ბრძანება N 26353

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.10.2023
№ დოკუმენტი 26353
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26353

25 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 13 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის №19346/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 13 იანვრის №78012/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №021-133 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს. აცხადებს, რომ საწარმოს გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (ორისი) და სხვადასხვა რეესტრი, ასევე საქონლის რეალიზაციის მონაცემის ელექტრონული ცხრილები. ამასთან, საწარმოს 2021 წლის პირველი სექტემბრიდან დაქირავებული ჰყავს ბუღალტრული აღრიცხვისთვის შესაბამისი კომპანია, რომლის მიერ მოხდა 2019-2021 წლის პერიოდის სრული რევიზირება და ძველ პერიოდზე საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. ასევე, საწარმოს წარდგენილი აქვს ფინანსური ანგარიშგება. განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში იმის მითითება, თითქოს საწარმო თავის შემოსავლებს ადეკლარირებს ფასნამატის მეშვეობით არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან შემოსავლები დგინდება არა რაღაც განსაზღვრული ფასნამატით და მისი შეპირისპირებით საერთო თვითღირებულებასთან, არამედ საქონლის ფაქტობრივი რეალიზაციიდან, რისთვისაც საწარმოს გააჩნია მისი სახეობრივი და რაოდენობრივი აღრიცხვა და ხდება მათი რეალიზაციის პერიოდულობის შესაბამისად ჩამოწერა თვითღირებულებით, საშუალო შეწონილი სახეობების მიხედვით. დამატებით აღნიშნავს, რომ 2021 წლის ნოემბრიდან საწარმო იყენებს საცალო გაყიდვების პროგრამას (loyverse), რომელიც აფიქსირებს თითოეულ ტრანზაქციას ელექტრონული ფორმით და ამ პროგრამიდან ამოღებული ინფორმაცია ე.წ ექსელის ფაილით თვეების მიხედვით მიეწოდა შემმოწმებელს. აცხადებს, რომ ძველ პერიოდში საწარმო საქონლის რეალიზაციას აღრიცხავდა გამარტივებული წესით, რის შედეგადაც ჯამდებოდა თითოეული დღის მონაცემი და დგებოდა თვის შესაბამისი რეალიზაცია საქონლის დასახელების, რაოდენობის და სარეალიზაციო ღირებულების შესაბამისად - აღნიშნულზეც ინფორმირებულია შემმოწმებელი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ივლისის №19107 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ს (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32617 ბრძანება და ამავე თარიღის №021–133 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 805 495 ლარი, მათ შორის გადასახადი 1 035 033 ლარი, ჯარიმა 517 370 ლარი და საურავი 253 092 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 30 მარტის №6363 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 11 მაისის №19346/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მარტის №6363 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის №19346/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სრულყოფილად შესწავლილი/გამოკვლეული სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები. კერძოდ, დამატებით შესწავლას/შეფასებას საჭიროებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის აქსესუარებით, რომლის შეძენას ძირითადად ახორციელებს იმპორტის გზით ჩინეთიდან, ხოლო რეალიზაციას - ქალაქ -------, სავაჭრო ცენტრებში არსებულ სტენდებზე და აგრეთვე, მაღაზიებში. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იყო არასრულყოფილი. გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი 2019 წელს შეადგენდა - 77.34%-ს, 2020 წელს- 193%-ს, 2021 წელს 113%-ს, ხოლო 2022 წელს - 114%-ს. შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელი დაჯარიმებული იყო საკონტროლოსალარო აპარატის გამოუყენებლობაზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 16 დეკემბერს, საწარმოს კუთვნილ ობიექტში ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, ფასების ფიქსაციის მიზნით. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს არასრულყოფილად ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, პერიოდების მიხედვით დეკლარირებული ფასნამატი ჩაითვალა არასაიმედოდ და გადამხდელის შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშდა საცალოდ, დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება პერიოდების მიხედვით, აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის ფასნამატი და აგრეთვე შესამოწმებელ პერიოდში, საწარმო დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე და შემოწმებამ გამოიყენა ოქმებში წარმოდგენილი ფასი/ფასნამატები შესაბამისი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის 2019 წლის შემოსავალი გაიზარდა 306 081 ლარით, 2020 წელს 90 518 ლარით, 2021 წელს 1 171 836 ლარით, ხოლო 2022 წელს 849 0118 ლარით. შედეგად, დაკორექტირდა (გაიზარდა) გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვები. აგრეთვე, მიღებული ფულადი შემოსავალი ჩაითვალა, რომ მიღებული ჰქონდა საწარმოს დირექტორს და დაკვალიფიცირდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით ხელფასის სახით განაცემად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანი აცხადებს, რომ ერთი ფასნამატით შემოსვლების დადგენა მთელ შესამოწმებელ პერიოდზე არამართლზომიერია. განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ ფასნამატი სავარაუდოდ დადგინდა 7 პროდუქტზე (რომლის შესყიდვაც განხორციელდა 2022 წლის 16 დეკემბერს), ასევე მე-8 პროდუქტად მიჩნეულ იქნა დანარჩენი, მაშინ როცა ბუღალტრულად კომპანიას აღრიცხული ჰქონდა 100- ზე მეტი დასახელების საქონელი, რომლებიც ჩამოიწერებოდა ერთიანი თვითღირებულებით, თუმცა გააჩნდათ სხვადასხვა სახეობა (მოდელი, შეფუთვა) და იყიდებოდა განსხვავებული ფასით. აცხადებს, რომ მაგალითად, 2019 წელს სარეალიზაციო საქონლის იმპორტი განხორციელდა მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს, ხოლო მანამდე საქონლის შესყიდვა ხდებოდა ადგილობრივ ბაზარზე (2019 წელს რეალიზებული საქონლის 70%-ზე მეტი ადგილობრივი შესყიდვა იყო) და მათზე ერთიდაიმავე ფასნამატის გამოყენება არამართებულია. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული რიგი გარემოებები, კერძოდ: საცალოდ საქონლის რეალიზაცია ხდებოდა არა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით, არამედ საბანკო ტერმინალების გათვალისწინებით. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული ინტერნეტით რეალიზებული საქონლის არსებობა და მარკეტინგული აქტივობებიც. აღნიშნავს, რომ საქონლის რეალიზაცია ძირითადად ხდებოდა ფასდათმობით და მთავარი ფაქტორი იყო სოციალურ ქსელში სარეკლამო კამპანიები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, 2021 წლის 1 სექტემბრიდან საქონლის რეალიზაცია აღრიცხულია დეტალურად, ფიქსირდება თითოეული საქონლის რეალიზაციის მონაცემები, საქონლის დასახელება, რაოდენობა და გაყიდვის ფასი, ხოლო 2021 წლის ნოემბრიდან კომპანია იყენებს საცალო გაყიდვების პროგრამას, რომელიც აფიქსირებს თითოეულ ტრანზაქციას ელექტრონული ფორმით. ამასთან, აცხადებს, რომ საწარმო 2021 წლის სექტემბრის თვემდე (2018 წლიდან) საქონლის ჩამოწერას საანგარიშო პერიოდების მიხედვით ახორციელებდა სახეობების მიხედვით, რაოდენობრივად, თვითღირებულებით რეალიზაციის მონაცემების შესაბამისად, სადაც განსაზღვრული იყო თითოეული საქონლის დასახელება, რაოდენობა და რეალიზებული ღირებულება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება იმ საანგარიშო პერიოდებზე, როცა გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა შესაძლებელია, არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, იმ საანგარიშო პერიოდებზე, სადაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა, უზრუნველყოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, იმ საანგარიშო პერიოდებზე, სადაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა, უზრუნველყოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ორგანიზაციის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 805 495 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 30 მარტის №6363 ბრძანებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 11 მაისის №19346/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 მარტის №6363 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, იმ საანგარიშო პერიოდებზე, სადაც შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის დადგენა, უზრუნველყოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 159; 101; 154; 275; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 161;