ბრძანება N 8042
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8042
10 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 31 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 მარტის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 31 ივლისის №82745/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №006-327 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილ საქონელზე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმების შეფასება არის უსაფუძვლო, უარგუმენტო და დაფუძნებულია არასათანადო ზეპირ მტკიცებულებებზე. გადამხდელი ასევე მიუთითებს საწვავის და კომუნალურ ხარჯებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტორს შემოწმების აქტში აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით არ აქვს ნამსჯელი, ხოლო რაც შეეხება ფასნამატის საკითხს, კომპანიის ფასნამატი საშუალოდ 1%-დან 3%-მდეა, ვინაიდან ფირმა ვაჭრობს საბითუმოდ, აქვს დიდი კონკურენცია და აღნიშნულიდან გამომდინარე ბაზარზე თავის შესანარჩუნებლად უწევს დაბალი ფასნამატით მუშაობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4163 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 11 ივნისიდან 2023 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 ივლისის №15982 ბრძანება და ამავე თარიღის №006-327 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 178 014 ლარი, მათ შორის გადასახადი 668 817 ლარი, ჯარიმა 334 408 ლარი, საურავი 174 789 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 22 სექტემბრის №23366 ბრძანებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის პირველი მარტის №21042/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 სექტემბრის №23366 ბრძანება და საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი მარტის №21042/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა 5 განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვა განხორციელდა საწარმოს წარმომადგენლის დაუსწრებლად და არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა არგუმენტები და მტკიცებულებები. ამასთან, 18.12.2023 წლის №21624/2/2023 დაზუსტებული საჩივრით წარმოადგენს მტკიცებულებებს, რითაც დასტურდება, რომ ხორცის მომწოდებლები ნოტარიულად დამოწმებული აქტებით ადასტურებენ წლების განმავლობაში შპს „----------“ მიყიდული ხორცის რაოდენობებს და ფასებს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, ასევე, დამატებით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლებიც შემოსავლების სამსახურს არ შეუფასებია, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „----------“ საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ღორისა და საქონლის ხორცით ვაჭრობა. 2020-2023 წლებში პირს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით უფიქსირდება 10 701 316 ლარის ოდენობით საქონლის/ღორის ხორცის შეძენა ფიზიკური პირებისგან, რომლებზე გადახდაც ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ მხოლოდ ნაწილზე წარმოდგენილი იქნა შესყიდვის აქტები (დასკანერებული). შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმებული იქნა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან, რის საფუძველზეც გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ დადასტურდა. ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილია წერილობითი ახსნაგანმარტებები, სადაც მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა ნაკლებია საწარმოს მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე. დანარჩენ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელება არ დასტურდება. საბოლოოდ, შემოწმების მიერ შესყიდვის აქტების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების 75 % ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების შესაბამისად. შემოწმების მიერ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელის მიერ აღიარებული ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების 25% ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით უფიქსირდება 10 701 316 ლარის ოდენობით საქონლის/ღორის ხორცის შეძენა ფიზიკური პირებისგან, რომლებზე გადახდაც ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა შესყიდვის აქტების (დასკანერებული) ნაწილი, რომელთან დაკავშირებული ინფორმაციაც გადამოწმებული იქნა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან. ფიზიკური პირების მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებებით მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა ნაკლებია საწარმოს მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელება არ დასტურდება. შემოწმების მიერ შესყიდვის აქტების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების 75% ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად, ხოლო 25% ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების აქტის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ხორცის მომწოდებლებმა ახსნა-განმარტებით არ დაადასტურეს შესყიდვის აქტებში მითითებული რაოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შეუძლებელია წლების წინ ნაწილ-ნაწილ გაყიდული საქონლის რაოდენობები და საქონლის ღირებულებები მომწოდებლებს ზეპირად სცოდნოდათ, თუმცა მათ არ უარყვიათ შესყიდვის აქტის რეალობა. აღნიშნავს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილ (დასკანერებულ) შესყიდვის აქტებზე ფიქსირდება მომწოდებლების ხელმოწერები, რომელთა ორიგინალები ინახება ფირმაში და მეტი სარწმუნოებისთვის შესაძლებელია დამატებით იქნას წარმოდგენილი აღნიშნული ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დავის ეტაპზე წარდგენილი აქვს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ხორცის მომწოდებლები ნოტარიულად დამოწმებული აქტებით ადასტურებენ წლების განმავლობაში შპს „----------“ მიყიდული ხორცის რაოდენობებს და ფასებს.
რაც შეეხება საწარმოს მიერ გაწეულ საწვავის და კომუნალურ ხარჯებს, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ ფულის მოძრაობის შესწავლისას გათვალისწინებულია პირის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და შესამოწმებელ პერიოდში ფულის ნაშთის ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლინდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დავის ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დავის ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილ საქონელზე ფიზიკური პირებისთვის გადახდილი ანაზღაურების 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით უფიქსირდება 10 701 316 ლარის ოდენობით საქონლის/ღორის ხორცის შეძენა ფიზიკური პირებისგან, რომლებზე გადახდაც ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა შესყიდვის აქტების (დასკანერებული) ნაწილი, რომელთან დაკავშირებული ინფორმაციაც გადამოწმებული იქნა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან. ფიზიკური პირების მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებებით მათ მიერ რეალიზებული საქონლის ოდენობა ნაკლებია საწარმოს მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში ოპერაციის განხორციელება არ დასტურდება. შემოწმების მიერ შესყიდვის აქტების საფუძველზე გაცემული ანაზღაურების 75% ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად, ხოლო 25% ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების აქტის საფუძველზე განხორციელებული დარიცხვა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ხორცის მომწოდებლებმა ახსნა-განმარტებით არ დაადასტურეს შესყიდვის აქტებში მითითებული რაოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შეუძლებელია წლების წინ ნაწილ-ნაწილ გაყიდული საქონლის რაოდენობები და საქონლის ღირებულებები მომწოდებლებს ზეპირად სცოდნოდათ, თუმცა მათ არ უარყვიათ შესყიდვის აქტის რეალობა. აღნიშნავს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილ (დასკანერებულ) შესყიდვის აქტებზე ფიქსირდება მომწოდებლების ხელმოწერები, რომელთა ორიგინალები ინახება ფირმაში და მეტი სარწმუნოებისთვის შესაძლებელია დამატებით იქნას წარმოდგენილი აღნიშნული ფიზიკური პირების ნოტარიულად დამოწმებული ახსნა-განმარტებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დავის ეტაპზე წარდგენილი აქვს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ ხორცის მომწოდებლები ნოტარიულად დამოწმებული აქტებით ადასტურებენ წლების განმავლობაში მომჩივანისთვის მიყიდული ხორცის რაოდენობებს და ფასებს. რაც შეეხება საწარმოს მიერ გაწეულ საწვავის და კომუნალურ ხარჯებს, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ ფულის მოძრაობის შესწავლისას გათვალისწინებულია პირის მიერ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და შესამოწმებელ პერიოდში ფულის ნაშთის ნაწილში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლინდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დავის ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 275.