ბრძანება N 22005

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.09.2023
№ დოკუმენტი 22005
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22005

11 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს და 23 აგვისტოს სხდომებზე (ოქმი №81 და №87) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 26 იანვრის №78572/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №024-86 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. შეძენილი არმატურის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეთანხმება დარიცხვას, თუმცა ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად;

2. არ ეთანხმება აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდში ე.წ. „---ის“ პროექტისთვის შეძენილი საქონლისა და მომსახურების მიწის მესაკუთრე პირზე - ---ზე განხორციელებულ უსასყიდლო მიწოდებად განხილვას;

3. არ ეთანხმება კომპანიის მიერ ე.წ. „---ის“ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის დაუდასტურებლობის გამო დღგ-ის ჩათვლის შემცირებას და ავანსის სახით გადახდილი თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას;

4. არ ეთანხმება სს „----ას“ მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას. ასევე, ითხოვს ამ ნაწილში დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 14 დეკემბრის №38618 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 12 მარტიდან 2021 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32810 ბრძანება და ამავე თარიღის №024-86 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 480 881 ლარი, მათ შორის, გადასახადი 770 213 ლარი, ჯარიმა 385 045 ლარი, საურავი 325 623 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

„1. 2021 წლის თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში კომპანიას უფიქსირდება შპს „---გან“ სასაქონლო ზედნადებით 46 527 ლარის ღირებულების არმატურის შეძენა, ტრანსპორტირების გარეშე (ტრანსპორტირების დაწყების ადგილია ----. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში გადამხდელს ---ში მშენებარე პროექტი არ აქვს. ოპერაციაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და განხორციელებულია დღგ-ის ჩათვლა. ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონულ პროგრამაში ზემოაღნიშნული საქონელი ერიცხება ნაშთად. გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომ შეძენილი არმატურის ადგილმდებარეობა გაურკვეველია. ზემოაღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად შეძენის საანგარიშო პერიოდში და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შპს „---სა“ და ფ/პ „---ს“ შორის 2019 წლის 13 მარტს საჯარო რეესტრში გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულების შესაბამისად შპს “---ის მიერ იგეგმებოდა ---ის კუთვნილ მიწაზე (ფართი - 5289 კვ.მ. საკადასტრო კოდი - ----, მისამართი - ---ს რაიონი, --- „---“) სასტუმროს მშენებლობა. სამშენებლო სამუშაოებს 2019 წლის 15 აპრილის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა შპს „---“ (ს/ნ ----). სამშენებლო სამუშაოების მომწოდებელზე გადახდილია ავანსი 2 349 481 ლარის ოდენობით, რაზედაც შპს „---ს“ გამოწერილი აქვს ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო შპს „---ს“ მიღებული აქვს დღგ-ს ჩათვლა. შპს ,,---ს“ მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით, ასევე, მიწის მესაკუთრის ახსნაგანმარტებით და შპს „---ის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით (დეტალური ჩამონათვალი და ფოტომასალა) დგინდება, რომ „---ის“ ობიექტზე განხორციელებული იყო შემდეგი სამუშაოები: საძირკვლის გათხრა, წყლის ამოშრობა, სადრენაჟე სისტემის მოწყობა, მიწის გამაგრებითი სამუშაოები, საძირკვლის ბალასტით მოწყობა, პირველი სართულის მოწყობის სამუშაოები. შპს „---ის“ ახსნა-განმარტებით, მშენებელს შესრულებული აქვს 1-1.5 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო შპს „---ის“ პოზიციით, „---ის“ ობიექტზე გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 950 856 ლარს. მხარეებს შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი არ აქვთ, საბოლოო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი არ არის. შპს „---ს“ გადარიცხული თანხის უკან დაბრუნების ან შესასრულებელი სამუშაოს დასრულების მოთხოვნით სამართლებრივი გზებისთვის არ მიუმართავს და აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება შპს „---ან“. 2020 წლის 28 ივლისის შეთანხმების საფუძველზე ფ/პ ---თან დადებული აღნაგობის ხელშეკრულება შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდისთვის შპს „---ს“ ---სთვის აღნაგობის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი აქვს სულ 50 000 დოლარი. ორივე მხარე განმარტავს, რომ ერთმანეთის მიმართ ვალდებულება ან მოთხოვნა არ აქვთ. აღნაგობის ხელშეკრულების მოშლიდან ორ თვეში, 2020 წლის 8 სექტემბერს, ---მა ზემოაღნიშნული მიწა გაყიდა.

