გადაწყვეტილება №28137/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.10.2026
№ დოკუმენტი 28137/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28137/2/2026

28 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ი (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 21.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28137/2/2026).

 

დავის საგანი:

დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის და ჩასათვლელი თანხების კორექტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2026 წლის №AR023552 საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2026 წლის №14820 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2026 წლის №021-72 საგადასახადო მოთხოვნა;

4. შემოსავლების სამსახურის 16.09.2026 წლის №20349 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 20 008.7 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 14 476

ჯარიმა - 5 170

საურავი - 362.7

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა უძრავი ქონების მართვა გასამრჯელოს ან ხელშეკრულებების საფუძველზე.

2026 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2026 წლის №8995 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2026 წლის №-- საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებთან დაკავშირებით მითითებულია შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. შემოწმების შედეგად დასაბეგრ ბრუნვად განისაზღვრა 525 804 ლარი. ამასთანავე, კომპანია დეკლარაციაში უთითებდა ჩასათვლელ თანხად 12 636 ლარს, ხოლო მიღებული დოკუმენტების მიხედვით, დღგ-ის თანხა შეადგენდა 5 267 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას უფიქსირდებოდა დოკუმენტის გარეშე ჩათვლა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა და ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 1.07.2026 წლის №14820 ბრძანება და ამავე თარიღის №021- 72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.09.2026 წლის №20349 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ 12.08.2026 წელს -:- საათსა და 20.08.2026 წელს -:- საათზე ჩანიშნული საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის განცხადებების საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრების განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2.09.2026 წელს -:- საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების განხილვაზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით (დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა), შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

საგადასახადო შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. შემოწმების შედეგად დასაბეგრ ბრუნვად განისაზღვრა 525 804 ლარი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ გაანგარიშებისას გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები. საგადასახადო შემოწმების დროს არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ იქნა წარდგენილი სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ხელშეკრულება/დოკუმენტაცია) და ახსნა-განმარტება (გადამხდელი ელექტრონული ფოსტით წარდგენილ ინფორმაციაში მიუთითებდა, რომ არ ჰქონდა სრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა). საწარმოს დირექტორთან არაერთი სატელეფონო საუბრისა და ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი გაანგარიშების მიუხედავად (დადასტურებულია მიღება), არ იქნა წარდგენილი დამატებით დარიცხვასთან დაკავშირებული პოზიცია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით (დღგ-ის ჩათვლებში ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადახდილი დღგ-ის თანხის გათვალისწინება), შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 175- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველ პუნქტზე, მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

დადგენილია, რომ საწარმოს დეკლარაციაში ჩასათვლელ თანხად მითითებული ჰქონდა 12 636 ლარი, ხოლო მიღებული დოკუმენტების მიხედვით, დღგ-ის თანხა შეადგენდა 5 267 ლარს. შესაბამისად, შემოწმებით, გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საწარმო დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებს წარადგენდა ხელით. კომპანიას არ ჰქონდა მიღებული ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტები. საჩივრის დანართად წარდგენილია წერილი, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის მიმწოდებელი აღნიშნავს, რომ მომსახურების საფასურის დარიცხვა ხორციელდება არა შპს „---ზე“, არამდე შპს „---ზე“.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიისთვის გაუგებარია თუ რატომ არის ბრძანებაში მითითებული „საჩივრები“ მრავლობით რიცხვში. ვინაიდან, წარდგენილი ქონდა ერთი საჩივარი და ბრძანებაში მითითებულ თარიღებში მხოლოდ განცხადებით მიმართა დავების განხილვის საბჭოს საჩივრის განხილვის თარიღის გადადების შესახებ. ამდენად, პროცესუალური შეცდომისგან თავის დაზღვევისათვის, ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ მითითებულ ყველა საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოწმების შედეგად დასაბეგრ ბრუნვად შემმოწმებლის მიერ განსაზღვრულია 525 804 ლარი, ხოლო მიღებული დოკუმენტების მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 5 277 ლარი. აქედან გამომდინარე, დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობამ შეადგინა 39 538 ლარი და მასზე დამატებით დარიცხულმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 7 116.80 ლარი, ხოლო ჩასათვლელ თანხებს შორის სხვაობა შეადგენდა 7 359 ლარს. ამრიგად, დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხულია 14 476 ლარი და აღნიშნულ დარიცხვას არ ეთანხმება.

კომპანიის მიერ დღგ-ის ჩათვლაში გამოყენებული ელექტრო ენერგიის მოხმარებაზე გადახდილი დღგ-ის თანხის ოდენობა, მათ მიერ უგულებელყოფილია და გაუქმებულია 7 359 ლარის ოდენობით. ელექტრო ენერგიის მოხმარებაზე გადახდილი დღგ-ის თანხის გაუთვალისწინებლობა - უგულებელყოფა და გაუქმება შემოწმების მიერ მიაჩნია არამართებულად, ვინაიდან მოწოდებული ელექტროენერგია აუცილებელია ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად და მინდობილი მესაკუთრე შპს „----ის“ გამოიყენება საკუთრების მინდობის ხელშეკრულების თანახმად გაწეული ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. კომპანიის მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის თანხას იხდის კომპანია, მინდობილი მესაკუთრე შპს „---------ი“.

რაც შეეხება, დასაბეგრ ბრუნვას მარტის თვეში, შპს „---ის“ მიერ ჩარიცხულმა თანხამ შემოწმების აქტით შეადგინა 3 600 ლარი, ხოლო ფაქტიურად კომპანიის მიერ წარდგენილი ანგარიშფაქტურის ოდენობა არის 1 948 ლარი. აპრილის თვეში, შპს „---ის“ მიერ ჩარიცხულია იჯარის ღირებულება თანხით 97 157 ლარი. კომპანიის მიერ გამოწერილია ანგარიშ-ფაქტურა 113 833, 00 ლარზე. აგრეთვე, ჩარიცხულია 15 688 ლარი, მარტის კომუნალური მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა. შემოწმების შედეგად შემოსავალში აღებულია კომპანიის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა 113 833 ლარი და 15 688 ლარი კომუნალური მომსახურეობის ასანაზღაურებელი თანხა, ჯამში 129 521 ლარი, რასაც არ ეთანხმება ვინაიდან, კომპანიის მიერ გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურაში მოცემულია იჯარის და კომუნალური მომსახურეობის თანხის საერთო ჯამი, რომელიც შეადგენს 113 833 ლარს და რატომ იქნა და რა ანგარიშით 15 688 ლარი ზედმეტად დამატებული შემოწმების შედეგად გაუგებარია. აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის შემოსავალში შემმოწმებელმა ასევე, დამატებით აღრიცხა ხაზინის მიერ უკან დაბრუნებული 1 014.86 ლარი, რომელზეც დარიცხული დღგ აღრიცხული იყო თანხის მიღების დროს, წინა საანგარიშო პერიოდში და ხაზინის მიერ დაბრუნებული თანხა ახალ შემოსავლად ვერ შეიძლება იქნეს აღრიცხული - საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად. სულ ზედმეტად შემოსავალში ნაანგარიშები აქვთ 1 652 ლარი, ჯამში 18 355 ლარი. ზედმეტად, მათ მიერ დარიცხულია 2 800 ლარი და მასზე შესაბამისი ჯარიმა, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. ასევე საყურადღებოა და გასათვალისწინებელია ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადახდილი დღგ-ის თანხა, ოდენობით 7 359 ლარი.

