გადაწყვეტილება №25656/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25656/2/2025
06 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------15.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25656/2/2025).
დავის საგანი:
ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყებაზე უარის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის №086-57 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17602 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 68 012,94 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 37 700
ჯარიმა - 18 850
საურავი - 11 462,94
პროცედურული გარემოებები
ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებათა გამო საგადასახდო დავის განახლების და აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის №086-57 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17602 ბრძანებით, საჩივრები ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის №086-57 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების ნაწილში დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17602 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ მომჩივნის მიერ 2023 წლის 6 დეკემბრის №086-57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 25 იანვარს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 5 თებერვლის №1983 ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი. ასევე, 2024 წლის 10 დეკემბერს და 2025 წლის 28 აპრილს წარმოდგენილი საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №26995 და 2025 წლის 28 აპრილის ბრძანებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301- ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის პირველი და 2 ივლისის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №086- 57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს რომ 2025 წლის პირველ ივლისს №102917/21 საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს. წარდგენილ საჩივარში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე დაყრდნობით ითხოვდა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2023 წ. №1660 საგადასახადო შემოწმების აქტის, 6.12.2023 წ. №30602 ბრძანების და 6.12.2023 წ, №086-57 საგადასახადო მოთხოვნის გადახედვას, ხელახალ განხილვა/გაბათილებას.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს №17602 ბრძანება, რომლითაც უარყოფილია გადამხდელის მოთხოვნა, წარმოადგენს უკანონო და დაუსაბუთებელ ადმინისტრაციულ აქტს. გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, ასევე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას. ადმინისტრაციული აქტის ერთ-ერთი არსებითი თვისებაა - მისი კანონიერება, რაც ნიშნავს, რომ აქტის შინაარსი უნდა ემყარებოდეს მოქმედ კანონმდებლობასა და ფაქტობრივ გარემოებებს. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმოქმედოს კანონის უზენაესობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად. სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ ითვალისწინებს არსებით გარემოებებს ან მათზე არასწორ სამართლებრივ შეფასებას აკეთებს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა, რადგან ადმინისტრაციულ ორგანოს მატერიალურსამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. გასაჩივრებული ბრძანების გამოტანისას შემოსავლების სამსახურმა დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ობიექტური ანალიზი, მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებს ადასტურებდა.
1. №17602 ბრძანებაში შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.
2. ადმინისტრაციულ სამართალში ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს გადაწყვეტილების გადახედვის შესაძლებლობა. გასაჩივრებულ ბრძანებაში კანონის უადგილო კოპირება და შაბლონური მოკლე განმარტება, ერთის მხრივ, არის აშკარად დაუსაბუთებელი და არ პასუხობს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შინაარსობრივ შეფასებას, ხოლო მეორეს მხრივ, ბრძანებაში სიღრმისეულად უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები განმარტებული, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. შემოსავლების სამსახური ვალდებული იყო გასაჩივრებული აქტის დასაბუთებაში მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო ამგვარი ბრძანების მიღებას. შაბლონური ფრაზა, რომ „გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს“, მიზეზის/წინმსწრები მოვლენების აუხსნელად, დაუშვებელია. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №30231 ბრძანების საფუძველზე ფ/პ ------- (პ/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „-------“-თვის (ს/ნ -------) სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №30602 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №086-57 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 68 012 ლარი, მათ შორის გადასახადი 37 700 ლარი, ჯარიმა 18 850 ლარი და საურავი 11 462 ლარი.
საგულისხმოა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ კამერალური შემოწმება ფაქტობრივად ერთ დღეში ჩატარდა და გადასახადის გადამხდელი ინფორმირებული არ ყოფილა, ასევე, არც აუდიტორების მიერ მომხდარა რაიმე სახის ინფორმაციის ან ახსნა-განმარტების გამოთხოვა გადასახადის გადამხდელისგან, მაშინ როდესაც სსკ-ის 263 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტორები უნდა დაინტერესებულიყვნენ გადასახადის გადამხდელის პოზიციით და ახსნა-განმარტებით, შესაბამისად, იმ დროისთვის გადამხდელს არ ჰქონია საშუალება გამოეთქვა საფუძვლიანი ეჭვი შპს „-------“-ის მიერ წარდგენილ შესყიდვის აქტების სიყალბეზე, რომელი ეჭვიც სამომავლოდ, გამოძიების შედეგად გამართლდა.
