გადაწყვეტილება №25136/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25136/2/2025
21 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------- 30.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25136/2/2025).
დავის საგანი:
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოში შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 1.03.2025 წლის №EL277533 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 27.03.2025 წლის №5641 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
1 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
1.03.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ კონტროლის ზონაში ------ მხრიდან შემოსული მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო სატრანსპორტო საშუალების (ნომერი -------) დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი „-------“ – 800 ღერი (40 კოლოფი) და სიგარეტი „---------“ – 200 ღერი (10 კოლოფი), რომელიც განთავსებული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების სალონში არსებულ ელექტრომცველების განყოფილებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი“ №----------.
საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქონლის რაოდენობა აღემატებოდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას და არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად შემოტანისთვის მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 1.03.2025 წლის №EL277533 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.03.2025 წლის №5641 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე, 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის მე-6, 27-ე, 70-ე, 73-ე, 168-ე მუხლებზე „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე და დადგენილად მიაჩნევს, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საბაჟო კოდექსის 168- ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან, უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის ფაქტები თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1.03.2025 წელს საბაჟო გამშვებ პუნქტ ------- ინტერვიუირებისას, გადაღლის ფონზე, ვერ გაითვალისწინა და ვერ გაიაზრა, თუ რატომ არ მიაწოდა მებაჟე-ოფიცერს ინფორმაცია 38 ევროს ღირებულების სიგარეტის შემოტანის თაობაზე, რომელიც პირადი მოხმარებისათვის ჰქონდა შეძენილი (ვინაიდან აქტიური მწეველები არიან თვითონ და მასთან მცხოვრები მამა). აღნიშნულ შემთხვევაზე გამოიწერა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL277533, შეფარდებული ჯარიმის თანხაა 1 000 ლარი, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ცნობილია, საზღვრის კვეთის ადრინდელ პერიოდებში ყოველთვის ადეკლარირებდა თამბაქოს ნაწარმის შემოტანას და მსგავს სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იქნას გაფრთხილება, ითხოვს, 38 ევროს ღირებულების თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე დაკისრებული 1 000 ლარიანი ჯარიმა შეეცვალოს გაფრთხილებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა);
გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მგზავრის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებით გათვალისწინებული ჯამურად 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
დადგენილია, რომ 1.03.2025 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „------“ კონტროლის ზონაში ------- მხრიდან შემოსული მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო სატრანსპორტო საშუალების (ნომერი --------) დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: „სიგარეტი --------“ – 800 ღერი (40 კოლოფი) და სიგარეტი „---------“ – 200 ღერი
(10 კოლოფი), რომელიც განთავსებული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების სალონში არსებულ ელექტრომცველების განყოფილებაში.
სადავო საკითხზე საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ მომჩივანს 2024 წლის 8 იანვრიდან დღეის მდგომარეობით უფიქსირდება საზღვრის კვეთის (გასვლა/შემოსვლა) 53 ფაქტი.
მომჩივანი სისტემატიურად ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების საქონლის შემოტანას და უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 11 ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული.
საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას გათვალისწინებულია ყველა ის გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოში შემოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხზე საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ მომჩივანს უფიქსირდება საზღვრის კვეთის (გასვლა/შემოსვლა) 53 ფაქტი. მომჩივანი სისტემატიურად ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების საქონლის შემოტანას და უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 11 ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე.
დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აქციზური მარკის გარეშე, კერძოდ: სიგარეტი რომელიც განთავსებული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების სალონში არსებულ ელექტრომცველების განყოფილებაში. საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქონლის რაოდენობა აღემატებოდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობას და არ იყო შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საქონლის დეკლარირების ვალდებულება. პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალისწინების და სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 168(3);163(15);