გადაწყვეტილება №21192/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21192/2/2023
13 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 30.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21192/2/2023).
დავის საგანი:
1. ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;
2. პარტნიორისთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დაბეგვრა;
3. დღგ-ის ჩასათვლელი და დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება;
4. დებიტორული დავალიანების ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
5. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №039-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25147 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 80 583.27 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 48 557
დღგ - 1 137
მოგების გადასახადი - 11 115
საშემოსავლო გადასახადი - 36 246
ქონების გადასახადი - 59
ჯარიმა - 23 519
საურავი - 8 507.27
პროცედურული გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში საწარმო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახორციელებს გათბობის სისტემების მოწყობის სამუშაოებს.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 26.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფიუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2023 წლის №15309 ბრძანება და ამავე თარიღის №039-10 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 28.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.10.2023 წლის №25147 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბანკო ანგარიშის ამონაწერების, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების, განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის შესწავლით დგინდება, რომ ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხები სრულად არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხები, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ფიზიკური პირებისთვის გადახდილი აქვს თანხები, თუმცა სრულად არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლოს, მოგების, ქონების გადასახადებს, დღგ-ს და მათზე დარიცხულ ჯარიმებს და საურავებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2023 წლის №112082-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს შემოწმების შედეგად გამოვლენილ შედეგებზე მონაცემები გაეგზავნა 18.06.2023 წელს. სატელეფონო კომუნიკაციისას დირექტორი დაეთანხმა შემოწმების შედეგად გამოვლენილ მონაცემებს, თუმცა უარი განაცახადა წერილობითი პოზიციის წარმოდგენაზე.
მომჩივანი არც წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს იმ მიზეზებს და არგუმენტებს რის გამოც თავლის, რომ არასწორად განისაზღვრა მის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები, ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. პარტნიორისთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს პარტნიორს განაწილებული აქვს მოგება და გაცემული აქვს დივიდენდი, თუმცა დივიდენდი სრულად არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან (წარდგენილია პარტნიორის გადაწყვეტილებები და სალაროს გასავლის ორდერები). პარტნიორისთვის გადახდილი თანხები დაექვემდებარა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დაბეგვრას. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით საწარმოს პარტნიორს განაწილებული აქვს მოგება და დივიდენდი გადახდილი, თუმცა სრულად არ არის დაბეგრილი. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლოს, მოგების, ქონების გადასახადებს, დღგ-ს და მათზე დარიცხულ ჯარიმებს და საურავებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2023 წლის №112082-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს შემოწმების შედეგად გამოვლენილ შედეგებზე მონაცემები გაეგზავნა 18.06.2023 წელს. სატელეფონო კომუნიკაციისას კომპანიის დირექტორი დაეთანხმა შემოწმების შედეგად გამოვლენილ მონაცემებს, თუმცა უარი განაცახადა წერილობითი პოზიციის წარმოდგენაზე.
მომჩივანი არც წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს იმ მიზეზებს და არგუმენტებს რის გამოც თავლის, რომ არასწორად განისაზღვრა მის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები, ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დღგ-ის ჩასათვლელი და დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლით დადგინდა, რომ:
2020 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეების დღგ-ის დეკლარაციებში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები არასწორად (დაბეგვრის პერიოდები არასწორად არის განსაზღვრული) არის ასახული.
2020 წლის დეკემბრის და 2021 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციებით დღგ-ის ჩათვლა განხორციელებულია იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებითაც გაინაშთა 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეებში მიღებული საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლა განხორციელებულია 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეების დღგ-ის დეკლარაციებით.
საწარმოს დაუკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები და დღგ-ის ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლოს, მოგების, ქონების გადასახადებს, დღგ-ს და მათზე დარიცხულ ჯარიმებს და საურავებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით.
