გადაწყვეტილება №19595/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.08.2023
№ დოკუმენტი 19595/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19595/2/2023

15 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------ს 3.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19595/2/2023).

 

დავის საგანი:

დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №081-421 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2023 წლის №8379 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 254 922 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 155 114

დღგ - 154 628

ქონების გადასახადი - 486

ჯარიმა - 77 382

საურავი - 22 426

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა არარეზიდენტი საწარმოს საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების დაცვა-გაცილების და დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 24 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელი უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსფერის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დოკუმენტაციის მომზადებას და დაცვის პოლიციის გამოძახებას. კომპანია აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ.გ“ და 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რომელიც გულისხმობს ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი საქონლის გადაზიდვის და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების, მათ შორის, საექსპედიტორო მომსახურების დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებას. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში სსიპ ---------გან მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვითაც იმცირებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აღსანიშნავია, რომ სსიპ -------ის ფასები ანალოგიურია გადასახადის გადამხდელის მიერ დამკვეთისთვის დაწესებულ ფასებთან. ვინაიდან, აღნიშნული მომსახურების ფარგლებში სსიპ --------ის მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებულ მომსახურებას, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, შესაბამისად, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა შემცირებას.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2021 წლის №41552 ბრძანება და №081-421 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14201 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №081-421 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14201 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 18.11.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16911/2/2022) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელახლა განიხილა საჩივარი და 18.04.2023 წლის №8379 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 175-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 1601 მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ.ა“ და „თ.გ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომ მეორე მხარის მიერ სადავო ოპერაციების დაბეგვრის, ასევე, დეკლარაციების დაზუსტების და დარიცხული დღგ-ის შემცირების საკითხის შესწავლის შედეგად, არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც საგადასახადო შემოწმებით დარიცხული დღგ-ის გაუქმების საფუძველი იქნებოდა და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია კეთილსინდისიერად საქმიანობს ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან. ამ წლების განმავლობაში კომპანიის მიზანი არასდროს ყოფილა გადასახადებისთვის თავის არიდება ან მათი შემცირება და ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენება. წლებია ემსახურება არარეზიდენტებს და აწვდის მძიმეწონიანი და არაგაბარიტული ტვირთის დოკუმენტაციის მომზადებისა და დაცვა-გაცილების მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების დროს, ერთი შემომსვლელი საბაჟო პუნქტიდან მეორე გამშვებ საბაჟო პუნქტამდე.

ასევე, წლებია თანამშრომლობს დაცვა-გაცილების მომსახურების მომწოდებელ სახელმწიფო ორგანოსთან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ --------თან. ნდობის ხარისხი აღნიშნულ სახელმწიფო დაწესებულების მიმართ ძალიან მაღალი იყო, შესაბამისად ეჭვიც არ შეუტანია მათ მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის სისწორეში.

ამ ყველაფერს დაერთო ისიც, რომ კომპანიის საქმიანობა დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლებით, შესაბამისად ვერ წარმოედგინა, რომ სსიპ ---------ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიღებული ჩათვლები არ იქნებოდა მართებული. კომპანიის მიზანს არ წარმოადგენდა ბიუჯეტის დაზარალება, ან საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების არასწორად შესრულება. ამასთან ფაქტია, რომ სსიპ -------ის დეპარტამენტისა და შპს „-------ს“ ქმედებებს არ გამოუწვევია ბიუჯეტის დაზარალება, სსიპ ------- ბეგრავდა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოწოდებულ მომსახურებას, წერდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, რის საფუძველზეც კომპანია ახდენდა დღგ-ის ჩათვლას.

საყურადღებოა ასევე ის ფაქტი, რომ სსიპ -------თან გაფორმებულ ხელშეკრულებებშიც დაცვა-გაცილების მომსახურების ღირებულება მოცემულია დღგ-ის ჩათვლით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა. თუკი ისაუბრებს ოპერაციის შედეგებზე ან მის გავლენაზე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, ის რაც როგორც აღმოჩნდა, არასწორად დაბეგრა მომსახურების მომწოდებელმა (სსიპ --------), ჩაითვალა მომსახურების მიმღებმა (შპს „-------“), ამან კი მოახდინა შედეგის გასალდოება ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების გარეშე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა ოპერაციის სრული შინაარსობრივი განხილვა და კომპანიის მიერ დღგ-ში ჩათვლილი თანხები განიხილა გადასახადის შემცირებად.

