ბრძანება N 20341
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20341
16 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №2) 2026 წლის 15 და 18 აგვისტოს
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 2 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2026 წლის 15 აგვისტოს №104077/1/2026 და 2026 წლის 18 აგვისტოს №693184 (რეგ.: №143870/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 ივლისის №002-127 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, ჩათვლილი დღგ-ის თანხების კორექტირებას. აცხადებს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახდელების დარიცხვა განხორციელდა ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, კერძოდ, ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოვალის მიერ სალიზინგო საზღაურის გადახდის ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო 2023 წლის 4 ოქტომბერს ცალმხრივად შეწყდა ლიზინგის ხელშეკრულებები და კრედიტორმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ლიზინგის საგნების დაბრუნების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.11.2023 წლის ბრძანებით (საქმე N2/31603-23) დაკმაყოფილდა კრედიტორის განცხადება და გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნულის შემდგომ, 2024 წლის 22 მაისს კრედიტორსა და მოვალეს შორის შედგა მორიგების აქტი, რომელიც დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.06.2024 წლის განჩინებით (საქმე N2/31603-23) და ამ უკანასკნელის საფუძველზე შეწყდა სააღსრულებო წარმოება (N ----). მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების კვლავ ვერ შესრულების გამო, 2024 წლის 26 აგვისტოს ხელახლა დაიწყო სააღსრულებო წარმოება (№---), თუმცა მიუხედავად სააღსრულებო საქმეების წარმოებისა, არცერთხელ მომხდარა ლიზინგის საგნების მოვალისთვის ჩამორთმევა და კრედიტორისთვის დაბრუნება, მოვალე მუდმივად სარგებლობდა სალიზინგო ქონებით (სარგებლობს დღემდე). შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული კორექტირების არცერთი სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძველი, შპს „---ს“ არ უნდა გამოეწერა კორექტირების ფაქტურები, ასევე არასწორი იყო აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება, შესაბამისად, უნდა მოხდეს კორექტირების ანგარიშ-ფაქტურების გაუქმება და ოპერაციის პირვანდელი სურათის აღდგენა.
2. საქმის ზეპირი განხილვისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელმა მოითხოვა დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 ივნისის №12419 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის ოქტომბრისა და 2024 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდების დღგის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 13 ივლისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 15 ივლისის №16217 ბრძანება და 17 ივლისის №002-127 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 168 347 ლარი, მათ შორის, გადასახადი 95 044 ლარი, ჯარიმა 47 522 ლარი, საურავი 25 781 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმებით, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული პროდუქციის/მომსახურების, შეძენისა და რეალიზაციის შესახებ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, 2023 წლის ოქტომბრისა და 2024 წლის აგვისტოს პერიოდის დეკლარირებული მონაცემები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში ვლინდება სხვაობები:
საწარმომ 2023 წლის იანვრის თვეში ჩაითვალა შპს „----დან“ მიღებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ეა---; ეა--- - 22 581,22 ლარის დღგის თანხა. 2023 წლის ოქტომბრის თვეში საწარმომ შპს „---დან“ მიიღო კორექტირებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეკ---; ეკ---, რომლითაც კორექტირება განიცადა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებმა ეა---; ეა----. კორექტირებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 2 915,64 ლარს. კორექტირების შედეგად საწარმოს 2023 წლის ოქტომბრის თვის საანგარიშო პერიოდში წარმოეშვა ადრე ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენის ვალდებულება, აღსადგენი თანხა შეადგენს 19 665,58 ლარს.
საწარმომ 2024 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა შპს „---დან“ მიღებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ეა----- 379,34 ლარის დღგ-ის თანხა. 2024 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში საწარმომ შპს „---დან“ მიიღო კორექტირებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეკ----, რომლითაც კორექტირება განიცადა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებმა ეა-----. კორექტირებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა შეადგენს 0,0 ლარს. კორექტირების შედეგად საწარმოს 2024 წლის აგვისტოს თვის საანგარიშო პერიოდში წარმოეშვა ადრე ჩათვლილი დღგ-ის თანხის აღდგენის ვალდებულება, აღსადგენი თანხა შეადგენს 75 379,34 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე და 179-ე მუხლების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილის თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირებისას საფ-ი გამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციაზე (მიწოდებისას) გამოწერილი იყო საფ-ი.
ამავე ინსტრუქციის 733 ნაწილის თანახმად:
1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:
ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;
ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);
გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;
დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი გარემოების დადგომისას დასაბეგრი ოპერაციის თანხა კორექტირდება, თუ:
ა) საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ან/და დღგ-ის დეკლარაციაში ასახულია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
ბ) დღგ-ის დეკლარაციაში არასწორად არის მითითებული დღგ-ის თანხა;
გ) გამოწერილია დღგ-ის ანგარიშფაქტურა, რომელშიც დღგ-ის თანხა არასწორად არის მითითებული;
დ) უძრავი ნივთის მიწოდების ოპერაციაზე დღგ დარიცხულია საგადასახადო შემოწმების შედეგად, რომლის საფუძველზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა კორექტირდება ამ მუხლის მე-10- მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
5. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, 2023 წლის იანვრის და 2024 წლის მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებში, საწარმომ ჩაითვალა შპს „---დან“ მიღებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა. 2023 წლის ოქტომბრის და 2024 წლის აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდში შპს „---იდან“ საწარმომ მიიღო კორექტირებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც გადამხდელს წარმოეშვა ადრე ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირების (აღდგენის) ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, ჩათვლილი დღგ-ის თანხების კორექტირებას.
2. საქმის ზეპირი განხილვისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელმა მოითხოვა დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ, 2023 წლის იანვრის და 2024 წლის მაისის თვეების საანგარიშო პერიოდებში, საწარმომ ჩაითვალა მიღებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა. 2023 წლის ოქტომბრის და 2024 წლის აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდში საწარმომ მიიღო კორექტირებული დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც გადამხდელს წარმოეშვა ადრე ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირების (აღდგენის) ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 174 (1,2,3); 175 (1); 176 (ა); 179 (1,2,4); 269 (7).