ------ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ფ/პ ------ (ს/ნ ------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №006-255 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდან მიღებული ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ შეფარდებული სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, რომ ფიზიკური პირი დასაქმებული იყო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოდ რეგისტრირებულ კომპანიაში. პირს რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა არ გააჩნია და შესაბამისი განცხადებაც არ წარმოუდგენია, თუმცა საზღვრის კვეთების ანალიზით დასტურდება, რომ იგი შესამოწმებელ თითოეულ საანგარიშო წელს საქართველოში იმყოფებოდა 183 დღეზე მეტი ხნით და წარმოადგენდა საქართველოს რეზიდენტს.
შემოწმების ფარგლებში დამუშავებული მონაცემებითა და გამოთხოვილი საბანკო ამონაწერებით დადგინდა, რომ პირს დამქირავებლისგან შესამოწმებელ პერიოდში ხელფასის სახით მიღებული აქვს 379 044 ლარი.
აღნიშნულის საფუძველზე, პირს, როგორც საქართველოს რეზიდენტს, დაერიცხა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, ფ/პ უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 ივნისის №006-255 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისაგან.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:80;81;100;101;153;275