2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
3. დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის შესაბამის ვადაში წარმოდგენილ შემდეგ დეკლარაციაში:
ე.ა) მატერიალური (მათ შორის, კომპიუტერით ამობეჭდილი) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 საანგარიშო პერიოდის მიხედვით ან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, დადგენილ ვადაში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაციის წარმოდგენით);
ე.ბ) ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის კალენდარული წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში ან არაუგვიანეს 3 კალენდარული წლის განმავლობაში, ამავე პერიოდის დაზუსტებულ დეკლარაციაში.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში - საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ 6.11.2023 წლის №112082-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს შემოწმების შედეგად გამოვლენილ შედეგებზე მონაცემები გაეგზავნა 18.06.2023 წელს. სატელეფონო კომუნიკაციისას დირექტორი დაეთანხმა შემოწმების შედეგად გამოვლენილ მონაცემებს, თუმცა უარი განაცახადა წერილობითი პოზიციის წარმოდგენაზე.
მომჩივანი არც წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს იმ მიზეზებს და არგუმენტებს რის გამოც თავლის, რომ არასწორად განისაზღვრა მის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები, ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. დებიტორული დავალიანების ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2021 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით შპს „-------ს“ შპს „-------თვის“ (ს/ნ -------) გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-------, რომლის მიხედვით განხორციელდა 194 720 ლარის ღირებულების, -------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ------ს საჯარო სკოლის და -------ს სახელობის -------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ------ს საჯარო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოების მიწოდება. სამუშაოების შემსყიდველს - სსიპ --------ს შპს „--------თვის“ სრულად აქვს შესრულებული სამუშაოს საკომპენსაციო თანხა გადარიცხული (243 031,92 ლარი).
შპს „-------ს“ საბანკო ანგარიშის შესწავლით დგინდება, რომ შპს „-------ს“ მიერ 30.12.2021 წელს განხორციელდა მხოლოდ 92 683,44 ლარის ანაზღაურება. აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილა შპს „-------თან“ 25.04.2023 წელს გაფორმებული შედარების აქტის ასლი, რომლის მიხედვით 1.04.2023 წლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 102 036,56 ლარს. შპს „-------ს“ დირექტორის განმარტებით აღნიშნულ საწარმოებს შორის არ არის გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულება, საწარმოები არ არიან შეთანხმებული დავალიანების დაფარვის კონკრეტულ ვადებზე და მათ შორის არ მიმდინარეობს დავა.
შპს „-------ს“ დირექტორისგან 5.05.2023 წელს მოთხოვნილია განმარტება შემდეგ საკითხებზე: რატომ არ განხორციელდა შპს „-------ს“ მიერ დავალიანების დაფარვა; შპს „-------თან“ რატომ არ გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება და დავალიანების დაფარვის გრაფიკი; შპს „-------ს“ მიმართ დებიტორული დავალიანების წარმოშობის თარიღიდან დღემდე რა ზომებს მიმართა დირექტორმა დავალიანების შესამცირებლად; დირექტორმა რატომ არ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სასამართლოს შპს „-------გან“ თანხის იძულების წესით ამოსაღებად.
შპს „------ს“ დირექტორის მიერ 7.06.2023 წელს აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილია განმარტება, რომელსაც ახლდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2.06.2023 წელს წარდგენილი განაცხადი. შპს „-------ს“ წარმომადგენელთან კომუნიკაციით დადგინდა, რომ თანხა შესამოწმებელ პერიოდში სრულად არის გადახდილი შპს „--------თვის“.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე დებიტორული დავალიანების ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
25.09.2021 წლის ხელშეკრულებით კომპანიამ შპს „------ს“ დაკვეთით -------ს მუნიციპალიტეტის სოფელ -------ს და სოფელ -------ს საჯარო სკოლებში შეასრულა საამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელზეც 26.12.2021 წელს შედგა შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 194 720 ლარი, რაზეც შპს „--------ს“ მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა------.
31.12.2021 წელს შპს „-------ს“ მიერ შპს „-------ს“ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 92 683,44 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება 102 036,56 ლარი შპს „--------ს“ მიერ დღემდე გადახდილი არ არის, რასაც ადასტურებს შპს „--------ს“ მიერ ელექტრონული საშუალებებით გამოგზავნილი 25.04.2023 წლის შედარების აქტი. შპს „------“-ს მიმართ დებიტორული დავალიანების 102 036,56 ლარის შესახებ სრული ინფორმაცია, დოკუმენტურად დადასტურებული, შპს „-------ს“ მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილია საგადასახადო ორგანოში.