აღნიშნულზე ინფორმაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2024 წლის 1 ოქტომბერს, შემოსავლების სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო აღნიშნული მისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, 2025 წლის 30 ივნისის №935/15-04-01 დოკუმენტით გახდა ცნობილი. ადმინისტრაციული აქტების საფუძველია გაყალბებული შესყიდვის აქტები, რომელთა სიყალბე არსებით გავლენას ახდენს აღნიშნულ საქმეზე და ყალბად ზრდის ერთობლივ შემოსავალს. გაყალბებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 5.12.2023 წელს გამოცემული №1660 საგადასახადო შემოწმების აქტი, 06.12.2023 წელს გამოცემული №30602 ბრძანება და 06.12.2023 წლის №086-57 საგადასახადო მოთხოვნა მიჩნეული უნდა იქნას ბათილად, მით უფრო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმოქმედოს სამართლიანად, გონივრულად, კეთილსინდისიერად და პროპორციულად. ხოლო შემოსავლების სამსახურის მსჯელობა, რომ გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს მცდარია და მიანიშნებს საქმის გულგრილ შესწავლა/დამუშავებაზე.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ------- მიმართ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის თარიღია - 2023 წლის 6 დეკემბერი; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, 2025 წლის 30 ივნისს, გაცემულ დოკუმენტზე დაყრდნობით კი დგინდება, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №092240123019 საქმეზე, შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 8.08.2024 წელს, შპს „-------“-თან განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით, მოწმის სახით გამოკითხული იქნა ------- (პ/ნ -------), ხოლო 1.10.2024 წელს საქმის მასალები, მათ შორის ------- მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს. უდავო, დადასტურებული ფაქტია, რომ გასაჩივრების ვადაში ან/და არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე (2023 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით) ვერ იქნებოდა ცნობილი საჩივრის ავტორისთვის ზემო ხსენებული გარემოება, რადგან თავად ------- 8.08.2024 წელს დაიკითხა მოწმის სახით სისხლის სამართლის საქმეზე (№092240123019). ოფიციალური დოკუმენტი კი რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახდა, 2025 წლის 30 ივნისით თარიღდება.
საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, რომ საქმის ხელახალი განხილვის საფუძველია „ახალი აღმოჩენილი გარემოება“, რომელიც არ იყო და არ შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო მხარისთვის საქმის განხილვისას და მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე, არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგზე; სისხლის სამართლის №092240123019 საქმეზე, შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, გამოძიების მიმდინარეობა და გამოძიების დროს დადგენილი ფაქტები, მათ შორის შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირთა აღიარებითი ჩვენები, რომელიც საგადასახადო მოთხოვნის გამოცემიდან თითქმის ერთ წელში იქნა გადაგზავნილი შემოსავლების სამსახურში, წარმოადგენს ობიექტურად ახალ ფაქტობრივ გარემოებას, რადგან ხსენებული ფაქტი, თავდაპირველი განხილვისას არ იყო ცნობილი და იგი უშუალოდ ზეგავლენას ახდენს გადასახადის დარიცხვის კანონიერებაზე. ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე დაყრდნობით საქმის ხელახლა განხილვისას, გადამხდელს ეკისრება მტკიცების ტვირთი გარემოების არსებობაზე, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანომ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს გარემოებები არ ცვლის საქმის შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, მიღებული ბრძანების მოკლე შაბლონური განმარტება, შესაძლებელია განხილულ იქნეს, როგორც უგულებელყოფა სისხლის სამართლის დანაშაულისა, აღნიშნული ფაქტის იგნორირება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუშვებელია და წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. აქვე, 2025 წლის პირველ ივლისამდე, საჩივრის ავტორის მიერ ზეპირსიტყვიერად გამოთქმული ეჭვები, ადმინისტრაციულმა ორგანომ არც ერთხელ არ აღიქვა დადასტურებულ ფაქტად, შესაბამისი მტკიცებულების გარეშე, 2025 წლის 30 ივნისს მოპოვებულ იქნა დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად ადასტურებს არაკანონიერი ქმედებების, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტებს ------- მიმართ.
