გადაწყვეტილება №25347/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25347/2/2025
12 აგვისტო 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 24.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 21.06.2025 და 22.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №25347/2/2025 და №25352/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 5.03.2025 წლის №3768 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11102 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 43 191.99 ლარი.
ფაქტების აღწერა/პროცედურული გარემოებები
2024 წლის 9 ივლისის №--- საბაჟო საწყობის დეკლარაციით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საავტომობილო ბენზინის (40 000კგ) უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების ფაქტზე, მომჩივანს, 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შპს „--- თან“ (ს/ნ ---) ერთად სოლიდარულად შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 43 191,99 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი მომჩივანმა 2024 წლის 28 აგვისტოს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21071 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების შესწავლა და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანების საფუძველზე, შეფარდებული ჯარიმის თანხა არ დაკორექტირებულა. შემოსავლების სამსახურის 26.09.2024 წლის №21071 ბრძანების აღსრულების შედეგები, ასევე საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანმა 2025 წლის 15 აპრილს და 7 მაისს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11102 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის მე-21 ნაწილზე, „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად იმ არასერიოზული დამოკიდებულებისა რასაც ადგილი ჰქონდა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა აღნიშნული უწყების მხრიდან სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და მათთან კომუნიკაციის არ არსებობის პირობებში, ეს სამსახური კვლავინდებურად აგრძელებს თავისი არაკომპეტენტურობისა და უპასუხისმგებლობის აშკარა დემონსტრირებას და უარს ეუბნება დარიცხული ჯარიმის შემცირებაზე სრულიად დაუსაბუთებელი და არარელევანტური საფუძვლით. მიუხედად შემოსავლების სამსახურის მხრიდან საბაჟო დეპარტამენტის მისამართით პირდაპირი მითითებისა სადაო საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით - „შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება)“, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ისე რომ საერთოდ არ კი წაუკითხავს საჩივარი, არ გააუქმა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი იმგვარად რომ 1 სატელეფონო ზარიც კი არ განუხორციელებია მომჩივანთან რომელიმე საკითხის დაზუსტების ან რომელიმე არგუმენტის გაბათილების მიზნით. აღნიშნულს ემატება ისიც, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის ბრძანებაში მხოლოდ 1 წინადადებაში იკითხება ის ვითომცდა საფუძველი რის გამოც ეთქვა უარი ოქმის გაუქმებაზე, რაც მომჩივნის აზრით ვერანაირად ვერ პასუხობს მის მიერ წარმოდგენილი 9 არგუმენტსა და მთელ რიგ მტკიცებულებებს (მ.შ. საკანონმდებლო საფუძვლებს, რაც მიანიშნებს ოქმის კანონთან შეუსაბამობაზე) და საერთოდ არ ეხება მისი კომპანიის კერძო შემთხვევას. აღნიშნული მომჩივნის აზრით აშკარად მიანიშნებს საბაჟო დეპარტამენტის უკანონო განზრახვაზე იმასთან დაკავშირებით რომ ნებისმიერ ფასად არ გააუქმოს გამოცემული უკანონო სამართალდარღვევის ოქმი, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და უკიდურესად აზიანებს შემოსავლების სამსახურის რეპუტაციას, ასევე უკიდურესად აქვეითებს ნდობის ხარისხს ამ უწყების მიმართ. კომუნიკაციის ნულოვანი მაჩვენებელი გადაწყვეტილების აღსრულებისას მიუხედავად იმისა რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს დაევალა – „შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება)“, მიუხედავად იმისა რომ მომჩივანი არაერთხელ დაუკავშირდით ამ უწყების წარმომადგენელს და შესთავაზა შეხვედრა აღნიშული საკითხის განხილვის მიზნით - აღნიშნულმა უწყებამ ისე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არც კი ჰქონია მცდელობა მასთან ერთად გაევლო და დეტალურად გარკვეულიყო საჩივრის არსში. მათი მხრიდან ერთადერთი უკუკავშირი გახლდათ ის რომ RS-ის პორტალზე გამოუგზავნეს შესაბამისი ბრძანება „დაკისრებული ჯარიმის თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე) უარის თქმის შესახებ“ ისე რომ არც კი ჰქონიათ მცდელობა გარკვეულიყვნენ მათ მიერ წარდგენილ არგუმენტაციასა და მტკიცებულებებში.
შემოსავლების სამსახურის დავების ეტაპზე მის მიერ დარიცხული ჯარიმის არამართებულობასთან დაკავშირებით წარდგენილი იყო 9 დამაჯერებელი არგუმენტი, ასევე უტყუარი მტკიცებულებები დარიცხული ჯარიმის კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ, რაზე პასუხადაც ამ უწყებამ უარი უთხრა დარიცხული ჯარიმის თანხის გაუქმებაზე. მომჩივნის მიერ წარდგენილი 9 არგუმენტისა და მტკიცებულებების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტმა მხოლოდ ამ არაადეკვატური და გაუგებარი საფუძვლით უთხრა უარი ჯარიმის გაუქმებაზე, რომელიც მომჩივნის აზრით მის მიერ დასახელებული არგუმენტებიდან არათუ ყველას არამედ 1 არგუმენტსაც კი ვერ პასუხობს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მან რამოდენიმეჯერ დაურეკა საბაჟო დეპარტამენტს შესაბამის უფლებამოსილ პირს და შესთავაზა შეხვედრა, რაზე პასუხად უთხრეს რომ ჯერ-ჯერობით არ იყო შეხვედრის აუცილებლობა და ასეთი საჭიროების შემთხვევაში ისინი თვითონ დაუკავშირდებოდნენ, რაც არ განხორციელდა. მიაჩნია რომ ამ ყველაფრის შემდეგ მის მიერ მოყვანილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე მსგავსი საფუძვლით უარის თქმა მიანიშნებს ამ სამსახურის საქმისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე, რაც უკიდურესად აზიანებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის რეპუტაციას. ჯარიმის გაუქმებაზე უარი არაადეკვატური საფუძვლით შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №20839-ში (2018 წლის 6 აგვისტო) რომელიც ეხება ნავთობპროდუქტებზე ბუნებრივი დანაკარგების ნორმების დამტკიცებას. ცნობილია რომ აღნიშნული დებულების არსი მდგომარეობს იმაში რომ დედამიწაზე მოქმედი ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე დაკვირვებადი საქონლის და მ.შ. ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების გამო (აორთქლება, წონაში კლება, შრობა და ა.შ.), საქონლის დანაკარგი არ ჩაითვალოს სსკ-ის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ საქონლის დანაკლისად და არ დაიბეგროს შესაბამისი გადასახადებით, ისე რომ საერთოდ არ მოხდეს შემოსავლების სამსახურის „მოწვევა“ ისე როგორც ეს ხდება ხოლმე ვადაგასული ან განადგურებული საქონლის შემთხვევაში.
აღნიშნული ბრძანება ბუნებრივია ვრცელდება საბაჟო საწყობში მოქცეულ საქონელზეც ვინაიდან ზემოთ ხსენებული ფიზიკის კანონები დედამიწის ნებისმიერ წერტილში მოქმედებს, განურჩევლად იმისა თუ სად მდებარეობს ეს საქონელი და რომელ სასაქონლო ოპერაციაშია იგი მოქცეული. აქედან გამომდინარე თუ ადამიანს წაკითხული ტექსტის გააზრების ელემენტარული უნარი გააჩნია მარტივად მიხვდება რომ დანაკარგი ნორმების მიხედვით არსებული ნაკლებობა (საქონელი რომელიც აღარ არსებობს აორთქლების, წონაში კლება, შრობა და ა.შ. სხვა მიზეზით) ჩამოწერილი უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფის მოწვევის გარეშე რაც პირდაპირ არის აღნიშნული ფინანსთა მინისტრის შესაბამის ბრძანებაში (994-ე ბრძანების შესაბამისი მუხლი, იხ. ქვემოთ).