რაც შეეხება, შპს „------ს“ მიერ ვალის ამოღების ღონისძიებებს განმარტავს, რომ 2022 წელს შპს „------ს“ წარმომადგენელსა და შპს „-------ს“ წარმომადგენლებს შორის შედგა რამოდენიმე შეხვედრა და სატელეფონო კომუნიკაცია. სიტყვიერი მოლაპარაკების შედეგად შპს „-------“ აღიარებდა აღნიშნულ დავალიანებას და მათი სიტყვიერი განმარტებით ვალის დაფარვას მოახდენდა 2022 წლის ბოლომდე, მათივე განმარტებით მათ სახელმწიფო შეყიდვების მიზნით გაფორმებული ჰქონდათ რამოდენიმე ხელშეკრულება 7 000 000 ლარამდე და მათი შესრულების პარალელურად მოახდენდნენ ვალის გასტუმრებას ეტაპობრივად. კომპანიის მიერ გადახედილი იქნა სახელმწიფო შესყიდვების ტენდერების საიტი, რომლის მიხედვით მათი ნათქვამი შეესაბამებოდა სინამდვილეს.
2022 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ შპს „-------ს“ შეუწყვიტეს აღნიშნული ხელშეკრულებები და იგი შეიყვანეს შავ სიაში. ვალის უზრუნველყოფის მიზნებისთვის კომპანიამ დაიწყო შპს „-------ს“ შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რომლის მიხედვითაც დადგინდა რომ შპს „--------ს“ სახელზე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ირიცხებოდა ერთი მიწის ნაკვეთი, აგრეთვე შპს „--------“ ირიცხებოდა მოვალეთა რეესტრში და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული იყო გირავნობა/ყადაღა.
აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე კომპანიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა ვალის ამოღების მიზნით გაეწია დამატებითი ფინანსური ხარჯი და მიემართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ან სასამართლოსთვის, ვინაიდან შედეგი არ დადგებოდა. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე ვალის ამოღების მიზნებისთვის მოხდა რამდენიმეჯერ სატელეფონო კომუნიკაცია შპს „-------ს“ წარმომადგენელთან, თუმცა ისინი აღიარებდნენ ვალს და ზეპირი შეთანხმებით ვალის დაფარვას მოახდენდნენ 2023 წლის ბოლომდე ეტაპობრივად. ვინაიდან კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების და ვალის გადახდევინების ვადას ხანდაზმულობის ვადა ეწურებოდა 2024 წლის ბოლომდე. კომპანია იძულებული იყო დათანხმებოდა შპს „-------ს“ შემოთავაზებას, რათა თავიდან აეცილებინა ზედმეტი ფინანსური ხარჯი საწყის ეტაპზე. ბოლო ერთი თვის განმავლობაში შპს „-------ს“ წარმომადგენლებთან ვერანაირი საშუალებით ვერ მოხდა დაკავშირება, ამიტომ იძულებული იყო კომპანია ვალის ამოღების მიზნებისათვის ნაკლები ფინანსური ხარჯით 2.06.2023 წელს შეეტანა განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში (საქმის ნომერი SP230669571). აღნიშნული საკითხი ახსნა-განმარტების სახით შპს „-------ს“ მიერ მიწოდებულია აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შემმოწმებელი გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის დაეყრდნო მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებებით შპს „-------“-ს წარმომადგენელის მიერ მიცემულ განმარტებას შპს „-------ს“ მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ. აქტში ფაქტობრივ გარემოებებად არ არის მითითებული შპს „-------“-ს შპს „------ს“ წარმომადგენლისთვის (კონკრეტული პიროვნების ან სხვა ზოგადად) კონკრეტული თარიღით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის (სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები, საბანკო გადარიცხვები და სხვა) შესახებ ინფორმაცია. შპს „-------“-ს დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროდან უარის მიღების შესახებ გადაწყვეტილების შემთხვევაში შპს „-------“დავას გააგრძელებს სასამართლოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
მომჩივანი განმარტავს, რომ 31.12.2021 წელს შპს „------ს“ მიერ შპს „------ს“ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 92 683,44 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება 102 036,56 ლარი შპს „------ს“ მიერ დღემდე გადახდილი არ არის, რასაც ადასტურებს შპს „--------ს“ მიერ ელექტრონულად გამოგზავნილი 25.04.2023 წლის შედარების აქტი. რაც შეეხება, შპს „-------ს“ მიერ ვალის ამოღების ღონისძიებებს განმარტავს, რომ კომპანიამ 2.06.2023 წელს განცხადება შეიტანა დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში (საქმის ნომერი SP230669571). აღსანიშნია, რომ შემმოწმებელი არ მიუთითებს შპს „-------“-ს მიერ შპს „--------ს“ წარმომადგენლისთვის კონკრეტული თარიღით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ ინფორმაციას. ამდენად, მიაჩნია, რომ ამ ნაწილში დარიცხვა არ უნდა განხორციელებულიყო.
აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2023 წლის №112082-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს შემოწმების შედეგები 18.06.2023 და 26.06.2023 წელს გაეგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე, მაგრამ წერილობითი პოზიცია არ წარუდგენია. თუმცა, აღნიშნულ საკითხს კომპანიის დირექტორი სატელეფონო კომუნიკაციისას არ დაეთანხმა.
კომპანიის მიერ შემოწმების პროცესში, 7.06.2023 წელს, წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომ 7.06.2023 წლის მდგომარეობით შპს „------“-ს შპს „------ს“ მიმართ ერიცხება დავალიანება 102 036,56 ლარის ოდენობით, ასევე წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2.06.2023 წელს წარდგენილი განცხადება. აღნიშნულ განცხადებაზე აღსანიშნია, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილია მას შემდეგ რაც, კომპანიის დირექტორისთვის ცნობილი გახდა შპს „------“-ს პოზიცია, დავალიანების არ არსებობის შესახებ. საგულისხმოა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი განცხადებით კომპანიას არ აქვს მოთხოვნილი შპს „-------“-ს ქონების დაყადაღება (არ არის მონიშნული შესაბამისი ველი).
შპს „-------“-ს წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაციით დადგინდა, რომ თანხა გადახდილია შპს „-------ს“ წარმომადგელისთვის, რომელიც მისივე განმარტებით არის კომპანიის დირექტორის ნათესავი. შპს „------ს“ დირექტორისთვის დასმულ კითხვაზე თუ ვისი მეშვეობით ახორციელებდა კომუნიკაციას შპს „------“-სთან, დირექტორმა განმარტა, რომ თავად უშუალო კომუნიკაცია შპს „-------“-ის წარმომადგენელთან არ ჰქონია და კომუნიკაციას ახდენდა შუამავლის მეშვეობით, თუმცა შუამავლის ვინაობა არ გაამჟღავნა.
შპს „-------“-ის წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაციის შემდგომ ელექტრონულ ფოსტაზე 30.05.2023 წელს გამოგზავნილია შპს „------“-ის ხელმოწერილი განმარტება, რომ კომპანიამ მოიძია დამატებითი ინორმაციებია შპს „-------ს“ (ს/ნ ------) მიმართ არსებული დავალიანების თანხის გადახდასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ადასტურებს რომ შპს „-------“-ს შპს „-------ს“ მიმართ დავალიანება არ გააჩნია. ასევე, შპს „-------“-ს გაეგზავნა შედარების აქტი და ეთხოვა დაედასტურებინა შედარების აქტზე ხელმოწერის და ბეჭდის ნამდვილობა და წერილობით განემარტა როდის, რა ფორმით და ვის გაუდაუხადა შპს „-------“-მ შპს „-------ს“ კუთვნილი თანხა და ეთხოვა წარმოედგინა თანხის გადახდის დამადასტურებლი დოკუმენტი. შპს „-------“-მ შედარების აქტზე ხემოწერის ნამდვილობა დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული დაადასტურა კომპანიამ საბუღალტრო ჩანაწერის მიხედვით, ხოლო როდესაც მოიკითხა ახალმა ხელმძღვანელმა ინფორმაცია, აღნიშნული შედარების აქტი ტექნიკურად დახარვეზდა და ამ ეტაპზე რეალობას არ შეესაბამება. როგორც გაირკვა, თანხის ნაწილი პირადი გადარიცხვით განახორციელა ყოფილმა ხელმძღვანელმა, ხოლო დარჩენილი ნაწილი ხელზე გადასცა. ამდენად, კომპანიას ვალდებულება შპს „--------ს“ მიმართა არ გააჩნია. საგადასახადო ორგანოს მიერ 1.06.2023 წელს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე შპს „-------“-საგნ გამოთხოვილია ინფორმაცია, შპს „--------ს“ კრედიტორული დავალიანების ბუღალტრული ანგარიშის ბარათი, დრექტორის მიერ ხელმოწერილი სახით, შპს „-------“-სა და შპს „---------ს“ შორის გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულება და დავალიანების დაფარვის გრაფიკი; წერილობითი განმარტება შპს „--------ს“ მიმართ არსებული დავალიანების ოდენობის და მისი დაფარვის შესახებ დირექტორის მიერ ხელმოწერილი სახით, მაგრამ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს „--------“- მ არ წარადგინა.