შემოსავლების სამსახურმა, აცნობა, რომ შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების თაობაზე შედგენილი ყველა შესყიდვის აქტი ამოღებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2024 წლის 16 აპრილს, 2024 წლის 21 მარტის №11ა/8065-24 და №8064 ------- საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შესაბამისად ზემოთხსენებული დოკუმენტაცია აუდიტის დეპარტამენტში არ ინახება. 2024 წლის 21 მარტის N11ა/8065- 24 და N8064 ------- საქალაქო სასამართლოს განჩინებების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება, შემოსავლების სამსახურისთვის ხელმისაწვდომია, ხოლო ის ფაქტი, რომ შესყიდვის აქტები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურში აღარ ინახება ცხადყოფს კიდევ ერთხელ, რომ არსებობს დადასტურებული ეჭვი მათი გაყალბების თაობაზე. ------- მიერ 2025 წლის პირველ ივლისამდე წარდგენილი არცერთი საჩივარი არ იყო, წარმოდგენილი ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი მითითებით და რაც მთავარია, არცერთ მათგანს არ ერთვოდა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად მომჩივანი არ იზიარებს 2025 წლის 5 აგვისტოს მიღებულ ბრძანებაში განმარტებას, იმის თაობაზე, რომ „გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს. სწორი სამართლებრივი ფორმით საჩივრის წარმოდგენა განხორციელდა 2025 წლის პირველ ივლისს და ჩვენი ვალდებულება შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის თაობაზე განხორციელდა ჯეროვნად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტით ოფიციალურად დასტურდება რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №092240123019 საქმეზე, შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 08.08.2024 წელს, შპს „-------“-თან განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით, მოწმის სახით გამოკითხული იქნა ------- (პ/ნ -------), ხოლო 01.10.2024 წელს საქმის მასალები, მათ შორის ------- მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს და რომ შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების თაობაზე შედგენილი ყველა შესყიდვის აქტი ამოღებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2024 წლის 16 აპრილს, 2024 წლის 21 მარტის N11ა/8065-24 და N8064 ------- საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მტკიცებულებათა ერთიანობა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით/სწორი ფორმით წარმოდგენილი 2025 წლის 1 ივლისის საჩივარი, რომელიც ცალსახად ადასტურებს, ახლად აღმოჩენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამ გარემოებების უგულებელყოფა კი, რომლებიც შეიძლება ფუნდამენტურად ცვლიდეს საგადასახადო მოთხოვნის არსს და საფუძვლებს, არღვევს ადმინისტრაციული წარმოების სტანდარტებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაურკვეველია ბრძანებაში მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებებს. როგორც უკვე აღინიშნა, შესაბამისი განმარტებისა და მიზეზის ახსნის გარეშე შეუძლებელია მიხვდეს რას გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანო?! მათი მხრიდან წარდგენილი დოკუმენტი არ არის საკმარისი?! თუ გვავალდებულებს რომ გადამხდელს თავიდანვე უნდა სცოდნოდა, რომ წარდგენილი დოკუმენტები იყო ყალბი.?! სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არის მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს ვალდებულება, გამორიცხულია გადასახადის გადამხდელისგან საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის პერიოდში ამ გარემოების დადასტურებულად ცოდნა, აქვე გადასახადის დარიცხვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება საგადასახადო ორგანოს ანუ აქტის კანონიერება ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაამტკიცოს, მისი უკანონობის მტკიცების ტვირთი გადამხდელს არ ეკისრება.