აქედან გამომდინარე მარტივი მისახვედრია რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება №20839-ში მითითებული სიტყვა „ჩამოწერა“-ში იგულისხმება არა თუ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის მოწვევა ჩამოწერის მიზნით, არამედ კომპანიის მიერ ჩამოწერა ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისთვის. გასაოცრად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარატმენტი შემოსავლების სამსახურის ბრძანება № 20839-ში მითითებულ სიტყვა „ჩამოწერას “ აიგივებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მოწვევის გზით სსკ-ით და ფინანსთა მინისტრის 994 ბრძანებით დადგენილ საქონელის ჩამოწერასთან ან, რაც მისი აზრით არის კანონმდებლობის ელემენტარული ნორმების უცოდინრობისა და არაკომპეტენტურობის პირდაპირი გამოვლინება. ჩნდება ლოგიკური კითხვა - თუ შემოსავლების სამსახურის ბრძანება №20839-ში საუბარია საქონლის ჩამოწერაზე შემოსავლების სამსახურის მოწვევითა და მონაწილეობით იმ საქონელზე რომელიც არის ბუნებრივი დანაკარგების გზით აორთქლებული, მაშინ რაღა აზრი აქვს საერთოდ ამავე ბრძანებით ასეთი დანაკარგი ნორმების დადგენას? ე.წ. დანაკარგის ნორმები ხომ სწორედ იმისთვის არსებობს რომ საქონლის ჩამოწერა შემოსავლების სამსახურის მოწვევისა და მათი მონაწილეობის გარეშე მოხდეს? აქედან გამომდინარე აშკარად ჩანს, რომ საბაჟო დეპარტამენტს შინაარსობრივად არ ესმის (და არც უნდა რომ გაიგოს) ის თუ რას ნიშნავს საქონლის დანაკარგის ნორმა, რას ნიშნავს საქონლის დანაკლისისა და საქონლის ჩამოწერის ცნება საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით (განსხვავება RS-ის მონაწილეობით ჩამოწერასა და დანაკარგის ნორმების მიხედვით ჩამოწერას შორის), რაც მათ გაოცებას იწვევს.
მხოლოდ ამ უკანასკნელი მომენტიდანაც აშკარა ხდება რომ შემოსავლების სამსახურს არც კი წაუკითხია ის არგუმენტები და მტკიცებულებები (მ.შ. დანაკარგის ნორმების დეტალური გაანგარიშება თვეებს მიხედვით და სხვა მრავალი) რომელიც მის მიერ დავის საწყის ეტაპზე იყო წარდგენილი, რაც მიანიშნებს ამ სამსახურის შეუსაბამო ქცევაზე მათივე მხრიდან გაცხადებულ სტანდარტებთან და ღირებულებებთან. ასეთი ქცევა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან უკიდურესად აზიანებს შემოსავლების სამსახურის რეპუტაციას და ვერ პასუხობს ამ სამსახურის ვერანაირ მინიმალურ სტანდარტს. გამომდინარე იქიდან, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს არც კი გადაუშლია მის მიერ დაწერილი საჩივრის ტექსტი, ითხოვს ჩვენი საჩივრის ახლიდან შესწავლას და შემოსავლების სამსახურის ბრძანება 2025 წლის 5 მარტის N 3768 ბრძანებისა და 2024 წლის 30 ივლისის NEL257653 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილობას. თუ საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან კვლავ განმეორდება მსგავსი სახის დამოკიდებულება, მომჩივანი მიმართავს ბიზნესომბუდსმენის აპარატსა და ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურს, ასევე პირადად საქართველოს პრემიერ მინისტრს ამ სამსახურის შეუსაბამო და არაადეკვატური დამოკიდებულების შესწავლის მიზნით, რასაც ერთხელ უკვე ჰქონდა ადგილი ამ სამსახურის მხრიდან. არ ეთანხმება სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული თანხების სისწორეს და წარმოადგენს არგუმენტებს, შემოსავლების სამსახურის დარიცხვების არამართებულობასა და მისი მოსაზრებების სისწორესთან დაკავშირებით.
ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული სანქციის დარიცხვის საფუძველია საბაჟო საწყობის რეჟიმში მოქცეული საქონლის უკანონო განკარგვა, რის გამოც კომპანიას დაერიცხა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, აღნიშნული საქონლის შესაბამისი ბიუჯეტში გათვალისწინებული გადასახდელების თანხის 100%-ის ოდენობით. მიაჩნია რომ ოქმის გამოცემისას არ არის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი გარემოებები, მხედველობაში არ არის მიღებული არსებული უტყუარი მტკიცებულებები რისი გათვალისწინების შემთხვევაშიც შემოსავლების სამსახურის მხრიდან მოხდებოდა საკითხის სხვაგვარი შეფასება, შედეგად კი საქონელი რომელიც მიჩნეული იქნა უკანონოდ განკარგულად, არ იქნებოდა მიჩნეული ასეთად და არც კომპანიის დაჯარიმება არ მოხდებოდა ზემოთ აღნიშნული საფუძვლით.
ამას გარდა, იმ შემთხვევაშიც კი თუ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნება გაზიარებული ზემოთ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებები მიაჩნია რომ არსებობს სხვა საფუძვლებიც რის მიხედვითაც კომპანია მიჩნეული უნდა იქნეს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელად და მოხდეს დარიცხული სანქციის გაუქმება შეცდომით/არცოდნით ჩადენილი სამართალდარღვევის გამო, ვინაიდან შეცდომა/არცოდნაზე საუბარი შესაძლებელია არამხოლოდ მისი კომპანიის მხრიდან არამედ მ.შ. საბაჟო დეპარტამენტში არსებული ერთიანი პრაქტიკის არ არსებობიდან გამომდინარე. წარმოადგენს არგუმენტაციას, რომლის მიხედვითაც მიაჩნია რომ დარიცხული სანქციის თანხა უნდა გაუქმდეს ქვემოთ მოცემული არგუმენტებიდან თუნდაც ერთ-ერთი არგუმენტის გაზიარების შედეგად:
არგუმენტი 1 - საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი საწვავის ბუნებრივი დანაკარგების ნორმების სრული იგნორირება პირველი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი სანქციის თანხის არასწორად დარიცხვასთან დაკავშირებით გახლავთ ისე რომ -რეალობაში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ უკანონოდ განკარგულად მიჩნეული საქონელი სრულად წარმოადგენს დიდი ხნის განმავლობაში შემოტანილი და საქართველოში რეალიზებული საქონლის ბუნებრივი დანაკარგების ნორმის შესაბამის დანაკარგს რაც საბაჟო დეპარტამენტის მიერ საერთოდ არ იქნება გათვალისწინებული და აღნიშნული საქონელი მიჩნეული უქნა უკანონოდ განკარგულ საქონლად, რაზეც დაერიცხა შესაბამისი სანქციის თანხა.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს ბრძანების ( №20839 ) დანართი №2-ის თანახმად დადგენილია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები. კომპანია ახორციელებს როგორც საწვავის იმპორტს, ასევე ადგილობრივ ბაზარზე საწვავის შესყიდვებს. კომპანია განუბაჟებელი საწვავის შესყიდვისას საქონელს იღებს და ინახავს საბაჟო საწყობში, რის გამოც კომპანია რეგისტრირებულია შესაბამისი შვიდნიშნა კოდით მოსარგებლედ. მოცემული ზემოხსენებული ზღვრული ნორმებიდან გამომდინარე, კომპანია ბუნებრივ დანაკარგებში ითვალისწინებს, როგორც გადაზიდვებისთვის დადგენილ დანაკარგების კოეფიციენტს, ასევე მიწისზედა რეზერვუარში 1 თვემდე ან 1 თვეზე მეტი ვადით შენახვისას დადგენილ დანაკარგების კოეფიციენტს. კომპანიის მიერ საბაჟო საწყობში საქონლის მიღების/დასაწყობების პროცესში საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის რაოდენობის დასაწყობება ძირითად შემთხვევაში ხორციელდებოდა კომპანიის მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საბაჟო ორგანოს ინვოისთან ერთად საქონლის დასაწყობების პროცესში ყოველთვის წარუდგენდა ლიცენზირებული პირის მიერ დოკუმენტურად დადასტურებულ ინფორმაციას მიღებული საქონლის ფაქტობრივ რაოდენობასთან დაკავშირებით, შედეგად კი კომპანიას საბაჟო საწყობში ყოველთვის წარმოექმნებოდა იმაზე მეტი საწვავის რაოდენობა (გამომდინარე იქიდან რომ ფაქტობრივი აზომვების გათვალისწინება არ ხდებოდა წარდგენილი დოკუმენტაციის მიუხედავად), ვიდრე ფაქტობრივად იყო მიღებული, რაც თავისთავად წარმოქმნიდა საქონლის დანაკლისს მიღების მომენტშივე. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებით აცხადებს, რომ კომპანიის მხრიდან არაერთხელ იყო მცდელობა საქონლის დასაწყობება საბაჟო საწყობში მომხდარიყო ლიცენზირებული პირის („---ს“) მიერ ფაქტობრივი მიღების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, რის შედეგადაც მომენტალურად მოხდებოდა ტრანსპორტირების დროს წარმოქმნილი დანაკარგის გათვალისწინება და თავიდან იქნებოდა აცილებული საბაჟო საწყობში ვირტუალური ნაშთის წარმოქმნა, რაც მისი არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერ იქნა თავიდან არიდებული იმ დროისათვის საბაჟო დეპარტამენტში არსებული ერთიანი პრაქტიკიდან გამომდინარე.
