ბრძანება N 18143
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18143
12 აგვისტო 2026
ბრძანება
შპს „-------- - ის“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2026 წლის 13 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 13 ივლისის №103406/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 ივლისის №007-183 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებს, მიუთითებს შემდეგ არგუმენტებზე:
● გადამხდელი მიიჩნევს, რომ სხვა კომპანიის კუთვნილი თანხა ჩათვლილია მათ შემოსავლად (14 390,37 ლარი). შესაბამისად, ითხოვს შემოსავლის ამ თანხით შემცირებას.
● გადამხდელი მიიჩნევს, რომ შესამცირებელია დარიცხული დღგ, ვინაიდან დასაბეგრი ბრუნვიდან არ არის გამორიცხული დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა. კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, მიუთითებს, რომ კომპანია შესყიდვის აქტების საფუძველზე, ფიზიკური პირებისგან, ყიდულობდა საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას: მწვანილს, ბოსტნეულს (კიტრი, პომიდორი) და ყველს. გადამხდელი აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით 100 000 ლარიანი ზღვარი ითვლის მხოლოდ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, გათავისუფლებული ოპერაციები ამ ჯამში არ უნდა შედიოდეს. ამის გათვალისწინებით, ითხოვს ზღვარის გადაჭარბების ზუსტი თარიღის ხელახლა დადგენას, ვინაიდან იგი განსაზღვრავს დღგ-ის დარიცხვის საწყის მომენტს.
● ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხარჯებში სრულად გამორჩენილია ნოტარიულად დამოწმებული, შესყიდვის აქტით დადასტურებული თევზის ხარჯი 22 056 ლარის ოდენობით.
● არ ეთანხმება ხარჯებში შესყიდვის აქტების ღირებულების მხოლოდ 75%-ის გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს განკარგულებაშია დოკუმენტური დადასტურება ხარჯის მთელ 291 246 ლარზე და არა 218 434 ლარზე, რომელიც გაითვალისწინეს.
● გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის აგროსვას და გადასახადის ასე გაანგარიშებას.
2. გადამხდელი ითხოვს, შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმის შემცირებას, მათ შორის, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 282-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის სრულად პატიებას, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 თებერვლის №4543 და 24 აპრილის №9091 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- -ის“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი იანვრიდან 2026 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2026 წლის 2 ივლისის №14895 ბრძანება და ამავე თარიღის №007-183 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 202 801 ლარი, მათ შორის, გადასახადი 118 825 ლარი, ჯარიმა 53 044 ლარი და საურავი 30 932 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● შპს „------- - ის“ საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო და საკვებით მობილური მომსახურება. შემოწმება დაეყრდნო საწარმოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაცია/დოკუმენტაციებს და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, რომლის ანალიზით დადგინდა, რომ კომპანიის სარესტორნო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ძირითადად შედგებოდა, საკურიერო მომსახურებებიდან (გლოვო, ვოლტი) და ტერმინალით მიღებული შემოსავლებიდან, ხოლო პროდუქციის შეძენას ახორციელებდა ძირითადად შესყიდვის აქტების და მცირე ოდენობით ზედნადებების საფუძველზე, შესყიდვის აქტებთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა დოკუმენტები არასრულყოფილი ფორმით (ჯამურად თვეების მიხედვით). შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მიღებული შემოსავლები და ხარჯები, რის საფუძველზეც დადგინდა საწარმოს სარესტორნო საქმიანობიდან მიღებული ფასნამატი 133%-ის ოდენობით (ფასნამატის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ შეძენილი პროდუქცია სასმელების გარეშე). შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რესგისტრირებული არ არის, ამასთან, შემოწმებით დადგინლმა ეკონომიკური საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 2023 წლის 29 აპრილს გადააჭარბა 100 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად.