საბოლოო მყიდველმა მშენებლობის თავდაპირველ პროექტში შეცვალა მხოლოდ შენობის ფუნქცია, განაგრძო და განახორციელა შენობის მშენებლობა. ზემოაღნიშნული მშენებლობის მომსახურების გარდა შპს „---ს“ ე.წ. „---ს“ პროექტზე გაწეული აქვს ხარჯი 118 359 ლარის ოდენობით. შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და შესაბამის საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდში, ---ის პროექტისთვის შეძენილი საქონელი და მომსახურება ჩაითვალა ფ/პ ---ზე უსასყიდლო მიწოდებად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადები, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

3. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა აღნაგობის უფლებას მხოლოდ შემდეგ მიწებზე - მდებარე ქ. ----(ს.კ. ----) და ქ. ---ს, (ს.კ.---). კომპანიას 2019 წლის ივნისისიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, ასევე, 2020 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, უფიქსირდება შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ს ჩათვლა 358 395 ლარის ოდენობით. ავანსის შესაბამისი თანხა - 2 349 481 ლარი გადახდილია უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების აქტის შედგენის დროისთვის აღნიშნულ ავანსის ანგარიშ-ფაქტურებზე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი არ არის, ხოლო ავანსად გადარიცხული თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას ერიცხება მოთხოვნებში. შპს „---გან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ კომპანია შპს „---ს“ სამშენებელო სამუშაოებს უსრულებდა ---ში ორ ობიექტზე - ე.წ „---ის“ ობიექტზე 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივნისამდე, ხოლო ე.წ „---ის“ ობიექტზე 2019 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე. გაწეული მომსახურების ღირებულებამ ობიექტების მიხედვით შეადგინა 1,950,856.03 და 398,625.70 ლარი.

ამასთან, შპს „---“ განმარტავს, რომ ე.წ. „---ის“ ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყება მოხდა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე. მხარეებს შორის დამატებითი დოკუმენტები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ (ე.წ. „ფორმა 2“) ან სხვა დამატებითი პირველადი დოკუმენტი (მ.შ. მიღება-ჩაბარების აქტი) როგორც „---ის“, ასევე, „---ის“ ობიექტზე შედგენილი არ ყოფილა. შპს „---ს“ გადარიცხული თანხის უკან დაბრუნების ან შესასრულებელი სამუშაოს დასრულების მოთხოვნით სამართლებრივი გზებისთვის არ მიუმართავს და აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება.

შემოწმების შედეგად, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე და შესაბამის საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, ვინაიდან ვერ დგინდება შპს „---ს“ მიერ ე.წ. „---ის“ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, მიღებული დღგ-ს ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო ავანსის სახით გადახდილი თანხა 398 625 ლარი დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადები, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.

4. შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ფლობდა აღნაგობის უფლებას მიწაზე - მდებარე ---- (ს.კ. ---), რომელიც 2020 წლის 28 ივლისის შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. აღნაგობის ხელშეკრულების მოშლიდან ორ თვეში 2020 წლის 8 სექტემბერს, მიწის მესაკუთრემ ზემოაღნიშნული მიწა გაყიდა. შპს „---ის“ მიერ 2021 წლის პერიოდებზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით კი ფიქსირდება ჩათვლა „---“ ობიექტზე 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებულ ელ.ენერგიაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. საწარმოს თანხა გადახდილი არ აქვს.

შემოწმების შედეგად ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, კომპანიის მიერ მიღებული დღგ-ს ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, ამ ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

რაც შეეხება სს „---ას“ მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის მიხედვით:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შპს „---ის“ მიერ 2021 წლის პერიოდებზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით ფიქსირდება დღგ-ის ჩათვლა ე.წ. „---ის“ ობიექტზე 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებულ ელექტრო ენერგიაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. საწარმოს თანხა გადახდილი არ აქვს.

