ბრძანება N 9916

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.04.2024
№ დოკუმენტი 9916
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9916

29 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ს (ს/ნ ---------------)

(მის.: -------------------------------)

2023 წლის 28 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2, 16 თებერვლის და 19 აპრილის სხდომებზე (ოქმები №10, №16 და №43) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 დეკემბრის №20611/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ს (ს/ნ ---------------) №81957/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს -------ი არ ეთანხმება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში მოყვანილ ფორმულირებას „ნანახი იქნა აქციზური მარკების გარეშე არადეკლარირებული სიგარეტი (MARLBORO-214687 კოლოფი, ფილტრიანი სიგარეტი PREZIDENT FULL FLAVOUR-98309 კოლოფი)“ ვინაიდან 214687 კოლოფი სიგარეტი MARLBORO ეკუთვნის შპს „------ა“-ს (ს/ნ -------) 2019 წლის 23 დეკემბრის №----/--- საბაჟო დეკლარაცია, ხოლო 98309 კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი PREZIDENT FULL FLAVOUR ეკუთვნის შპს „----“-ს (ს/ნ -----) - 2021 წლის 12 იანვრის №---/--- საბაჟო დეკლარაცია.

მომჩივანმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოზე მიუთითა სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ანალოგიურ საქმეებზე სამართალდარღვევის შემადგენლობა გულისხმობს ერთდროულად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს. შესაბამისად, თუნდაც დეკლარანტის მიერ მითითებულ დოკუმენტსა და ფაქტობრივად არსებული საქონლის რაოდენობას შორის სხვაობის გამოვლენა „ავტომატურად არ ქმნის პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის წინაპირობას“, არამედ არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობაა დაადგინოს „მართლსაწინააღმდეგო ქმედების სახე და საქონლის განადგურების/დაკარგვის/განკარგვის ფაქტი, დრო, ადგილი, ვითარება“.

მომჩივანმა ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის იმთავითვე ცნობილი იყო როგორც ტვირთის არსებობის თაობაზე (შესაბამისად ცნობილი იყო ისიც, რომ ტვირთი ვერ იქნებოდა განკარგული, დაკარგული ან განადგურებული) და ცნობილი იყო ასევე ტვირთის მესაკუთრის თაობაზეც (რადგანაც მიუთითებს როგორც ტვირთმფლობელს, ისე დროებითი შენახვის დეკლარაციას). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები. ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელსა და დეკლარანტს შორის სამართალურთიერთობა წესრიგდება არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებადი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით, არამედ აგრეთვე მიბარების ხელშეკრულების საფუძველზე“.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვა სადავო ადმინისტრაციული აქტი ბათილად იქნას ცნობილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2021 წლის 16 დეკემბრის №-----/15-04- 02 (რეგ. №----/21-10 17.12.2021) და 20 დეკემბრის №----/15-04-02 (რეგ. №----/21-10 20.12.2021) მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 20 დეკემბრის №39356 და 2022 წლის 21 იანვრის №1120 ბრძანებების საფუძველზე, 2021 წლის 21 დეკემბრიდან - 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა ქ. თბილისში, ----სი, ----ის ქუჩა №---ში მდებარე, შპს „-------“-ს (ს/ნ ---------------) კუთვნილი საბაჟო საწყობების (---- – ----; ----- – -----) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.

აღნიშნული ბრძანებების ფარგლებში, საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება განხორციელდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციისა და „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით.

შპს „-------“-ის საბაჟო საწყობში (------ – ----) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №---- 18.05.2023), აღნიშნულ საბაჟო საწყობში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე): „MARLBORO“ – 214 687 კოლოფი („RED.EXP“ – 212 201 კოლოფი; „RED“ – 500 კოლოფი; „Core Flavour“ – 500 კოლოფი; „BLEND 29“ – 486 კოლოფი; „GOLD Lights“ – 1000 კოლოფი) და „PREZIDENT FULL FLAVOUR“ – 98 309 კოლოფი.

ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 8 მარტის ექსპერტის №------ დასკვნით შეადგინა 327 420.10 ლარი.

