ბრძანება N 33867
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33867
29 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----- -ის “ (ს/ნ "-----")
(იურ. მის.:"-----")
2023 წლის 28 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბრის, 7 და 8 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №120, №127 და №128) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-----") 2023 წლის 28 ოქტომბრის №84441/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №067-20 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალის გაანგარიშებას. აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მიღებული აქვს 394 789 ლარი, რომელიც სრულად დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. განმარტავს, რომ 2020 წელს შესრულებული აქვს ფარდების შეკერვის/მონტაჟის მომსახურება, სავარძლების რესტავრირების მომსახურება და სხვა. აცხადებს, რომ აღნიშნულ სფეროებში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, რის გამოც ზოგ შემთხვევაში ზარალით ასრულებდა შეკვეთას. მიუთითებს, რომ კომპანიას საწყისი კაპიტალი არ გააჩნდა, რის გამოც პროექტების შესასრულებლად მუდმივად, მესამე პირებისგან იღებდა სესხს. 2020-2021 წლებში კომპანიას მესამე პირებთან ათასობით ლარი ვალი ჰქონდა, რაც დგინდება საბანკო ამონაწერებით. განმარტავს, რომ არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის ცოდნა და არც საშუალება ჰქონდა ბუღალტრის დაქირავების, შესაბამისად არ უწარმოებია ბუღალტრული აღრიცხვა. უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, აქტიური მუშაობის გზით კომპანიამ თითქმის სრულად დაფარა არსებული დავალიანებები, თუმცა ბუღალტრული დოკუმენტების არ არსებობის გამო ხარჯებს ოფიციალურად ვერ ადასტურებს. განმარტავს, რომ თითოეულ ხელშეკრულებას თან ახლავს მიღება/ჩაბარების აქტები, რომლითაც უტყუარად დასტურდება კომპანის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება და თუ ვალდებულებები შესრულებულია კომპანიას ხარჯებიც ჰქონდა. გადამხდელი ითხოვს ხელახალი საგადასახადო შემოწმების ჩატარებას და ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას. გამოთქვამს მზაობას მოთხოვნის შემთხვევაში აუდიტორს წარუდგინოს მსგავსი მომსახურების/პროდუქტის საბაზრო ღირებულებების შესახებ ინფორმაცია წლების მიხედვით, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14246 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-----") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25322 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2023 წლის 12 ოქტომბრის №067-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 222 918 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 127 585 ლარი, ჯარიმა 63 486 ლარი და საურავი 31 847 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით კულტურული ღონისძიებების ორგანიზების მომსახურეობა. გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, შემოწმებით შემოსავლის გაანაგრიშება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ, სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე განთვსებულ და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. აღნიშნულის შესაბამისად, საწარმოს მიერ გაწული მომსაურების მიწოდების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 459 858 ლარი, ხოლო 2020 წლის 22 დეკემბერს გადააჭარბა 100 000 ლარს. საწარმო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში 2022 წლის 21 ოქტომბერს (სტატუსი არაკვალიფიციური), დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ აქვს. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე, 161-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 1601 , 163-ე მუხლების შესაბამისად, პირი ვალდებული იყო 2020 წლის დეკემბრის და შემდეგი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები დაედეკლარირებინა. საწარმოს შემოწმების შედეგად დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე და 275-ე მუხლების თანახმად.
საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს. შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით შეუძლებელია საწარმოს მიერ დამკვეთებისათვის გაწეულ მომსახურეობასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრა/გაანგარიშება. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ცნობა საბანკო დაწესებულებიდან გახსნილი ანგარიშების შესახებ შესაბამის საბანკო ამონაწერებთან ერთად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით განხორციელებულია 11 161 ლარის ღირებულების საქონლის/მომსახურების შეძენა, საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადარიცხული თანხები 76 626 ლარის ოდენობით, რომლებზეც საქონლის/მომსახურების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული ოპერაციებით ვერ ირკვევა კონკრეტულად რა მომსახურება/საქონელია შეძენილი და აქვს თუ არა კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან (სისტემატიურად ხდებოდა თანხების გადახდა ბენზინგასამართი სადგურებისთვის, ხოლო საწვავის შეძენის და გახარჯვის დამადასრტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის, საწარმოს სახელზე შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 982 მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საწარმოს მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერების სადებეტო და საკრედიტო ბრუნვებში ფიქსირდება საწარმოს დირექტორის მიერ საბანკო დაწესებულებიდან გატანილი და უკან დაბრუნებული თანხები, ასევე სისტემატიური ხასიათი აქვს სხვადასხვა სავაჭრო ობიეტებში განხორციელებულ საქონლის/მომსახურების შეძენებს, კერძოდ: აფთიაქებში, ღამის კლუბებში, კონოთეატრში, სტომატოლოგიურ და სხვა კლინიკებში, სუპერმარკეტებში (ორი ნაბიჯი და სხვა) და სხვა, ასევე სისტემატიურად ახორციელებს გლოვოს გადაზიდვის სერვისით მომსახურებას. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ ახორციელებს, არ არის წარმოდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება, ასევე არ არის წარმოდგებილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაადასტურებდა გახარჯული თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს. 2023 წლის 21 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულია შპს „------- -ის “ (ს/ნ "-----") სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბანკო დაწესებულებიდან დირექტორის მიერ გატანილი და სხვადასხვა ობიექტებში გახარჯული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირებზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 154-ე მუხლების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება:
ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;
ბ) პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით შემოსავლის გაანაგრიშება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ, სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე განთვსებულ და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მოგების და საშემოსავლო გადასახადებში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და ბუღალტრული დოკუმენტების არ არსებობის გამო ხარჯებს დოკუმენტურად ვერ ადასტურებს. განმარტავს, რომ თითოეულ ხელშეკრულებას თან ახლავს მიღება/ჩაბარების აქტები, რომლითაც დასტურდება კომპანიის მიერ ნაკისირი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება და შესაბამისად აცხადებს, რომ ვალდებულებების შესრულებისას გადამხდელს გაწეული ჰქონდა ხარჯებიც.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დანართად მითითებულ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ხარჯების (ხელფასის ხარჯის გარდა) 75% გაითვალისწინოს ხარჯად და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "-----") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დანართად მითითებულ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ხარჯების (ხელფასის ხარჯის გარდა) 75% გაითვალისწინოს ხარჯად და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალის გაანგარიშებას.
გადამხდელი ითხოვს ხელახალი საგადასახადო შემოწმების ჩატარებას და ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გზით კულტურული ღონისძიებების ორგანიზების მომსახურეობა.საწარმო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში 2022 წლის 21 ოქტომბერს (სტატუსი არაკვალიფიციური), დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები საგადასახადო ორგანოში წარდგენილი არ აქვს. პირი ვალდებული იყო 2020 წლის დეკემბრის და შემდეგი საანგარიშო პერიოდების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები დაედეკლარირებინა. საწარმოს შემოწმების შედეგად დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით განხორციელებულია 11 161 ლარის ღირებულების საქონლის/მომსახურების შეძენა, საბანკო ამონაწერში ფიქსირდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადარიცხული თანხები,რომლებზეც საქონლის/მომსახურების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის. აღნიშნული ოპერაციებით ვერ ირკვევა კონკრეტულად რა მომსახურება/საქონელია შეძენილი და აქვს თუ არა კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა.
საწარმოს მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერების სადებეტო და საკრედიტო ბრუნვებში ფიქსირდება საწარმოს დირექტორის მიერ საბანკო დაწესებულებიდან გატანილი და უკან დაბრუნებული თანხები, ასევე სისტემატიური ხასიათი აქვს სხვადასხვა სავაჭრო ობიეტებში განხორციელებულ საქონლის/მომსახურების შეძენებს.განხორციელებულია მომჩივანის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბანკო დაწესებულებიდან დირექტორის მიერ გატანილი და სხვადასხვა ობიექტებში გახარჯული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს პასუხისმგებელ პირებზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად.ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დანართად მითითებულ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ხარჯების 75% გაითვალისწინოს ხარჯად და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),97,982,101,154,160,161,163,164.