გარდა ტრანსპორტირების დროს გამოვლენილი ბუნებრივი დანაკარგისა, კომპანიას ფაქტობრივად წარმოექმნებოდა მიწისზედა რეზერვუარში ტემპერატურის ცვლილების შედეგად გამოწვეული ბუნებრივი დანაკარგიც (აორთქლება/შეკუმშვა). მოცემული დანაკარგის ფაქტობრივი ოდენობის განსაზღვრა სხვადასხვა მიზეზების გამო ტექნიკურად შეუძლებელია მანამ, სანამ არ მოხდება რეზერვუარში არსებული საწვავის რაოდენობის სრულად ამოწურვა. კომპანიას გააჩნია სრული კალკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შეფასებით უკანონოდ განკარგულად მიჩნეული საქონლის რაოდენობა თითქმის სრულად შეესაბამება და გამომდინარეობს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილ ზემოთ ხსენებული ბუნებრივი დანაკარგის ნორმების (ტრანსპორტირების, შენახვის და ა.შ დანაკარგები). გამომდინარე იქიდან რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ უკანონოდ განკარგულად მიჩნეული საქონლის რაოდენობა თითქმის სრულად ემთხვევა წლების განმავლობაში შემოტანილი საწვავის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების მიხედვით გამოანგარიშებულ დანაკარგის ოდენობას, რაც მიაჩნია რომ არის უტყუარი მტკიცებულება იმისა რომ აღნიშნული საქონელი არათუ უკანონოდ იქნა განკარგული, არამედ აღნიშნული საქონელი რეალურად წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული ბუნებრივი დანაკარგების ნორმების შესაბამის დანაკარგს, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას რომ ზემოთ საბაჟო დეპარტამენტის მიერ კომპანიის დაჯარიმება განხორციელდა არასწორად.
კომპანიისთვის გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ კომპანია დაჯარიმდა საავტომობილო ბენზინის, 40,000 კილოგრამის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების გამო, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. მოცემული საწვავის რაოდენობა (დანაკარგი) არ აღემატება იმ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობას, რომელიც ზემოხსენებული ბრძანებით არის დადგენილი.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მის მიერ ჩატარებული მოკვლების მიხედვით საბაჟო დეპარტამენტის მიერ ისე მოხდა კომპანიისათვის დაახლოებით 40 000 ლარამდე ჯარიმის შეფარდება რომ საერთოდ არ მომხდარა არანაირი სახისა და ოდენობის დანაკარგის ნორმების გათვალისწინება, რაც მიანიშნებს იმაზე რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის აზრით საწვავის შემოტანის, შენახვისა და რეალიზაციის ოპერაციები საერთოდ უდანაკარგოდ ხორციელდება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებულ ბუნებრივი დანაკარგების ნორმების არსებობის ფაქტს და აღნიშნულთან მიმართებაში არსებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც სრულად ხდება დანაკარგის ნორმების გათვალისწინება.
კომპანიის მხრიდან მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილია შესაბამისი გაანგარიშება/კალკულაცია, რომლის მოთხოვნის შემთხვევაშიც კომპანია მზადაა აღნიშნული გაანგარიშება/კალკულაცია წარუდგინოს შესაბამის უწყებას, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურება ის რომ დაკისრებული სანქციის შეფარდება განხორციელდა არასწორად.
არგუმენტი 2 - ოქმის შედგენამდე საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან კომუნიკაციის არ არსებობა
კომპანია რეგისტრირებულია საბაჟო საწყობზე შვიდნიშნა კოდით მოსარგებლედ. გამომდინარე იქიდან, რომ 2024 წლის ივლისის თვეში საბაჟო საწყობის მეიჯარის ცვლილება ხორციელდებოდა, საბაჟო ორგანომ მოითხოვა ბაზაში არსებული ფაქტობრივი ნაშთების წარდგენა, ხოლო ახალმა (პოტენციურმა) მეიჯარემ დააკმაყოფილა საბაჟოს მოთხოვნა და წარადგინა რეზერვუარში არსებული სხვადასხვა კომპანიების ფაქტობრივი ნაშთები. საბაჟო ორგანომ მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინა მიღებული მონაცემების შედარება შპს ---ის შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე არსებულ დოკუმენტურად დარჩენილ ნაშთს (რომელიც საქონლის დოკუმენტურად მიღების, იმპორტში მოქცევის, გასხვისების გათვალისწინებით იქნა დარჩენილი), რის საფუძველზეც, ისე რომ საერთოდ არ მომხდარა საწვავის ბუნებრივი დანაკარგების საკითხის წამოწევა, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სხვაობა ფაქტობრივ ნაშთსა და შპს ---ის დოკუმენტურ ნაშთს შორის შეფასებულიყო საქონლის უკანონო განკარგვად, რასაც მოჰყვა სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა და კომპანიისათვის სანქციის თანხის დაკისრება. ერთის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო ორგანოს მხრიდან არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი დანაკარგების ზღვრული ნორმების დამოუკიდებლად გათვალისწინება ზემოთ ხსენებული ოქმის შედგენამდე. მეორეს მხრივ აღსანიშნავია ის, რომ საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან არ მომხდარა (არც მის ობიექტზე ვიზიტისას და არც შემდგომ პერიოდში) იმის დაზუსტება/ჩაკითხვა თუ რამდენი იყო ბუნებრივი დანაკარგების ნორმებით გათვალისწინებული დანაკარგის ოდენობა, ანუ არ მომხდარა მის მიერ ზემოთ ხსენებული ბუნებრივი დანაკარგების ზემოთ ხსენებული კალკულაციის გამოთხოვა მისი კომპანიისგან. შედეგად მიიღო რეალობა რის მიხედვითაც საბაჟო დეპარტამენტმა ისე დაარიცხა ჯარიმა კომპანიას რომ არც თვითონ არ გაუთვალისწინებია საწვავის ამავე სამსახურის მიერვე დადგენილი ბუნებრივი დანაკარგების ნორმები და არც მისი კომპანიისგან არ გამოუთხოვია თუ რამდენი იყო ასეთი დანაკარგის ოდენობა, რის გამოც მოხდა ბანალურად მომჩივნის დაჯარიმება შემოსავლების სამსახურის პროგრამაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით (რა საქონლის ნაშთსაც აჩვენებდა შემოსავლების სამსახურის პროგრამა), რაც სრულად გამორიცხავს ბუნებრივი დანაკარგების ნორმების გათვალისწინებას და მიანიშნებს აშკარა ხარვეზსა და გაუმართაობაზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში არსებულ მიდგომებში. გამომდინარე იქიდან რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან კომპანიის წარმომადგენელებთან კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა აღნიშნულ საკითხზე, ასევე გამომდინარე იქიდან რომ საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან დამოუკიდებლადაც არ მომხდარა დანაკარგის ნორმების გათვალისწინება მივიღეთ რეალობა რა დროსაც კომპანია დაჯარიმებული იქნა საქონლის უკანონოდ განკარგვის საფუძვლით, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია. მიაჩნია რომ იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან დამოუკიდებლად მოხდებოდა ბუნებრივი დანაკარგების გათვალისწინება ან თუნდაც დასმული იქნებოდა შეკითხვა მათი მისამართით ბუნებრივი დანაკარგების შესახებ - მომჩივნის მხრიდან მიწოდებული იქნებოდა სრული ინფორმაცია (დეტალური კალკულაცია დანაკარგების შესახებ) აღნიშნულის თაობაზე და აღნიშნული გაუგებრობაც თავიდან იქნებოდა აცილებული.
