გადაწყვეტილება №19766/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19766/2/2023
19 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 23.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19766/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ნოემბრის №006-497 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №9008 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 114 882 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 68 533
დღგ - 12 666
მოგების გადასახადი - 18 592
საშემოსავლო გადასახადი - 37 275
ჯარიმა - 32 863
საურავი - 13 486
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა იმპორტით შემოტანილი/ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მეორადი საქონლის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, სათამაშო, ჩანთა) რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ქ. ------, -------- ქ. №---ში არსებულ საწყობში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 იანვრის №1676 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 4 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივნის განმარტებით, საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას სააღრიცხვო პროგრამის საშუალებით. კომპანიაში 1.01.2015-01.05.2018 წლების საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ საწარმოს მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მყიდველი ფიზიკური პირები არ ადასტურებდნენ საქონლის შესყიდვის ფაქტს. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა გარკვეულ ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადებით გაყიდული საქონლის რეალიზაციის ფაქტის დადასტურება. თუმცა, წარდგენილ ახსნა-განმარტებაში მომჩივანი აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირები უარს აცხადებენ რეალიზაციის ფაქტის დადასტურებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ფიზიკურ პირებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელებთან დაფიქსირებული ფასნამატი (28%). აღნიშნულმა გამოიწვია საწარმოს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა ფულადი სახსრების ანალიზი, რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ საწარმოს 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გამოუვლინდა ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი 311 998 ლარის ოდენობით. გადამხდელის განმარტებით, 1.01.2022 წლის მდგომარეობით, ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა (ასევე, არ უფიქსირდება ანგარიშვალდებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნაც). საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთიდან ის ნაწილი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სჭირდებოდა 1.01.2022 წლის მდგომარეობით არსებული კრედიტორული დავალიანების (105 358 ლარი) დასაფარად ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგენილ ნაღდი ფულის ნაშთს გამოაკლდა შემოწმებით საწარმოს დირექტორზე სესხად კვალიფიცირებული თანხა 105 358 ლარი და დარჩენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ნოემბრის №28113 ბრძანება და №006-497 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 114 882 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 6 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 26 აპრილის №9008 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 97-ე, 982 , 154-ე, 43-ე მუხლებზე და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმო როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე ახდენს მეორადი საქონლის რეალიზაციას. ამასთან, ფიზიკურ პირებზე რეალიზაციის წილმა მთლიან რეალიზაციაში შეადგინა 54% (309 636 ლარი). შემოწმების მიმდინარეობისას მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია (ურთიერთშედარების აქტები) ფიზიკური პირების მიერ შეძენილი საქონლის რაოდენობის და ფასის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა არ მომხდარა. აგრეთვე, გადამხდელი სრულყოფილად არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ფიზიკურ პირებზე გაწერილი სასაქონლო ზედნადებების თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელებთან დაფიქსირებული ფასნამატი (28%). ამასთან, სადავო საკითხთან მიმართებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოწმების მიერ განხორციელდა რამდენიმე დებიტორ ფიზიკურ პირთან დაკავშირება და რომლებმაც აღნიშნული საქონლის შეძენის ფაქტები სატელეფონო საუბარში არ დაადასტურეს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, განისაზღვრა სმფების საწყისი ნაშთი, ხოლო გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულ საწყის ნაშთსა და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და დაექვემდებარა დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დავის ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს ძირითადი საქმიანობაა მეორადი საქონლით ვაჭრობა. სხვა სახის შემოსავლის მიღება არ ფიქსირდება. კლიენტები არიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ მემორიალური ორდერებით. აქვთ მხოლოდ ერთი საწყობი (ქ. -------, ------- ქ. ---). სხვა მაღაზიები, საწყობები, კომერციული ფართები არ აქვთ.
მიღებული საქონლის თავდაპირველ ღირებულებას უმატებენ 8%-ს და ასე ყიდიან საქონელს. საწარმოს დაფინანსების წყარო არის გაყიდული საქონლით მიღებული შემოსავალი. დღგ-ის ჩათვლებს იყენებენ მიღებული საქონლის მიხედვით. ბუღალტრული პროგრამები არ აქვთ, აწარმოებენ მემორიალურ ორდერებს. საქონლის შეძენას ახდენენ ადგილზე სათანადო ზედნადებებით ან შემოაქვთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რაზეც გააჩნიათ საბაჟო დეკლარაციები. საქონლის რეალიზაციას ახდენენ მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით.
მიღებული საქონელი: 2019 წელი - 122 470 ლარი; 2020 წელი - 97 969 ლარი; 2021 წელი - 136 379 ლარი.
რეალიზაცია: 2019 წელი - 152 908 ლარი; 2020 წელი - 74 771 ლარი; 2021 წელი - 174 418 ლარი.
1.01.2019 წელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს თავდაპირველი ღირებულებით 151 930 ლარს. 9.09.2021 წლის ჩათვით სმფ-ები თავდაპირველი ღირებულებით არის 148 140 ლარი. 1.01.2022 წლის მდგომარეობით კი შეადგენს თავდაპირველი ღირებულებით 148 140 ლარს.
