ბრძანება N 25455
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25455
13 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2022 წლის 8 მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „---ის“ (ს/ნ ---) №70655/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 აპრილის №044-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 იანვრის №703 და 11 მარტის №6026 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 3 სექტემბრიდან 2021 წლის 29 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ფულადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2022 წლის 23 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი.
შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 8 აპრილის №8867 ბრძანება და 11 აპრილის №044-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 257 434 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 242 509 ლარი, ჯარიმა 769 829 ლარი, საურავი 245 096 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 3 ნოემბრის №27702 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფასნამატის გაანგარიშების მიზნებისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული 3%-იანი ფასნამატით იხელმძღვანელოს იმ ფიზიკურ პირებთან მიმართებით, რომლებზეც საქონლის მიწოდების ფაქტი დადასტურებულია სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე და აღნიშნულ ფიზიკურ პირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის გათვალისწინებით, საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას დაბრუნებული აქვთ ზემოაღნიშნულ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის დანაკლისის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 ნოემბრის №27702 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 9 თებერვლის №18328/2/2022 გადაწყვეტილებით სადავო საკითხის ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 ნოემბრის №27702 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე არსებობს სასაქონლო ზედნადებები, ასევე თანხის გადახდის (ჩარიცხვის) დოკუმენტაცია და რიგ შემთხვევებში მყიდველ ფიზიკურ პირებს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის გათვალისწინებით, საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას დაბრუნებული აქვთ შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, არსებული სასაქონლო ზედნადებების გაუთვალისწინებლობის საკითხი, საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 03.11.2022 წლის №27702 ბრძანება ამ ნაწილში ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ---დან იმპორტირებული მობილური ტელეფონების რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ექსპორტზე გატანა ---ში (მყიდველი წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ კომპანიას). ადგილობრივ ბაზარზე საქონლის მყიდველებს წარმოადგენენ გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული არარეზიდენტი ფიზიკური პირები (აღნიშნულ ოპერაციებზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები). ფიზიკურ პირებზე საქონლის რეალიზაციის საშუალო ფასნამატი შეადგენს 3%-ს. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ასევე უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაციები რეზიდენტ იურიდიულ პირზე (რეალიზაციის ფასნამატი შეადგენს 28%-ს).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადამხდელის მიერ იურიდიულ პირზე განხორციელებული რეალიზაციის ფასნამატი (28%). აღნიშნულმა გამოიწვია გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ასევე, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდის შედეგად მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, კერძოდ, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქონლის ძირითადი ნაწილის შეძენა ხდება არარეზიდენტებისგან (---დან) იმპორტის გზით, ხოლო საქონლის ნაწილი შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე. რეალიზაციის ძირითადი ნაწილი არის საბითუმო, რაზეც სრულად არის გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები. ასევე, საწარმოს ერთჯერადად განხორციელებული აქვს ---ში ექსპორტი.
საბითუმო რეალიზაციის ფასნამტი ფიზიკურ პირებზე შეადგენს 3%-ს, ხოლო ერთჯერადად იურიდიულ პირზე რეალიზაციის ფასნამატმა შეადგინა 28%.
მიუთითებს, რომ შემოწმებას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს საგადასახახდო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ იცვლება ოპერაციის შინაარსი ან ფორმა, შეიცვალა მხოლოდ ფასნამატი, რაც ოპერაციის ღირებულებითი შეფასების ცვლილებაა. განმარტავს, რომ 28%-იანი ფასნამატით გაიყიდა მხოლოდ მცირე რაოდენობის საქონელი (საერთო რეალიზაციის 3,8%), რაც წარმოადგენს ერთჯერადი სარფიანი გარიგების დროს გამოყენებულ ფასნამატს. შესაბამისად, ასეთი ოდენობის ფასნამატის მთლიან რეალიზაციაზე გავრცელება უსამართლოა. მიუთითებს, რომ მსგავსი ფასნამატით რომ მომხდარიყო სხვა იურიდიულ პირებზე რეალიზაცია, მაშინ საბანკო ტრანზაქციებით დადასტურდებოდა აღნიშნული ოპერაციები, რადგან საქონელი არ არის მცირე ფასიანი, რის გამოც ნაღდი ანგარიშსწორებით თანხების მიღება იურიდიული პირისგან არაგონივრულია. მიუთითებს, რომ შემოწმებას არ მოუხდენია კონტრაგენტებთან შედარება, რის საფუძველზეც მარტივად დაადგენდა ფასწარმოქმნის სისწორეს. აცხადებს, რომ საბითუმო ოპერაციები ხორციელდებოდა არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან (რომელთა იდენტიფიცირება გადამხდელის პორტალზე შესაძლებელია) და გამოყენებული ფასნამატი რეალური იყო.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია:
„საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის (მობილური ტელეფონების) 97% რეალიზებულია არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე, რაზეც გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები და მათზე დაყრდნობით ფასნამატი დაფიქსირებულია 3%. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მყიდველებთან მათი სტატუსის (არარეზიდენტობის) გამო ვერ გადამოწმდა ინფორმაცია საქონელში გადახდილ ფასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მოძიებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი გადამხდელებისგან, რომლითაც 3%-იანი ფასნამატი არ დადასტურდა.
ზემოთ აღნიშნულის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანთან შემოწმების ფარგლებში გამოვლენილია სხვადასხვა დარღვევები და მათ შორის 1 190 112 ლარის (თვითღირებულებით დღგ-ის გარეშე) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, შემოწმების შედეგად ფიზიკურ პირებზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადამხდელის მიერ იურიდიულ პირზე განხორციელებული რეალიზაციის ფასნამატი (28%).
რაც შეეხება იმ ფიზიკურ პირებზე რეალიზაციას, ვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 181-ე მუხლის გათვალისწინებით, საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას დაბრუნებული აქვთ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა, ამ ნაწილში საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მათ მიერ გადახდილი ფასი ემთხვევა იმ ფიზიკური პირების მიერ გადახდილ ფასს, ვისაც საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას დაბრუნებული არ აქვთ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი საქონლის სახეობა მთლიანი რეალიზაციის საკმაოდ მცირე ნაწილია.“
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ საქონელზე, რეზიდენტ იურიდიულ პირზე განხორციელებული რეალიზაციის ფასნამატის გავრცელების შედეგად შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
ამასთან, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ საქონელზე, რეზიდენტ იურიდიულ პირზე განხორციელებული რეალიზაციის ფასნამატის გავრცელების შედეგად შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება)
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 ნოემბრის №27702 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 9 თებერვლის №18328/2/2022 გადაწყვეტილებით სადავო საკითხის ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 ნოემბრის №27702 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ საქონელზე, რეზიდენტ იურიდიულ პირზე განხორციელებული რეალიზაციის ფასნამატის გავრცელების შედეგად შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
ამასთან, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49; 61; 73 (4, 5, 9); 2 (2); 159; 101; 154.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161.