არგუმენტი 3 - ოქმით გათვალისწინებული სანქციის დარიცხვა საკანონმდებლო საფუძვლის არ არსებობის პირობებში
მომჩივნის მიერ ჩატარებული კანონმდებლობის შესწავლისა და შესაბამისი მოკვლების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მის რეალობაში მყოფ კომპანიას მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ გააჩნია რაიმე სახის ვალდებულება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ბუნებრივი დანაკარგების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია, რაიმე ფორმით. როგორც ოქმის შედგენისას ასევე ოქმის შედგენის შემდგომ კომპანიას ჰქონდა არაერთი მცდელობა გარკვეულიყო ზემოთ ხსენებულ საკითხში და დაედგინა ჰქონდა თუ არა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით რაიმე სახის ვალდებულება საქონლის ბუნებრივი დანაკარგების ნორმების შესაბამისი დანაკარგის ოდენობის შესახებ შემოსავლების სამსახურის პერიოდული ინფორმირების ნაწილში, შედეგად კი დაადგინეს რომ რაიმე სახის ვალდებულება საბაჟო საწყობის რეჟიმით საქონლის შემომტანი კომპანიებისთვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ არსებობს.
მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლზე და მიაჩნია რომ თუ არც საბაჟო კოდექსში და არც მის საფუძველზე გამოცემული რომელიმე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში (მაგ. 257-ე ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში), ან თუნდაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მეთოდურ მითითებაში არ არის მინიშნება იმის შესახებ რომ გადასახადის გადამხდელმა რაიმე პერიოდულობით უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს ასეთი დანაკარგების შესახებ (დროებითი შემოტანის ოპერაციისგან განსხვავებით საწყობის ოპერაციაში მოქცევის დროს ჩვენი ინფორმაციით ასეთი ვალდებულება გადამხდელებს არ გააჩნიათ), მაშინ გამოდის რომ ასეთი ვალდებულებები კომპანიებს უბრალოდ არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე მიაჩნია რომ გადასახადის გადამხდელთა დაჯარიმება ბუნებრივი დანაკარგის ნორმის შესაბამისი ოდენობის საქონელზე იმ მოტივით რომ თითქოსდა მის მიერ არ მომხდარა დანაკარგების შესახებ შემოსავლების სამსახურის ინფორმირება, ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს (რადგან ასეთი ვალდებულება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უბრალოდ არ არსებობს). შესაბამისად კომპანიის მხრიდან ფაქტობრივად გამოვლენილ ბუნებრივ დანაკარგებზე ინფორმაციის მიწოდება არ ხორციელდებოდა საქონლის საბაჟო საწყობში მოქცევის და შემდგომ ეტაპზე, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად შემოსავლების სამსახური ხშირ შემთხვევაში ინფორმირებული იყო იმპორტირებული საქონლის ინვოისსა და ე.წ. ჩაზომვის მონაცემებს შორის არსებული სხვაობასთან დაკავშირებით, შესაბამისად შემოსავლების სამსახური ფაქტობრივად ინფორმირებული იყო ტრანსპორტირების ბუნებრივი დანაკარგის ნაწილში წარმოშობილ დანაკარგთან დაკავშირებით, თუმცა ამის მიუხედავად შემოსავლების სამსახურმა ტრანსპორტირების დანაკარგის ნაწილიც კი არ გაითვალისწინა (რომ აღარაფერი ვთქვათ შენახვის დანაკარგზე რომელიც წარმოიშვება საქონლის იმპორტის შემდგომ) და ისე მოახდინა 43,192 ლარიანი ჯარიმის დაკისრება რომ საერთოდ არც კი დასმულა კითხვა ასეთი დანაკარგების არსებობის შესახებ, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევად მიაჩნია. აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ თუ საგადასახადო ორგანოსთვის მართლაც საჭირო და მნიშვნელოვანია ბუნებრივი დანაკარგების შესახებ შემოსავლების სამსახურის პერიოდული ინფორმირების საკითხი, მიაჩნია რომ ამის შესახებ პირდაპირი მინიშნება უნდა იყოს კანონში, ან შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ან როგორც მინიმუმ შემოსავლების სამსახურის რომელიმე მეთოდურ მითითებასა თუ სიტუაციურ სახელმძღვანელოში, ასეთი მინიშნების არ არსებობის პირობებში კი საკითხის ყოველგვარი დამატებითი შესწავლის გარეშე გადასახადის გადამხდელთა დაჯარიმება მომჩივნის აზრით არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს.
არგუმენტი 4 - ოქმის შედგენამდე ორაზროვან საკითში გარკვევის არაერთი მცდელობა კამპანიის მხრიდან და კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპის სრული იგნორირება შემოსავლების სამსახურის მხრიდან, შემოსავლების სამსახურის ბრძანება № 9021-ით და 163-ე მუხლის 11 ნაწილით სანქციისგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობა ყოველივე ზემოთ აღნიშნული შეუსაბამობისა და მოქმედი კანონმდებლობის ორაზროვნების მიუხედავად კომპანია არ იყო მოლოდინის რეჟიმში და გულხელდაკრეფილი არ ელოდებოდა იმას როდის იჩენდა ზემოთ ხსენებული პრობლემა თავს და როდის მოხდებოდა დაჯარიმება, გამომდინარე იქიდან რომ სრულად ჰქონდა გაცნობიერებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული რისკების არსებობა, კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირები შემოსავლების სამსახურთან არსებული ყველა შესაძლო კომუნიკაციის არხებით და საშუალებებით ცდილობდნენ აღნიშნულ საკითხში გარკვევას და არაერთი სატელეფონო ზარითა და წერილით იმის გარკვევას თუ როგორ უნდა მოქცეულიყო კომპანია რომ არ დამდგარიყო მისთვის საზიანო შედეგები.
საერთო ჯამში კომპანიის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელდა 5-ზე მეტი ზარი შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე, გაგზავნილი იქნა არაერთი წერილი ზემოთ ხსენებულ ორაზროვან საკითხში გარკვევის მიზნით, თუმცა შედეგად სამწუხაროდ მიიღეს ის რეალობა რა დროსაც წერილები ან საერთოდ უპასუხოდ დარჩა, ან არავის დაურეკავს შეპირების მიუხედავად რომ ვინმე გადმოურეკავდა და გაარკვევდა აღნიშნულ საკითხში ან ამავე სატელეფონო ცენტრის ოპერატორის მიერ გაცემული პასუხები იმდენად გაუგებარი და არაფრის მომცემი იყო რომ ასეთი ზარების შემდეგაც კომპანიამ საკითხის გარკვევის გზაზე წინ ვერაფრით ვერ წაიწია.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით კომპანიას სურდა კანონის ფარგლებში მოეხდინა ბუნებრივი დანაკარგების შესახებ დადგენილი ზღვრული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი დანაკარგების ინფორმაციის მიწოდება შემოსავლების/საბაჟო ორგანოსთვის, რათა თანხვედრაში ყოფილიყო საქონლის ფაქტობრივი და შემოსავლების სამსახურში არსებული ნაშთები. როგორც უკვე აღნიშნა კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან (ნომრიდან ---) არაერთი ზარი განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე, როგორც საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებულ ოპერატორებთან ასევე საბაჟოს დეპარტამენტის ოპერატორთან, რასთან დაკავშირებითაც მიიღეს ნულოვანი შედეგი. როგორც უკვე აღნიშნეს ცხელი ხაზის ოპერატორის მიერ შეპირების მიუხედავად ან საერთოდ არ ხდებოდა გადმორეკვა ან პასუხი იყო სრულიად გაუგებარი და დასმულ კითხვასთან სრულიად შეუსაბამო.