აღნიშნულ ოპერაციაზე შემოწმების ფარგლებში დარიცხული გადასახადის თანხა აღემატება 100 000 ლარს და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც არ მიაჩნია სწორ, სამართლიან პოზიციად. საგადასახადო ორგანოებს აქვთ ვალდებულება დაიცვან გადასახადის გადამხდელის უფლებები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომპანიას რეალურად არ შეუმცირებია გადასახადის თანხები, არ დაუზარალებია სახელმწიფო ბიუჯეტი. იქედან გამომდინარე, რომ შემოსავლების სამსახურის ბოლო განხილვაზე არ მომხდარა მათი წარმომადგენლის დასწრება, ამ ეტაპზე ელოდება შემოსავლების სამსახურის განმარტებას გამოცემულ №8379 ბრძანებასთან დაკავშირებით.

ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციის გაუქმებას სსიპ -------ის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლების გაუქმებასთან დაკავშირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრის უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია ექსპორტის პროცედურაში, რეექსპორტში, გარე გადამუშავების ან ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნებ საექსპედიტორო მომსახურება.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, რომელიც სხვა სახის საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან უშუალოდაა დაკავშირებული ან სხვა სახის საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის დამხმარე ხასიათისაა, განიხილება ამ მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების ნაწილად.

საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრ პირს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება ამ კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში.

საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ.

საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ.ა“ და „თ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული ან ტრანზიტისთვის განკუთვნილი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. ასეთ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებებია:

თ.ა) გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტის, ნავსადგურის, სარკინიგზო ან საავტომობილო სადგურის/ვაგზლის მიერ გაწეული მომსახურება;

თ.გ) საექსპედიტორო მომსახურება.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსფერის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაცვა-გაცილების და დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებას, მათ შორის დაცვის პოლიციის გამოძახებას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში --------გან გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ვინაიდან, დაცვის პოლიციის მიერ გაწეული მომსახურება, გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, შემოწმებით, გაუქმდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლა.

ასევე დადგენილია, რომ ხსენებული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 8.06.2022 წლის №14201 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №081-421 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისგან, ხოლო სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში, რომლის 18.11.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16911/2/2022), საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ მეორე მხარის მიერ სადავო ოპერაციების დაბეგვრის, ასევე, დეკლარაციების დაზუსტების და დარიცხული დღგ-ის შემცირების საკითხის შესწავლის შედეგად, არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც საგადასახადო შემოწმებით დარიცხული დღგ-ის გაუქმების საფუძველი იქნებოდა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანს მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურება სსიპ ------გან. ვინაიდან არარეზიდენტის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით ხორციელდება ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის გადაზიდვა, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით. შესაბამისად, დღგ-ით დაუბეგრავი ოპერაციების საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

ამასთან, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული საურავისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული საურავისგან;

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარაზე დარიცხული საურავის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსფერის რეჟიმში მოქცეული, არარეზიდენტის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დოკუმენტაციის მომზადებას და დაცვის პოლიციის გამოძახებას. კომპანია აღნიშნულ მომსახურებას განიხილავს დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული აქვს ტვირთის გაცილების მომსახურებები, რომლის ფარგლებში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვითაც იმცირებს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. აღნიშნული მომსახურება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, შესაბამისად, მის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ჩათვლები დაექვემდებარა შემცირებას.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14201 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №081-421 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 8.06.2022 წლის №14201 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 18.11.2022 წლის გადაწყვეტილებით (№16911/2/2022) საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა, საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელახლა განიხილა საჩივარი და 18.04.2023 წლის №8379 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სადავო აქტების საფუძველზე დარიცხული საურავისგან.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9"ა"), 159(1"ბ")(2), 1601(1), 164(1), 174(1), 175(1)(2), 169(3), 172(1"თ.ა""თ.გ"), 269(7).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა.ა"), 173(1)(2), 174(1"ა")(2"ა.ა"), 175(2), 168(4"გ.გ").