შემოწმების შედეგად, კომპანიის მიერ მიღებული დღგ-ს ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა აღნაგობის უფლებას მიწაზე - მდებარე ქ. ----“ (ს.კ. ---), რომელიც 2020 წლის 28 ივლისის შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. აღნაგობის ხელშეკრულების მოშლიდან ორ თვეში 2020 წლის 8 სექტემბერს, მიწის მესაკუთრემ ზემოაღნიშნული მიწა გაყიდა. ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის პერიოდებზე წარმოდგენილი დღგის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ის ჩათვლა მიღებულია ე.წ. „---ს“ ობიექტზე 2021 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებულ ელ.ენერგიაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას ფიზიკურ პირთან გაფორმებული ჰქონდა აღნაგობის ხელშეკრულება ფიზიკური პირის კუთვნილ მიწაზე სასტუმროს მშენებლობასა და სანაცვლოდ ფართების გადაცემის შესახებ. სამშენებლო სამუშაოების მომწოდებელზე კომპანიას გადახდილი აქვს ავანსი, გამოწერილია ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც გადამხდელს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. გადამხდელის ახსნა-განმარტებით, მშენებელს შესრულებული აქვს 1-1.5 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო მომსახურების გამწევი კომპანიის პოზიციით, „---ის“ ობიექტზე გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 950 856 ლარს. მხარეებს შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილი არ აქვთ, საბოლოო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი არ არის, ასევე, გადამხდელს არ მიუმართავს გადარიცხული თანხის უკან დაბრუნების ან შესასრულებელი სამუშაოს დასრულების მოთხოვნით სამართლებრივი გზებისთვის. 2020 წლის 28 ივლისის შეთანხმების საფუძველზე ფ/პ ---თან დადებული აღნაგობის ხელშეკრულება შეწყდა, ამ პერიოდისთვის შპს „--ს“ ----სთვის აღნაგობის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი აქვს სულ 50 000 დოლარი, მხარეები განმარტავენ, რომ ერთმანეთის მიმართ ვალდებულება ან მოთხოვნა არ გააჩნიათ. აღნაგობის ხელშეკრულების მოშლიდან ორ თვეში, 2020 წლის 8 სექტემბერს, --მა ზემოაღნიშნული მიწა გაყიდა და მყიდველმა განაგრძო მშენებლობა. მშენებლობის მომსახურების გარდა შპს „---“ ე.წ. „---ის“ პროექტზე გაწეული აქვს ხარჯი 118 359 ლარის ოდენობით. შემოწმებით, აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდში, „---ის“ პროექტისთვის შეძენილი საქონელი და მომსახურება ჩაითვალა მიწის მესაკუთრე ფ/პ ---ზე განხორციელებულ უსასყიდლო მიწოდებად.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ პანდემიის პერიოდში გართულებული ფინანსური მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო ფ/პ ---თან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და იძულებული გახდა, შეეწყვიტა აღნაგობის ხელშეკრულება და მიწა დაებრუნებინა მეპატრონისთის, რის შედეგადაც კომპანიას მიადგა დიდი ფინანსური ზარალი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ საწარმოს ჰქონდა კომერციული ინტერესი და სამომავლოდ ელოდებოდა შემოსავლის მიღებას, შესაბამისად, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებას ან მომსახურების გაწევას ადგილი არ ჰქონია. ამ ეტაპზე, კომპანია ცდილობს მოლაპარაკების გზით შეჯერდეს მომსახურების გამწევთან რეალურად გაწეული მომსახურების ღირებულებაზე, რის შემდგომაც მოხდება საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება და შესაბამისი ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ში. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიას 2019 წლის ივნისისიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, ასევე, 2020 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდებზე წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, უფიქსირდება შპს „---ის“ მიერ გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ს ჩათვლა 358 395 ლარის ოდენობით. ავანსის შესაბამისი თანხა - 2 349 481 ლარი გადახდილია უნაღდო ანგარიშსწორებით. აღნიშნულ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე საბოლოო საგადასახადო ანგარიშფაქტურები გამოწერილი არ არის, ხოლო ავანსად გადარიცხული თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას ერიცხება მოთხოვნებში.

