ბრძანება № 33425

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33425
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 33425

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 8 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №130) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ნოემბრის №20849/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------“- ის (ს/ნ ---------) 2023 წლის 8 აგვისტოს №82928/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ივლისის №002-168 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ არასწორად არის დათვლილი ფულის მოძრაობა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადში თანხების არასწორად დარიცხვა;

2. არ ეთანხმება შემოწმების პერიოდში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების გაზრდას, რაც გამოწვეულია არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებისას საცალო და ურთიერთდამოკიდებულ რეალიზაციებზე ფასნამატის პროცენტის არასწორი დაანგარიშებით. ამასთან, მომჩივანი მიუთითებს აუდიტორის მხრიდან კომუნიკაციის არარსებობაზე და ითხოვს მისი მონაწილეობით საკითხების დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 მაისის №14780 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“-ის (ს/--------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2, მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებებისა და ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 18 მაისის №14780 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 27 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 41 236 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 824 ლარით და ჯარიმა 13 412 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 24 ივლისის №002-168 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 8 სექტემბრის №21989 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 20 ნოემბრის №20849/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №21989 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი

გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენილ იქნა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგადაც დაკორექტირდა (შემცირდა) არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლები. ასევე, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაცია (ჩაშლილი, იდენტიფიცირდება მხარეები), რომელიც განსხვავდება შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაციისგან. შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორიების შესახებ და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი განკარგვადი თანხა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის თანხისა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმის შემცირება;

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი. აღნიშნულ ცხრილში ფასნამატები დაყოფილია კატეგორიებად, კერძოდ, ტენდერის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების ფასნამატი, ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების ფასნამატი და სხვა დანარჩენი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. ფასნამატები გაანგარიშებულია უშუალოდ საქონლის სახეობის მიხედვით (დაკავშირებულია კოდებით). შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაც განხორციელდა ზემოაღნიშნული ტიპების მიხედვით და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა აქტით დარიცხული დღგ-ის თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა

დანარჩენ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადმხდელის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე ისეთი მტკიცებულება (განსხვავებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია), რაც გამოიწვევდა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოები, შესაბამისად, არ არის აღრიცხული ფულის მოძრაობა. საგადასახადო შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში, საწარმოს მიერ რეალიზებული (დოკუმენტურად დადასტურებული) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მათ შორის, დებიტორ-კრედიტორიების შესახებ ინფორმაციის შესწავლის შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი განკარგვადი თანხა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის თანხისა და შესაბამისი ჯარიმის შემცირება.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში ცვლილება შეეხო მხოლოდ დებიტორ-კრედიტორებს, ხოლო ხარჯები, რომელთა არსებობაც დასტურდება კონკრეტული დოკუმენტებით (საბანკო ამონაწერებით), რატომღაც არ იქნა გათვალისწინებული. მისი განმარტებით, საჩივარში წარმოდგენილი ნებისმიერი ციფრი და არგუმენტი გამყარებულია კონკრეტული დოკუმენტით, რომელთა განხილვა და გათვალისწინებაც გაურკვეველი მიზეზების გამო არ მომხდარა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გაანგარიშების არცერთ ეტაპზე. საჩივართან ერთად წარმოდგენილია გაანგარიშებები ცხრილის სახით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვა, რითაც შესაძლებელი იქნებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებზე დაყრდნობით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოსავლების გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადასახადის გადამხდელის პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებში (გარდა ტენდერის ფარგლებში გაყიდულისა) რეალიზაციის დროს დაფიქსირებული ფასნამატი და გავრცელებული იქნა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელშიც ფასნამატები დაყოფილია კატეგორიებად, კერძოდ, ტენდერის ფარგლებში განხორციელებული ოპერაციების ფასნამატი, ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების ფასნამატი და სხვა დანარჩენი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. ფასნამატები გაანგარიშებულია უშუალოდ საქონლის სახეობის მიხედვით (დაკავშირებულია კოდებით). შესაბამისად, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაც განხორციელდა ზემოაღნიშნული ტიპების მიხედვით და საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გაანგარიშდა დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა აქტით დარიცხული დღგ.

მომჩივანი მიუთითებს, რომ ვინაიდან კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არ საქმიანობდა ბუღალტრული პროგრამით, ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ ეს არ უნდა გახდეს ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორად დარიცხვის მიზეზი. გადამხდელი განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, რეალიზაციის თანხა უნდა გაზრდილიყო 23 292,26 ლარით და არა 80 803,38 ლარით. ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან 2 წლის მანძილზე არ მომხდარა კომუნიკაცია, ხოლო გაანგარიშებაში მოცემულია გაურკვეველი თანხები, რომელთა დაკავშირებით არსებობს საფუძვლიანი კითხვები. საჩივარზე თანდართულია ცხრილები და რეპორტები ექსელის ფორმატში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); 3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს;

2. არ ეთანხმება შემოწმების პერიოდში რეალიზებული პროდუქციის ღირებულების გაზრდას;

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ გადამოწმებულ იქნა გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორიების შესახებ და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დაკორექტირდა (შემცირდა) ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი განკარგვადი თანხა, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის თანხისა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმის შემცირება;

ასევე, გადაანგარიშებას (შემცირებას) დაექვემდებარა აქტით დარიცხული დღგ-ის თანხა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);101(1);154(1);160;161;