გადაწყვეტილება №18989/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18989/2/2023
27.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 28.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18989/2/2023).
დავის საგანი:
სალაროს ნაშთის შემცირების განხილვა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №085-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2827 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 127 013 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 68 687
დღგ - 15 525
მიწის გადასახადი (სასოფლო) – 25
მოგების გადასახადი - 36 731
საშემოსავლო გადასახადი - 16 406
ჯარიმა - 34 040
საურავი - 24 286
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 19 მარტის №7914 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს მომსახურება შპს „----------“ (ს/ნ ------------) და შპს „----------“ (ს/ნ ----------) სულ 179 843 ლარის ღირებულების. საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით სრულად აქვს გადახდილი აღნიშნული პირებისგან შეძენილი მომსახურების ღირებულება და შემცირებული აქვს სალაროს ნაშთი. შემოწმების მიმდინარეობისას შპს „----------“ უფლებამოსილი პირის განმარტების და შპს „----------“ დირექტორის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ კომპანიას გადახდილი აქვს მხოლოდ 61 700 ლარი გაწეული მომსახურების სანაცვლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად მიღებული განმარტებისა და მესამე პირისგან წარდგენილი ბუღალტრული ბარათის საფუძველზე, საწარმოს მიერ სალაროს ნაშთის შემცირება განხილულ იქნა სალაროს პასუხისმგებელ პირზე - დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, შემოწმებით, პროცენტის თანხა ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 27 დეკემბრის №41072 ბრძანება და №085-24 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 127 013 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 16 ივნისის №15290 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 27.06.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 13.10.2022 წლის №16971/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №15290 ბრძანება და საჩივარი პირველი სადავო საკითხის ნაწილში დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2023 წლის 16 თებერვლის №2827 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას სრულად გაითვალისწინოს შპს „-------------“-ს და შპს „------------“ შორის გაფორმებულ შედარების აქტში მითითებული თანხა და მოახდინოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2827 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 97-ე, 982 , 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე.
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 179 843 ლარის ღირებულების მომსახურება შპს „------------“ და შპს „-----------“. საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით სრულად აქვს გადახდილი აღნიშნული პირებისგან შეძენილი მომსახურების ღირებულება და შემცირებული აქვს სალაროს ნაშთი. შემოწმების მიმდინარეობისას შპს „------------“ უფლებამოსილი პირის განმარტების და შპს „---------“ დირექტორის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ საწარმოს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი აქვს მხოლოდ 61 700 ლარი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, ასევე შემოწმებულია შპს „-----------“ და შპს „----------“, შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი განმარტებისა და ბუღალტრული ბარათის მიხედვით განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, შესაბამისად, შემოწმებით შპს „------------“-ის შემოწმებისას გადაუხდელად ჩათვლილი თანხა არ მონაწილეობს შპს „-----------“ და შპს ----------“ ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. შპს „-------------“ და შპს „------------“ არ ადასტურებენ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის/ანაზღაურების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ სალაროს ნაშთის შემცირება განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადახდილი აქვს 65 000 ლარის მომსახურების ღირებულება შპს „-----------“, რაც დასტურდება დოკუმენტურად შედარების აქტით, ხოლო შპს „------------“ გადახდილია 10 530 ლარი, 86 256.58 ლარი და 18 056 ლარი, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერით, ჩგდ-ით და სალაროს გასავლის ორდერით (აღნიშნული დოკუმენტები თან ერთვის საჩივარს). ამდენად, მომჩივანი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ პირებთან არანაირი დავალიანება არ უფიქსირდება და ითხოვს სათანადოდ იქნას შესწავლილი საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მიღებული იქნას სამართლიანი გადაწყვეტილება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო 2022 წლის 13 ოქტომბრის №16971/2/2022 გადაწყვეტილებაში მიუთითებს მომჩივნის არგუმენტაციაზე: „მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ შემოსავლების სამსახური რატომ ენდო შპს „-----------“ მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, როდესაც მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება კომპანიის პოზიციის ნამდვილობა. შემოსავლების სამსახური არ ენდო ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტს, რომელიც მომჩივნის მიერ იქნა წარდგენილი, არ ენდო ბანკის გადარიცხვის ქვითარს და ენდობა მხოლოდ შპს „--------“ დირექტორის სიტყვიერ პოზიციას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებისმიერი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰქონდეს იურიდიულად გამართული და შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული. შპს „------------“ მიღებული აქვთ შედარების აქტი, რაც ადასტურებს, რომ შპს „------------“ მიღებული აქვს მომსახურების საფასური სრულად. რაც შეეხება შპს „------------“, ის დოკუმენტი - ჩგდ, რომელიც მომჩივანმა წარადგინა შემოსავლების სამსახურში, აღნიშნულმა ორგანომ არაფრად მიიჩნია, რის უფლებაც მას არ ჰქონდა. ადმინისტრაციულ ორგანოს თუ ეჭვი შეეპარა წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მას უნდა მოეთხოვა მხარისთვის ან თავად ჩაეტარებინა ექსპერტიზა ხელმოწერის ნამდვილობაზე და დაედასტურებინა იყო თუ არა დოკუმენტი შპს „-------------“ დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული. აღნიშნულ საკითხზე შპს „-------------“ და შპს „-----------“-ს შორის დავა მიმდინარეობდა სასამართლოში და იმის გამო რომ შპს „---------------“-ს როგორც ანგარიშებზე, ასევე ქონებაზე ედო ყადაღა, მხარეთა შორის გაფორმდა მორიგების აქტი. ჩგდ, რომელიც სასამართლოში იყო წარდგენილი, თავად სასამართლოსაც კი არ გაუხდია სადავოდ და ამ თანხის გადახდის ფაქტი უდავო ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, ხოლო შემოსავლების სამსახური აღნიშნულს მიიჩნევს არარა დოკუმენტად.“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო 2022 წლის 13 ოქტომბრის №16971/2/2022 გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია: „ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სრულყოფილად შესწავლილი სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს“.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე, 97-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საჩივარზე თანდართული შპს „-------------“-სა და შპს „------------“ შორის გაფორმებული შედარების აქტი წარდგენილი იყო შემოწმების პროცესშიც, რაც შემოწმების მიერ სრულად არ იქნა გათვალისწინებული ფულის ნაშთის გაანგარიშებისას, შპს „-------------“ გამოთხოვილი ახსნა-განმარტების საფუძველზე.
ფაქტობრივ გარემოებებზე და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „----------“-ს და შპს „----------“ შორის გაფორმებული შედარების აქტის ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, აღნიშნული დოკუმენტი სრულყოფილად არ არის შესწავლილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №16971/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას სრულად გაითვალისწინოს შპს „-----------“-ს და შპს „------------“ შორის გაფორმებულ შედარების აქტში მითითებული თანხა და მოახდინოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტზე, რომ მის მიერ გამოწერილ ჩგდ-ში მითითებულ თანხაზე (რომელიც შემოწმების მიერ არ იქნა ჩათვლილი შპს „----------“-ის მიერ გადახდილად) შპს „----------“ და შპს „---------“-ს შორის დავა მიმდინარეობდა სასამართლოში და ჩგდ-ს ნამდვილობის ფაქტი თავად სასამართლოსაც კი არ გაუხდია სადავოდ. გადამხდელი ასევე აღნიშნავს მხარეთა შორის მორიგების აქტის გაფორმების მიზანს წარმოადგენდა საწარმოს მიმართ გავრცელებული იძულებითი ღონისძიებების გაუქმება, რომელიც ხელს უშლიდა სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებაში. დავის მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება „მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ“ და მორიგების აქტი, რომელიც შედგენილია 30 000 ლარზე და რომლის თანახმადაც, შპს „-----------“-ს დაეკისრა აღნიშნული თანხის გადახდა შპს „--------“, თუმცა გადამხდელის მიერ წარდგენილი განჩინებით, მორიგების აქტით და სხვა არსებული მტკიცებულებებით არ/ვერ დასტურდება შპს „--------“-ის მიერ გამოწერილი ჩგდ-ს ნამდვილობა და მასში მითითებული თანხის გადახდის ფაქტი. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „-------------“-ს და შპს „-------------“ შორის გაფორმებულ ჩგდ-სთან მიმართებით, შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „-----------“ და შპს „-----------“ მიღებული განმარტებების საფუძველზე გაანგარიშებულ სალაროს ნაშთს და საწარმოს სალაროს ნაშთის შემცირების განხილვას დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შპს „-----------“-ს გადახდილი აქვს 65 000 ლარის მომსახურების ღირებულება შპს „-----------“, რაც დასტურდება დოკუმენტურად შედარების აქტით, ხოლო შპს -----------“ გადახდილია 10 530 ლარი, 86 256 ლარი და 18 056 ლარი, რაც დასტურდება დოკუმენტით - ჩგდ და გასავლის ორდერი. ამდენად, საწარმოს ზემოაღნიშნულ პირებთან არანაირი დავალიანება არ უფიქსირდება.