გარდა ამისა როგორც ზემოთ აღნიშნეთ სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე, მომჩივანს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ვებ-გვერდიდან კომუნიკატორის საშუალებით წარმოდგენილი იქნა შეკითხვა თუ როგორ და რა ფორმით უნდა ეღიარებინა საბაჟო საწყობში წარმოქმნილი მაქსიმალური ზღვრული ნორმით დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ოდენობები, რათა გასწორებული საბაჟოზე დაფიქსირებული ვირტუალური მარაგების ნაშთი. მოცემულ წერილთან დაკავშრებით შემოსავლების სამსახურის მხრიდან დღემდე არ არის პასუხი გამოგზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან პასუხის გამოგზავნის ვადა როგორც წესი 10 სამუშაო დღეა და პასუხის მიღების მოთხოვნით დამატებით კანცელარიაშიც კი არაერთი ზარი განხორციელდა (ნომრიდან ---).
კომუნიკატორში გაგზავნილი განაცხადის რეგისტრაციის ნომერია 542606. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ კომპანია შემოსავლების სამსახურის მიერ ოქმის შედგენამდეც სრულად აცნობიერებდა ყოველივე ზემოთ აღნიშნულს და კანონის ორაზროვნების ფონზე ცდილობდა გარკვეულიყო აღნიშნულ საკითხში რათა არ მომხდარიყო კომპანიის დაჯარიმება გაუგებრობის ან სხვა მიზეზის გამო. დამატებით აღნიშნავს, რომ წარსულ პერიოდში (2023 წლის თებერვლიდან) შპს ----ის დამფუძნებელი თავის სახელზე რეგისტრირებული სხვა კომპანიით, კერძოდ შპს ---ის (ს/კ ---) მეშვეობით ახორციელებდა საბაჟო საწყობში საწვავის შესყიდვა/რეალიზაციას. შპს --- შპს ---სგან განსხვავებით ახორციელდება მხოლოდ საბითუმო ვაჭრობას, უმეტესწილად იმპორტირებული საწვავის მეშვეობით, რის გამოც ბუნებრივია, რომ ამ კომპანიაზეც იარსებებდა შენახვის/ტრანსპორტირების ბუნებრივი დანაკარგები. როდესაც ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე საჭირო გახდა შპს ---ს შეეძინა შპს ---ს საწვავის სრული რაოდენობა და რა მომენტშიც ჯერ კიდევ ბუნდოვანი იყო (გარკვევის მრავალი მცდელობის მიუხედავად) თუ რა ფორმით უნდა ეღიარებინა ხარჯად კომპანიას აორთქლების შედეგად წარმოქმნილი ბუნებრივი დანაკარგები, და ვინაიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების №20839 მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირი განისაზღვრება მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში მყიდველის მიერ მოხდებოდა ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობის გათვალისწინება, რაც დაფუძნებული იქნებოდა გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით (რომელიც მოიცავდა ყველა შესყიდვის რაოდენობის და დასაწყობების თარიღების შესახებ ინფორმაციებს).
შპს ---ს მიერ განხორციელდა 01.02.2024 თარიღში რეზერვუარში მის საკუთრებაში არსებული დოკუმენტური ნაშთის (და არა ფაქტობრივი) მიყიდვა ამავე რეზერვუარში შპს ----ზე, შედეგად წარსულ პერიოდში შპს ---ზე არსებული ფაქტობრივი ბუნებრივი დანაკარგებიც ავტომატურად აისახა შპს ---ის დანაკარგად. ეს უკანასკნელის აღნიშვნა მომჩივნის მიერ მოხდა იმიტომ რომ წინა პერიოდებში როდესაც შპს ---ის სახელზე ხდებოდა საწვავის შემოტანა მის მიერვე განხორციელდა არაერთი სატელეფონო ზარი ზემოთ ხსენებული სატელეფონო ნორმიდან და პასუხად მიიღეს ზუსტად იგივე რაზეც ზემოთ ჰქონდა საუბარი ანუ არაფერი, აქედან გამომდინარე მომჩივნის მიერ ოქმის შედგენამდე გაცილებით უფრო ადრე (სხვა კომპანიით საქმიანობის დროსაც) ხდებოდა საკითხში გარკვევის მიზნით შემოსავლების სამსახურთან დაკონტაქტება თუმცა სამწუხაროდ ამ უკანასკნელმა არანაირი შედეგი არ გამოიღო.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის 11 ნაწილზე და შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული დანართი 4-ზე, რომლის მიხედვით: „იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საჩივრით მიუთითებს, რომ მის მიმართ შეფარდებული ჯარიმა შეეხება სამეურნეო ოპერაციას, რომელზეც საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ან/და ანგარიშგების/ადმინისტრირების წესების შესრულებისას იხელმძღვანელა ამავე ან/და ანალოგიურ სამეურნეო ოპერაციაზე საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული პოზიციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომელმაც განახორციელა ჯარიმის შეფარდება, უფლებამოსილია საქართველოს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს შეფარდებული სანქციისაგან, თუ პირი საგადასახადო ორგანოში წარადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული პოზიციის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებას, მათ შორის:
ა) საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე გაცემულ წერილობით განმარტებას;
ბ) საგადასახადო ორგანოსთან მიმოწერას ელექტრონული ფოსტით - info@rs.ge;
გ) საგადასახადო ორგანოს განცხადებას, შეტყობინებას, განმარტებას, ვიდეო რგოლს და სხვა მტკიცებულებას ან/და დოკუმენტს, რომელიც განთავსებულია სსიპ -შემოსავლების სამსახურის ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.rs.ge, www.mof.gov.ge, www.matsne.gov.ge; დ) სხვა მტკიცებულებას ან დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება საგადასახადო ორგანოს პოზიცია. ითხოვს გადამოწმდეს ხსენებული ტელეფონის ნომრიდან განხორციელებული სატელეფონო ზარების არსებობა (ორივე კომპანიის მოქმედების პერიოდში) ასევე მის მიერ გაგზავნილი წერილების ნამდვილობის გადამოწმება ორივე კომპანიიდან და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას მსჯელობის დროს, მ.შ. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის 11 ნაწილის და შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის № 9021 ბრძანებით დამტკიცებული დანართი 4-ის ჭრილში და ზემოაღნიშნული საფუძვლით განთავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.
