ბრძანება N 4054

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2025
№ დოკუმენტი 4054
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4054

10 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის” (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 6 თებერვლის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „---ის” (ს/ნ ----) 2025 წლის 6 თებერვლის №24704/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №022-25 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან და 2024 წლის 20 დეკემბრის №26796 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ შემმოწმებელს დაავალა მოეხდინა საქონლის იდენტიფიცირება და დაედგინა გამოიყენებოდა თუ არა აღნიშნული საქონელი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში თუ მოხდა მისი რეალიზაცია, თუმცა შემმოწმებლის პოზიცია არ აისახა დასკვნაში. ამასთან, შემოწმებით საქონლის სრული შეძენის მიხედვით დადგინდა რეალიზაციის ოდენობა, თუმცა დარიცხვა არ უნდა განხორციელებულიყო ხარჯის 82 105.77 ლარზე. აღნიშნული გარემოება ეხება ფულის ნაშთს და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას დიდი მნიშნვნელობა აქვს.

2. გადამხდელი მიუთითებს, რომ კაპიტალთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა მტკიცებულებები, მათ შორის საბანკო ამონაწერები და კრების ოქმები, თუმცა შემოწმების მიერ კაპიტალში ჩათვლილ იქნა მხოლოდ 664 275 ლარი, ნაცვლად 735 578 ლარისა. ამასთან, დოკუმენტურად დასტურდება არამარტო დამფუძნებლის მიერ თანხის შემოტანა საწარმოში, არამედ მისი გახარჯვის დეტალური მონაცემები.

3. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ დღგ-ის ნაწილში სრულად არ იქნა ჩათვლილი შეძენილ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მიაჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმო არ ფუნქციონირებს თითქმის 4 წელია და აღნიშნული დღგ რეალურად გადახდილია, ზოგადი სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას გადამხდელის ვალდებულებების განსაზღვრისას. ასევე გაურკვეველია, რამდენია უკან დაბრუნებული საქონლის დღგ-ის თანხა, რომლის კორექტირებაც საწარმოს არ მოუხდენია და დღგ-ის თანხა ჩათვლილია ზედმეტად.

4. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №26796 ბრძანებასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24539 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის” (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს კაპიტალის ნაშთის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას ხანდაზმულ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24539 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 17 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 102 447 ლარი, მათ შორის, გადასახადი 68 298 ლარი, ჯარიმა 34 149 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 25 დეკემბრის №022-25 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №26796 ბრძანებით უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4145 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით მოცულ, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდებზე დამატებით, ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი 2021 წლის დეკემბრის თვის და 2022 წლის აპრილის თვის დღგის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების (დეკ. №---) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, კერძოდ, კაპიტალის ნაშთის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას ხანდაზმულ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი, რის საფუძველზეც შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 102 447 ლარით.

 გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების ეტაპზე, არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, რის გამოც შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები აღნიშნულ ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: 2024 წლის 9 დეკემბერს შპს „----ის“ (ს/ნ ---) მიერ წარმოდგენილია 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის აპრილის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (დეკ. --- (დაზუსტებული) დეკლარაციები, რომლებიც ეხება იმ საგადასახადო პერიოდს, რომელზეც საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებილია საგადასახადო შემოწმება.

გადამხდელის მიერ გადმოგზავნილ დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციებში მიბმული და ჩათვლილია/კორექტირებულია იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა, რომლებიც შემოწმების მიერ უკვე გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების აქტით/აქტის გადაანგარიშებით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დეკლარაციები არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადაგზავნას. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 დეკემბრის №022-25 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ კაპიტალის ნაშთის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას ხანდაზმულ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი, რის შედეგადაც განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, ხოლო დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებები, რის გამოც შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები აღნიშნულ ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №26796 ბრძანებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება. ხოლო, მე-3 ნაწილის მიხედვით, იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღრიცხვა განახორციელოს ამ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) მიხედვით. აღნიშნულის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს მოტივირებულ ბრძანებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან 3 წელია გასული. თუ დღგ-ის ჩათვლა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან მე-3 წელს განხორციელდა, დასაბეგრ ოპერაციაში მონაწილე მხარეების მიმართ (ამ ოპერაციის ფარგლებში) ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა 1 წლით გრძელდება. ამასთანავე, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება არაუგვიანეს ამ უფლების წარმოშობის წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის შესაბამისი დეკლარაციით (მათ შორის, შესწორებული დეკლარაციით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოიწერება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 მარტის №4145 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. 2024 წლის 9 დეკემბერს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის აპრილის თვეების დღგ-ის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციები, რომლებიც ეხება იმ საგადასახადო პერიოდს, რომელზეც საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებილია საგადასახადო შემოწმება. გადამხდელის მიერ გადმოგზავნილ დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციებში მიბმული და ჩათვლილია/კორექტირებულია იმ საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დღგ-ის თანხა, რომლებიც შემოწმების მიერ უკვე გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების აქტით/აქტის გადაანგარიშებით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დეკლარაციები არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადაგზავნას/ასახვას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2021 წლის დეკემბრის და 2022 წლის აპრილის თვეების დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური (დაზუსტებული) დეკლარაციების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვაზე უარი მართლზომიერია, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის” (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ შემმოწმებელს დაავალა მოეხდინა საქონლის იდენტიფიცირება და დაედგინა გამოიყენებოდა თუ არა აღნიშნული საქონელი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში თუ მოხდა მისი რეალიზაცია, თუმცა შემმოწმებლის პოზიცია არ აისახა დასკვნაში.

2. გადამხდელი მიუთითებს, რომ კაპიტალთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა მტკიცებულებები, მათ შორის საბანკო ამონაწერები და კრების ოქმები, თუმცა შემოწმების მიერ კაპიტალში ჩათვლილ იქნა მხოლოდ 664 275 ლარი, ნაცვლად 735 578 ლარისა.

3. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ დღგ-ის ნაწილში სრულად არ იქნა ჩათვლილი შეძენილ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

4. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 დეკემბრის №26796 ბრძანებასთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, კერძოდ, კაპიტალის ნაშთის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას ხანდაზმულ პერიოდში არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი, რის საფუძველზეც შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 102 447 ლარით.

გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების ეტაპზე, არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით, რის გამოც შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები აღნიშნულ ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას.

ამასთან, გადამხდელის მიერ გადმოგზავნილ დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციებში მიბმული და ჩათვლილია/კორექტირებულია იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის თანხა, რომლებიც შემოწმების მიერ უკვე გათვალისწინებულია საგადასახადო შემოწმების აქტით/აქტის გადაანგარიშებით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დეკლარაციები არ ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადაგზავნას.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69; 174; 175; 176; 178; 179; 180.