მნიშვნელოვანია ის საკითხი თუ შემოსავლების სამსახური რატომ ენდო შპს „----------“ მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, როდესაც მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება კომპანიის პოზიციის ნამდვილობა. შემოსავლების სამსახური არ ენდო ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტს, რომელიც მომჩივნის მიერ იქნა წარდგენილი, არ ენდო ბანკის გადარიცხვის ქვითარს და ენდობა მხოლოდ შპს „--------------“ დირექტორის სიტყვიერ პოზიციას. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებისმიერი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰქონდეს იურიდიულად გამართული და შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული. შპს „--------------“ მიღებული აქვთ შედარების აქტი, რაც ადასტურებს, რომ შპს „-------------“ მიღებული აქვს მომსახურების საფასური სრულად. რაც შეეხება შპს „-------------“, ის დოკუმენტი - ჩგდ, რომელიც მომჩივანმა წარადგინა შემოსავლების სამსახურში, აღნიშნულმა ორგანომ არაფრად მიიჩნია, რის უფლებაც მას არ ჰქონდა.
ადმინისტრაციულ ორგანოს თუ ეჭვი შეეპარა წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაში, მას უნდა მოეთხოვა მხარისთვის ან თავად ჩაეტარებინა ექსპერტიზა ხელმოწერის ნამდვილობაზე და დაედასტურებინა იყო თუ არა დოკუმენტი შპს „-------------“ დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული. აღნიშნულ საკითხზე შპს „-------------“ და შპს „-------------“-ს შორის დავა მიმდინარეობს სასამართლოში და იმის გამო რომ შპს „----------- “-ს როგორც ანგარიშებზე, ასევე ქონებაზე ედო ყადაღა, მხარეთა შორის გაფორმდა მორიგების აქტი. ჩგდ, რომელიც სასამართლოში იყო წარდგენილი, თავად სასამართლოსაც კი არ გაუხდია სადავოდ და ამ თანხის გადახდის ფაქტი უდავო ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, ხოლო შემოსავლების სამსახური აღნიშნულს მიიჩნევს არარა დოკუმენტად.
მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ თუკი შემოსავლების სამსახური შემოწმების პერიოდში შეხვდა ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციას სხვადასხვა კომპანიების, რატომ არ შევიდა იგი შპს „--------------“ კომპანიაში შესამოწმებლად. შპს „---------“ 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მაია პაპუნიძე თავად მუშაობს შემოსავლების სამსახურში და შესაბამისად მისი კომპანიის პოზიცია მეტად გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურმა, ვიდრე შპს „--------------“-ის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები.
მომჩივანი ითხოვს სათანადოდ იქნას შესწავლილი კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და მიღებული იქნას სამართლიანი გადაწყვეტილება.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევას, ფიზიკური პირებისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას და ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრას.
