ბრძანება N 20614
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20614
19 სექტემბერი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.: „-------“ )
2025 წლის 2 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 2 აგვისტოს №97305/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №024-36 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ დღგ-ის. განმარტავს, რომ არასწორად იქნა გაანგარიშებული გადასახადი. ითხოვს ხელახლა გაანგარიშებას/შესწავლას და დარიცხული გადასახადის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №9755 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10252 და 2023 წლის 13 სექტემბრის №22263 ბრძანებებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 24 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივნისის №14063 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №024-36 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 116 940 ლარი, მათ შორის, გადასახადი 72 346 ლარი, ჯარიმა 37 388 ლარი და საურავი 7 206 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სსიპ „-------“-ს მონაცემების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნანდებები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განხორციელებულია სამშენებლო/სარემონტო მომსახურების გაწევა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. შემოწმების შედეგად იკვეთება, რომ შესრულებულ სამუშაოებზე, რიგ შემთხვევებში, შედგენილია მიღება/ჩაბარების აქტები, მაგრამ გამოწერილი არ არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული შემოსავლები გათვალისწინებულია არაა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, იკვეთება შემთხვევები, როდესაც საქონლის მიწოდებაზე ან მომსახურების გაწევაზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით დაფიქსირებული შემოსავლებიც არ არის გათვალისწინებული წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული ხელშეკრულებების, მიღება/ჩაბარების აქტების და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შემოსავლები არასრულად აქვს დადეკლარირებული. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა გაზრდას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების შესაბამისად და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და სსიპ „-------“-ს მონაცემების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედანდებები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განხორციელებულია სამშენებლო/სარემონტო მომსახურების გაწევა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. 2024 წლის ოქტომბერში, საწარმოს №„-------“ ტენდერის ფარგლებში, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სსიპ „------ - თან“ ქ. „-------“, „-------“-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში, არსებული გათბობა/გაგრილებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისა და გამიჯვნის სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საწარმოს ჩარიცხული აქვს საბანკო ანგარიშზე ავანსის სახით 80 000 ლარი. (27.12.2024 წ. ავანსის ჩარიცხვის პერიოდი). სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე შედგენილი არაა შუალედური ან საბოლოო მიღება/ჩაბარების აქტები, არც შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებია გამოწერილი და არც მიღებულ ავანსთან დაკავშირებით არ არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი. ამასთან, სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად, 2024 წლის დეკემბრიდან ფიქსირდება აღნიშნული პროექტის განხორციელების მისამართზე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება. აღნიშნული ავანსი დაექვემდებარა ჩარიცხვის პერიოდში დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვას. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლების შესაბამისად და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საწარმოს არასწორად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა როგორც ავანსის, ასევე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (ადგილი აქვს დუბლირებულ ჩათვლას). ამასთან, არაზუსტად ახორციელებს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებას, რაც გავლენას ახდენს საბოლოო თანხობრივ შედეგზე, დღგ-ის ჩათვლის ნაწილში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაუკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.
2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.
4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, რიგ შემთხვევებში, შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, მაგრამ გამოწერილი არ არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული შემოსავლები გათვალისწინებულია არ არის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, საქონლის მიწოდებაზე ან მომსახურების გაწევაზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით დაფიქსირებული შემოსავლებიც არ არის გათვალისწინებული დღგ-ის დეკლარაციებში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებულია სამშენებლო/სარემონტო მომსახურების გაწევა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საწარმოს ჩარიცხული აქვს ავანსის სახით 80 000 ლარი, რომელიც ჩარიცხვის პერიოდში არ არის დაბეგრილი დღგ-ით. აგრეთვე, საწარმოს არასწორად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა როგორც ავანსის, ასევე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (ადგილი აქვს დუბლირებულ ჩათვლას). ამასთან, გადამხდელი არაზუსტად ახორციელებს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ დღგ-ის. განმარტავს, რომ არასწორად იქნა გაანგარიშებული გადასახადი. ითხოვს ხელახლა გაანგარიშებას/შესწავლას და დარიცხული გადასახადის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ განხორციელებულია სამშენებლო/სარემონტო მომსახურების გაწევა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. შემოწმების შედეგად იკვეთება, რომ შესრულებულ სამუშაოებზე, რიგ შემთხვევებში, შედგენილია მიღება/ჩაბარების აქტები, მაგრამ გამოწერილი არ არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნული შემოსავლები გათვალისწინებულია არაა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, იკვეთება შემთხვევები, როდესაც საქონლის მიწოდებაზე ან მომსახურების გაწევაზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით დაფიქსირებული შემოსავლებიც არ არის გათვალისწინებული წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში.აღნიშნულიდან გამომდინარე,საწარმოს შემოსავლები არასრულად აქვს დადეკლარირებული. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა გაზრდას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
საწარმოს ჩარიცხული აქვს საბანკო ანგარიშზე ავანსის სახით 80 000 ლარი.მიღებულ ავანსთან დაკავშირებით არ არის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილი. ამასთან, სასაქონლო ზედნადებების ანალიზის შედეგად, 2024 წლის დეკემბრიდან ფიქსირდება აღნიშნული პროექტის განხორციელების მისამართზე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება. აღნიშნული ავანსი დაექვემდებარა ჩარიცხვის პერიოდში დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვას.საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
საწარმოს არასწორად აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხა როგორც ავანსის, ასევე საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.ამასთან, არაზუსტად ახორციელებს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებას, რაც გავლენას ახდენს საბოლოო თანხობრივ შედეგზე, დღგ-ის ჩათვლის ნაწილში. სსკ-ის 173- ე, 174-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაუკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
174,175,176.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია მუხლი : 481.