● შემოწმების მიერ განხორციელდა შპს „------- - ის“ (სნ „-------“) ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და დადგინდა სხვაობა შემოწმებულ მონაცემებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოს მიღებული შემოსავლები, ხოლო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და "სიტუაციური სახელმძღვანელოს" N0256-ის საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა კომპანიის სმფ-ის ხარჯის ნაწილი, რომელზეც გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ასევე, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს „------ - ის“ სარესტორნო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ძირითადად შედგებოდა, საკურიერო მომსახურებებიდან (გლოვო, ვოლტი) და ტერმინალით მიღებული შემოსავლებიდან, ხოლო პროდუქციის შეძენას ახორციელებდა ძირითადად შესყიდვის აქტების და მცირე ოდენობით ზედნადებების საფუძველზე. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რესგისტრირებული არ არის, ამასთან, შემოწმებით დადგინლმა ეკონომიკური საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა 2023 წლის 29 აპრილს გადააჭარბა 100 000 ლარს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და დადგინდა სხვაობა შემოწმებულ მონაცემებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოს მიღებული შემოსავლები, ხოლო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და "სიტუაციური სახელმძღვანელოს" N0256-ის საფუძველზე გაანგარიშებულ იქნა კომპანიის სმფ-ის ხარჯის ნაწილი, რომელზეც გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი საქართველოს განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად:
გადამხდელი მიიჩნევს, რომ სხვა კომპანიის კუთვნილი თანხა ჩათვლილია მათ შემოსავლად (14 390,37 ლარი). განმარტავს, რომ საწარმომ სარესტორნო საქმიანობა დაასრულა 2025 წლის 17 აგვისტოს, ხოლო მომდევნო დღიდან, 2025 წლის 18 აგვისტოდან, იმავე ობიექტზე სარესტორნო საქმიანობა განაგრძო შპს „-------“ (ს/ნ „-------“). 2025 წლის 18 აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, შპს „-------- - ის" მიერ გლოვოს აპლიკაციით გაცემული პროდუქციის თანხები ტექნიკური შეცდომით კვლავ ირიცხებოდა მომჩივანის საბანკო ანგარიშზე. ამ გზით არასწორად ჩაირიცხა 14 390,37 ლარი, რომელიც მომჩივანმა დაუბრუნა შპს „--------". აცხადებს, რომ ეს ფაქტი ორივე კომპანიის დირექტორის ხელმოწერით დადასტურებულია, 2026 წლის 11 მაისის ერთობლივი ახსნა-განმარტებით. შესაბამისად, ითხოვს შემოსავლის ამ თანხით შემცირებას.
ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხარჯებში სრულად გამორჩენილია ნოტარიულად დამოწმებული, შესყიდვის აქტით დადასტურებული თევზის ხარჯი 22 056 ლარის ოდენობით. განმარტავს, რომ კომპანია ყოველთვიურად შეისყიდიდა თევზს ფიზიკური პირისგან, არსენა მღებრიშვილისგან, 1 კილოგრამს 12 ლარად. ჯამში შესყიდულ იქნა 1 838 კილოგრამი თევზი 22 056 ლარის ღირებულებით. მიმწოდებლის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ. აცხადებს, რომ 22 056 ლარი ხარჯად უნდა გამოქვითულიყო, რაც შესაბამისი ოდენობით შეამცირებს ფულის ნაშთს და შესაბამისად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გლოვოს აპლიკაციიდან არასწორად ჩარიცხულ/შემოსავალში ჩათვლილ თანხებთან და თევზის შეძენასთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივარში მითითებულ სხვა არგუმენტებს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს წარმოდგენილ საჩივარში/დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2 , 21 და 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არაღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირიარასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, გლოვოს აპლიკაციიდან არასწორად ჩარიცხულ/შემოსავალში ჩათვლილ თანხებთან და თევზის შეძენასთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადებს.
2.გადამხდელი ითხოვს, შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმის შემცირებას, მათ შორის, სსკ-ის 282-ე მუხლით დარიცხული ჯარიმის სრულად პატიებას, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
●მომჩივანის საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო და საკვებით მობილური მომსახურება.შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა მიღებული შემოსავლები და ხარჯები, რის საფუძველზეც დადგინდა საწარმოს სარესტორნო საქმიანობიდან მიღებული ფასნამატი 133%-ის ოდენობით.შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რესგისტრირებული არ არის, ამასთან, შემოწმებით დადგინლმა ეკონომიკური საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 100 000 ლარს. სსკ-ის 159-ე და 165-ე მუხლების გათვალისწინებით,გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
●შემოწმების მიერ განხორციელდა მომჩივანის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი და დადგინდა სხვაობა შემოწმებულ მონაცემებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის.შემოწმების მიერ განისაზღვრა საწარმოს მიღებული შემოსავლები, ხოლო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის,გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის აქტები. ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ასევე, გადამხდელს განესაზღვრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს წარმოდგენილ საჩივარში/დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),101,154,163,164,172,282.