დავების განხილვის საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საწარმოს საჩივარი და დაავალა შემოსავლების სამსახურს გაეუქმებინა გადაწყვეტილება, დეტალურად ემსჯელა შპს „---------“ და შპს "---------“ დაკავშირებით დარიცხულ ჯარიმებზე. შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ შპს „------------“ შემთხვევაში და მოახდინა დარიცხული თანხის კორექტირება. კერძოდ, საწარმოს შეუმცირდა 4 205 ლარი. არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან არის სრულიად დაუსაბუთებელი და ითხოვს მის გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში, შეუძლებელია აქტის შინაარსისა და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რადგან აუდიტორს არ შეუმოწმებია ზოგიერთი დოკუმენტი, რითიც დაადასტურებდა კომპანიის კეთილსინდისიერ ქმედებას. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და დარიცხული ჯარიმა და პირგასამტეხლო, რათა შეძლონ სამუშაოების გაგრძელება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს 179 843 ლარის ღირებულების მომსახურება შპს „------------“ და შპს „-----------“. კომპანიას, საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით, სრულად აქვს გადახდილი აღნიშნული პირებისგან შეძენილი მომსახურების ღირებულება და შემცირებული აქვს სალაროს ნაშთი. შემოწმების მიმდინარეობისას შპს „-------------“ უფლებამოსილი პირის განმარტების და შპს „-------------“ დირექტორის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ საწარმოს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი აქვს მხოლოდ 61 700 ლარი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებულია შპს „-----------“ და შპს „----------“. შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი განმარტებისა და ბუღალტრული ბარათის მიხედვით განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შესაბამისად, შემოწმებით შპს „---------“-ის შემოწმებისას გადაუხდელად ჩათვლილი თანხა არ მონაწილეობს შპს „----------“ და შპს „---------“ ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. შპს „---------“ და შპს „--------“ არ ადასტურებენ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის/ანაზღაურების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ სალაროს ნაშთის შემცირება განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები.
შემოსავლების სამსახურმა საკითხის ხელახლა განხილვისას მიიჩნია, რომ შპს „-----------“-ს და შპს „---------“ შორის გაფორმებული შედარების აქტის ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს და აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას აღნიშნული დოკუმენტი სრულყოფილად არ არის შესწავლილი. შესაბამისად, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას სრულად გაითვალისწინოს შპს „----------“-ს და შპს „-----------“ შორის გაფორმებულ შედარების აქტში მითითებული თანხა და მოახდინოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ შემოსავლების სამსახური რატომ ენდო შპს „----------“ მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, როდესაც მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება კომპანიის პოზიციის ნამდვილობა. შემოსავლების სამსახური არ ენდო ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტს, რომელიც მომჩივნის მიერ იქნა წარდგენილი და ენდობა მხოლოდ შპს „---------“ დირექტორის სიტყვიერ პოზიციას. ამასთან, ჩგდ, რომელიც სასამართლოში იყო წარდგენილი, თავად სასამართლოსაც არ გაუხდია სადავოდ.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირმა, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) საქმიანობის ამ ნაწილში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად, სსა-ის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოს ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული/შეთანხმებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში – ჩგდ). ჩგდ-ის გამოყენება ასევე დასაშვებია ამ წესის მე-20 მუხლის 33 და 235 მუხლის მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ჩგდ წარმოადგენს №131 დანართით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის პირველად დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისაგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. დღის განმავლობაში გამოწერილი ჩგდ-ები აისახება შესაბამის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებში.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ჩგდ გამოწერილია შპს „-------“ მიერ და დოკუმენტზე ფიქსირდება მხარეთა ხელმოწერა. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო არ არის აღნიშნული ჩგდ-ის ნამდვილობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გაითვალისწინოს შპს „----------“ და შპს „---------“-ს შორის გაფორმებული ჩგდ და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გაწეული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევას, ფიზიკური პირებისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას და ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრას. აღსანიშნავია, რომ მითითებულ სადავო საკითხებში დავების განხილვის საბჭოს 13.10.2022 წლის №16971/2/2022 გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2827 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:
ა) მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, გათვალისწინებულ იქნას შპს ---------“ და შპს „----------“-ს შორის გაფორმებული ჩგდ;
ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სალაროს ნაშთის შემცირების განხილვა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს გარკვეული ღირებულების მომსახურება 2 შპს-გან . საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით სრულად აქვს გადახდილი აღნიშნული პირებისგან შეძენილი მომსახურების ღირებულება და შემცირებული აქვს სალაროს ნაშთი. შემოწმების მიმდინარეობისას დგინდება, რომ საწარმოს გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი აქვს მხოლოდ
ნაწილი. მომჩივანის შემოწმებისას გადაუხდელად ჩათვლილი თანხა არ მონაწილეობს იმ 2 შპს-ს ნაღდი ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში. შპს-ეები არ ადასტურებენ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის/ანაზღაურების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ სალაროს ნაშთის შემცირება განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;მუხლი,73(9);97(1)ბ;982(3);101(1,2);154(1)ა
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანება