ბრძანება N 27609

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.12.2024
№ დოკუმენტი 27609
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27609

30 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---) ყოფილი დირექტორის

ფ/პ ---ის (პ/ნ ---) (მის.: ---) 2024 წლის 19 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №133) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---“-ის (ს/ნ ---) ყოფილი დირექტორის ფ/პ ----ის (პ/ნ ----) 2024 წლის 19 ივნისის №101567/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ივნისის №005-72 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ისევ გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრული აღრიცხვა არსებობს და ადასტურებს დაბალ მარჟებს. მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისათვის, ვინაიდან შესაძლებელია ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენა, საიდანაც შესაძლოა დაბეგვრის ობიექტის ლოგიკური და კანონიერი გზით განსაზღვრა. თუმცა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შემთხვევაშიც შესაძლებელია კაფეში არსებული მენიუს შემადგენელი ყველაზე ხშირად გაყიდვადი კოქტეილების რეცეპტების წარდგენა, რომლის შეპირისპირებით დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობასთან ყოვლად გამორიცხულია შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის დადგენა.

საგადასახადო ვალდებულების მართებულად განსაზღვრის მიზნით, ბევრად უფრო სარწმუნოა შიდა რეცეპტურებისა და კალკულაციების გამოყენება, ვიდრე სხვა საგადასახადო შემოწმებებისას გამოვლენილი ფასნამატის გავრცელება. არტ-კაფე სტუმრებს თავაზობდა იაფ და ხარისხიან საავტორო კოქტეილებს დაბალ ფასად, რადგან უქმე დღეებში ----ში მისული სტუმრების მიზანი იყო იაფად მიეღოთ ალკოჰოლური სასმელი და გაეგრძელებიათ გართობა კლუბში. სამუშაო საათებიც 18:00-დან - 02:00 სთ-მდე კონცეფციის ნაწილი იყო სტუმრების მეტი კომფორტის შესაქმნელად,---- სთავაზობდა სამზარეულოს მინიმალურ მენიუს. მაგალთისთვის, ყველაზე მოთხოვნადი კოქტეილი იყო სახელად „ადიოსი“, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი ალკოჰოლის შემცველობით და დაბალი ფასით (14 ლარი). მისი ახლო ანალოგია ცნობილი კოქტეილი „ლონგ აილენდი აის თი“ რომლის ღირებულება ---ში ასევე 14 ლარი იყო, ხოლო სხვა ბარებში 20-25 ლარიდან იწყებოდა, შესაბამისად სხვა მსგავსი ობიექტების მიმართ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისას დადგენილი ფასნამატი 200% სრულიად არ შეესაბამება რეალობას ---ის შემთხვევაში. არსებობს სასმელის მენიუ, კომპანიას გააჩნია კალკულაციები, ასევე, მარტივია კონცეფციის შესაბამისად დაბალი მარჟის დადგენა სხვა სასმელებზე, როგორიცაა ტეკილა, არაყი, გამაგრილებელი სასმელები ა.შ. დამატებით შესაძლებელია ბუღალტრული პროგრამიდან ამოღებული ინფორმაციის მოწოდება შესაბამის პერიოდზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 დეკემბრის №31734 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---“-ის (ს/ნ ----) ყოფილი დირექტორის ფ/პ ---ის (პ/ნ ----) საჩივარი.

კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) ყოფილი დირექტორის ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 დეკემბრის №31734 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 30 მაისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 4 ივნისის №005-72 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 28 ივნისის №15316 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 16 დეკემბრის №24246/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 28 ივნისის №15316 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 დეკემბრის №24246/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას შპს „---“-ს ყოფილმა დირექტორმა ---მ განმარტა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა სრულად მის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა. ამასთან, შესაძლებელია გაშიფროს საქონლის ფასნამატი სახეობების მიხედვით. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სრულყოფილად ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია საკითხის დამატებით შესწავლა. ამასთან, მომჩივნის თქმით, ითანამშრომლებს შემმოწმებელთან და მიაწოდებს ახსნა-განმარტებებს მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა, დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, ამასთან, მომჩივნის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიიჩნევს, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ ელექტრონული ასლი. აღნიშნული ბუღალტრული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პროგრამულად აღრიცხულია საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები და სასაქონლო მარაგების შეძენები, ხოლო აღნიშნული მარაგები ჩამოწერილია ჯამურად ყოველი საანგარიშო წლის მიხედვით ერთი ბუღალტრული გატარებით წლის ბოლოს. წარმოდგენილი ბუღალტული ინფორმაცია არ ეყრდნობა რაიმე ტიპის დოკუმენტაციას ან/და გაანგარიშებას. ამასთან წარმოდგენილი აღრიცხვა არ არის თანხვედრაში წინა გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ კალკულაციებთან და ამ მონაცემებით დადგენილ ფასნამატთან, რის საფუძველზეც შემცირებულ იქნა აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

შედეგად წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით შეუძლებელია საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრა, ამასთან არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების (გადაანგარიშების გათვალისწინებით) კორექტირების მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებას მიაწოდა მენიუ, კოქტეილების კალკულაციები და ფასნამატების გადაანგარიშება. მხოლოდ ნაწილორივ მოხდა ინფრომაციის გაანალიზება და ისევ გამოყენებულია ძირითადად არაპირდაპირი მეთოდი, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების ფასნამატი ნაცვლად 273% და 282%-ისა შეადგენს 126%-ს, რაც ისევ აღემატება რეალურ ფასნამატს.