არგუმენტი 5 - საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი შესაბამისი უფლებამოსილების პირებთან შეხვედრის დეტალები და კიდევ ორაზროვან საკითხთან დაკავშირებული დეტალები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და არგუმენტაციის სისწორესა და საკითხის ცალსახა ორაზროვნებას. საკითხში გარკვევისა და რისკის სამომავლოდ მაინც თავიდან არიდების მიზნით საგადასახადო ოქმის შედგენის შემდეგ შეხვდა --- გეზის ხელმძღვანელ პირსა და ოქმის ერთ-ერთ შემსრულებელს და მისდა გასაოცრად ვერც აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ვერ მიიღო ვერანაირი პასუხი დასმული საკითხის ირგვლივ და საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ აღნიშნული შეხვედრის შემდგომ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა ვიდრე მანამდე ჰქონდა. შეხვედრამ ნათლად აჩვენა რომ არათუ მას არამედ --- გეზის შესაბამისი უფლებამოსილების პირები და ამ უწყების ხელმძღვანელობაც არ ფლობენ ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცნენ მომავალში მაინც რომ აირიდოს თავიდან ასეთი გაუგებლობა და სანქციის დაკისრება. შეხვედრის საწყის ეტაპზე მათი მხრიდან გამოითქვა ვარაუდი რომ თითქოს ყოველი დეკლარირებისას უნდა ხდებოდეს გეზისთვის ბუნებრივი დანაკარგების შესახებ შეტყობინების გაგზავნა განცხადების სახით თუმცა მოგვიანებით მისი მხრიდან დამატებითი კითხვებისა და პრობლემების წამოჭრის შემდგომ (ყოველი დეკლარირებისას ჩაზომვა არ ხდება და არც ევალება მოქმედი კანონმდებლობით ასეთი მოქმედების განხორციელება, ჩაზომვების მონაცემის მიწოდების მიუხედავად მაინც ინვოისით ხდება განბაჟება არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე და სხვა), კონკრეტული კითხვების დასმის შემდეგ ზუსტი პასუხები ვერც შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებმაც ვერ გასცეს მის მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით და აღნიშნულმა შეხვედრამ შეიძლება ითქვას რომ სრულიად უშედეგოდ ჩაიარა. ამ ამბავს გაგრძელებაც მოჰყვა, აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში დაუკავშირდა --- გეზის იგივე წარმომადგენელი ვინც ესწრებოდა შეხვედრას და უთხრა რომ --- გეზის პოზიცია უკვე ცნობილია და თუ მივიდოდა მათთან შეხვედრაზე დეტალურად აუხსნიდნენ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ სამომავლოდ, თუმცა შეხვედრაზე მისულ მათ წარმომადგენლებთან არანაირი შეხვედრა არ გაიმართა, ---- გეზის ფოიეში განუცხადეს, რომ თუ შემოსავლების სამსახურის უფროსს წერილობით მისწერდა შეკითხვას, (სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი ჩვენი შემთხევა და პრობლემის არსი) მაშინ ან წერილობითი პასუხით აცნობებდნენ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ სამომავლოდ ან იმედოვნებენ, რომ საკანონმდებლო დონეზე განხორციელდება გარკვეული ცვლილებები, რომლითაც მოცემული პრობლემები გადაიჭრებოდა, რასთან დაკავშირებითაც სრულიად გაუგებარი იყო რა საჭირო იყო ამ უკანასკნელის სათქმელად შეხვედრის ჩანიშვნა, შეხვედრის დაორგანიზება ქალაქის უკიდურეს ნაწილში, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელის თქმა გეზის წარმომადგენლებს ტელეფონის მეშვეობითაც შეეძლოთ.
სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ საბაჟო დეპარატამენტის თანამშრომლებთან კომუნიკაციისას საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან გამოითქვა მზაობა შეხვედრასთან დაკავშირებით. შეხვედრის პროცესში საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ შპს --- ვალდებული იყო საბაჟო დეპარტამენტისთვის გარკვეული განაცხადის ფორმით წინასწარ ეცნობებინა ბუნებრივად აორთქლების შედეგად მიღებულ დანაკარგების შესახებ (რაც როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა მანამ სანამ არსებულ რეზერვუარში საქონლის ნაშთი სრულად არ ამოიწურებოდა), თუმცა მოცემულ მოთხოვნასთან დაკავშრებით ვერ იქნა მითითებული საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც ამ ვალდებულებაზე მიუთითებს.
ამასთან არ არსებობს საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ დადგენილი ბუნებრივი დანაკარგების ნორმების ფარგლებში არსებულ დანაკლისზე ამ დადგენილი ნორმებით სარგებლობისთვის, საწარმო ვალდებულია რაიმე სახის ინფორმაცია წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს. შესაბამისად, შეხვედრის მიუხედავად არათუ წარსულ პერიოდზე მიღებული სამართალდარღვევის დარიცხვის მართებულობა დარჩა გაურკვეველი, არამედ ასევე ბუნდოვანია სამომავლოდ თუ რა ფორმით და რა სახით უნდა იმოქმედოს კომპანიამ, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე არ დადგეს და კიდევ დამატებით ჯარიმები არ დაერიცხოს, იმ ქმედებაზე რაც არ ჩაუდენია. შეხვედრის შემდგომ, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კიდევ ერთი შეხვედრა შემდგარიყო მოცემულ საკითხთან დაკავშრებით. განმეორებით შეხვედრის შემდგომ საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ მკაფიოდ დაფიქსირდა პოზიცია იმის შესახებ, რომ მოცემული საკითხის გადაწყვეტა არსებული კანონმდებლობის ფარგლებში შეუძლებელია და მოუწოდა, რომ სამომავლოდ მსგავსი პრობლეების თავიდან აცილების მიზნით განაცხადის ფორმით მიმართოს შემოსავლების სამსახურის უფროსს სადაც დეტალურად იქნება ახსნილი მათი ფაქტობრივი გარემოებები და შეკითხვა იმასთან დაკავშრებით, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში დადგენილი ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობებით სარგებლობა, ისე რომ არ მოხდეს დამატებით სანქციების დარიცხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე ნათლად ჩანს რომ ამ კონკრეტულ მომენტში თავად --- გეზი-შიც არ არსებობს ზუსტი და ყოვლისმომცველი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოიქცეს კომპანია თუნდაც სამომავლოდ რომ თუნდაც მომავალში იქნეს აცილებული მსგავსი უკანონო ჯარიმების დაკისრება საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან. მიაჩნია რომ ამ რეალობიდან გამომდინარე --- გეზის მხრიდან არ უნდა მომხდარიყო საკითხის ასეთი ზედაპირული შეფასება და საკითხის ყოველგვარი შესწავლის გარეშე ბუნებრივი დანაკარგების ნორმების იგნორირება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აქვს უსამართლობისა განცდა.
არგუმენტი 6 - ჩვენი კომპანიისა და საწყობის კომპანიის სოლიდარულად დაჯარიმებისას წარმოშობილი სირთულეები გარდა იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოხდა სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოთ დაჯარიმება, აგრეთვე საწყობის მფლობელ კომპანიასაც დაერიცხა ჯარიმები. მომჩივნის ინფორმაციით საწყობის მფლობელ კომპანიას დაერიცხა ასევე ძირითადი გადასახადის თანხები რითაც მისი კომპანიის გარდა ეს კომპანიაც სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნა როგორც დაჯარიმებული ასევე დაბეგრილი. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს აღნიშნული ჯარიმის კომპანიისთვის დარიცხვის საფუძველი, მისი კომპანიის გარდა სრულიად უსაფუძვლოდ ჯარიმდება სხვა კომპანია და ერთი და იგივე ჯარიმის თანხები ერიცხება ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გადამხდელს, რითაც მეიჯარე კომპანიას აღნიშნული თანხით უმცირდება საგარანტიო თანხა და ამ კომპანიას დამატებითი სახსრების მოძიების ვალდებულება უჩნდება. ეს უკანასკნელი იწვევს დამატებით გართულებებს და ხელს უშლის როგორც მას, ასევე საწყობის გამქირავებელ კომპანიასაც მიმდინარე საოპერაციო საქმიანობაში. გამომდინარე იქიდან რომ არ არსებობს ჯარიმის დაკისრების საფუძველი მისი კომპანიისათვის, ჯარიმის დაკისრება მომჩივნის გარდა ხდება სხვა პირზეც რითაც ხელი ეშლება ამ კომპანიასაც თავისი საქმიანობის განხორცილებაში. გარდა ამისა ცალკე რისკი არსებობს საგადასახადო ორგანოების მხრიდან უკანონოდ აღნიშნული საქონლის დანაკლისად აღიარებასთან დაკავშირებით, კერძოდ აღნიშნული ოქმის გამო ადვილად შესაძლებელია დაერიცხოს დანაკლისის დღგ-სა და მოგების გადასახადის თანხებიც, რაც კიდევ უფრო ართულებს და ამძიმებს ისედაც მძიმე მდგომარეობას. ამდენად ითხოვს, რომ გათვალისწინებულ იქნას ეს გარემოებებიც და გაუუქმდეს უკანონოდ დარიცხული ჯარიმის თანხა.