საქონელი დაყადაღებულია. 9.12.2021 წლის №011-4596/1 ბრძანება უკვე განხილულია სასამართლოზე. ჩატარებულია აუქციონის ყველა ეტაპი, რის შედეგადაც არ მოხდა საქონლის რეალიზაცია და უახლოეს დღეებში გაიტანენ სახელმწიფოზე გადასაცემად. დავალიანებები ჩამოწერილია და საქონელიც არ ერიცხებათ.
1.01.2019 და 1.01.22 წლის პერიოდისთვის ნაღდი ფულის ნაშთი არ არის. 1.01.2019 წლის მდგომარეობით დებიტორები არ ჰყავთ. კრედიტორების დავალიანება არის 42 651 ევრო. 1.01.2022 წლის მდგომარეობით დებიტორული დავალიანება არის 55 180 ლარი. კრედიტორული დავალიანება არის 91 800 ლარი და 42 651 ევრო.
დღეის მდგომარეობით საქონლის ნაშთები არ აქვთ. წინა შემოწმების დროს აღსრულების ბიუროს მიერ იქნა გატანილი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 14 ივნისის №14/939 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს გამოყვანილ იქნა 28.02%-იანი ფასნამატი, რომელიც გაავრცელეს 2019-2021 წლების პერიოდზე. აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის დროს საქონლის აღურიცხაობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სხვაობა არ გამოვლენილა.
28.02%-იანი ფასნამატი არარეალურია, რადგან ახდენენ მეორადი საქონლით ვაჭრობას, რომელიც არის მესამე კატეგორიის. ამ ფასნამატით გაყიდვა შეუძლებელია, რადგან ბაზარი გაჯერებულია მეორადი საქონლით. საქონლის რეალიზაციას ახდენენ თავდაპირველ ღირებულებას + 8%. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა გარკვეულ ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადებებით გაყიდული საქონლის რეალიზაციის ფაქტის დადასტურება, თუმცა წარდგენილ ახსნა-განმარტებებში აღნიშნავენ, რომ ფიზიკურმა პირებმა სიტყვიერად დაადასტურეს, რომ სინამდვილეში შეიძინეს მეორადი მოხმარების საქონელი, მაგრამ უარს აცხადებენ ახსნა-განმარტებაზე, ხელის მოწერაზე და არ ეთანხმებიან. სინამდვილეში ზედნადები შევსებულია. გადასახადი გადახდილია.
მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ზემოაღნიშნული გარემოებები, განხილულ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეძლებისდაგვარად შეუმცირდეს დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა
არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
საწარმო ახდენს მეორადი საქონლის რეალიზაციას როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე. ფიზიკურ პირებზე რეალიზაციის წილმა მთლიან რეალიზაციაში შეადგინა 54%. შემოწმების მიმდინარეობისას მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ფიზიკური პირების მიერ შეძენილი საქონლის რაოდენობის და ფასის შესახებ, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა არ მომხდარა. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა რამდენიმე დებიტორ ფიზიკურ პირთან დაკავშირება, რომლებმაც აღნიშნული საქონლის შეძენის ფაქტები სატელეფონო საუბარში არ დაადასტურეს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ფიზიკურ პირებზე გაწერილი სასაქონლო ზედნადებების თვითღირებულებაზე მართლზომიერად გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელებთან დაფიქსირებული ფასნამატი (28%).
საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, განისაზღვრა სმფ-ების საწყისი ნაშთი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულ საწყის ნაშთსა და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად და დაექვემდებარა დაბეგვრას.
აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდის შემოწმების შედეგები გასაჩივრებული იყო დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.04.2021 წლის №11022/2/2020 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გავრცელებული ფასნამატი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის განმარტებით, საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას სააღრიცხვო პროგრამის საშუალებით. კომპანიაში 1.01.2015-01.05.2018 წლების საანგარიშო პერიოდზე ჩატარებული იყო საგადასახადო შემოწმება, რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ საწარმოს მიერ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული მყიდველი ფიზიკური პირები არ ადასტურებდნენ საქონლის შესყიდვის ფაქტს. ფიზიკურ პირებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელებთან დაფიქსირებული ფასნამატი (28%). აღნიშნულმა გამოიწვია საწარმოს დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ზრდა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა ფულადი სახსრების ანალიზი, რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ საწარმოს 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გამოუვლინდა ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი 311 998 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთიდან ის ნაწილი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სჭირდებოდა 1.01.2022 წლის მდგომარეობით არსებული კრედიტორული დავალიანების (105 358 ლარი) დასაფარად ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
ამასთან, შემოწმებით დადგენილ ნაღდი ფულის ნაშთს გამოაკლდა შემოწმებით საწარმოს დირექტორზე სესხად კვალიფიცირებული თანხა 105 358 ლარი და დარჩენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 ნოემბრის №28113 ბრძანება და №006-497 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 114 882 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 6 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 26 აპრილის №9008 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 73(5"ა")(4)(9"ბ"), 159(1"ა"), 163(1), 164(1), 101(1), 154(1"ა"), 97(1"ბ"), 982(3"ზ")(8)(2"ბ").
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1''ა.ა'' "ა.ბ.დ").
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 წლის N 34 ბრძანება.