ბრძანება № 30751

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.12.2023
№ დოკუმენტი 30751
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 30751

08 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 7 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №84756/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ოქტომბრის №063-21 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხების მხოლოდ 75%-ის განხილვას ანაზღაურებულად, ხოლო 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6525 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“ (ს/ნ -------) კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 18 დეკემბრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2023 წლის 9 ოქტომბრის №24914 ბრძანება და №063-21 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 663 237 ლარი, მათ შორის გადასახადი 413 885 ლარი, ჯარიმა 206 943 ლარი, საურავი 42 409 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა (ინფო ბუღალტერია), საბანკო ამონაწერები, ინვოისები და სხვა ელექტრონული დოკუმენტაცია). შპს „--------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 18 დეკემბრიდან, ხოლო დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდა 2021 წლის 30 ნოემბერს. კომპანიის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს იმპორტი სამშენებლო მასალების, ნავთობის ბიტუმის და სხვა საქმიანობა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ---------- იმპორტით შემოტანილი 7 023 340 ლარის ღირებულების ნავთობის ბიტუმი, რომელიც ამავე პერიოდში რეალიზებულია სრულად ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელისგან დადგინდა, რომ კომპანიის კრედიტორული დავალიანება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 404 172 ლარს. წარმომადგენლის განმარტებით, უცხოელ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით, კერძოდ, თანხები გაიწერება ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ, რომელიც ახორციელებს შემდგომში კრედიტორებთან ანგარიშსწორებას. შესამოწმებელ პერიოდში კრედიტორებისთვის ანაზღაურებული თანხა შეადგენს 6 622 168 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციოს სისტემის მონაცემებით არ ფიქსირდება საბაჟო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა, ხოლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ (წარმოდგენილი შედარების აქტი არ არის დამოწმებული სათანადოდ). შესაბამისად, შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზისა და მეთოდური მითითების, „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი 8) მიხედვით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხის, 6 622 168 ლარის, 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი თანხა, 1 655 542 ლარი, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს „-----------“ საქმიანობის სფეროა ბიტუმის იმპორტი ----------- და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ბიზნესის ძირითადი იდეა პროდუქტის სწრაფად მიღება და რეალიზაციაა. აღნიშნული განაპირობებს როგორც შესყიდვის, ასევე, რეალიზაციის ფასს. საქონლის შესყიდვისას მიწოდების პირობა (CIP) ითვალისწინებს ტვირთის თბილისამდე ტრანსპორტირებას. შესაბამისად, გადახდილი თანხა მოიცავს ტრასპორტირების ღირებულებასაც. მომწოდებლის პირობით, თანხის გადახდა ხდება ნაღდი ანგარიშსწორების გზით. თანხა გადაეცემა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს (რომელიც ემსახურება მომწოდებელს და სარგებლობს მათი ნდობით), თითო ჯერზე 10 000 აშშ დოლარი, რაც არ აღემატება მის მიერ ტრანსპორტირებული ტვირთის ღირებულებას. დროის გარკვეულ პერიოდში, მომწოდებელთან ფორმდება შედარების აქტი, რომლითაც მომწოდებლის ბეჭდითა და ხელმოწერით დასტურდება კომპანიებს შორის არსებული ვალდებულებები. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემები, დოკუმენტაცია საქონლის შესყიდვისა და დეკლარირების შესახებ და მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტები (წარმოდგენილია ასევე საჩივრის დანართად). დოკუმენტები ხელმოწერილია და დამოწმებულია ბეჭდით. გაუგებარია რას გულისხმობს შემმოწმებელი არასათანადოდ დამოწმებაში. კომპანიას ასევე წარმოდგენილი აქვს დოკუმენტაცია, სადაც სატრასნპორტო საშუალების მძღოლები ხელმოწერით ადასტურებენ თანხის მიღების ფაქტს. დოკუმენტს თან ახლავს მათი პასპორტის ასლები. რაც შეეხება საბაჟო დეკლარაციის გარეშე თანხის გატანას, გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ თანხა ქვეყნიდან არ გაჰქონდა შპს „-----------“ წარმომადგენელს, შესაბამისად, ვერ გამოჩნდებოდა საბაჟო დეკლარაციაში თანხის კომპანიის მიერ დეკლარირების ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის გადახდილი თანხის სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხის სათანადო წესით დამოწმებული მტკიცებულება;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხების მხოლოდ 75%-ის განხილვას ანაზღაურებულად, ხოლო 25%-ის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს იმპორტი სამშენებლო მასალების, ნავთობის ბიტუმის და სხვა საქმიანობა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება იმპორტით შემოტანილი ნავთობის ბიტუმი, რომელიც ამავე პერიოდში რეალიზებულია სრულად ადგილობრივ ბაზარზე.შესაბამისად, შემოწმების პროცესში ჩატარებული ანალიზით, „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი 8) მიხედვით იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადასახდელი თანხის, 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო დარჩენილი თანხა, ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად.ომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5);72(1);105(2);12;154;