არგუმენტი 7 - საგადასახადო ორგანოს მიდგომები დანაკარგის ნორმების გათვალისწინებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანების №994 (მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე) 92 მუხლის მე-8 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია საგადასახადო მონიტორინგის განხორციელებისას აღრიცხული მონაცემები გამოიყენოს თავისი საქმიანობის შედეგების დასაზუსტებლად (მაგ.: გამოსავლიანობის ნორმის, დანაკარგის დასადგენად) შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ შემოსავლების სამსახურისთვის სათუოა დანაკარგისა და გამოსავლიანობის ნორმების ნამდვილობა არსებული პრაქტიკის მიხედვით უნდა დაინიშნოს საგადასახადო მონიტორინგის ღონისძიება რის შედეგადაც უნდა გადამოწმდეს ასეთი დანაკარგის ნამდვილობა ან გამოითქვას მოსაზრება დანაკარგის ნორმის შეუსაბამობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კომპანიების კამერალურ ან გასვლით საგადასახადო შემოწმებას ან თუნდაც სმფ- ის ინვენტარიზაციის პროცედურას შემოსავლების სამსახურშიც უპრობლემოდ ხდება ბუნებრივი დანაკარგის ნორმების გათვალისწინება თუ სრულდება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები და აღნიშნულ შემთხვევებში არ ხდება ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესაბამისი საქონლის დანაკლისად აღიარება.
შემოსავლების სამსახურში არსებული მიდგომის მიხედვით მთავარია:
1. საქონლის ფაქტობრივი ნაკლებობა შეესაბამებოდეს (არ აღემატებოდეს) ბუნებრივი დანაკარგების ნორმით მიხედვით გამოანგარიშებული საქონლის ნაკლებობას.
2. საქონლის ნაკლებობა ასახული იყოს ბუღალტრულ აღრიცხვაში როგორც ბუნებრივი დანაკარგი. შემოსავლების სამსხურის აუდიტის დეპარტამენტის პრაქტიკის მიხედვით თუ სახეზეა ზემოთ აღნიშნული 2 პირობა საგადასახადო აუდიტის დროს უპრობლემოდ ხდება ასეთი საქონლის ნაკლებობის გათვალისწინება და არ ხდება აღნიშნული საქონლის დანაკლისად აღიარება და მოგებისა და დღგ-ით დაბეგვრა, ვინაიდან საქონლის დანაკლისი სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით განმარტებულია როგორც:
„11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი.
ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი. “
აქედან გამდინარე საგადასახადო დაბეგვრისას მოქმედი კანონმდებლობიდან და არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ზემოთ ხსენებული 2 წინაპირობის შესრულება და ამ შემთხვევაშიც არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო დანაწესი შემოსავლების სამსახურის ინფორმირების (განცხადების გაგზავნისა თუ სხვა ფორმით) ნაწილში, ამასთან ზემოთ ხსენებული 994-ე ბრძანების მიხედვით ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესაბამის საქონლის ნაკლებობაზე არ ვრცელდება არც ვადაგასული ან უვარგისი საქონლის ჩამოწერის პროცედურები (იხ. ფინანსთა მინისტრის 994-ე ბრძანების თავი VIII , სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა).
აქედან გამომდინარე ვინაიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის მხრიდან დადგენილია ნავთობპროდუქტების დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, და არც საგადასახადო და არც საბაჟო კანონმდებლობის ნაწილში არსებობს შესაბამისი ორგანოს პერიოდული ინფორმირების ვალდებულება მიაჩნია, მის მდგომარეობაში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ცოტა უფრო სიღრმისეულად უნდა შეესწავლა საკითხი და არ უნდა მომხდარიყო მისი დაჯარიმება ბანალურად მათ პროგრამაში არსებული ნაშთიდან გამომდინარე ბუნებრივი დანაკარგების ნორმების სრული იგნორირების ფონზე.
არგუმენტი 8 - სხვა უზუსტობები საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია ბოლო დასაწყობებული დეკლარაცია ნომრით C--- და მიჩნეულია, რომ ამ ბოლო დეკლარაციით შემოტანილი საწვავი ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად, რასაც არ ეთანხმება, რადგან შეუძლებელია მოხდეს კონკრეტული საწვავების იდენტიფიკაცია შესაბამისი სასაწყობო დეკლარაციის ნომრით, ვინაიდან 1 დეკლარაციით მიღება ზოგიერთ შემთხვევაში 1 რეზერვუარში ნაწილდება ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ერთდროულად რამდენიმე რეზერვუარებში. შესაბამისად ბუნებრივია, რომ ამ რეზერვუარებში სისტემატიურად ხდება საწვავის როგორც მიღება ასევე გაცემა. ამ ყველაფრის საფუძველზე სასაწყობო დეკლარაციით საქონლის განბაჟებისას შეუძლებელია იმის დადგენა თუ რომელი დეკლარაციით მიღებული განუბაჟებელი სითხე განაბაჟა. მოცემული გარემოებიდან გამომდინარე, კომპანიამ შიდა სააღრიცხვო პოლიტიკით გადაწყვიტა, რომ საქონლის განბაჟებისას გამოიყენოს ე.წ FIFO მეთოდი რაც გულისხმობს, იმას რომ საბუთის მიხედვით პირველ რიგში ანბაჟებს იმ საქონელს რომელიც უფრო ადრე მიიღო, შესაბამისად ბუნებრივი დანაკარგი (აორთქლების შედეგად) სრულ საოპერაციო პერიოდზე ვრცელდება და არა ბოლო დეკლარაციაზე.
აქედან გამომდინარე განკარგულად მიჩნეული საქონელი წარმოადგენს არა ბოლო საბაჟო დეკლარაციის შემოტანილ საქონელს როგორც ეს მითითებულია სამართალდარღვევის ოქმში არამედ წარმოადგენს დიდი ხნის განმავლობაში შემოტანილი და გაიმპორტებული საქონლის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების მიხედვით დაგროვილ საქონლის დანაკარგს, რა დროსაც სრულიად წარმოუდგენელია რომ მომხდარიყო C--- დეკლარაციის შემოტანილი საქონლის უკანონოდ განკარგვა, ვინაიდან თუ ამ დეკლარაციით შემოტანილი საქონელი უკანონოდ განკარგულად ჩაითვლება გამოვა რომ მთელი ამ წლების განმავლობაში შემოტანილი საქონელი სრულიად უდანაკარგოთ იყო შემოტანილი და რეალიზებული საქართველოში, რაც უბრალოდ გამორიცხულია, ვინაიდან ბუნებრივი დანაკარგის ნორმები დადგენილია შემოსავლების სამსახურის მიერვე და გამოქვეყნებულია ოფიციალურად ამ უწყების ვებ გვერდზე.
არგუმენტი 9 - ოქმით დარიცხული სანქციის გაუქმების სხვა საფუძვლები
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინება და ადეკვატური ანალიზი მიგვიყვანს იმ დასკვნამდე, რომ დარიცხული სანქციის თანხის დარიცხვა მოხდა არასწორად, რაც აშკარად გამოწვეულია საბაჟო დეპარტემენტის თანამშრომლებისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის საერთოდ არ არსებობით, ასევე საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მხრიდან საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების არასაკმარისად შესწავლისა და ზემოთ ხსენებული საკითხის მოქმედი კანონმდებლობის რეგულირების არ არსებობისა და ორაზროვნებიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გაუსვათ საბაჟოს კოდექსის შესაბამის ნორმას, კერძოდ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით:
11. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. გარდა იმისა რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, მომჩივნის აზრით სახეზეა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის № 9021 ბრძანებით დამტკიცებული დანართი 4-ის საფუძვლით სანქციის გაუქმების წინაპირობა არის კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი მომენტი, რაც მომჩივნის აზრით კიდევ ერთი საფუძველია იმისა რომ მოხდეს დარიცხული სანქციის გაუქმება.
კერძოდ ამავე ბრძანების (2022 წლის 11 აპრილის № 9021 ბრძანება) დანართი პირველის მე-5 ნაწილის მიხედვით: „5. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის უკანონო განკარგვისათვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციისგან პირის გათავისუფლება შესაძლებელია განახორციელოს საბაჟო დეპარტამენტმა, თუ უკანონოდ განკარგული საქონლის საბაჟო ღირებულება არ აღემატება 25 000 ლარს და სამართალდამრღვევ პირს განსახილველ ფაქტამდე 12 კალენდარული თვის განმავლობაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე, 168-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაკისრებული არ ჰქონია.