იმ ფაქტის იგნორირება, რომ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის საფუძველი - შესყიდვის აქტები არის გაყალბებული, წარმოადგენს კეთილსინდისიერი ადმინისტრაციული განხილვის უგულებელყოფას. ასევე, აღნიშნულზე სისხლის სამართლის საქმის მასალები 2024 წლის ოქტომბერში იქნა გადაგზავნილი შემოსავლების სამსახურში, რაც გამორიცხავს საჩივრის ავტორის ვალდებულებას, წარედგინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი პირველადი განხილვის (2023 წლის 6 დეკემბერი) დროს. საქართველოს კონსტიტუცია და ადმინისტრაციული კოდექსის პრეამბულით აღიარებულია პირის უფლება მიუკერძოებელ განხილვაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო უარს აცხადებს მოთხოვნის განხილვაზე გაურკვეველი შაბლონური ფრაზის გამოყენებით, ეს მიანიშნებს გარემოებების გამოკვლევების გარეშე გადაწყვეტილების მიღებაზე. უდავო და ცალსახაა, რომ საჩივრის ავტორს, 2025 წლის 1 ივლისამდე, არ ჰქონდა სათანადო სამართლებრივი საფუძველი ამ გარემოების დასადასტურებლად და ცხადია, არც საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის პერიოდისთვის, არ იყო ობიექტური შეფასებით აღნიშნული ცნობილი. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს №17602 ბრძანებაში მითითებული საფუძველი, თითქოს ახალი გარემოება მხარისთვის უკვე ცნობილი იყო ან მისივე მოქმედების შედეგია, წარმოადგენს ვარაუდებზე დამყარებულ შეფასებას/ბუნდოვან ინტერპრეტაციას, რაც ეწინააღმდეგება ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ დეფინიციას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად „თუ წარმოდგენილი დოკუმენტის ავთენტურობა ეჭვქვეშ დადგება და ეს დადასტურდება შემდგომი გამოძიებით, იგი წარმოადგენს ახალ გარემოებას, რაც იძლევა კანონიერ საფუძველს საქმის ხელახალი განხილვისთვის“ ასევე, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, თუ ახლად აღმოჩენილი გარემოება არსებითად ცვლის საქმის ფაქტობრივ საფუძველს, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტის გადახედვა, ხოლო უარი გადახედვაზე კანონის დარღვევად ითვლება.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (იხ. სუსგ საქმე №ბს-667-642(კ-13), 21.07.2014 წ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეში სახეზეა:
• ახალი, არსებითად მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი რელევანტური მტკიცებულებით.
• 2025 წლის 30 ივნისის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტს თუ საკმარის მტკიცებულებად არ თვლის შემოსავლების სამსახური, სულ მცირე, 2025 წლის 30 ივნისის დოკუმენტი, მყარი საფუძველია, რომ მომჩივნისთვის ობიექტურად მიუწვდომელია სისხლის სამართლის საქმის მასალები (რომელიც გადაგზავნილია შემოსავლების სამსახურში) და რომელზეც ხელი მიუწვდება ადმინისტრაციულ ორგანოს, სიღრმისეულად გამოიკვლიოს.
• გადასახადის გადამხდელისთვის, ობიექტურად შეუძლებელი იყო საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის დროისათვის აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე ყურადღების გამახვილება, შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო მოგვიანებით და დროთა განმავლობაში გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები.
2.) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 5 აგვისტოს №17602 ბრძანებით მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №086-57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა დაყრდნობილია შესყიდვის აქტებზე, რომლებიც, როგორც ამ ეტაპზე დადგენილია, მოტყუებით და უკანონოდ იქნა შედგენილი მესამე პირის მიერ, საჩივრის ავტორის ნების და ინფორმირებულობის გარეშე. აღნიშნულ აქტებზე დაწყებულია გამოძიება ფინანსური პოლიციის მიერ, რაც დასტურდება თანდართული დოკუმენტით. საგადასახადო ვალდებულება შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი ეფუძნება რეალურ ეკონომიკურ საქმიანობას და სამართლებრივად სუფთა ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებითია საქართველოს საგადასახადო კოდექსი, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის დარიცხვას მხოლოდ რეალურად განხორციელებული საგადასახადო ოპერაციების საფუძველზე. შესაბამისად, გაყალბებული შესყიდვის აქტების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ნებისმიერ გადაწყვეტილებას უნდა ახლდეს კანონის საფუძველზე მოქმედება, ობიექტურობისა და კეთილსინდისიერების დაცვით.
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ყველა არსებითი გარემოება, შეაფასოს მტკიცებულებები მთლიანობაში და თავი აარიდოს ფორმალური და საეჭვო საბუთების საფუძველზე დადგენილ ვალდებულებებს. ადმინისტრაციული აქტების - 05.12.2023 წ. №1660 საგადასახადო შემოწმების აქტის, 06.12.2023 წ. №30602 ბრძანების და 06.12.2023 წ, №086-57 საგადასახადო მოთხოვნის საფუძვლად გამოყენებული ყალბი დოკუმენტების არსებობა თავისთავად იწვევს ზემო ხსენებული აქტების ბათილობას, რადგან ის ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობისა და ობიექტურობის პრინციპებს. საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის დარიცხვისას გამოყენებული დოკუმენტების სისწორე და ნამდვილობა საგადასახადო ორგანომ უნდა შეისწავლოს სიღრმისეულად, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს დარიცხვის ბათილობას. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ყალბი ან/და არასწორი დოკუმენტების გამოყენება გადასახადის დარიცხვისას წარმოადგენს ისეთი სამართლებრივი ხარვეზის არსებობას, რომელიც „აღარ იძლევა ადმინისტრაციული აქტის კანონიერად აღიარების შესაძლებლობას“; საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა, დოკუმენტის ნამდვილობის შემოწმების გარეშე არ დაადგინოს საგადასახადო ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს წარმოადგენს კანონმდებლობის არსებით დარღვევას. კანონის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ყალბი, არარეალური დოკუმენტების საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ზემო ხსენებულ პრინციპს ეწინააღმდეგება, რადგან აქტი ეფუძნება არარსებულ იურიდიულ ფაქტს და შესაბამისად ვერ წარმოშობს საგადასახადო ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს აქტის გაუქმება ან გადასინჯვა ახლად აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე. აქტის გადახედვაზე უარი წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის უხეშ დარღვევას.