ვინაიდან შპს „-----“-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 30 მაისს შედგენილ იქნა №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-------“-ს (ს/ნ ---------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 327 420.10 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.

მომჩივნის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს 2019 წლის 23 დეკემბრის №----/--- და 2021 წლის 12 იანვრის №----/----- საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირებულ საქონელს (ფილტრიანი სიგარეტი: „MARLBORO“ – 215 000 კოლოფი და „PREZIDENT FULL FLAVOUR“ – 100 000 კოლოფი), წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მითითებული დეკლარაციების 30-ე გრაფის (საქონლის ადგილმდებარეობა) მიხედვით, დეკლარირებული საქონლის შენახვის ადგილს წარმოადგენდა სხვა საბაჟო საწყობი და მისი რაოდენობაც არ შეესაბამება ----- – ------ საბაჟო საწყობში აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის მონაცემებს.

შპს „------“-ის დირექტორი ------ა და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები (----ძე; ------ნი) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით (საქმე №-/---; №--------) ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი იურიდიული პირი – შპს „-------“-ი (ს/ნ ---------------) .

მითითებული განაჩენით დადგინდა, რომ შპს „------“-ის საბაჟო საწყობიდან ხორციელდებოდა არადეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, ასევე უაქციზო სიგარეტის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. საბაჟო საწყობის მიერ დარღვეული იყო არაერთი სანებართვო პირობა, მათ შორის, თვითნებურად მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიის გაზრდა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე, დარღვეული იყო საბაჟო საწყობში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების უწყვეტობა, რაც საბაჟო საწყობს საშუალებას აძლევდა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის შეტანა და კონტროლის ზონიდან საქონლის გატანა განეხორციელებინა არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად.

შპს „-------“-ს (ს/ნ ---------------) №81957/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18771 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ 2023 წლის 29 დეკემბრის №20611/2/2023 გადაწყვეტილებაში მიუთითა „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტზე და მხარეთა არგუმენტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. შესაბამისად, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18771 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს;

დეკლარანტი არის პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება.

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები;

უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ შპს „-------“-ის (ს/ნ ---------------) საბაჟო საწყობში (------ – ----) არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას (შემოწმების აქტი №------- 18.05.2023), აღნიშნულ საბაჟო საწყობში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე): „MARLBORO“ – 214 687 კოლოფი („RED.EXP“ – 212 201 კოლოფი; „RED“ – 500 კოლოფი; „Core Flavour“ – 500 კოლოფი; „BLEND 29“ – 486 კოლოფი; „GOLD Lights“ – 1000 კოლოფი) და „PREZIDENT FULL FLAVOUR“ – 98 309 კოლოფი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ 2023 წლის 18 მაისს შედგა შპს „-------“-ს (ს/ნ ---------------) საბაჟო საწყობისთვის (--------) სანებართვო პირობების შესრულებისა და საბაჟო საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმების აქტი №------, რომლითაც დარტურდება, რომ ეს დოკუმენტი შედგენილია ერთის მხრივ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების და მეორეს მხრივ შპს „-------“-ს (ს/ნ ---------------) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ----------ძის (პ/ნ -----------) მიერ, რომელიც ხელმოწერითვე ადასტურებს, რომ ჩაიბარა აღნიშნული აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „-------“-ს (ს/ნ ---------------) საბაჟო საწყობში (--------) აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი – ფილტრიანი სიგარეტი (აქციზური მარკების გარეშე): „MARLBORO“ – 214 687 კოლოფი („RED.EXP“ – 212 201 კოლოფი; „RED“ – 500 კოლოფი; „Core Flavour“ – 500 კოლოფი; „BLEND 29“ – 486 კოლოფი; „GOLD Lights“ – 1000 კოლოფი) და „PREZIDENT FULL FLAVOUR“ – 98 309 კოლოფი.