ამ შემთხვევაში, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას საბაჟო სანქციის ოდენობის გრაფაში მიუთითოს ნულოვანი თანხა.“
172-ე მუხლით დაჯარიმება კომპანიის შემთხვევაში მოხდა პირველად, განკარგულად განხილული საქონელი წარმოადგენს არა ბოლო საბაჟო დეკლარაციით შემოტანილ საქონელს რომელის უკანონოდ განკარგვაც მოხდა, არამედ მრავალი წლის განმავლობაში შემოტანილ საქონელს რა დროსაც თითო დეკლარაციის მიხედვით ბუნებრივი დანაკარგი არ აღემატებოდა 25 000 ლარს - შესაძლებელია მსჯელობა იმაზეც ხომ არ არის აღნიშნული ჯარიმის გაუქმება შესაძლებელი № 9021 ბრძანების დანართი 1-ის მე-5 ნაწილის მიხედვით. მომჩივნის აზრით გამოითქვა საკმარისი არგუმენტაცია დარიცხული ჯარიმის გაუქმების საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით, თუმცა რომელი არგუმენტი იქნება გაზიარებული შემოსავლების სამსახურის მხრიდან დარიცხული სანქციის გაუქმების მიზნით, ამას მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. მთავარი არის ის რომ საბაჟო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ გადახედოს ყოველივე მის მიერ ზემოთ თქმულს და მიიღოს გადაწყვეტილება რომელიც არა რომელიმე ცალკეული საჯარო მოხელის პოზიციას, არამედ მოქმედ კანონმდებლობას ეფუძნება. აქედან გამომდინარე ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მისი მოსაზრებები და გაუქმდეს დაკისრებული სანქციის თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერა დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამ დებულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით. დანაკარგად აღიარებული ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ოდენობა უნდა მიეკუთვნოს ინვენტარიზაციის მომენტში რეზერვუარში დარჩენილ პარტიებს.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანი 2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ეტაპზე საბაჟო ორგანოს მიერ არ იყო გათვალისწინებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დადგენილი – ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანებით საბაჟო დეპარტამენტს დაევალა – შეესწავლა მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო აქტით (2024 წლის 30 ივლისის №EL257653 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი) დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, საბაჟო დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 5 მარტის №3768 ბრძანება, სადაც აღნიშნულია შემდეგი: „მომჩივნის არგუმენტი უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული, ვიანიდან მისი მხრიდან არ ყოფილა უზრუნველყოფილი საავტომობილო ბენზინის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების გათვალისწინებისათვის, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულება. კერძოდ, მითითებული ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას არ განხორციელებულა მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით განსაზღვრული – ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირის მიერ მისი ჩამოწერა, რაც დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამავე დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
მომჩივანი საჩივარში აღნიშნავს, რომ პირველი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი სანქციის თანხის არასწორად დარიცხვასთან დაკავშირებით არის ის რომ - რეალობაში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ უკანონოდ განკარგულად მიჩნეული საქონელი სრულად წარმოადგენს დიდი ხნის განმავლობაში შემოტანილი და საქართველოში რეალიზებული საქონლის ბუნებრივი დანაკარგების ნორმის შესაბამის დანაკარგს, რაც საბაჟო დეპარტამენტის მიერ საერთოდ არ იქნება გათვალისწინებული და აღნიშნული საქონელი მიჩნეული უქნა უკანონოდ განკარგულ საქონლად, რაზეც დაერიცხა შესაბამისი სანქციის თანხა. გადასახადის გადამხდელი ასევე მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლზე და მიაჩნია, რომ თუ არც საბაჟო კოდექსში და არც მის საფუძველზე გამოცემული რომელიმე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში (მაგ. ფინანსთა მინისტრის 257-ე ბრძანებაში), ან თუნდაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მეთოდურ მითითებაში არ არის მინიშნება იმის შესახებ რომ გადასახადის გადამხდელმა რაიმე პერიოდულობით უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს ასეთი დანაკარგების შესახებ (დროებითი შემოტანის ოპერაციისგან განსხვავებით საწყობის ოპერაციაში მოქცევის დროს მისი ინფორმაციით ასეთი ვალდებულება გადამხდელებს არ გააჩნიათ), მაშინ გამოდის რომ ასეთი ვალდებულებები კომპანიებს უბრალოდ არ გააჩნიათ. მომჩივანს ოქმის შედგენამდე, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ვებ-გვერდიდან კომუნიკატორის საშუალებით წარმოდგენილი აქვს შეკითხვა თუ როგორ და რა ფორმით უნდა ეღიარებინა საბაჟო საწყობში წარმოქმნილი მაქსიმალური ზღვრული ნორმით დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ოდენობები, რათა გასწორებული საბაჟოზე დაფიქსირებული ვირტუალური მარაგების ნაშთი.
მოცემულ წერილთან დაკავშრებით შემოსავლების სამსახურის მხრიდან დღემდე არ არის პასუხი გაგზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან პასუხის გამოგზავნის ვადა როგორც წესი 10 სამუშაო დღეა და პასუხის მიღების მოთხოვნით დამატებით კანცელარიაშიც კი არაერთი ზარი განხორციელდა (ნომრიდან ---). კომუნიკატორში გაგზავნილი განაცხადის რეგისტრაციის ნომერია 542606. გადასახადის გადამხდელმა საქმის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ ისე დაიწერა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომ არავის უკითხავს მომჩივნისთვის, თუ რა რაოდენობის ნაშთი ჰქონდა მომჩივანს, რამდენი იყო დანაკარგი, უნდა ყოფილიყო თუ არა საერთოდ ეს საქონელი და ასე შემდეგ.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. აღნიშნულის შემდეგ, მათ არაერთხელ განახორციელეს სატელეფონო ზარი და დაინტერესდნენ აღსრულების პროცესით, ასევე მზადყოფნა გამოთქვეს რომ ამ ეტაპზე თუ რაიმე იქნებოდა დამატებით საჭირო, ყველაფერს წარადგენდნენ. ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა ასევე აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში გამოყოფილი ჰქონდა 8 არგუმენტი, თუმცა არცერთ არგუმენტზე პასუხი სადავო ბრძანებაში არ არის გაცემული. ასევე განაცხადა, რომ კომუნიკატორის მეშვეობით გაგზავნილია წერილი, რომელზეც დღემდე პასუხი არ არის გაცემული, კერძოდ, მომჩივანი სვამდა კითხვას, რომ ჰქონდა აორთქლებული საწვავი, რომელიც ჯდებოდა ნორმებში და აინტერესებდა თუ რა ფორმით უნდა მოეხდინა აღნიშნულის ჩამოწერა, რომ საბაჟო საწყობის ნაშთზე არ გამოჩენილიყო. ასევე ითხოვა განემარტოს, კონკრეტულად სად არის ჩანაწერი (პროცედურა) გაწერილი იმასთან დაკავშირებით, რომ მომჩივანმა სხვადასხვა დროს უნდა მოახდინოს აზომვა, რათა მომავალშიც არ შეექმნას მსგავსი პრობლემა.
საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: - საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას ან საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ნავთობპროდუქტის, ასევე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვისას ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები, რომლის გათვალისწინებასაც ითხოვს მომჩივანი;
- ზემოაღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიღო ნაწილობრივ დაკმაყოფილების ბრძანება და დაევალა საბაჟო დეპარტამენტს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების შესწავლა და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება; - არც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და არც აღსრულების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის გათვალისწინებული დანაკარგის ნორმები, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებულია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმები, რაც დაადასტურა ასევე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საჩივრების ზეპირი განხილვის ეტაპზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანება არ არის აღსრულებული ამავე ბრძანების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, მომჩივნის არგუმენტაციის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურში, აღსრულების ეტაპზე საჩივრები განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივრები ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11102 ბრძანება;
3.საჩივრები, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 სექტემბრის №21071 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
2024 წლის 9 ივლისის საბაჟო საწყობის დეკლარაციით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საავტომობილო ბენზინის (40 000კგ) უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების ფაქტზე, მომჩივანს, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, სოლიდარულად შეეფარდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 43 191,99 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი მომჩივანმა 2024 წლის 28 აგვისტოს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
საბაჟო დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების შესწავლა და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, შეფარდებული ჯარიმის თანხა არ დაკორექტირებულა. შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგები, ასევე საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №11102 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23869 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 172.