ბრძანება N 8385

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2023
№ დოკუმენტი 8385
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8385

18.04.2023

შპს „--ის“ (ს/ნ ---)

(მის.:---) 2022 წლის 5 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №17471/2/2022 გადაწყვეტილებით არსებითად განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ --) 2022 წლის 5 მაისის №70554/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №086-76 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების გათვალისწინებით შემოსავლების განსაზღვრას. ასევე, არ ეთანხმება სხვადასხვა მისამართებზე მიტანილი სხვადასხვა სამშენებლო მასალების და ბინების, ნასყიდობის ხელშეკრულებების თარიღების მიხედვით რეალიზებულად განხილვას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დაანგარიშებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 თებერვლის №3894 ბრძანების საფუძველზე შპს „--ს“ (ს/ნ ---) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2021 წლის 22 დეკემბრის №40076 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2021 წლის 23 დეკემბრის №086-76 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 440 826 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 245 539 ლარი, ჯარიმა 122 644 ლარი და საურავი 72 643 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში შპს „--ს“ (ს/ნ --) ქ. ---ში მიღებული აქვს უძრავი ქონებები (ბინები) შპს „---“ (ს/ნ ---) წინა პერიოდში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, რომლებიც რეალიზებულია ასევე შესამოწმებელ პერიოდში და ნაწილი ასახულია დღგ-ის დეკლარაციებში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები, სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია (ხელშეკრულებები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ნაღდი ფულის მოძრაობა) არ არის წარმოდგენილი, რაზეც შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის საბანკო ამონაწერები, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. აღნიშნულის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია რეალიზებული ბინების საფასური, რაც სრულად არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციების დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე შესწავლილ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა ღირებულებების ჩარიცხვა არ ფიქსირდება საბანკო ამონაწერში და ასევე არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციებში, აღნიშნული შემოწმებით ჩაითვალა ნასყიდობის თარიღში რეალიზებულად. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სხვადასხვა სამშენებლო მასალები, საიდანაც 46 436 ლარის საქონელზე ტრანსპორტირების დასრულების ადგილი მითითებულია სხვადასხვა მისამართები, სადაც გადამხდელი არ ახორციელებს საქმიანობას (ხულო, ქობულეთი, ზუგდიდი და სხვა ქუჩები). გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრცხო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის შეძენილი საქონლის მოძრაობა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერები, სააღრიცხო დოკუმენტაცია/ინფორმაცია (ხელშეკრულებები, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ნაღდი ფულის მოძრაობა) არ არის წარმოდგენილი. შემოწმებით დაანგარიშებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა, საბანკო ჩარიცხვებისა და გადარიცხვების გათვალისწინებით, შეადგენს 358 129 ლარს, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2023 წლის 9 მარტს გადამხდელის მონაწილეობით. 2023 წლის 9 მარტს გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა №40435/21-11 განცხადება საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. შემდგომ შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 2023 წლის 23 მარტს გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია რეალიზებული ბინების საფასური, რაც სრულად არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციების დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, ღირებულებების ჩარიცხვა არ ფიქსირდება საბანკო ამონაწერში და ასევე არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციებში.

აღნიშნული შემოწმებით ჩაითვალა ნასყიდობის თარიღში რეალიზებულად. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სამშენებლო მასალები, საიდანაც 46 436 ლარის საქონელზე ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია სხვადასხვა მისამართები, სადაც გადამხდელი არ ახორციელებს საქმიანობას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მართლზომიერად იქნა აღნიშნული საქონელი განხილული რეალიზებულად.

ასევე მართლზომიეარად ჩაითვალა შემოწმებით დაანგარიშებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა, საბანკო ჩარიცხვებისა და გადარიცხვების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

 

1. შპს „--ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების გათვალისწინებით შემოსავლების განსაზღვრას, სხვადასხვა მისამართებზე მიტანილი სხვადასხვა სამშენებლო მასალების და ბინების, ნასყიდობის ხელშეკრულებების თარიღების მიხედვით რეალიზებულად განხილვას.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დაანგარიშებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის საბანკო ამონაწერები, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემები. აღნიშნულის ანალიზის შედეგად საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული რეალიზებული ბინების საფასური, ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა ღირებულებების ჩარიცხვა არ ფიქსირდება საბანკო ამონაწერში და ასევე არ არის ასახული დღგ-ის დეკლარაციებში, ჩაითვალა რეალიზებულად.

გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სააღრცხო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის შეძენილი საქონლის მოძრაობა. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შეძენილი საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306 (2,6); 136 (3); 61 (3); 73 (4,5,9); 2(2):; 101 (1); 2021 წლამდე მოქმედი სსკ 160; 161