საგულისხმოა ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 იანვრის განაჩენით (საქმე №------; №--------) სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი იურიდიული პირი – შპს „-------“ი (ს/ნ ---------------) . განაჩენითაც დადგინდა, რომ შპს „-------“-ის საბაჟო საწყობიდან ხორციელდებოდა არადეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, ასევე უაქციზო სიგარეტის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. საბაჟო საწყობის მიერ დარღვეული იყო არაერთი სანებართვო პირობა, მათ შორის, თვითნებურად მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიის გაზრდა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე, დარღვეული იყო საბაჟო საწყობში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების უწყვეტობა, რაც საბაჟო საწყობს საშუალებას აძლევდა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის შეტანა და კონტროლის ზონიდან საქონლის გატანა განეხორციელებინა არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად.

რაც შეეხება მომჩივნის განცხადებას, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს 2019 წლის 23 დეკემბრის №----/----- და 2021 წლის 12 იანვრის №------/---- საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირებულ საქონელს (ფილტრიანი სიგარეტი: „MARLBORO“ – 215 000 კოლოფი და „PREZIDENT FULL FLAVOUR“ – 100 000 კოლოფი), აღსანიშნავია, რომ მითითებული დეკლარაციების 30-ე გრაფის (საქონლის ადგილმდებარეობა) მიხედვით, დეკლარირებული საქონლის შენახვის ადგილს წარმოადგენდა სხვა საბაჟო საწყობი და ამასთან, მისი რაოდენობაც არ შეესაბამება ------ – ----- საბაჟო საწყობში აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის მონაცემებს.

ამდენად, საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა არგუმენტები, რომ ტვირთის მფლობელს რაიმე პრეტენზია საბაჟო საწყობის მიმართ არ წარუდგენია და ა.შ. არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საბაჟო საწყობში (------- – ------) არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენია ფაქტს.

მომჩივნის არგუმენტზე - სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნას ცნობიილი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „-------“-ს (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელმა ითხოვა სადავო ადმინისტრაციული აქტი ბათილად იქნას ცნობილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მომართვებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის №39356 და №1120 ბრძანებების საფუძველზე, 2021 წლის 21 დეკემბრიდან - 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა მომჩივანის კუთვნილი საბაჟო საწყობების სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი და ამავე საწყობში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ნაშთების შემოწმება.

მომჩივანის საბაჟო საწყობში არსებული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაშთების შემოწმებისას , აღნიშნულ საბაჟო საწყობში აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩიანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .

მომჩივნის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საქონელი წარმოადგენს 2019 წლის 23 დეკემბრის და 2021 წლის 12 იანვრის საბაჟო დეკლარაციებით საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირებულ საქონელს , წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მითითებული დეკლარაციების 30-ე გრაფის მიხედვით, დეკლარირებული საქონლის შენახვის ადგილს წარმოადგენდა სხვა საბაჟო საწყობი და მისი რაოდენობაც არ შეესაბამება საბაჟო საწყობში აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის მონაცემებს.

კომპანიის დირექტორი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამავე განაჩენით, სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი იურიდიული პირიც.

ამასთან,მითითებული განაჩენით დადგინდა, რომ მომჩივანის საბაჟო საწყობიდან ხორციელდებოდა არადეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, ასევე უაქციზო სიგარეტის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანა და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება. საბაჟო საწყობის მიერ დარღვეული იყო არაერთი სანებართვო პირობა, მათ შორის, თვითნებურად მოხდა საბაჟო საწყობის ტერიტორიის გაზრდა მომიჯნავე არასაბაჟო ტერიტორიის ხარჯზე, დარღვეული იყო საბაჟო საწყობში განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების უწყვეტობა, რაც საბაჟო საწყობს საშუალებას აძლევდა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის შეტანა და კონტროლის ზონიდან საქონლის გატანა განეხორციელებინა არასაბაჟო ტერიტორიის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად.

მომჩივანის საჩივარი შემოსავლების სამსახურის №18771 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ №20611/2/2023 გადაწყვეტილებაში მიუთითა „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტზე და მხარეთა არგუმენტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალიწინებით მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მოითხოვს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. შესაბამისად, გააუქმა შემოსავლების სამსახურის №18771 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 127(3); 163; 168(1);