შემოწმებამ გაითვალისწინა მხოლოდ ერთი, ყველაზე ძვიარიანი კოქტეილის ფასნამატი, მაგრამ სხვა კოქტეილები რომლის ფანსამატი არის 50%-80% არ არის გათვალისწინებული. მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისათვის, ვინაიდან შესაძლებელია ბუღალტრული ანგარიშგების წარდგენა, საიდანაც შესაძლოა დაბეგვრის ობიექტის ლოგიკური და კანონიერი გზით განსაზღვრა. თუმცა არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შემთხვევაშიც შესაძლებელია კაფეში არსებული მენიუს შემადგენელი ყველაზე ხშირად გაყიდვადი კოქტეილების რეცეპტების წარდგენა, რომლის შეპირისპირებით დოკუმენტურად დადასტურებული შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობასთან ყოვლად გამორიცხულია შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის დადგენა.

საგადასახადო ვალდებულების მართებულად განსაზღვრის მიზნით, ბევრად უფრო სარწმუნოა შიდა რეცეპტურებისა და კალკულაციების გამოყენება, ვიდრე სხვა საგადასახადო შემოწმებებისას გამოვლენილი ფასნამატის გავრცელება. არტ-კაფე სტუმრებს თავაზობდა იაფ და ხარისხიან საავტორო კოქტეილებს დაბალ ფასად, რადგან უქმე დღეებში ---ში მისული სტუმრების მიზანი იყო იაფად მიეღოთ ალკოჰოლური სასმელი და გაეგრძელებინათ გართობა კლუბში. სამუშაო დროც 18:00 - 02:00 საათი კონცეფციის ნაწილი იყო სტუმრების მეტი კომფორტის შესაქმნელად, --- სთავაზობდა სამზარეულოს მინიმალურ მენიუს. მაგალთისთვის, ყველაზე მოთხოვნადი კოქტეილი იყო სახელად „ადიოსი“, რომელიც გამოირჩეოდა მაღალი ალკოჰოლის შემცველობით და დაბალი ფასით (14 ლარი). მისი ახლო ანალოგია ცნობილი კოქტეილი „ლონგ აილენდი აის თი“ რომლის ღირებულება ---ში ასევე 14 ლარი იყო, ხოლო სხვა ბარებში 20-25 ლარიდან იწყებოდა, შესაბამისად სხვა მსგავსი ობიექტების მიმართ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისას დადგენილი ფასნამატი 200% სრულიად არ შეესაბამება რეალობას ---ის შემთხვევაში. არსებობს სასმელის მენიუ, კომპანიას გააჩნია კალკულაციები, ასევე, მარტივია კონცეფციის შესაბამისად დაბალი მარჟის დადგენა სხვა სასმელებზე, როგორიცაა ტეკილა, არაყი, გამაგრილებელი სასმელები ა.შ. დამატებით შესაძლებელია ბუღალტრული პროგრამიდან ამოღებული ინფორმაციის მოწოდება შესაბამის პერიოდზე.

საქმის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ შესაძლებელია გაშიფროს საქონლის ფასნამატი სახეობების მიხედვით. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სრულყოფილად ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში შესაძლებელია საკითხის დამატებით შესწავლა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 დეკემბრის №31734 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) ყოფილი დირექტორის ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ისევ გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრული აღრიცხვა არსებობს და ადასტურებს დაბალ მარჟებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პროგრამულად აღრიცხულია საწარმოს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავლები და სასაქონლო მარაგების შეძენები, ხოლო აღნიშნული მარაგები ჩამოწერილია ჯამურად ყოველი საანგარიშო წლის მიხედვით ერთი ბუღალტრული გატარებით წლის ბოლოს. წარმოდგენილი ბუღალტული ინფორმაცია არ ეყრდნობა რაიმე ტიპის დოკუმენტაციას ან/და გაანგარიშებას. ამასთან წარმოდგენილი აღრიცხვა არ არის თანხვედრაში წინა გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ კალკულაციებთან და ამ მონაცემებით დადგენილ ფასნამატთან, რის საფუძველზეც შემცირებულ იქნა აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154.