ბრძანება N 5389
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5389
12 მარტი 2024
ბრძანება
შპს „------ - ის “ (ს/ნ "------")
(მის.:"------")
2024 წლის 16 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") 2024 წლის 16 თებერვლის №87778/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 დეკემბრის №007-378 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. განმარტავს, რომ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, რომლითაც მცირდება დღგით დასაბეგრი ბრუნვა.
2. გადამხდელი განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები არასწორია, ვინაიდან შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა შესყიდვის აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ნოემბრის №28124 და 17 ნოემბრის №28334 ბრძანებების საფუძველზე შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2023 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 7 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 დეკემბრის №31962 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2023 წლის 20 დეკემბრის №007- 378 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 80 201 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 51 968 ლარი, ჯარიმა 22 637 ლარი და საურავი 5 596 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, შესაბამისად არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და შემოწმებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებული აქვს 2022 წლის დეკემბერში. შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილია 313 209 ლარის სასაქონლო ზედნადები საქონლის მიწოდებაზე და დღგ-ის გადამხდელად არ არის რეგისტრირებული. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზით, გადამხდელს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განესაზღვრა 2022 წლის 11 ივლისი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
2. შემოწმების პეროცესში ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ბუღალტერია არც ელექტრონული და არც მატერიალური ფორმით, არ იქნა ასევე წარმოდგენილი დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შემოწმება ჩატარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22484 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 26 სექტემბერს ჩაუტარდა სალაროს ინვენტარიზაცია, სადაც ნაღდი ფულის ნაშთი გამოვლინდა 0 (ნული) ლარი. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 61-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალიწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდლი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ სარგებლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში არ წარადგინა დაბეგვრასთან დაკავშირებული რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციას, რომლის შესაბამისადაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და ასევე კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი, რომელიც დაიბეგრა დღგ-ით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დაბეგვრასთან დაკავშირებული რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ სარგებლად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. განმარტავს, რომ შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები, რომლითაც მცირდება დღგით დასაბეგრი ბრუნვა.
2. გადამხდელი განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები არასწორია, ვინაიდან შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა შესყიდვის აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადამხდელმა არ ითანამშრომლა შემოწმებასთან, შესაბამისად არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა და შემოწმებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებული აქვს 2022 წლის დეკემბერში.კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
2.გაანგარიშებულ იქნა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, განულებულ იქნა დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ასევე გათვალიწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდლი თანხები და საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),136,159,163,165.