ადმინისტრაციული ორგანოს უპირველესი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უზრუნველყოფა, საჯარო ინტერესების და კანონის უზენაესობის დაცვა და რაც მთავარია, ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც აკისრია ვალდებულება დაამტკიცოს აქტის კანონიერება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. მოცემული დავის ფარგლებში კი მაინც რომელ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე?!, საჯარო ინტერესების?! და კანონის უზენაესობის დაცვაზეა საუბარი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტით დავადასტურეთ, რომ შპს "-------" აყალბებდა დოკუმენტებს და შემოსავლების სამსახურმა იმ შესყიდვის აქტებზე დაყრდნობით დაარიცხა საჩივრის ავტორს დავალიანება და გამოსცა ბრძანება, რომელიც ყალბია. ასევე, სისხლის სამართლის საქმის მასალები გადაგზავნილია 2024 წლის ოქტომბრის თვეში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში. ასევე, საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის დროისათვის გადასახადის გადამხდელისთვის ობიექტურად აღნიშნულის დამტკიცება მისი შესაძლებლობების ფარგლებს სცდებოდა.
განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება და მით უფრო არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებათა ერთიანობით, რომ შესყიდვის აქტები, რის საფუძველზეც დაანგარიშდა წლიური გადასახადი, არის ვალიდური დოკუმენტი - და თუნდაც მხოლოდ ეს ერთი წინადადება საკმარისია, გასაჩივრებული ბრძანების გაუქმებისთვის და კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. უფრო მეტიც, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების თაობაზე შედგენილი ყველა შესყიდვის აქტი ამოღებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2024 წლის 16 აპრილს, 2024 წლის 21 მარტის N11ა/8065-24 და N8064 ------- საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე და აღნიშნული ოფიციალური წერილით თავად შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა აცნობა. ანუ საფუძვლიანია დასკვნა რომ ადმინისტრაციულმა ორგანოს აქვს სრული ინფორმაცია მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი სრულიად უსაფუძვლო დაუსაბუთებელი შაბლონური ფრაზით უარს ამბობს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ლეგიტიმურია კითხვა - როდის ან რა ფორმით იქნა 2025 წლის 1 ივლისის საჩივარი _ ახალ აღმოჩენილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 05/12/2023 წ. №1660 საგადასახადო შემოწმების აქტის, 06/12/2023 წ. №30602 ბრძანების და 06/12/2023 წ, N086-57 საგადასახადო მოთხოვნის გადასინჯვასთან დაკავშირებით წარდგენილი?! ან გარდა ზეპირ სიტყვიერი მითითებებისა., ------- როდის წარადგინა ოფიციალური მტკიცებულება მისი სიმართლის დასამტკიცებლად ?! - პასუხია არცერთხელ. და კიდევ, საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის დროს თუ დავაკავშირებთ თუნდაც სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაგზავნის დროსთან - მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას დავინახავთ, რომ დიახ, 2025 წლის 1 ივლისის საჩივარი ეხება იმ მნიშვნელოვან არსებით ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც რადიკალურად ცვლის საგადასახადო მოთხოვნის არსა და შინაარსს. დანაშაულის მსხვერპლი, რომელიც რეალურად არის დაზარალებული, ერთადერთი საცხოვრებლის გარეშე რჩება და თუ საჩივრის ავტორის კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია განხორციელდება დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზე ვინ აგებს ამ შემთხვევაში პასუხს! - ცხადია ადმინისტრაციული ორგანო, იმიტომ რომ შემოსავლების სამსახურმა მცირეოდენი ყურადღებაც არ გამოიჩინა ------- მიერ წარდგენილი საჩივრის, თუნდაც ზედაპირული გაანალიზებისთვის მაშინ როცა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას და რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
საჩივარი ემყარება შემდეგ სამართლებრივ დასაბუთებას:
სახელმწიფოს ფუნდამენტური ვალდებულებაა, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა, კანონის უზენაესობის დაცვა. ყოველ კონკრეტული შემთხვევაში, თითოეული მხარის ინტერესის თანაბარზომიერი დაცვა შეფასების საგანია და მასთან დაკავშირებული დასკვნა უნდა იყოს მოტივირებული თითოეული მხარის მართლზომიერი ინტერესის დაცვის აუცილებლობით - სახელმწიფო ზოგადად თავის მოქმედებაში ეფუძნება სამართლიანობის პრინციპს, რომელიც არა მხოლოდ ინტერპრეტაციისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს მოქმედებათა ალტერნატივების სწორ არჩევანს. გამომდინარე აქედან, დისკრეციულმა უფლებამოსილებამ ლეგიტიმურად უნდა მოახდინოს ინტერესთა ბალანსი. რაც ნიშნავს, იმას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც სახელისუფლებო ძალაუფლების მატარებელი სუბიექტის, მოვალეობაა საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების იმგვარად განხორციელება, რომ დაცული იყოს კერძო პირთა უფლებები მათი არამართლზომიერი შეზღუდვის, მატერიალური ან/და მორალური ზიანის ასაცილებლად, თუმცა მიუხედავად ზემო ხსენებულისა, შემოსავლების სამსახურის მიერ, სრულიად უკანონო ბრძანების გამოცემით, უგულებელყოფილ იქნა ------- კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები.