შეგნებულად, ცალ-ცალკე სადაო საკითხებზე არ ამახვილებს ყურადღებას ვინაიდან, საგადასახადო შემოწმებაში არსებული უზუსტობები ერთმანეთზე მიბმულია და მისი აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ იმავე პერიოდზე ახალი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შედეგად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სადავო აქტები და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სადავო ბრძანება და იმავე პერიოდზე ჩატარდეს ახალი საგადასახადო შემოწმება კომპანიის მიერ წარდგენილი უზუსტობების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღებისას ითხოვს გათვალისწინებულ იქნას, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ არ მისცა საშუალება საჩივრის განხილვას დასწრებოდა კომპანიის იურისტი, რომელიც ვერ ესწრებოდა საჩივრის განხილვას საპატიო მიზეზით (მონაწილეობდა სისხლის სამართლის პროცესში საჩივრის განხილვის სხდომების დღეს, რისი დამადასტურებელი ცნობებიც წარდგენილი იყო).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად:

1. თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დავის ძირითადი არსი გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ როგორც, საქართველოში უცხოური ინვესტორის მინდობილი მესაკუთრე ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, თანახმად საკუთრების მინდობის ხელშეკრულებისა. აღსანიშნია, რომ ეკონომიკურ საქმიანობას სრულად აწარმოებს კომპანია საკუთრების ფლობის რისკებით და ხარჯებით. სწორედ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან სასამართლოში არსებული დავა დასრულდა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, სადაც სასამართლომ მიუთითა რომ შპს „----ი“ მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგენს აბსოლუტური მესაკუთრეს. აღნიშნულის მიუხედავად მინდობილი მესაკუთრის მიერ გაწეულ ხარჯებს საგადასახადო ორგანო არ მიაკუთვნებს შპს „---ს“, რისი ნათელი მაგალითია ელექტრო ენერგიის ხარჯი, კერძოდ მიუხედავად იმისა, რომ ელ. ენერგიის მომხმარებლად (აბონენტად) მითითებულია შპს „------ი“, 2023 წლიდან სს „ეპ ჯორჯია მიწოდებასთან“ მიღწეულია შეთანხმება და მომსახურების საფასურის გადამხდელია შპს „----ი“, მინდობილი მესაკუთრე.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში მანამდე არსებული დავის ფარგლებში წარმოდგენილი აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20.05.2025 წლის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.10.2025 წლის განჩინება.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით და 5.10.2026 წლის №----21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით სადავო საკითხებზე, მომჩივნის არგუმენტზე, რომ ჩათვლაში გამოყენებული ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადახდილი დღგ-ის თანხა შემოწმების შედეგად იქნა უგულებელყოფილი 7 359 ლარის ოდენობით, ირკვევა, რომ საწარმო მხოლოდ დღგ-ის დეკლარაციას წარადგენს ხელით. კომპანიას არ აქვს მიღებული ჩათვლის შესაბამისი დოკუმენტები. გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე დაურთო წერილი, რომლის მიხედვითაც ელ. ენერგიის მიმწოდებელი მითითებს, რომ გადასახადის დარიცხვა ხორციელდება არა შპს „-----ზე“, არამედ შპს „-----ზე“. ამდენად, მომჩივანს არ აქვს იმ თანხის შესაბამისი დოკუმენტები (დღგ-ის ჩათვლის საფუძველი) რა თანხაც მითითებული აქვს დეკლარაციაში. ამასთან, შემოწმების შედეგად გათვალისწინებულია გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ გაგზავნილი საბანკო ამონაწერები, შემოწმების პროცესში არაერთი თხოვნის მიუხედავად არ იქნა წარდგენილი სხვა სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ხელშეკრულება/დოკუმენტაცია) და ახსნა-განმარტება (გადასახადის გადამხდელი გაგზავნილ ელ.ფოსტაში აღნიშნავს, რომ არ აქვს სრულყოფილი ბუღალტერია). საწარმოს დირექტორთან არაერთი სატელეფონო საუბრისა და ელ.ფოსტაზე გაგზავნილი გაანგარიშების მიუხედავად (დადასტურებულია მიღება), არ იქნა წარდგენილი დამატებით დარიცხვასთან დაკავშირებული პოზიცია.

საქმეში წარმოდგენილია სს „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ 8.12.2023 წლის №---- წერილი, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

„მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შემოსული წერილის საშუალებით შპს „----ი“ ითხოვდა მიწოდების ხელშეკრულებაში გადახდაზე პასუხისმგებელ პირად დაფიქსირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ შპს „----ის“ მომართვა რომელსაც ახლდა მომხმარებლად რეგისტრირებული პირის - შპს „------ის“ თანხმობა, მიღებულია ცნობად და შპს „----ს“ ვთვლით გადახდაზე პასუხისმგებელ პირად. აღნიშნული არ საჭიროებს ცვლილებას მიწოდების ხელშეკრულებაში, თუმცა თუ შპს „------ს“ ექნება სურვილი შეუძლია წამოადგინოს სათანადო ფორმით შევსებული და ხელმოწერილი სტანდარტული მიწოდების ხელშეკრულება განახლებული მონაცემებით და მოითხოვოს არსებული ხელშეკრულების ჩანაცვლება. დამატებით მოგახსენებთ, რომ ენერგოკომპანია ვერ დაეთანხმება თქვენს მოსაზრებას შპს „----ის“ მინდობილ მესაკუთრეობასთან დაკავშირებით. არაერთი წერილით გეცნობათ ენერგოკომპანიის პოზიცია ჩვენ ორ კომპანიას შორის საგადასახადო სამართალურთიერთობის სწორად, კანონიერად და საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დარეგულირების მიზნით, რომელსაც კვლავ ვეთანხმებით და აქ ვეღარ განვმეორდებით. თუმცა ენერგიკომპანია გამოხატავს თანხმობას, რომ სხვა პირი იყოს მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი, თანახმად, სემეკის 13.08.20წ. №47 დადგენილებისა „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა. აქვე განვმარტავთ, რომ გადახდაზე პასუხისმგებელი პირის ჩანაცვლება არ ნიშნავს მომხმარებლის ცვლილებას და ელექტრონერგიის დარიცხვა გრძელდება ისევ შპს „-----ზე“ და მას ეკისრება დავალიანების გადახდის ვალდებულება (დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში ცხადია ელ. ენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტს). შპს „----ის“ მიერ შპს „-----ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით გადახდილი თანხები, მიმართული იქნება დანიშნულიებისამებრ“.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, რომ კომპანიისთვის გაუგებარია თუ რატომ არის შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებული „საჩივრები“ მრავლობით რიცხვში, აღსანიშნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია ტექსტი „შემოსავლების სამსახურის 16.09.2026 წლის №20349 ბრძანება შპს „-----ის“ 2026 წლის 31 ივლისის, 14 და 19 აგვისტოს საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, რეგისტრირებულია მომჩივნის მიერ წარდგენილი 31.07.2026 წლის №103835/1/2026, 14.08.2026 წლის №104086/1/2026 და 19.08.2026 წლის №104151/2/2026 საჩივრები (პირველ მათგანში მითითებულია მოთხოვნა სადავო აქტების ბათილად ცნობაზე; მეორეში მომჩივნის თხოვნა ეცნობოს საჩივრის განხილვის ახალი თარიღი და მესამეში მითითებულია, რომ დაევალა წარედგინა განცხადება და ცნობა). საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს საქმისათვის არსებით და მნიშვნელოვან გარემოებებს, შესაბამისად გავლენას არ ახდენს შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის მართებულობაზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის და ჩასათვლელი თანხების კორექტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2026 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების საანგარიშო პერიოდების ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტის №8995 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა,რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები. შემოწმების შედეგად დასაბეგრ ბრუნვად განისაზღვრა 525 804 ლარი. ამასთანავე, კომპანია დეკლარაციაში უთითებდა ჩასათვლელ თანხად 12 636 ლარს, ხოლო მიღებული დოკუმენტების მიხედვით, დღგ-ის თანხა შეადგენდა 5 267 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას უფიქსირდებოდა დოკუმენტის გარეშე ჩათვლა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, შეუმცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა და ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №14820 ბრძანება და №021- 72 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №20349 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 175(1 „ა“, „ბ“ და „გ“); 176(1 „ა“ და „ბ“); 180(1);