შპს „---გან“ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, კომპანია შპს „---ს“ სამშენებელო სამუშაოებს უსრულებდა ---ორ ობიექტზე - ე.წ „---ის“ და „---ს“ ობიექტებზე, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულებამ ობიექტების მიხედვით შეადგინა 1,950,856.03 და 398,625.70 ლარი.

ამასთან, შპს „---“ განმარტავს, რომ ე.წ. „---ს“ ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დაწყება მოხდა სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე და მხარეებს შორის დამატებითი დოკუმენტები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ (ე.წ. „ფორმა 2“) ან სხვა დამატებითი პირველადი დოკუმენტი (მ.შ. მიღება-ჩაბარების აქტი) როგორც „---ის“, ასევე, „---ს“ ობიექტზე შედგენილი არ ყოფილა.

შპს „---ს“ გადარიცხული თანხის უკან დაბრუნების ან შესასრულებელი სამუშაოს დასრულების მოთხოვნით სამართლებრივი გზებისთვის არ მიუმართავს და აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება.

ვინაიდან ვერ დგინდება შპს „---ის“ მიერ ე.წ. „---ის“ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, მიღებული დღგ-ს ჩათვლა შემოწმების შედეგად დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო ავანსის სახით გადახდილი თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შპს -,,--ს“ სამშენებლო სამუშაოების მომწოდებელ შპს „---ზე“ გადახდილი აქვს ავანსი 2 349 481 ლარის ოდენობით. შპს „---ს“ ზემოაღნიშნული ავანსის თანხა გადახდილი აქვს 2019 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის, 2020 წლის იანვრის, თებერვლისა და ივლისის თვეებში (ჯამში განხორციელებული აქვს 43 გადახდა). ამასთან, ამავე ინფორმაციის მიხედვით, შპს „---ის“ ერთპიროვნული დამფუძნებლის და დირექტორის მინდობილი პირები 09.08.2019-31.12.2020 წლების პერიოდში წარმოადგენდნენ ასევე ე.წ. „---ის“ ობიექტის მიწის მესაკუთრის მინდობილ პირებს. ხოლო შპს „---გან“ (ს/ნ ---) გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს „---ს“ სამშენებელო სამუშაოებს ე.წ „---ის“ ობიექტზე უსრულებდა 2019 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის დეკემბრამდე. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს „---ის“ გადახდილი ავანსის თანხა სრულად უნდა მოხმარებოდა ფ/პ---ის კუთვნილ მიწაზე (---) შენობის აღმართვას (სასტუმროს მშენებლობა), ხოლო დამატებით სხვა რაიმე მომსახურებისთვის, მათ შორის, სამშენებლო მომსახურებისთვის შპს „---თვის“ თანხა გადახდილი არ ყოფილა, ასევე, მის მიერ არ გამოწერილა შპს „---ის“ ავანსის ან საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შესაბამისად, გაუგებარია აღნიშნულ ნაწილში მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადების დარიცხვა მაშინ, როდესაც არ არსებობს დაბეგვრის ობიექტი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

1. შეძენილი არმატურის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეთანხმება დარიცხვას, თუმცა ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად;

2. არ ეთანხმება აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდში პროექტისთვის შეძენილი საქონლისა და მომსახურების მიწის მესაკუთრე პირზე განხორციელებულ უსასყიდლო მიწოდებად განხილვას;

3. არ ეთანხმება კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის დაუდასტურებლობის გამო დღგ-ის ჩათვლის შემცირებას და ავანსის სახით გადახდილი თანხის მოგების გადასახადით დაბეგვრას;

4. არ ეთანხმება ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებას. ასევე, ითხოვს ამ ნაწილში დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 14 დეკემბრის №38618 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 12 მარტიდან 2021 წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32810 ბრძანება და ამავე თარიღის №024-86 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 480 881 ლარი, მათ შორის, გადასახადი 770 213 ლარი, ჯარიმა 385 045 ლარი, საურავი 325 623 ლარი.

 

გადაწყვეტილება

პირველ, მეორე, მესამე და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43 (4); 269; 270; 275; 175; 176; 73 (4,9); 96; 97; 983; 16; 2; 159; 160; 163; 164; 982.

2021 წლამდე მოქმედ საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161; 173;171;174.