ადმინისტრაციულ ორგანოს, მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.
საგადასახადო სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით განსაზღვრულია ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნევისა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. მართლსაწინააღმდეგოა ქმედება, რომელიც არღვევს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს. განსახილველ შემთხვევაში მომჩივანს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იგი მსხვერპლია სწორედ, რომ სხვის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულისა.
მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, და უზენაესი სასამართლო განმარტებაზე, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელი არ არის დადგინდეს, რომ პროცედურული მოთხოვნების დაცვის პირობებში ამ საკითხზე აუცილებლად სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღებოდა. ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი უნდა გაბათილდეს თუ დადგინდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვისას არსებობდა სხვაგვარი გადაწყვეტილების შესაძლებლობა თუ პროცედურული დარღვევის არ არსებობა სხვა გადაწყვეტილების მიღების გარკვეულ შანსს წარმოშობს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 (1) მუხლით, ამავე საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.
მომჩივანი ასევე მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 და 96.2 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (იხ. სუსგ საქმე №ბს-667-642(კ-13), 21.07.2014 წ.).
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული ბრძანება უკანონოა, როგორც მატერიალურსამართლებრივი, ასევე, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ ბრძანებას საფუძვლად დაუდო არსებითად მცდარი, მიკერძოებული შეფასებები და უგულებელყო საქმეში არსებული სარწმუნო, რელევანტური მტკიცებულებები. საქმეში არსებული ფაქტების / ინფორმაციის ერთობლიობა, სრულიად საკმარისია დასაბუთებული დასკვნისათვის, რომ მოცემულ საქმეზე ნეიტრალური ადმინისტრაციული ორგანო, აბსოლუტურად სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, აღნიშნულს კი თუნდაც, გასაჩივრებული ბრძანების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების მწირი შინაარსი ცხადყოფს. ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულებელყო მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის პრინციპები, რომლის თანახმად, მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, განსახილველი საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისას ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური შემოწმების შედეგად უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ წინამდებარე საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, რადგან თუნდაც განსახილველ საქმეში, შემოსავლების სამსახურმა სრულიად უსაფუძვლოდ უგულებელყო 2025 წლის 1 ივლისს წარდგენილი საჩივარი, ისე რომ გასაჩივრებულ ბრძანებაში შემოიფარგლა მხოლოდ ზედაპირული, შაბლონური ფრაზებით. წინმსწრები ფაქტებისა და მიზეზის აუხსნელად ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება, სუბიექტურ მოსაზრებებზე დამყარებული დასკვნა დაწეროს, შესაბამისი მტკიცებულების მითითების გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულის განხორციელება კი წარმოუდგენელია კანონის უადგილო კოპირებით და შაბლონური ფრაზებით.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული ფაქტების და დოკუმენტაციის ობიექტური და ლოგიკური გაანალიზებით ზემოხსენებული ფაქტები წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, სსკ-ის 299-ს მუხლის მე-7 პუნქტზე დაყრდნობით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2025 წლის 5 აგვისტოს მიღებული ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 5/12/2023 წ. №1660 საგადასახადო შემოწმების აქტი, 6/12/2023 წ. №30602 ბრძანება და 6/12/2023 წ, №086-57 საგადასახადო მოთხოვნა გადაიხედოს და მოხდეს ხელახალი განხილვა/გაბათილება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
მომჩივანს ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებად მიაჩნია, შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) სისხლის სამართლის №092240123019 საქმეზე მიმდინარე გამოძიება, რომლის შესახებ შეიტყო 8.08.2024 წელს.
მომჩივანს წარმოდგენილი საჩივრისთვის დართული აქვს (დანართი №3) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 30.06.2025 წლის №9325/15-04-01 წერილი, საიდანაც დასტურდება, რომ საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში ნამდვილად მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №092240123019 საქმეზე, შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე და ამ საქმეზე 8.08.2024 წელს მოწმის სახით გამოიკითხა -------, რაზეც საქმის მასალები, მათ შორის ------- მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, ------- საგამოძიებო სამსახურიდან მიიღეს ინფორმაცია ------- გამოკითხვის თაობაზე, მათ შორის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც გამოკითხვისას ------- განმარტა, რომ ის ეწეოდა ბაზრობაზე ბოსტნეულის რეალიზაციას სეზონურად და შპს „-------“-ის წარმომადგენლად მასთან მისული პირს სულ რამდენიმეჯერ მიყიდა საქონელი ისიც, როგორც ამ პირის კუთვნილებად ისე გადასცა და არა შპს „-------“-ზე რეალიზებულ საქონლად.
შემდგომ, როდესაც მის მიმართ ჩატარებული შემოწმების თაობაზე გახდა ცნობილი, შპს „-------“-ის მისთვის ცნობილ წარმომადგენელს მოსთხოვა პასუხი, მიიღო პირობა, რომ მიიღებდა დახმარებას ამ საკითხების მოგვარებაში, მათ შორის მოხდებოდა მისთვის წარდგენილი 6.12.2023 წლის №086-57 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრება. ამ მიზნით მინდობილობის გაცემის პროცესში კი აღმოჩნდა, რომ მოტყუებით ხელი მოაწერინეს მიღება-ჩაბარების აქტებზე.
დადენილი ფაქტია, რომ ------- წარდგენილი 6.12.2023 წლის №086-57 საგადასახადო მოთხოვნა შემოსავლების სამსახურში პირველად გასაჩივრდა 25.01.2024 წელს, აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული შემოსავლების სამსახურის 5.02.2025 წლის №1983 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სხვა იდენტურ შემთხვევებზე გამოძიებით დადგენილმა გარემოებებმა იქონია გავლენა გადამხდელისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღებად. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ------- „დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმში“ ასახული ინფორმაცია წარმოადგენს ისეთ გარემოებას/მტკიცებულებას, რაც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ საბჭოს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული გარემოებები წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებებს და შესაბამისად, საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის №086-57 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17602 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურს დაევალოს, არსებითად იმსჯელოს აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის №086-57 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყებაზე უარის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს ახლად აღმოჩენილ (გამოვლენილ) გარემოებად მიაჩნია, შპს-ს ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, რომლის შესახებ შეიტყო 8.08.2024 წელს. მომჩივანს წარმოდგენილი საჩივრისთვის დართული აქვს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 30.06.2025 წლის №9325/15-04-01 წერილი, საიდანაც დასტურდება, რომ საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში ნამდვილად მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს-ს ხელმძღვანელ პირთა მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე და ამ საქმეზე 8.08.2024 წელს მოწმის სახით გამოიკითხა მომჩივანი, რაზეც საქმის მასალები, მათ შორის ციცინო თურმანიძის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს.
გადაწყვეტილება
მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ საბჭოს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული გარემოებები წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებებს და შესაბამისად, საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(7)