გადაწყვეტილება №24485/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24485/2/2024
26 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 20.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24485/2/2024).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის და მის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2024 წლის №041-62 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.12.2024 წლის №26633 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 552 964,37 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 943 853
დღგ - 353 879
საშემოსავლო გადასახადი - 589 974
ჯარიმა - 484 626
საურავი - 124 485,37
ფაქტების აღწერა
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლის/ფეხსაცმლის ------- და ------- იმპორტი და რეალიზაცია (საქმიანობს ლილოს ტერიტორიაზე). გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 28 სექტემბრიდან ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.
მომჩივნის საქმიანობის 28.09.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელმა შემმოწმებელთათვის წარდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ უფიქსირდებოდა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელის მიერ შეძენილი პროდუქცია დაიყო კატეგორიებად (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა შერეული საქონელი) და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (გაზრდა). გარდა ზემოთაღნიშნულისა საგადასახადო შემოწმებისას განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი. ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე 6.11.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №23699 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №041-62 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.12.2024 წლის №26633 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვითაც, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, ის არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ უფიქსირდება დებიტორული/კრედიტორული დავალიანებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი პროდუქცია დაიყო კატეგორიებად (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა შერეული საქონელი) და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (გაზრდა). გარდა ზემოაღნიშნულისა, საგადასახადო შემოწმებისას, განხორციელდა საწარმოს შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი, რის საფუძველზეც შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი, კერძოდ არ არის გათვალისწინებული ქრონომეტრაჟის შედეგები. ამასთან მიუთითებს, რომ კომპანიას არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად აქვს გადახდილი იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებული თანხები და გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ არც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და არც საარქივო სამმართველოს წერილით არ დგინდება გადასახადის გადამხდელთან აღნიშნული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების განხორციელება. ამასთან, შემოწმებას ფულადი სახსრების ნაშთის გაანგარიშებისას სრულად აქვს გათვალისწინებული არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდილი თანხები.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო მის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, საქონლის კატეგორიების შესაბამისად აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული შედარებით მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადები, არ არის გათვალისწინებული ქრონომეტრაჟი).
პროდუქციაზე ფასნამატი განსაზღვრულია საბითუმო და საცალო პოზიციაზე 15% ოდენობით, იმპორტით შემოტანილი პროდუქციის მაგ: ბავშვის ტანსაცმლის თვითღირებულება არის 8,5 ლარი, ხოლო სარეალიზაციო ფასი არის 10 ლარი რაც ატვირთულ ზედნადებში ჩანს, საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე, ასევე ზემოთაღნიშნული ფასნამატი გამოწვეულია არსებული კონკურენციით.
შესაბამისად, უცხოელ მომწოდებლებზე სრულად არის თანხა გადახდილი. იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციას (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა) წარმოადგენენ. დებიტორულ/კრედიტორული დავალიანება არ ირიცხება. მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული ფასნამატის 50 პროცენტიდან გამომდინარე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და უთითებს, რომ საქონლის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლია. აღნიშნავს, რომ არ არის გამოყენებულ შედარების მეთოდი და ქრონომეტრაჟის მონაცემები. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება შემოწმების პროცესში გამოყენებულ ფასნატს და განმარტავს, რომ ფასნამატი განსაზღვრულია საბითუმო და საცალო პოზიციაზე 15%. საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად. შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე, ასევე ზემოთაღნიშნული ფასნამატი გამოწვეულია არსებული კონკურენციით.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 15.01.2025 წლის №1075-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შეუძლებელი იყო დოკუმენტურად შესყიდული/რეალიზებული საქონლის ურთიერთკავშირის დადგენა. შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოს 8.07.2024 წლის №64145-21-02-1 წერილით არ დადგინდა გადამხდელთან მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ჩატარების ფაქტი.
გადასახადის გადამხდელის შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზით დადგინდა შემოსავალი 6 707 253 ლარი, რაც ჩაითვალა სრულად მიღებულად, რასაც გამოაკლდა გადამხდელის მიერ საქართველოში გაწეული ხარჯები 705 ლარი, საბაჟო დეკლარაციაში დაფიქსირებული საინვოისო ღირებულებები 3 667 274 ლარი და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები 679 377 ლარი.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პირი აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით ან გააჩნდა ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის და მის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელმა შემმოწმებელთათვის წარდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ უფიქსირდებოდა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელის მიერ შეძენილი პროდუქცია დაიყო კატეგორიებად და რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე გადამხდელის აუდირებული ფასნამატი, რამაც გამოიწვია გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირება (გაზრდა).საგადასახადო შემოწმებისას განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი. ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივანს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 19.12.2024 წლის №26633 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159;