ამდენად, შპს „-------ს“ წარმომადგენელთან კომუნიკაციით დადგინდა, რომ თანხა შესამოწმებელ პერიოდში სრულად არის გადახდილი შპს „-------თვის“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე დებიტორული დავალიანების ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოთ აღნიშნულიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით გამოანგარიშებული საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულებები განსხვავდება ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემისგან. საწარმოს დაუკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაერიცხა ქონების გადასახადი, მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით გამოანგარიშებული საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულებები განსხვავდება ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემისგან. შედეგად დაკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგად დარიცხულ საშემოსავლოს, მოგების, ქონების გადასახადებს, დღგ-ს და მათზე დარიცხულ ჯარიმებს და საურავებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2023 წლის №112082-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს შემოწმების შედეგად გამოვლენილ შედეგებზე მონაცემები გაეგზავნა 18.06.2023 წელს. სატელეფონო კომუნიკაციისას დირექტორი დაეთანხმა შემოწმების შედეგად გამოვლენილ მონაცემებს, თუმცა უარი განაცახადა წერილობითი პოზიციის წარმოდგენაზე.
მომჩივანი არც წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს იმ მიზეზებს და არგუმენტებს რის გამოც თავლის, რომ არასწორად განისაზღვრა მის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები, ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან;
2. პარტნიორისთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დაბეგვრა;
3. დღგ-ის ჩასათვლელი და დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება;
4. დებიტორული დავალიანების ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
5. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საბანკო ანგარიშის ამონაწერების, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების, განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის შესწავლით დგინდება, რომ ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხები სრულად არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხები დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. საწარმოს პარტნიორს განაწილებული აქვს მოგება და გაცემული აქვს დივიდენდი, თუმცა დივიდენდი სრულად არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან (წარდგენილია პარტნიორის გადაწყვეტილებები და სალაროს გასავლის ორდერები). პარტნიორისთვის გადახდილი თანხები დაექვემდებარა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დაბეგვრას. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
3. გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესწავლით დადგინდა, რომ: 2020 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვეების დღგ-ის დეკლარაციებში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები არასწორად (დაბეგვრის პერიოდები არასწორად არის განსაზღვრული) არის ასახული. 2020 წლის დეკემბრის და 2021 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციებით დღგ-ის ჩათვლა განხორციელებულია იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებითაც გაინაშთა 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეებში მიღებული საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. საავანსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლა განხორციელებულია 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვეების დღგ-ის დეკლარაციებით. საწარმოს დაუკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები და დღგ-ის ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
4. 2021 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით მომჩივანს მეორე შპს -თვის გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მიხედვით განხორციელდა 194 720 ლარის ღირებულების, ორი საჯარო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოების მიწოდება. სამუშაოების შემსყიდველს შპს -თვის სრულად აქვს შესრულებული სამუშაოს საკომპენსაციო თანხა გადარიცხული (243 031,92 ლარი). საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე დებიტორული დავალიანების ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
5. ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით გამოანგარიშებული საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულებები განსხვავდება ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახული მონაცემისგან. საწარმოს დაუკორექტირდა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაერიცხა ქონების გადასახადი, მომჩივანს ასევე, დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1), 154(1"ა""ზ")(2"ა")(3"ა"), 97(1), 981(1), 130(1), 158(1), 159(1"ბ"), 1601(1), 163(1)(2), 164(1), 174(1)(2), 175(1"ა"), 176(1"ა"), 73(4)(9"ბ"), 201(1"ა.ა"), 202(1).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1), 173(1)(2"ა"), 174(1"ა")(2"ა.ა")(3"ე").
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.