გადაწყვეტილება №25977/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.12.2025
№ დოკუმენტი 25977/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25977/2/2025

01 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ის“ 6.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25977/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №261-13 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 სექტემბრის №20364 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 48 393.06 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 29 910.82

დღგ - 15 018.82

საშემოსავლო გადასახადი - 14 892

ჯარიმა - 14 945

საურავი - 3 537.24

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკუთარი და იჯარით აღებული ავტომობილებით ქვიშახრეშის გადაზიდვა. ამასთან, საწარმოს უფიქსირდება ინერტული მასალების შეძენა-რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №3002 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 1 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისხა 2025 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: მომჩივანს 2024 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ექსკავატორით და სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის მომსახურებაზე, რომელიც არ აქვს დაბეგრილი, ჯამში 38 352 ლარის ღირებულებით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა საკუთარი ავტომობილებით გადაზიდვის მომსახურებები, სადაც გამომწერიც და მიმღებიც სხვადასხვა კომპანიებია. შემოწმებით აღნიშნულ შესრულებულ გადაზიდვებზე გამოყენებულ იქნა შპს „---ის“ მიერ იგივე მარშრუტებზე სხვა პირებთან შესრულებული გადაზიდვის ფასები, რამაც ჯამში გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა 45 097 ლარით, საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის გათვალისწინებით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის №2888 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას განესაზღვრა განკარგვადი თანხა 74 460 ლარის ოდენობით. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 81-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №15554 ბრძანება და №261-13 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 48 393.06 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 5 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 17 სექტემბრის №20364 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, მე-12, 154-ე, 81-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციასთან, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით, ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ავტომობილებით გადაზიდვები შესრულებული იყო საწარმოს კუთვნილი ავტომანქანებით, სადაც სასაქონლო ზედნადების გამომწერი და მიმღები სხვადასხვა კომპანიები იყო. აღნიშნული გაანგარიშების ცხრილი გადაგზავნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან, რომელმაც ზემოაღნიშნული გადაზიდვების ნაწილი გაშიფრა, ხოლო დანარჩენ ნაწილზე არგუმენტი არ წარადგინა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოაღნიშნულ შესრულებულ გადაზიდვებზე გამოყენებულ იქნა შპს „---ის“ მიერ იგივე მარშრუტებზე სხვა პირებთან შესრულებული გადაზიდვის ფასები, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა 45 097 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტთან, 2024 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციის გპაბ-ზე აუსახველობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №3002 ბრძანება გადასახადის გადამხდელს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა და გაეცნო 2025 წლის 19 თებერვალს, ხოლო საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში ცვლილების ან/და დამატების შეტანა იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელია საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს/საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების/შეტყობინების ჩაბარებიდან ან ამ გადაწყვეტილების/შეტყობინების გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად განთავსებიდან ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში. ამდენად, გადასახადის გადამხდელის პრეტენზია 2024 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციის გპაბ-ზე აუსახველობასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. 2024 წლის დეკემბრის დეკლარაციის დაკორექტირება მოხდა 19.02.2025 წელს 14:37 საათზე, მანამდე ვიდრე მიიღებდა ბრძანებას შემოწმების დანიშვნის შესახებ. შესაბამისად, მითითებული „არ ექვემდებარება დაზუსტებას“ არ მიაჩნია მართებულად.

2. არ იცის თუ რა რეისები, რა მარშრუტზე, რამდენ ლარზე იქნა გამრავლებული გაანგარიშების დროს. წინა შემოწმების დროს, აუდიტორმა მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ ნაწარმოები გაანგარიშებების შესახებ ანალოგიურ საკითხზე და უმეტეს შემთხვევაში გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების შენიშვნები საბოლოო გაანგარიშების დროს.

3. განკარგვადი ფულის ნაშთი არასწორად არის დაანგარიშებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შემცირდეს დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 19.11.2025 წლის №103379-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის დეკემბრის თვის დღგის დეკლარაცია დაზუსტებულია შემოწმების ბრძანების თარიღით. შესაბამისად, მისი ასახვა ბარათზე არ განხორციელდა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ავტომობილებით გადაზიდვები შესრულებულია გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ავტომანქანებით, სადაც სასაქონლო ზედნადების გამომწერიც და მიმღებიც სხვადასხვა კომპანიებია. აღნიშნული გაანგარიშების ცხრილი გადაგზავნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან.

მომჩივანმა ზემოაღნიშნული გადაზიდვების ნაწილი გაშიფრა, ხოლო დანარჩენ ნაწილზე არგუმენტი ვერ წარადგინა. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნულ შესრულებულ გადაზიდვებზე გამოყენებულ იქნა შპს „---ის“ მიერ იგივე მარშრუტებზე სხვა პირებთან შესრულებული გადაზიდვის ფასები, რამაც ჯამში გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა 45 097 ლარით. დამატებით არგუმენტაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არც შემდგომ პერიოდში არ მიუწოდებია. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის წერილი, სადაც მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის დეკემბრის თვის დღგის დეკლარაცია დაზუსტებულია შემოწმების ბრძანების თარიღით. შესაბამისად, მისი ასახვა ბარათზე არ განხორციელდა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ავტომობილებით გადაზიდვები შესრულებულია გადასახადის გადამხდელის კუთვნილი ავტომანქანებით, სადაც სასაქონლო ზედნადების გამომწერიც და მიმღებიც სხვადასხვა კომპანიებია. აღნიშნული გაანგარიშების ცხრილი გადაგზავნილ იქნა გადასახადის გადამხდელთან.

მომჩივანმა ზემოაღნიშნული გადაზიდვების ნაწილი გაშიფრა, ხოლო დანარჩენ ნაწილზე არგუმენტი ვერ წარადგინა. შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნულ შესრულებულ გადაზიდვებზე გამოყენებულ იქნა მომჩივნის მიერ იგივე მარშრუტებზე სხვა პირებთან შესრულებული გადაზიდვის ფასები, რამაც ჯამში გამოიწვია დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა 45 097 ლარით.

საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ფულის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას განესაზღვრა განკარგვადი თანხა 74 460 ლარის ოდენობით, რაც ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე - საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1).